კულტთან მებრძოლი კულტი
ტექსტი: გრიგოლ ნოდია
ილუსტრაციები: ჰენრი დარგერი
ჩვენი აზრები ბიძგს იღებენ წარსულის იმ ნაწილიდან, რომელსაც არასდროს ჰქონია მომავალი. ეს გამორიცხავს ჩვენს არსებობას. ქვემოთ შეგიძლიათ არც არაფერი წაიკითხოთ.
ცალი ხელით არარსებული შემოქმედებითი ცხოვრება მიჭირავს და მეორით ფინანსებს ვეძებ. ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა სამყაროში ადგილის მოპოვების არცერთი გეგმა არ მაწვალებდა, გარკვევით შევძელი განმეჭვრიტა ფოფინა და უდრტვინველი ცხოვრებიდან, რომ რაღაც ასეთი მელოდა წინ, არჩევანი არარსებულსა და არსებულს შორის: არაფერზე ანგარიში, ანუ არაფერი ანგარიშზე.
საბოლოოდ, ადამიანური ყოფნის მსჯელობა ამ დილემაზე დადის, სხვა ყველა საკითხი თავის გამოდებაა. მე ეს (თავის გამოდება) არასდროს გამომდიოდა. ბოლომდე ვერაფერს ვიჯერებდი. მაშინაც კი, როცა საყვარელი ქალი მეუბნებოდა – “მიყვარხარო”, ამის სასტიკად არ მჯეროდა. ათას რამეს ვიგონებდი, რომ მისთვის შარი მომედო, უფრო სწორად, სიმართლეში გამოვრკვეულიყავი, რაც სრულიად შეუძლებლად მიმაჩნია.
მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ ეს ტექსტი მეცნიერული პასუხისმგებლობისგან დაცლილია. რასაც აქ ვწერ, უფრო მეთოდური ბოდვაა.
რას ეხება ეს წერილი? – ადამიანსა და გარემოებას, რადგან გარემოება დამძიმდა და ადამიანები მეტად აუტანლები გახდნენ.
დილა ხროტინით უნდა იწყებოდეს, გასული დღეები დაბეჯითებით რომ ამოვახველოთ.
თქვენი თვალები მნახველია სიძუნწის, რომელსაც ქალაქის მზეთუნახავები უხეირო ბაღებში გულუხვად არიგებენ.
სარფიანი შეთანხმებები (აწ უკვე კრიპტოანგარება), ჩვენ ცხვირწინ, ცუდკოფეინიან ყავახანებსა და თანასამუშაო ოფისებში იკერება. რასაკვირველია, ეს პურიტანული ოჯახების მერკანტილური ახირებებია, თუმცა ვერცერთი ოჯახი ვეღარ გაუძლებს ტექნოლოგიურ გამოწვევებს. მალე აღარავის დასჭირდება პირმშო იმის შესახსენებლად, რომ ცხოვრება ხელიდან საბოლოოდ დასხლტა. ნიჰილიზმის ლუკმა ყელში გაგვეჩხირა. ჩვენ აღარაფრის გვწამს, თუმცა ამას მაინც არ ვაღიარებთ. ბოლომდე ვიჭინთებით, ანუ ლაჩრულად ვცხოვრობთ. ქალაქის მამებს ეს კარგად ესმით, მაგრამ ისინიც კურდღლებივით ჩაიმალნენ სოროებში, საკუთარ Führerbunker-ებში, რომ შიგნითვე გაიხრწნან ქალაქთან ერთად. ვიცი, ყველას შეუძლია დღე-ღამეში ათასობით გულგრილობა გადაამუშაოს, მაგრამ რაღაც ძალით ადამიანები ჯერ კიდევ ახერხებენ თავის მოკატუნებას. ცხადია, ეს დიდხანს არ გასტანს. ვხედავთ, თუ როგორ სივდება საზოგადოებრივი პარკუჭი. მალე იქიდან წარსული ამოიფრქვევა, არა როგორც რეტროსპექტივა, არამედ როგორც რეტრო-ფუტურისტული ეპიფანეა.
დიახ, ჰაერი სიკვდილის შხამითაა მოწამლული! თქვენ ჭარბად სუნთქავთ ამ საწამლავს და ამას მაინც ცუდ კატალიზატორს ან უკონტროლო გაფართოებას აბრალებთ. თქვენ სულელები ხართ!
