სურია ბონალი: კანონგარეშე გენია
ავტორი: ანი თენიეშვილი
ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როდესაც სოციალურ ქსელში უმიზნოდ დავიკარგე, შემთხვევით ძველ ვიდეოს წავაწყდი. კადრში შავკანიანი ქალი ყინულზე საოცარი სიმძლავრით მიქროდა, თან უკუსვლით, შემდეგ კი, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ჰაერში აიჭრა და სრულიად მარტო უკუღმა სალტო შეასრულა. ყველაზე მეტად მისმა დაშვებამ გამაოგნა, მან გრავიტაციას დასცინა და ყინულზე მხოლოდ ერთი ფეხით ისეთი სიმსუბუქით დაეშვა, თითქოს ეს სარისკო ნახტომი კი არა, უბრალოდ, ჰაერში გადადგმული თავდაჯერებული ნაბიჯი იყო. ეს არ იყო მხოლოდ სპორტული ილეთი, ეს იყო ფიზიკის კანონებისა და დადგენილი წესების სრული, თამამი უგულებელყოფა. ვიდეოს რამდენჯერმე ვუყურე, თითქოს გულის სიღრმეში ეჭვი მეპარებოდა, რომ ეს AI იყო ან კიდე მონტაჟის კვალს გამოვიჭერდი, მაგრამ აქ მხოლოდ წმინდა, დაუმუშავებელი გენია ჩანდა. მიყვარს, როდესაც ჩემს ყოველდღიურობაში ასე დაუგეგმავად იჭრებიან ადამიანები, რომლებიც სამყაროს საზღვრებს აფართოებენ. იმ საღამოს ეს ადამიანი სურია ბონალი იყო.
ფიგურული სრიალი საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა, როგორც აბსოლუტური ელეგანტურობისა და დახვეწილი სიმსუბუქის სიმბოლო. ეს სპორტი ჩრდილოეთ ევროპის გაყინული არხებიდან და ტბებიდან იღებს სათავეს – იქ, სადაც ჰოლანდიელი თუ სკანდინავიელი ხალხისთვის ყინულზე მოძრაობა თავიდან გადარჩენის, შემდეგ კი არისტოკრატიული გართობის საშუალება იყო. დროთა განმავლობაში ციგურაობა ერთგვარ „ყინულის ბალეტად“ იქცა, სადაც ვიქტორიანული ეპოქის ინგლისსა და იმპერიალისტურ რუსეთში ჩამოყალიბდა ის მკაცრი ესთეტიკა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ამ სპორტს: იდეალური პოზა, კლასიკური მუსიკა და უნაკლო, თითქმის არაბუნებრივი სიმშვიდე ყველაზე რთული მოძრაობის დროსაც კი.
ადამიანების უმეტესობისთვის ფიგურული სრიალი სწორედ ამ ხელშეუხებელ სილამაზესთან, „ყინულის პრინცესებთან“ და ზღაპრულ სანახაობასთან ასოცირდება. ეს არის სამყარო, სადაც ყველაფერი ხავერდოვანი და ფაიფურივით ნაზი უნდა ჩანდეს. ბავშვობაში სწორედ ამ ატმოსფეროთი დატყვევებულები, მე და ჩემი მეგობრებიც დიდი ენთუზიაზმითა და ვარდისფერი მოლოდინებით მივეშურებოდით ყინულის მოედანზე. მაშინ გვეგონა, რომ სრიალი ისეთივე ბუნებრივი იქნებოდა, როგორც სუნთქვა, თუმცა რეალობა ცოტა უფრო „მოლიპული“ აღმოჩნდა. გაოცებული და ოდნავ სულშეხუთული ვუყურებდი გოგონებს, რომლებიც ყინულზე თითქოს არც კი იდგნენ; ისინი ჰაერში აიჭრებოდნენ, რამდენიმე წამით გრავიტაციასთან მოლაპარაკებას ახერხებდნენ, რთულ “აკსელებსა” და მრავალბრუნიან ნახტომებს აკეთებდნენ, ბოლოს კი, იდეალური უკუსვლითა და უშფოთველი ღიმილით აგრძელებდნენ გზას.
მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხედავდი, რაოდენ ტიტანურ ძალისხმევას, რკინისებურ ჟინსა და დაჟეჟილობებს მოითხოვდა ყოველი ასეთი ილეთი, მაინც ვერ ვთავისუფლდებოდი განცდისგან, რომ ეს სპორტი ჩემთვის ზედმეტად „ნაზი“, თითქმის ილუზორული იყო. მალევე მომბეზრდა როგორც სრიალი, ისე ყურება – ალბათ იმიტომ, რომ იმ მომენტში ამ სილამაზის მიღმა მხოლოდ კონსერვატიულ სტერეოტიპებს ვხედავდი, მე კი რაღაც უფრო მძლავრს, უფრო „მიწისმიერსა“ და მებრძოლს ვეძებდი. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ფიგურულ სრიალს შეეძლო არა მხოლოდ აღფრთოვანება, არამედ მსოფლმხედველობის ამოყირავებაც.
ეს არ ყოფილა უბრალოდ სპორტული კარიერა, ეს იყო შეჯახება ორ სამყაროს შორის, რომელიც 90-იან წლებში მოხდა, იმ ეპოქაში, დასავლეთში „ტვინ პიქსის“ მისტიკით იყვნენ გატაცებულები და „ნირვანას“ “გრანჟით” სუნთქავდნენ, ჩვენთან, საქართველოში, 90-იანი წლები სულ სხვა რიტმით მიდიოდა: ნავთქურის სპეციფიკური სუნი, „კერასინკასთან“ გატარებული ცივი საღამოები და ის იშვიათი მომენტები, როდესაც მეზობლის აკუმულატორზე შეერთებულ ტელევიზორში მოციმციმე კადრებს ვუყურებდით. სწორედ ამ ქაოსის, შუქის მოლოდინისა და სრული გაურკვევლობის ფონზე, ყინულის მოედანზე გამოჩნდა ის – სურია ბონალი.
გაგიკვირდებათ და, ეს გოგონა საფრანგეთის ყველაზე მზიანი და გლამურული ქალაქიდან, ნიციდან იყო. ის არ ჯდებოდა არცერთ წინასწარ განსაზღვრულ მოლოდინში. მაშინ როდესაც ფიგურულ სრიალში კვლავ „ევროპული ბალეტის“ სტანდარტი მეფობდა – გამხდარი, მყიფე, თითქმის გამჭვირვალე გოგონები, რომლებიც ყინულზე უწონადობას განასახიერებდნენ, სურია ყინულზე შემოვიდა როგორც ბუნებრივი სტიქია. ის იყო ფენომენალური ათლეტი, ტანმოვარჯიშე: კუნთოვანი, ფეთქებადი და დაუმორჩილებელი ენერგიით სავსე. სურიას წინააღმდეგობა არ ყოფილა მხოლოდ ფიზიკური; ეს იყო ბრძოლა იმ „ესთეტიკური პოლიტიკის“ წინააღმდეგ, რომელსაც ქალები დღემდე თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან.
მისი კარიერის მთავარი პარადოქსი სწორედ აქ იმალებოდა: ტექნიკურად ის ხშირად ბევრად უსწრებდა თავის კონკურენტებს, ასრულებდა ილეთებს, რომლებსაც სხვა მოციგურავე ქალები ვერც კი უახლოვდებოდნენ, თუმცა მსაჯთა პანელი, რომელიც ძირითადად კონსერვატიული, თეთრკანიანი ექსპერტებისგან შედგებოდა, მას სისტემატურად სჯიდა. რაში გამოიხატებოდა ეს დასჯა? ე.წ. არტისტულობის ქულაში. მაშინდელი შეფასების სისტემა მსაჯებს აძლევდა სუბიექტურ უფლებას, დაეკლოთ ქულები „არასაკმარისი ელეგანტურობისთვის“. სინამდვილეში, სურიას სჯიდნენ იმის გამო, რომ მისი სხეული არ „თამაშობდა“ სისუსტეს.
იმ ეპოქის მსაჯებისთვის სურია ზედმეტად რეალური, ზედმეტად ძლიერი და „ხისტი“ იყო. მათთვის სილამაზე მხოლოდ მორჩილებასა და სინაზეში გამოიხატებოდა, ბონალიმ კი ყინულზე ძალისა და ავთენტურობის ახალი ენა შემოიტანა. ის არ ცდილობდა ყოფილიყო მორიგი „ბალერინა“ – ის იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ სიმართლეს ყინულზე ყოველი ნახტომით ხაზავდა. ის აჩვენებდა, რომ ძალა ისეთივე ესთეტიკურია, როგორც სინაზე, თუმცა სისტემას ამ ახალი სილამაზის აღიარება არ სურდა.
