R.S.V.P. – სხეული, რომელიც არასდროს ბრუნდება ფორმაში
ავტორი: ანი თენეიშვილი
ხელოვნების ისტორია ხშირად მტვრიანი არქივი გვგონია, სადაც მოვლენები მხოლოდ მშრალი თარიღების მიხედვითაა დალაგებული. თუმცა, არის ნამუშევრები, რომლებიც დროსა და სივრცეს უმკლავდებიან; სენგა ნენგუდის (Senga Nengudi) 1977 წლის პერფორმანსი სწორედ ასეთია. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულები გვაშორებს ლოს-ანჯელესის Pearl C. Woods-ის გალერეის იმ ატმოსფეროს, R.S.V.P. დღესაც ისეთივე ცოცხალი და პულსირებადია, როგორც მისი შექმნისას.
წარმოიდგინეთ სცენა: კედლებზე, ლურსმნებით, უკიდურეს ზღვრამდეა გაჭიმული ქალის გამოყენებული კოლჰოტები. თითქოს შუშის მსგავსად დაიწმინდნენ და ახლა მათში სინათლე დაუბრკოლებლად გადის. ზოგან ნეილონი დახეულია, ზოგან დაგრეხილი. ქვიშით სავსე კოლჰოტი იატაკისკენ ისე ჩამოშვებულა, როგორც ნაადრევად დაღლილი მკერდი, ან მშობიარობისგან მოდუნებული მუცელი. ისინი ჰგვანან სხეულის ნარჩენებს, კანის ცარიელ გარსს, რომელშიც ოდესღაც ვიღაც ეტეოდა.
ამ ნეილონის რთულ, გამჭვირვალე ქსელში მარენ ჰასინგერი დგას. პერფორმერი, რომელიც მოძრაობას ასრულებს. ის ნენგუდის უახლოესი მეგობარია. ჰასინგერი ამ ქსელში შედის ფრთხილად, თითქოს ეშინია, რომ ეს მყიფე სტრუქტურა არ დააზიანოს. ნენგუდი იქვეა, გვერდით დგას. ის არ ხელმძღვანელობს. მისი ჟესტები თითქმის დედობრივია, ის ფრთხილად ასწორებს ნეილონს მეგობრის მხარზე, აწყობს ქსოვილს მის ირგვლივ, თითქოს ეხმარება ამ ახალ, უცნაურ კანთან შეგუებაში.
აი ასეთი იყო 1977 წლის პერფომანსი.
ვინ არის სენგა ნენგუდი?
სენგა ნენგუდი ჩიკაგოში დაიბადა 1943 წელს. ის იყო იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც სამოქალაქო უფლებების მოძრაობისა და Black Power-ის ეპოქაში მოუხდა საკუთარი ხმის ძებნა. ის სწავლობდა სკულპტურასაც და ცეკვასაც – კომბინაცია, რომელიც მისი შემოქმედების მთავარ გასაღებად იქცა.
1967 წელს მან ერთი წელი ტოკიოში გაატარა. იქ იაპონური ცეკვა-თეატრი აღმოაჩინა, სხეული, რომელიც უკიდურესი სიზუსტით მოძრაობს, და ჟესტი, რომელიც ცერემონიალურ წონას იძენს. ათი წლის შემდეგ ლოს-ანჯელესში, ის Studio Z-ის კოლექტივში შევიდა – ხელოვანების ჯგუფი, რომელიც მაშინდელი ხელოვნების სამყაროს სტერილურ კედლებს გარეთ, ავტოსადგომებზე და ესტაკადების ქვეშ მუშაობდა. სწორედ აქ დაიწყო მისი და ჰასინგერის ხანგრძლივი კავშირი.
ნენგუდი არ ჯდებოდა არცერთ მზა კატეგორიაში. მას არ სურდა, თეთრი ფემინიზმის მოძრაობაში მხოლოდ „მრავალფეროვნებისთვის“ ყოფილიყო ჩართული. ის ამბობდა, რომ ხშირად თავს „იარაღად“ გრძნობდა და არა თანაშემქმნელად. მისი პასუხი ამ იზოლაციაზე იყო ხელოვნება, რომელიც არც სუფთა აბსტრაქციაა და არც მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაცია – ეს იყო სხეულის მეხსიერებაზე დაფუძნებული პრაქტიკა.