ჩემი კითხვაა: ყველაფრის მიუხედავად, რატომ არ ყრის ადამიანი ფარ-ხმალს,
რომ შემდეგ არსებობის გამართლების ყველა საშუალება გააფეტიშოს?
გამორჩეული ცხოვრების სურვილი საზიზღრობაა.
ეს საზიზღრობა გულის უკიდურეს წერტილში აღწევს და იმ სიძულვილით ამარაგებს ორგანიზმს, რომელიც ხშირად ერთადერთი საშუალებაა გარემოს მოსანელებლად, რადგან, შემიძლია თავი დავდო, ირგვლივ ძირითადი უმრავლესობა ჰალუცინაციურია. აღარაფერს ვამბობ სულის სანაგვეზე, რომლის ვიზუალური და თუნდაც ვირტუალური ანალოგები ტონობით ვიბრირებენ ჩვენ ცხვირწინ, რომ გონების ყოველი კუთხე-კუნჭული სათანადოდ მოსპონ, რომ აღარ დარჩეს ადგილი ჩვენში ნორმალურად ცხოვრების პერსპექტივის.
თანამედროვე რეალობა აღარ ხასიათდება, როგორც ერთი მყარად შეკრული მთლიანობა; ტოტალური აბსურდი ზედმეტი სიცხადით გვაჩვენებს მის დაშლილ და უშინაარსო სტრუქტურას. ასეთ პირობებში, ტრადიციული ცხოვრებისეული მონდომების ნებისმიერი ვერსია სასაცილოდ მეჩვენება, ისევე, როგორც სამყაროს კატეგორიებად აღწერის ნებისმიერი მცდელობა. ეს იგივეა, რომ კარგად ჩაბანილი ცნობილი თეთრკანიანების მელოდრამას უყურო, როგორც უტოპიურ პოპს.
ჩემი შეკითხვები ჭეშმარიტების გამორკვევის მცდელობებისგანაც დაცლილია, ამ წერილში მსგავს თვალთმაქცობას ვერ იპოვით!
ეს ტექსტი მეომრებისთვისაა…
მათთვის, ვინც ყოველ დილით პირზე ზედმეტად დაქლორილ წყალს ისხამს და დასივებულ თვალებზე გულმოდგინედ აშიშინებს, რათა სხეული საომრად მომართოს იმ გეომეტრიულ პათოლოგიებთან შეხვედრისთვის, რომელიც ურბანული პატაფიზიკის არსენალშია მომძლავრებული.
ნუთუ ვკვდებით?
კონსერვატორული მოდელი მხოლოდ ადამიანებისთვის იყო გათვლილი. დღეს ამ პარადიგმით ხელმძღვანელობა სრული უაზრობაა. წინ მხოლოდ მონაცემთა ბაზის დიქტატურაა და საფრთხე ჯერ კიდევ მაშინ გვიჭერს ყელზე ყულფს, როცა ტექნოლოგიურ აღზევებას კლიმაქსისთვის არ მიუღწევია. ყველაზე საშიში ამბები წინაა.
თუმცა, მე არ ვაპირებ გავცდე განვითარებადი ქვეყნის მოქალაქის ამბიციებს, პირიქით, მინდა ცივილიზაციური თავგასულობა ჩვენ ყოფიერებამდე ჩამოვაქვეითო.
განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის არსებული განსხვავება, შესაძლოა, ყველაზე მკვეთრად დროის სტრუქტურირებასა და მის აღქმაში ვლინდებოდეს. საქმე მხოლოდ რესურსებს ან ინსტიტუციურ სიმტკიცეს არ ეხება. განსხვავება იმაშია, თუ როგორ ნაწილდება და განიცდება დრო, როგორც სოციალური და კულტურული კაპიტალი.
მე მიყვარს ცენტრალური ევროპელები, რომლებიც გაურკვეველი ნებით თბილისის მემარცხენე კლუბებს შეეფარნენ შუააღმოსავლურ კონფლიქტებზე სავაივიშოდ.
