fbpx

იდუმალი სხივი – ირაკლი ფარჯიანის გამოფენა


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 7 აპრილიდან 21 აპრილამდე ირაკლი ფარჯიანის გამოფენას აწყობს. „იდუმალი სხივი“ 7 აპრილს 18:00 საათზე რუსთაველის #7 გაიხსნება. 

ირაკლი ფარჯიანის გამოფენა მუზეუმში რამდენჯერმე დაიგეგმა და გადაიდო. 2020 წელს ფარჯიანის პორტრეტების მხოლოდ ვირტუალური გამოფენა მოეწყო. პროექტს მხარს უჭერდა ნინია ახვლედიანის პროექტი „მუზეუმი სახლიდან“. ირაკლი ფარჯიანის „იდუმალი სხივი“ წარმოაჩენს მხატვრის მრავალმხრივ შემოქმედებას და მკაფიოდ გამოკვეთს მისი შემოქმედების აქტუალობას თანამედროვე ყოფაში. ექსპოზიციაზე შევხვდებით შემოქმედის ხისგან გამოკვეთილ ქანდაკებებს, ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს და დავრწმუნდებით, რომ თითოეულ იმ ასპექტში, რომელსაც ფარჯიანის შემოქმედება შეეხო, ხელოვანმა უდიდესი კვალი დატოვა. 

გამოფენაზე პირველად ვნახავთ ირაკლი ფარჯიანის ხუთ უმნიშვნელოვანეს ტილოს, მათ შორის ძალიან მასშტაბურ შედევრს „ხარება“. გარდა ამ სიურპრიზისა, მნახველს საშუალეა ექნება გაეცნოს ფარჯიანის შემოქმედების იმ ნაწილს, რომელიც მხატვრის ოჯახის მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა. 

გამოფენის სახელი ფარჯიანის მხატვრული სამყაროს ხასიათიდან გამომდინარე შეირჩა, მისი თითოეული შტრიხი იდუმალი სხივია, მისტიკური, ღრმა სახეები, მცენარეები თუ ბუნების სურათები წარმოუდგენელ მიზანსცენებსა და განწყობას აღძრავს მნახველში. 

ამიტომ ქართული მხატვრობის ამ გენიალური წარმომადგენლის შემოქმედება უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდAt რა არის ამ იდუმალებაში ასეთი შთამბეჭდავი…

ვინ იყო ირაკლი ფარჯიანი?

ირაკლი ფარჯიანი 1950 წლის 22 მაისს, მესტიაში დაიბადა. ქართველი მხატვარი და პოეტი საქართველოს ეროვნული ჯიდლოსა და ფიროსმანის პრემიის ლაურეატია. 

ირაკლიმ მხატვრობისკენ პირველი ნაბიჯები ბავშვობაშივე გადადგა, სკოლის დასრულებას მოჰყვა მოსამზადებელ კურსებზე სიარული თბილისში… ამის შემდეგ ახალგაზრდა მხატვარმა სამხატვრო ფაკულტეტზე ჩააბარა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. აკადემიაში ყოფნისას (1968-1974) ფარჯიანმა თავის მკვეთრი სამხატვრო ხელწერა ჩამოაყალიბა. 

მისი საყვარელი ჟანრი მინიატურა იყო, ძალიან ბევრს უტრიალებდა რელიგიურ თემატიკას, მერე ბერლინის ციკლი შექმნა – მასშტაბურობითა და ახალი ფერებით გამორჩეული. ხელოვანი შემოქმედებით აბსტრაქციონისტად და იმაგინაციურ რეალისტად მიიჩნევა, მაგრამ მისი მხატვრობა პეიზაჟებსა და ნატურმორტებსაც მოიცავს. რეალურად, ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება იმდენად მრავალშრიანია, რომ მისტიკას რეალობა ძალიან ხშირად ერწყმის თან. სწორედ ამიტომ სურათებზე გვერდი-გვერდ ვხვდებით ისეთ საგნებს, რომლებსაც ერთ სივრცეში ვერ წარმოვიდგენდით. 

ირაკლი ფარჯიანის ბრყინვალების მთავარ საიდუმლოს ინტერპრეტაციათა მრავალფეროვნება და განსხვავებულობა წარმოადგენს. მისი შემოქმედება ხშირად ძალიან ცნობილი რელიგიური პასაჟების სრულიად განსხვავებულ ვარიაციებს გვთავაზობს. 

ირაკლი ფარჯიანის ფერწერულ სტილს განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ნამუშევრები საოცარ ფერთა კომბინაციებს აერთიანებს და ყველა მნახველში თავისებურ განცდას აღძრავს. გაერთიანებულ, იდუმალ საგნებში შინაგანი ექსპრესია იგრძნობა. ეს კი მხატვრის ნამუშევრებს ყველა მნახველისთვის დაუვიწყარად აქცევს.

გარდა უშუალოდ ამ უზარმაზი შემოქმედების შექმნისა, ირაკლი ფარჯიანის ხელითაა გადაწერილი და დასურათებული მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები. 

ცხადია, ეს ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეგვიძლია, რადგან მისი ფერწერა სწორედ ამ მარადიულ თემებთან თანაზიარობისა და ძალიან მკაფიო ინდივიდუალისტური ხელწერის დახმარებით ყველა თაობის ადამიანისთვის აქტუალური და ძვირფასი ხდება. მისი შემოქმედება სხივივით შემოიჭრა ქართულ მხატვრობაში, გახდა „მანათობელი ბნელისა“, მაგრამ შექმნა ძალიან იდუმალი სამყარო, სადაც ყველას თავისი ფარჯიანის პოვნა შეუძლია.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.