გამომცემლობა ბუკინისტები – ძველი ფურცლების ახალი სუნთქვა
ავტორი: მათე წიკლაური
ძველი წიგნების ფურცლების სუნი ხშირად წარსულში გადაისვრის მკითხველს… ბევრი მკითხველია სწორედ ამ სუნის გამო რომ შეჰყვარებია კითხვა… თითქოს იქ მომავალი მეგობრობა ჩანს, რომელიც ლიტერატურასა და ადამიანს შორის ჩამოყალიბდება. ეს განცდა შეიძლება განგვიახლდეს გამომცემლობა „ბუკინისტების“ დაარსებისას.
ახალი გამომცემლობა, რომელიც წიგნებს მხოლოდ ტექსტებად კი არა, ცოცხალ ისტორიებად აღიქვამს, მივიწყებულს – სულ შთაბერავს, კითხვისგან დაგლეჯილს – განაახლებს. თითქოს ის მივიწყებული სიტყვები ახალ ხმას იძენენ და მკითხველთან უფრო ახლოს, რაღაც განსაკუთრებული სითბოთი ბრუნდებიან – იმ ფორმას უბრუნდებიან, მათ პირველად დაბადებას რომ ახლდა თან.
„ჩემს შესახებ“ გრაფას, რომელიც ხშირად გამოგვრჩება ხოლმე სხვადასხვა სიახლის გაცნობისას, გამომცემლობა „ბუკინისტების“ შემთხვევაში გვერდი არ უნდა ავუაროთ. იმ ფანჯარაში ასე წერია: „ძველი გამოცემების ახალი სიცოცხლე“… მაგრამ თან „ბუკინისტების“ ლოგოს ქვეშ თანამედროვე ავტორებიც გამოჩნდებიანო. ასეთი გამომცემლობაა, წიგნის უკვდავების დამადასტურებელი და ლიტერატურული სასწაულის შემოქმედი.
რას აკეთებენ?
აქ შეგიძლიათ წარადგინოთ ტექსტები, გამოცემის მიმართულებით პირველი კონსულტაცია მიიღოთ, წიგნი საფუძვლიანად განიხილოთ…
სივრცე იმიტომ შეიქმნა, რომ ავტორს შეეძლოს თანამედროვე და ადამიანური ურთიერთობა გამომცემლობასთან.
ყველაფერი იქვეა – სახელს ჩაწერ, გვარს ჩაწერ, ტექსტს ატვირთავ, თუ ჯერ არ დაგიწერია და სხვა სახის კონსულტაცია გინდა, შეტყობინებას დაუტოვებ და ისინიც მოგიბრუნდებიან.
პირველი ნაბიჯები
რაც გინდა ბანალურად ჟღერდეს, პირველი ნაბიჯი, პირველი სიტყვა, პირველი სვლა ყველაზე მთავარია – ეს სვლა ასეთი იყო:
გალაკტიონის შედევრად აღიარებული კრებული – „არტისტული ყვავილები“…
საგამომცემლო სფერომ დიდი მეგობარი შეიძინა, ქართულმა ლიტერატურამ კი ახალი სიტყვა და საქმე… როგორც სულხან საბას უწერია „სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი“…
გამომცემლობა „ბუკინისტებმა“ კვლავ შესძინა ძველ ფურცლებს სიცოცხლე, დააბრუნა ისინი ჩვენს კოლექტიურ მახსოვრობაში და ვინ იცის, იქნებ ზუსტად ის გრძნობებიც კი გააცოცხლა, ძველი წიგნის სუნის ჩასუნთქვისას რომ გვიპყრობდა ხოლმე, სასიამოვნო და რაღაც დიდ ჰარმონიას გვაგრძნობინებდა…