იმ სოციალურ რეალობაში, სადაც ეკონომიკური და ინსტიტუციური სტაბილურობა მეტწილად უზრუნველყოფილია, ინდივიდს ეძლევა ფუფუნება – დრო დაუთმოს წარსულის გადააზრებას. ხოლო ველურ გარემოში, საპირისპიროდ, რეალობა ისტორიული მეხსიერების ინტენსიური რეპროდუქციაა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი კი არ რეფლექსირებს წარსულზე, არამედ თვითონვე ხდება წარსული.
ასეთ რეალობაში სუბიექტი ნაკლებად არის შემოქმედი საკუთარი ისტორიის. ის, უფრო მეტად, ხდება წარსულის ციკლური მექანიზმის მატარებელი, ვიდრე მისი გადალახვის ავტორი და რამდენადაც ჩვენი ისტორიის ძირითადი ნაწილი ბნელია, ჩვენც ამ სიბნელეში გვიწევს სეირნობა. დღევანდელი ყოფა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ქრონიკული ოთხმოცდაათიანები. იმ განსხვავებით, რომ განგსტერული წესრიგი მხოლოდ მსხვილ ეკონომიკურ ერთეულებს აკონტროლებს, თუმცა ურთიერთობების კულტურული ფორმები, ვიტყოდი, სექსუალური კორუფცია, კვლავაც უცვლელად რჩება. რა ირონიულია, რომ ამ სქემას კულტურული ელიტა დარაჯობს, ის ელიტა, რომელიც ისტორიის მუდამ “სწორ” მხარეს ახერხებს დგომას. ისინი, ერთი მხრივ, მორალურ სტაგნაციას ყარაულობენ, მეორე მხრივ კი ამბოხს, როგორც მათ პირად პრივილეგიას.
პარადოქსია თავად ის ფაქტი, რომ რეალობის წარმოების ემპირიულ ორგანიზებაში ჩვენ ყოველთვის გაყალბებული რეალობით ვხელმძღვანელობთ, ვგულისხმობ არა სიმულაკრს, არამედ იმ ზედნამატს, რითაც სინამდვილე თავს არეგისტრირებს ყოფიერებაში. ვფიქრობ, რომ წარმოსახვასა და რეალობას შორის ზღვარი არც არასდროს არსებულა, შესაბამისად, საქმე არა რეალობის სიცხადეში, არამედ წარმოსახვის ინტენსივობაშია და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიგულისხმებთ რაღაც წარმოსახვითს ისე, რომ ის რეალურად არასდროს განხორციელებულა, მაშინ გამოდის, რომ არა რეალობა, არამედ თავად წარმოსახვა იყო გაყალბებული. ვგულისხმობ ეროვნული მითოსის იმ სერიას, რომელიც ჩვენს არაცნობიერში ყველაზე ბნელი კერების ჩამოყალიბების განმსაზღვრელი გახდა. ისტორიის ეს მხარე, დღემდე, მეტწილად დაუმუშავებელი და შეუსწავლელია. იშვიათი, ინდივიდუალური მცდელობების გარდა, ეს საკითხი ძირეულად არაა გამოკვლეული. ცალკეულ კრიტიკულ ნაშრომებს, მათი მნიშვნელობის მიუხედავად, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე სისტემური ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლიათ.
მნიშვნელოვანია აგრეთვე კულტუროლოგიური კვლევები, რომლებიც აანალიზებს იმ კულტურულ და ინსტიტუციურ გარემოებებს, რომელთა ჩარჩოშიც ყალიბდებოდა საზოგადოებაში გარკვეული აზრობრივი მოდელები. ამ მხრივ ბევრი არაფერი მოგვეძებნება, თუ არ ჩავთვლით ივანე ჯავახიშვილისა და ზურაბ კიკნაძის ნაშრომებს. თუმცა, ეს ნაშრომებიც, გარკვეულწილად, უფრო ფაქტობრივი მასალის დოკუმენტირებაზეა ორიენტირებული, ვიდრე მის ღრმად მეცნიერულ ანალიზზე. ასევე, საინტერესოა აზროვნების ინფრასტრუქტურა – ის, თუ რა სოციალურ-მენტალურ პროცესებს გადის გარკვეული აზრი, სანამ ჩვენს ცნობიერებაზე დაილექება და მოქმედებაში მოვა. მე ვიტყოდი, რომ ყოველი ასეთი “აზრის სადგური” გულმოდგინედაა მოწამლული, რომ იქიდან წყლის დალევა უვარგისი გახდეს.
