თბილისის საგაზაფხულო წიგნის ბაზრობა – 23-26 აპრილი
ავტორი: მათე წიკლაური
ქართველ მკითხველს ბრწყინვალე ლიტერატურული გაზაფხული ელის! 23-26 აპრილს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი ტრადიციულად გვიმასპინძლებს.
მკითხველს წიგნის ბაზრობაზე არაერთი გამომცემლობა დახვდება ძალიან სახალისო ღონისძიებებითა და საინტერესო სიახლეებით.
საყვარელ გამომცემლობებთან და მონატრებულ ავტორებთან შეხვედრა კვლავ შეგვიძლია, მაგრამ იმისათვის, რომ მრავალფეროვან ლიტერატურულ ლაბირინთებში გზა არ აგვებნეს, პატარა გზამკვლევსა და რჩევებს გთავაზობთ.
- ტ.ს. ელიოტი – „კოქტეილის წვეულება“
1948 წელს დიდი პოეტი ახალ შედევრს ქმნის. პიესა მსუბუქ კომედიას ფილოსოფიურ კვლევად გარდაქმნის და გვიამბობს ქმრის გადარჩენას შეწირული ქალის ისტორიას, რაც ევრიპიდეს „ალკესტისს“ მოგვაგონებს. ელიოტი ჩვეული ოსტატობით აერთიანებს ანტიკურ და ქრისტიანულ ტრადიციებს და ჩვეულებრივ გზას, მოწამებრივ ყოფასა და განსაცდელს გაადევნებს თვალს და ამით ქმნის განსაკუთრებულ იდეათა შერწყმის არეალს. მედეა ზაალიშვილის ბრწყინვალე თარგმანი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა და ქართველ მკითხველს კარგი საჩუქარი გაუკეთა.
- საადი შირაზელი – „ფრაგმენტები ბუსთანიდან“
კლასიკური სპარსული ლიტერატურის უდიდესი ავტორი საადი შირაზელი მთელ მსოფლიოში ცნობილია თხზულებებით „ბუსთანი“ და „გოლესთანი“… რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ დიდებულ პოეტურ ტექსტებზე, როგორებიცაა რობაიები, ყაზალები და სხვა. შირაზელმა სპარსული ლიტერატურის ტრადიციას გადაუხვია და საერთო სიუჟეტით შეკრული ერთი მთლიანი თხზულების იდეა დაარღვია. ტექსტი სხვადასხვა საკითხთა შესახებ შექმნილ იგავებს აერთიანებს. ამ საინტერესო ამბის გადმოქართულებასა და განმარტებაზე გიორგი ხულორდავამ იზრუნა. „ინტელექტის“ სტენდთან საადის ტექსტი შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს.
- ნაჯიბ მაჰფუზი – „ქურდი და ძაღლები“
XX საუკუნის ლეგენდარული არაბი მწერალი კიდევ ერთხელ ახსენებს თავს ქართველ მკითხველს. „სულაკაურის“ გამომცემლობა შალვა დათიაშვილის თარგმანს აქვეყნებს და გვაცნობს რომანს, რომელიც ციხიდან გამოსულ საიდ მიჰრანზე გვიამბობს. ის შურისძიების დაუოკებელი სურვილითაა შეპყრობილი და დაკარგული ცხოვრების დაბრუნებას ცდილობს. ეს არაა ამბავი უსამართლობასთან შეურიგებლობაზე. მწერალს აინტერესებს აღდგება კი შურისძიების გზით სამართალი? იქნებ ზოგჯერ ეს სიყვარულისა და სამართლის ძებნა თვითგანადგურებამდეც კი მიგვიყვანს? მაჰფუზი ლაკონიური თხრობის ოსტატია მაშინაც, როცა თხელტანიან რომანს წერს და მაშინაც, როცა საქმე „ჩვენი უბნის შვილებს“ ეხება. ეს არის საოცარი ოსტატობით დაწერილი ტექსტი, რომლის მიღმაც ეგვიპტის სოციალური პორტრეტი, ადამიანის მორალური კრიზისი, ტრაგედია და უსამართლო სამყარო იშლება.
- ისმაილ კადარე – „ვინ დააბრუნა დორუნტინა?“
არაერთი რომანით კარგად ნაცნობი ალბანელი მწერალი ისმაილ კადარე კვლავ ჩვენ წინაშეა. კადარემ ალბანური ლეგენდის მხატვრული ინტერპრეტაცია გადაწყვიტა. ისტორია ბესაზე, ფიცსა და დადებულ პირობაზე ერთგვარი დეტექტივისებრი მახასიათებლებით ტექსტს საოცარ იდუმალებას სძენს.
ახალგაზრდა დორუნტინა სახლიდან შორს გათხოვდა, მაგრამ მოულოდნელად დედასთან მობრუნება მოუწია… ამბობს, თან ძმა კოსტანდინიც მახლავსო, მაგრამ ძმა დიდი ხნის გარდაცვლილია. დორუნტინა აქ როგორ მოხვდა?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პაატა ჯავახიშვილის ბრწყინვალე თარგმანი დაგვეხმარება.
- ჰირო არიკავა – ერთი მოგზაური კატის ამბავი
გამომცემლობა „დიოგენე“ თანამედროვე იაპონელის თვალით დანახულ სამყაროს გვათვალიერებინებს. ახალგაზრდა სატორუსა და მისი საყვარელი კატის, ნანას ამბავი ცხოველისა და ადამიანის მეგობრობაზე გვიამბობს. ჰირო არიკავამ ამბის მომყოლად კატა აირჩია და მას მიანდო სამყაროს მრავალფეროვნების გადმოცემა. როგორ დამეგობრდნენ ან დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ყველა ამ სხვა ამბავს რომანიდან დეტალურად ვიგებთ, მაგრამ თითქოს შემდეგ რაკურსი იცვლება – უცბად იაპონიის ულამაზესი ხედები იშლება ჩვენ თვალწინ და ნაწარმოები კატისა და ადამიანის მეგობრობიდან ბევრად უფრო ფართო, საინტერესო და სენტიმენტალურ ისტორიად გადაიქცევა. ნაწარმოები ბრწყინვალედ თარგმნა თამთა ბოკერიამ.
ასეთი ამბავია და არ გამოგრჩეთ 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა!

