პროცესი, როგორც ნამუშევარი – “გამოფენა მაგიდაზე“ გრაფიკის თანამედროვე ცენტრში
ავტორი: ნატალია ვაწაძე
გრაფიკის თანამედროვე ცენტრის შესახებ პირველად 2024 წელს გავიგე, როდესაც ერთ-ერთ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. იმ დღეს ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ სივრცე სავსე იყო ახალგაზრდებით, დაინტერესებული, ჩართული აუდიტორიით, რომელიც ყურადღებით უსმენდა და მონაწილეობდა საუბარში. სწორედ მაშინ გამიჩნდა განცდა, რომ ამ სივრცეში რაღაც უფრო საინტერესო ხდებოდა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა წარმომედგინა.
მეორე, რამაც თავიდანვე მომხიბლა, თავად ამ სივრცის იდეაა.
გრაფიკის თანამედროვე ცენტრი ერთდროულად ფუნქციონირებს როგორც სახელოსნო, ლაბორატორია და გარკვეული ტიპის მეხსიერების არქივი – ადგილი, სადაც ტრადიციული ბეჭდვითი ტექნიკის პრაქტიკებს არა მარტო ინახავენ, არამედ ხელახლა იაზრებენ და თანამედროვე კონტექსტში გადმოაქვთ.
დღეს, როდესაც პრაქტიკული გამოცდილება და ტექნიკური უნარები ბევრ სფეროში იკარგება, მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ასეთი დამოუკიდებელი სივრცეები ქმნის შესაძლებლობას, რომ დავიწყებული პრაქტიკები არა უბრალოდ აღდგეს, არამედ ახალი მნიშვნელობები შეიძინოს და განვითარდეს. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს.
გრაფიკის თანამედროვე ცენტრი 2-9 აპრილს პირველ გამოფენას წარმოადგენს – „გამოფენა მაგიდაზე“. პროექტის იდეა მოდის სახელოსნოში არსებული დიდი სამუშაო მაგიდიდან, ადგილიდან, სადაც მთავარი პროცესები მიმდინარეობს. გამოფენის კურატორებისთვის – ნინო ინჯიასა და ლეი გრიგოლიასთვის ეს პირველი კურატორული პროექტია. მაგიდა აქ უბრალოდ ფუნქციური ობიექტი კი არ არის, ის არის სივრცე, სადაც იდეა იძენს ფორმას, ადგილი, სადაც ნამუშევრები იქმნება, გროვდება, იშლება და გამოფენად იკვრება.
შეიძლება ეს მაგიდა გავიგოთ როგორც ადგილი, სადაც პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბოლოო შედეგი?
ლეი გრიგოლია: ნამდვილად. მაგიდაც სწორედ ამიტომ ავარჩიეთ, როგორც სივრცე, რომელიც აერთიანებს იდეას და მის ფორმად ქცევის პროცესს და რომელიც გამოფენაში, აუდიტორიასთან კომუნიკაციაში გრძელდება. „გამოფენა მაგიდაზე“ არ არის მხოლოდ დასრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია – ეს არის იდეის დაფიქსირებისა და განვითარებისა გზის წარდგენა.
ხელოვნებაში პროცესის მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება, იმ ფონზე, როდესაც ხშირად ყურადღება საბოლოო შედეგზეა მიმართული და ნაკლებად ჩანს ის გზა, რომელიც ამ შედეგამდე მიდის.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პროცესი ნამუშევართან მიმართებით?
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები არის იმ მთლიანი სურათის ერთგვარი კადრები, რომელსაც ხელოვანი დღეს, ამ მომენტში ქმნის.
Joseph Beuys მიიჩნევდა, რომ ხელოვნება არ სრულდება ნამუშევრით – ის პროცესში არსებობს და ვითარდება.
შეიძლება თუ არა თქვენი კურატორული მიდგომა გავიგოთ როგორც უწყვეტი პროცესი, სადაც ნამუშევარი მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია და არა საბოლოო შედეგი?
ალბათ ეს წინა პასუხის გაგრძელებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ნამუშევარი, არამედ ის ეტაპიც, რომელზეც ხელოვანი ამ დროს მუშაობს.
რას ნიშნავს თქვენთვის „პროცესზე ორიენტირებული“ პრაქტიკა და რა ხდება იმ იდეებთან, რომლებიც საბოლოო ფორმამდე არ მიდის?
იდეას, იდეისთვის ფორმისა და ენის მოძებნის გზას.
ჩვენ ექსპოზიციაში გვექნება ნამუშევრები, რომლებიც საბოლოო ფორმამდე არ მიდის, ერთი შეხედვით დაუსრულებელია. იდეა შეიძლება გაგიწყდეს, თემამ აქტუალობა დაკარგოს, ემოციები გაგიცივდეს, მაგრამ ესეც თავისთავად საინტერესოა.