რატომ ვცდილობ ყურადღება ავარიდო კლასობრივს? – მაშინ, როცა ინსტიტუციური საყრდენები ჩახსნილია, კლასობრივი წმინდად ტიპობრივისგან იწარმოება. ასეთ დროს, სოციალურ განზომილებაზე მოქმედებს მხოლოდ ბუნების ველური ძალა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაუმუშავებელი მეხსიერება და მე არ ვგულისხმობ მის ონტოლოგიურ მხარეს.
ტრანსცენდენტური რედუქციის თვალსაზრისით, სტრუქტურული პირობები მკაფიოდ მიუთითებს დისტოპიური საზოგადოების ქცევითი გადახრის თავისებურებაზე და ამ გადახრილში მოყოლილი მზა რეალობის რეგრესიულ სტრუქტურაზე, რაც საბოლოოდ განაპირობებს “ასეთად” ცხოვრების აღქმის ნორმალიზებას.
ძირითადად, ჩვენი საზოგადოებრივი ქცევა მიმბაძველობითი ხასიათისაა – იგი წარმოადგენს ცივილიზაციური ისტორიის პატერნების დაგვიანებულ და ნაკლოვანად გააზრებულ რეპროდუქციასა და წარსულის არაუტილიტარულ რეპერტუარს. პერიფერიული კულტურული სივრცეებისთვის მსგავსი მოდელი მეტწილად ნორმატიულია, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს მეორადი ქცევითი ფორმები ყოველგვარი რეფლექსიის გარეშე აქსიომატიზდება და აღიქმება, როგორც თავისთავადი, აბსოლუტური რეალობა. რასაც, ყოველთვის თან ახლავს მითის წარმოება, როგორც რეალობაზე აღმატებულის განცდის ფეტიში. პოლიტიკურად აღგზნებული ფსევდოგაერთიანებები საზოგადოებრივი ჭინთვების დეკადენტური ციკლია და საზოგადოებრივის დაბადების ნაცვლად, ცივილიზაციასთან სხვაობის სისტემურ ფაქტებს შობს. ის, რაც ხშირად კოლექტიური ზღაპრების ანიმაციად გვევლინება, სინამდვილეში მხოლოდ ეგზოტიკურია; და ყველაფერი ეგზოტიკური ველურია.
თითოეული ველი, რომელშიც ჩვენი “ასეთად” ყოფნა ვრცელდება, შეიცავს დეკადანსს, როგორც სრულიად თანატოსურ მოდუსს.
ჩვენი კულტურა თანატოსურია. უფრო სწორად, კულტი… ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი კულტურა კულტივირებულია.
ჩვენს გამოცდილებაშია კულტის შექმნის კულტურა; და თუ კულტს აღვიქვამთ, როგორც წმინდად არქაული გამოცდილების ფორმას, მაშინ მოგვიწევს ჩვენი თავიც ამგვარად აღვიქვათ. ის შემოდავება, რომ შესაძლებელია, რაღაც ძველმა დღესაც იარსებოს, მისაღებია მხოლოდ მაშინ, როცა ეს ძველი მისი არსებობის წესით არსებობს და არა როგორც ექო ან ნეშტის კვალი, რადგან კვალს გვამიც ტოვებს.