სურიას ბრძოლა კულმინაციამდე რამდენიმე წლით ადრე, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო. იმ დღეს მან იდეალურად ისრიალა – ეს იყო ტექნიკური სრულყოფილება, რომელსაც პასუხი არ ჰქონდა. თუმცა, როდესაც ტაბლოზე ციფრები აინთო, მსაჯებმა ის მაინც მეორე ადგილზე დატოვეს. სწორედ მაშინ გააკეთა სურიამ ის, რაც სპორტის ისტორიას არ ახსოვს: მან უარი თქვა კვარცხლბეკზე ასვლაზე, ხოლო როცა აიძულეს, ვერცხლის მედალი მოიხსნა. ეს არ ყოფილა სპორტსმენის ჭირვეულობა; ეს იყო სასოწარკვეთილი პროტესტი ადამიანისა, რომელსაც წესების დაცვით გამარჯვების უფლებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით მან თავად თქვა ის, რასაც ბევრი მხოლოდ ფიქრობდა: „შესაძლოა, თეთრკანიანი რომ ვყოფილიყავი, ჩემი ტიტული დიდი ხნის წინ მექნებოდა… იმ დროს ფერადკანიანი ადამიანი ამ სპორტში უჩვეულო იყო.”
1998 წლის ნაგანოს ოლიმპიადაზე სურია უკვე სულ სხვა განწყობით გავიდა. მან წინასწარ იცოდა, რომ მას ოქროს მედალს მაინც არ მისცემდნენ, რა სიმაღლეზეც არ უნდა ამხტარიყო. ამიტომ, გადაწყვიტა ყინულზე დაეტოვებინა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მედალია. სურიამ შეასრულა Backflip – ილეთი, რომელიც 1976 წლიდან მკაცრად იყო აკრძალული. მაგრამ აქაც მისმა გენიამ იფეთქა: მან სალტო სხვანაირად გააკეთა და ყინულზე ცალ ფეხზე დაეშვა. ფიზიკის კანონებით ეს თითქმის შეუძლებელია, ხოლო ფიგურული სრიალის წესებით ნახტომი მხოლოდ მაშინ ითვლება, თუ დაშვება ცალ ფეხზე ხდება. სურიამ აკრძალული ილეთი ტექნიკურად „კანონიერად“ აქცია. მსაჯებმა ის, რა თქმა უნდა, მეათე ადგილზე გადაისროლეს, მაგრამ იმწამს მან ამ უსამართლობას დიდი წერტილით უპასუხა, სადაც ყველაფერი ნათელი ჩანდა, რომ ის საუკეთესო იყო კონკურენტებში.
დღეს, 2026 წელს, როდესაც ილია მალინინი იმავე ილეთს ასრულებს და ოქროს მედალს იღებს, სურიას სიმართლე კიდევ უფრო ნათელი ხდება. ის უბრალოდ „ზედმეტად ადრე დაიბადა“. თუმცა, სურია ბონალიმ დაამტკიცა, რომ ისტორიას არ წერენ ისინი, ვინც ქულებს წერს. ისტორიას წერენ ისინი, ვინც ჰაერში ნახტომისას წამით მაინც ახერხებენ იყვნენ აბსოლუტურად თავისუფლები.
ჩემთვის სურია ბონალის ისტორია იმაზეა, რომ არ არის აუცილებელი სხვისი შეფასება, რათა იცოდე, რომ საუკეთესო ხარ. პროფესიონალების აზრი, ქულები და მედლები მხოლოდ ციფრებია, თუ შენ საკუთარი თავის არ გჯერა. სურიამ მასწავლა, რომ როდესაც სამყარო გეუბნება, რომ „ზედმეტად ძლიერი“ ხარ, უნდა აიჭრა ჰაერში, გააკეთო ის, რაც აკრძალულია და ყინულზე მყარად დადგე. მიხარია, რომ არსებობენ სურიას მსგავსი ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ: მთავარი გამარჯვება არა კვარცხლბეკზე დგომა, არამედ საკუთარი ავთენტურობის შენარჩუნებაა.