ამ მდგომარეობას განსაკუთრებით მკაფიოდ ეხება ანი აბრამიძის ტექსტი, სადაც ის საუბრობს იმ ეტაპზე, როცა ნამუშევარი ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. მისთვის მნიშვნელოვანია მომენტი, როცა სხვადასხვა განცდა, სიახლოვე და დისტანცია, სიმშვიდე და დაძაბულობა ერთდროულად არსებობს, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის საბოლოო.
თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს შუალედური მდგომარეობა?
ანის ტექსტი ძალიან გულწრფელია, ძალიან ახლოს არის ჩვენს დღევანდელობასთან. როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა ნამუშევრის ფორმირების მნიშვნელოვანი ნაწილია.
სხვა ნამუშევრებში ეს მდგომარეობა სხვადასხვა ფორმით ჩნდება: მოძრაობად, გზაში ყოფნად, სინათლესა და სიბნელეს შორის გარდამავალ მდგომარეობად, საკუთარი თავის შეცვლისა და გათავისუფლების პროცესად.
შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ თქვენს პრაქტიკაში პროცესი აღარ არის მხოლოდ ტექნიკური ეტაპი, არამედ აზროვნების ფორმა?
ამ კითხვაზე პასუხი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ ამ სახელოსნოში.
გრაფიკას ხშირად უყურებდნენ როგორც ტირაჟირებად, ტექნიკურ პროცესს. ეს მხარე დღესაც აქტუალურია, მაგრამ რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ გრაფიკას დააყენებს თანამედროვე ხელოვნების სხვა დარგებთან თანასწორ პოზიციაზე, არა ტექნიკა, არამედ იდეაა.
საინტერესოა ისიც, რომ „მაგიდა“ აქ ერთდროულად ძალიან კონკრეტულიც არის და უფრო ფართო მნიშვნელობაც აქვს. ერთი მხრივ, ეს არის ადგილი, სადაც ხელოვანი მუშაობს. მეორე მხრივ, შეიძლება გავიგოთ როგორც სივრცე, სადაც ხდება კონცენტრაცია, რეფლექსია და აზრის ჩამოყალიბება.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს კოლექტიური სივრცე ინდივიდუალური პრაქტიკის განვითარებაში და ასეთ გარემოში რამდენად შესაძლებელია დამოუკიდებლობის შენარჩუნება?
სახელოსნოში, თუ ეს არ არის სტუდენტების ჯგუფი, ორი-სამი ადამიანი მუშაობს. რიგ შემთხვევაში ვუთანხმებთ მუშაობის გრაფიკს. ზოგს მარტო მუშაობა ურჩევნია.
ამავე დროს, ასეთი სივრცე იძლევა გამოცდილებების გაზიარების საშუალებას – სწორედ აქ იქმნება ის კავშირები, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს იდეების განვითარებას და მუშაობის მიმართულებას.
ამავე კონტექსტში ჩნდება კიდევ ერთი კითხვა – რამდენად არის ხელოვანი დამოკიდებული იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც მუშაობს?
ეს ძალიან ჰგავს საერთო სახელოსნოს პრინციპს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. შეუძლებელია არ გქონდეს რეაქცია იმაზე, რაც შენ გარშემო ხდება, გარემო ბუნებრივად მოქმედებს იმაზე, რასაც აკეთებ.
გამოფენაში მონაწილე ხელოვანებიც სწორედ იმ გარემოზე საუბრობენ, რომელშიც ვცხოვრობთ: სიმშვიდესა და დაძაბულობაზე, მოძრაობაზე, სინათლესა და სიბნელეს შორის გარდამავალ მდგომარეობაზე, ცვლილებებსა და თავისუფლებაზე. ეს ის თემებია, რაც დღეს ჩვენს გარშემო ტრიალებს.
და ბოლოს, მინდა შევეხო ქართულ კულტურაში არსებულ ერთ მნიშვნელოვან პრაქტიკა, სუფრას, როგორც გაზიარების, საუბრისა და ერთობლივი პროცესის სივრცეს.
შეიძლება თუ არა „მაგიდა“ ამ კონტექსტშიც წავიკითხოთ როგორც გაზიარების ადგილი და ხედავთ თუ არა კავშირს ამ კულტურულ ფორმასა და თქვენს გამოფენას შორის?
კი, გამოფენის ფორმატი და იდეა სწორედ ამას ესადაგება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანებიც ხომ გვიზიარებენ თავიანთ ფიქრებს და ემოციებს. ამ მხრივ, „მაგიდა“ მართლაც შეიძლება გავიგოთ როგორც ადგილი, სადაც ეს გაზიარება ხდება – არა მხოლოდ ნამუშევრების, არამედ თავად იდეებისა და გამოცდილებების.
გამოფენაში მონაწილეობენ:
ანი აბრამიძე, ირაკლი ტოკლიკიშვილი, ქეთი ნადიბაიძე, თამრი ოხიკიანი, სოფია ტაბატაძე, ლუკა ჩაჩხიანი, სანდრო სულაბერიძე.
„გამოფენა მაგიდაზე“ გრაფიკის თანამედროვე ცენტრში გაიმართება.
https://www.instagram.com/graphic_contemporary_center