დეკადენტურია ჩვენი ყოველდღიურობის ანტურაჟი. დეკადანსია ქუჩის ყოველი უსწორმასწორობა, რომელიც გადატიხრულია ათასგვარი ხიფათით, რამაც შეიძლება გაიძულოს საკუთარი მარტოობა დათმო და ბოლომდე კოლექტივიზირდე. თითოეული ორმო ან ცუდად მომართული ტროტუარი სამანქანო გზისკენ გერეკება, რათა გაიარო ადამიანსა და მანქანას შორის არსებულ სახიფათო ხიდზე, რათა გვერდი მოუსინჯო მანქანას, რათა თავად გახდე მანქანა, რომელიც ტონობით ყლაპავს ჰაერში გაბნეულ მძიმე მეტალებს. ცუდი ჰაერი დეკადანსია! დეკადანსია საბურავებში ჩასხმული ბეტონი და მათში ჩარჭობილი ხის უაზრო ჯოხი, რომელიც მიუთითებს რაღაც გაუგებარზე და თავისთავად სასწაულია, რომ საერთოდ რამეს მიუთითებს! იქვე ვნახავთ ფარეხებს – ლითონის მძლავრ ფარეხებს, რომელთა შორის ჩაბუდებულია ტონობით ნაგავი. მათ შორის ის ნივთებიც, რისი გამოყენებაც შეუძლებელი იყო მათ გადაგდებამდეც. აქ, ყველა საგანს, ისევე როგორც ყველა გამიზნულ თუ უნებლიე მოქმედებას აქვს ერთადერთი დანიშნულება – “მოგაყენოს შეურაცხყოფა” და ეს არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც თავხედობა. აგონიაში ადამიანი შეიძლება იფურთხებოდეს, არა იმიტომ რომ ის უზრდელია, არამედ იმიტომ რომ, არ იცის სხვა რა ქნას. ქართველი კვდება, არა იმიტომ, რომ ის წარსულის ფიგურაა, არამედ იმიტომ, რომ ის მომავალს ვერ ხედავს.
სმის კულტი დეკადანსია. დეკადანსია მთელი ჩვენი გასტროშიზოფრენია. ქართული სამზარეულო კუჭ-ნაწლავის აჯანყებაა. ეს შინაგანი ორგანოების გამძლეობის გამოცდაა და საბოლოოდ, ვიღებთ ადამიანს აფეთქებული შიგნეულობით, რაც პირდაპირ კავშირშია ნერვულ სისტემასთან. ვიტყოდი, რომ მათ, ვისაც აქვთ საშუალება, რაიმე ჭამონ, საბოლოოდ ჭკუიდან იშლებიან, ხოლო მშიერებს შიმშილი აგიჟებთ; ამგვარად, ვიღებთ ნევროზული ხალხის სიმრავლეს, ფსიქოსომატური აშლილობებით. და ეს არაა ხუმრობა! არ შეიძლება ის, რაც საარსებოა, ანუ საკვები, ასე გვნებდეს, მეტადრე, ჩვენ არ შეგვიძლია დოზირების გაკონტროლება, რადგან საჭმლის მიღების წესი განსაზღვრულია გარკვეული ცერემონიალური ჟესტით, – ონკოჰედონიზმით! აქ ჰედონიზმი ისეა გაგებული, როგორც თვითდაზიანების საკრალური რიტუალი, რომ ცარიელი ადგილი რაიმე კონსტრუქციულმა არ დაიკავოს, რადგან ეს უკვე არსებობის მტკიცება იქნებოდა ჩვენსავე არარსებობასთან კონფრონტაციაში. დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე თ, აქ ყველაფერი ორიენტირებულია, რომ რაღაც ახალი არ მოხდეს! სისტემა ჰომოგენურია! პოლიტიკური თუ კულტურული ელიტა საშინლად ჰგავს ერთმანეთს, როგორც ორი ფოთოლი ერთ ხეზე. ისიც კი, რაც სხვაა, იგივეა. მოჩვენებითი საპირისპიროები ერთი მონეტის ორი მხარეა. მე ვერ ვხედავ განსხვავებას ღარიბებსა და მდიდრებს შორის, ცხოვრებისგან გაუბედურებულებსა და განცხრომაში მყოფებს შორის, მწერლებსა და ბუღალტრებს, სუტენიორებსა და მოქცეულებს, ნარკომანებსა და სპორტსმენებს, დედებსა და ბებიებს, სწავლულებსა და უწიგნურებს, ერის მოღალატეებსა და პატრიოტებს, ჰუმანიტარებსა და ქუჩის ბიჭებს შორის! ისინი ერთი მატრიცით იმართებიან და ეს მატრიცა წარმართობაა! მე არ ვამტკიცებ, რომ გარემოება იძულებულს გვხდის ასეთები ვიყოთ, მე სრულიად საპირისპიროს ვამტკიცებ – რომ გარემოება ეს პრინციპული მესამეა ჩვენში; ის არეკვლა, რომელიც სხვით საკუთარ დასასრულს გვაჩვენებს – მომავალს, რომელშიც უკვე მოვკვდით. ვფიქრობ, რომ საყოველთაო მიუღებლობაც აქედან მომდინარეობს. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვაღიზიანებს.
სასურველია, ერთმანეთს მივმართავდეთ არა როგორც ემპირიულ სუბიექტებს, არამედ როგორც ისტორიულ ნალექებს, როგორც რაღაც მყარ არაცოცხალ არტეფაქტებს.
ჩვენ გვჭირდება სრული გაუცხოება. “ქართველობა” უნდა გაუცხოვდეს იმგვარად, რომ მისი აღქმა “ქართველობისგან” დამოუკიდებლად გახდეს შესაძლებელი. ასევე, საინტერესოა ანთროპოლოგიური მხარეც, რომ როცა ვიტყვით “ჩვენს ისტორიულ საზრისში…”, იქვე დავსვათ შეკითხვა – ვინ ჩვენ? დროა ვინმემ განმარტოს, თუ ვინ ვართ ეს “ჩვენ”?!
როგორ გავარჩიოთ ადამიანი და არქიტექსტი?
მხოლოდ მეტატექსტების წარმოებით; და ეს მეტატექსტები ყოველდღიურობაში, ჩვენს პირებში უნდა იწარმოებოდეს, როგორც ტყვიამფრქვევები გერმანულ ქარხნებში. (“il n’y a pas de hors-texte” – “არ არსებობს ტექსტის გარეთ არაფერი.” ჟაკ დერიდა, 1967).
ცოტა რამ ქართულ თეატრზე
ქართული თეატრი, ანუ თეატრი ქართულად – ეს რაღაც პრე-ემბრიონული ანაფხეკია. მაშინ, როცა ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია ფოლკლორი, როგორც საუკეთესო იარაღი საკუთარ სამყაროში ჩასაწვდომად, ჩვენი თეატრალური კომუნა ანტიკურ და ელიზაბეტურ განზომილებას ქექავს. ის პოსტმოდერნისტული ექსპერიმენტები, თუ პოსტდრამატული თეატრის ნარატივების მცდელობები, სრულიად მოწყვეტილია სადადგმო პოლიტიკის აუცილებელ წინაპირობებს. ამიტომ, ის უფრო მცდელობის ჩვენებაა, ვიდრე სახელოვნებო შინაარსის. (მათ შორის, ვგულისხმობ საკუთარ შემოქმედებასაც). თანამედროვე თეატრალური სივრცე, ახლად გააქტიურებული ლიბერალური დისკურსის პირობებში, მნიშვნელოვნად დოგმატიზებულია პოლიტკორექტულობის ნორმებით.
პოლიტკორექტულობა, როგორც კასტრირებული აზროვნება, სრულიად შეზღუდულია შემოქმედებითი ფიქრისაგან. ჩვენ სცენიდან ვხედავთ სოციო-პოლიტიკურ რეპორტაჟებს, როგორც აქტივისტური ხელოვნების დოგმატურ დოკუმენტაციას. მათი რაციონი განსაზღვრულია კონკრეტული იდეოლოგიური და ინსტიტუციური კონიუნქტურის მიერ წინასწარ მარკირებულ ჩარჩოში. მარტივად რომ ვთქვათ, ის პოპულისტური და ტენდენციურია. არასამთავრობო სექტორის ჩართულობით კულტურა მოექცა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სიმბოლური კონტროლის ქვეშ. თუმცა, ეს მაინც არ არის ცენზურა კლასიკური გაგებით – იგი უფრო წინასწარ კონფიგურირებულია; და სწორედ აქ ჩნდება პარადოქსი: რაც უფრო ძლიერად აცხადებს ის კრიტიკულ აზრს, მით მეტად ამყარებს იმ დისკურსს, რომლის ფარგლებშიც ეს კრიტიკა უკვე წინასწარ იყო დაშვებული.
ამ მოცემულობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ესთეტიკა აღარ აღიქმება, როგორც რაიმეს კვლევის ხელსაწყო, როგორც პრინციპული მიზანი, არამედ ის სრულიად მეორეხარისხოვან დანამატადაა ქცეული. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ამ პრობლემებს ცხადად აღვიქვამთ, ავტონომიურობისათვის ძალას მაინც ვერ ვპოულობთ; და რა არის ამის მიზეზი? – ფინანსები? ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია. ვფიქრობ, თავისუფალი დაფინანსების პირობებში, თუმცა ზუსტად არ ვიცი, ეს აზრი რას შეიძლება ნიშნავდეს, “ფრიგიდული ხელოვნება” ისევე ჭარბად გავრცელდებოდა, როგორც დღეს. ქართული თეატრი ამის ზუსტი გამოხატულებაა და რადგან პერიფერია, ძირითადად, მიბაძვითაა დაკავებული, ვფიქრობ, ის დღეს რაღაც ისეთს უნდა ჰბაძავდეს, რითაც საკუთარი გადარჩენის გარანტიას უზრუნველყოფს.
თეატრი, როგორც ჰეტეროტოპიური განზომილება, უნდა აწარმოებდეს სრულ გადახრას ნორმატიული ცხოვრებიდან. ის უნდა თავისუფლდებოდეს მზა მნიშვნელობების სიმბოლოებიდან. ის უნდა გადაიხაროს საკუთარი თავისგანაც კი. სწორედ ამ გაურკვევლობაში ჩნდება კვლევის შესაძლებლობა: იქ, სადაც ფორმა წინააღმდეგობას უწევს თვითინტერპრეტაციას.
ამგვარი რადიკალური გადახრის შესაძლებლობა, რასაკვირველია, თავისთავად არ წარმოიშობა და ყოველთვის დამოკიდებულია იმ პირობებზე, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რა სახის ინტერესები და ძალები უნდა უსწრებდეს წინ მის ჩამოყალიბების პროცესს.
ამის საპირისპიროდ, ჩვენი თეატრალური ველი მოწამლულია გენეალოგიური, ისტორიული და იდეოლოგიური იდეალებით; მეცნიერულ-ანალიტიკური ინტერესები კი მარგინალიზებულია. ის უფრო იერარქიული, ელიტურ-პროტექციონისტული წესრიგის გამოხატულებაა, ამიტომ ვიტყვი, რომ ქართული თეატრი, როგორც საზოგადოებრივი მოწყობის მოდელი, აღარ არის მხოლოდ კულტურული მოვლენა, არამედ კულტის შექმნის პერფომატიული სიგნატურაა, რომელიც თავის პრივილეგირებულ სივრცეში კულტის შექმნის ნორმებსა და ქცევითი რიტუალების პოლიტიკას აკონტროლებს. რთული არაა იმის დანახვა, რომ ამ საზოგადოებაში, ისევე როგორც ყველა სხვა საზოგადოებრივ წრეში, გარკვეული ანგარიშვალდებულების გრძნობა ჩნდება. ეს ვალდებულება დროთა განმავლობაში თავისთავადად ყალიბდება, როგორც მრწამსი, როგორც სრულად ირაციონალური მოთხოვნილება, რაც კარგი პირობა ხდება კულტივირებისთვის.
არ იქნება ვალიდური, სახელოვნებო ელიტას პირდაპირ ბურჟუაზიულობა დავაბრალოთ, რადგან დღეს მათ ხელში, მატერიალურთან ერთად, მორალური კაპიტალიც კი გამქრალია. ერთადერთი, რაც მას ჯერ კიდევ უნარჩუნებს პოლიტიკურ აღქმადობას ან მმართველ ვერტიკალთან კონფორმისტული თანაცხოვრებაა ან ამისგან სრულ საპირისპიროში წარმოდგენილი ნარცისული სიხისტე, როგორც პოლიტიკური კარიკატურების წარმოების ერთგვარი პირობა. თუ რა შეიძლება ჩვენს საზოგადოებრივ დაყოფას აღრმავებდეს, ერთ-ერთი მაგალითი თეატრია და მისი სწორედ ის ნაწილი, რომელიც საზოგადოების კონსოლიდაციაზე ყველაზე მეტს საუბრობს, რათა გადაიხადოს ის ვალი, რომელიც საკუთარ თავს სრულად თვითონვე მიანიჭა ხელოვნურად.
როგორ ვიმოქმედოთ?
ჩვენ გვჭირდება მეთოდური ეჭვი. ეჭვი ეჭვების გასაქარწყლებლად!
ჩემში მსგავსი დაეჭვება გამოიწვია ერთმა ფაქტმა, რომ პირად საუბრებში, ზემოაღნიშნული საზოგადოების მთავარი იდეოლოგები საკმაოდ საღ მსჯელობას აწარმოებდნენ, როცა ისინი საჯაროდ პათეტიკურად განასახიერებდნენ დელუზიურ იდეალისტებს. ეს ყოველივე არ უნდა ჩავთვალოთ, როგორც უბრალო თვალთმაქცობა, არამედ, როგორც კულტის მიმართ ვალდებულების აღსრულების გადაუდებელი აუცილებლობა. რასაკვირველია, ესეც ჟანრობრივია. მათ მოსწონთ არა თავად თავგანწირულობის იდეა, არამედ როლი, რომელიც გამოხატავს თავგანწირულობას. ისინი არ არიან მეტად ან ნაკლებად თვალთმაქცები, ისინი უბრალოდ ამ ჟანრს ირჩევენ. ისინი გამოხატავენ საკუთარ თავს და ასევე გამოხატვას, რომლითაც საკუთარი გამოხატვა გამოიხატება, როგორც, მაგალითად, ტიპური იტალიელი ოფიციანტი: ის გამოხატავს იტალიელს და აგრეთვე იტალიელობის გამოხატვას.
როგორ დავასრულოთ კულტი?
ჩვენ თუ შევთანხმდებით, რომ ტექსტის შიგნით ვმოქმედებთ, მაშინ მოგვიწევს მოვძებნოთ კულტივირების ანტი-ტექსტი, როგორც ანტიდოტი მოურჩენელი ვირუსის წინააღმდეგ. გარემოს რედუცირებით და არა მისი რედაქტირებით შევეცადოთ დავდგეთ ტექსტს მიღმა და შევქმნათ ახალ ნიშანთა სისტემა, არა საწინააღმდეგო, არამედ როგორც სრულიად გამანადგურებელი შხამი, რომ აზროვნება გაგრძელდეს არა მისი ჯერ კიდევ გავრცელებული დოგმებით, არამედ დაიწყოს რაღაც სრულიად ახალი, სრული განადგურების შემდეგ. ამიტომ, ვიყავი ყოველთვის სკეპტიკური და ასეთად ვრჩები, როცა საქმე ეხება რაიმეს განვითარებას, ჩვენ შემთხვევაში განსაკუთრებით უშედეგო იქნება მსგავსი მიდგომა. რა უნდა განვავითაროთ ან დავხვეწოთ, ის რომ ადამიანებს პრაგმატულ საკითხებზე რელიგიური გრძნობები გააჩნიათ? ქართველის ყოფა სხვა არაფერია, თუ არა იუდეური ტექსტების წარმართული ინტერპრეტაცია – კერპის შექმნა, როგორც მისი სულიერი გადამრჩენელის. მიზანი ერთია, განურჩევლად ვინმეს პოლიტიკური თუ კულტურული სტატუსისა, მიეწებოს მესიის ფუნქცია, რათა მოახდინოს ეროვნული შიშების კომპენსაცია, როცა სინამდვილეში თაყვანცემული პერსონა სხვა არაფერია, თუ არა იმანენტური ძალაუფლების ფორმალური რეპროდუქცია. ეს პათოსი მხოლოდ რელიგიურ ფანატიკოსებზე არ ვრცელდება, ყველა “ბაბლს” საკუთარი მუჰამედი ჰყავს. მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, ჩვენ კი ამ თეოპერვერსიული მჟავიანობის ყურებაში ლამისაა სული ამოგვხდეს. მე არ ვამბობ, რომ ამ ხალხს ზედმეტი რწმენა ტანჯავს, მე ვამბობ, ეს ხალხი პრინციპულად ურწმუნოა.
ვფიქრობ, რომ ანტი-ტექსტი სცენაზე განხორციელდება და არა სხვაგან, მაგრამ ეს არ იქნება თეატრი, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, თეატრი სხვაგან. სავარაუდოა, რომ ეს მოხდება იქ, სადაც კოლექტიური ექსტაზი ყველაზე კლიმაქსურია, გარემო კი ყველაზე ბნელი. ანტი-ტექსტი დასაბამს აიღებს სიკვდილიდან და არა სიცოცხლიდან და იგი გავრცელდება არა ცოცხლებზე, არამედ მომავალ მკვდრებზე. წინ მხოლოდ ერთი გზაა, დაელოდეთ “ჩაძაღლებას”!
149 total views, 149 views today