მასალა – როცა ნეილონი მეხსიერებას ინახავს
რატომ გამოყენებული კოლჰოტები? ნენგუდიმ ეს სერია 1975 წელს დაიწყო, შვილის დაბადების წელს. ეს ნამუშევარი უშუალოდ მშობიარე, დაღლილი და შეცვლილი სხეულის გამოცდილებიდან მოდის.
გამოყენებულ კოლჰოტებს, ნენგუდის აზრით, ქალის ენერგია აქვთ შენახული. ისინი უკვე დაჭიმულან ბარძაყზე, დაგრეხილან მუხლებზე, მოხრილან მუცელზე. როცა შიგნით ქვიშას ჩაყრი, მიიღებ ფორმას, რომელიც სხეულს გვაგონებს – სხეულს, რომელიც ცარიელი არ არის, მაგრამ აღარც სრული.
„ჩემი ნამუშევრები გამოყენებული სხეულების აბსტრაქტული ანარეკლებია,“ – ამბობდა ის. აქ ის რაღაც ძალიან რთულს ეხებოდა, საკუთარ მშობიარობას და, ამავდროულად, შავკანიანი ძიძების ისტორიას ამერიკაში. ქალების, რომლებიც სხვის ბავშვებს აწოვებდნენ ძუძუს, სანამ მათი სხეული საბოლოოდ არ დაიცლებოდა. ნეილონი ისე იხსნება და კვლავ იკრიბება, როგორც კანი. მაგრამ ერთ დღეს ის ვეღარ ბრუნდება საწყის ფორმაში.
მეგობრობა როგორც სკულპტურული მასალა
ნენგუდისა და ჰასინგერის ურთიერთობა ხელოვნების ისტორიისთვის უჩვეულოა. აქ არ არის „მთავარი“ ხელოვანი და „ასისტენტი“. მათი მეგობრობა თავად იყო ნამუშევრის მასალა.
ჰასინგერიც მოქანდაკე იყო, რომელიც სამრეწველო მასალებს მაგალითად, მავთულს – ფოთლებისა და ფესვების ფორმას აძლევდა. 1978 წელს, ცნობილ აქციაში Ceremony for Freeway Fets, რომელიც მაგისტრალის ქვეშ მოეწყო, ისინი ერთად ქმნიდნენ რიტუალს, სადაც ნენგუდი გამაერთიანებელ სულად იქცა.
2012 წელს, თითქმის ორმოცი წლის შემდეგ, მათ კვლავ გააცოცხლეს ეს პროცესი ჰიუსტონში. ფოტოებზე ჩანს, როგორ მოძრაობს ჰასინგერი კვლავ ნეილონის ქსელში, ნენგუდი კი ისევ გვერდით დგას. ეს არის პარტნიორობა, რომელიც „მიცემასა და მიღებაზე“ (give and take) დგას.
რას ნიშნავს R.S.V.P. დღეს
2025 წელს Centre Pompidou-Metz-ის დიდ დარბაზში ნახმარი კოლჰოტები კვლავ გაჭიმეს. ამჯერად მხოლოდ ორი ხელოვანი კი არა, მთელი აუდიტორია ჩაერთო. ხალხი ფიზიკურად შევიდა ნეილონის ქსელში – ზოგი ჭიმავდა, ზოგი უშვებდა, ზოგიც მხოლოდ შეხებით ინარჩუნებდა კავშირს. წარმოიქმნა ერთი მოძრავი, დროებითი კოლექტიური სხეული.
ნენგუდის მოწვევა ჯერ კიდევ ღიაა. ნამუშევარი არ გახდა მუზეუმის მკვდარი ობიექტი; ის ყოველ რეაქტივაციაში ხელახლა იბადება.
დღეს ამ ხელოვანების ნახვა რამდენიმე მნიშვნელოვან სივრცეშია შესაძლებელი, მათ შორის – Columbus Museum of Art-ში (2024-2026). ნენგუდის პრაქტიკა გვთავაზობს ხელოვნებასთან ურთიერთობის ახალ გზას – არა როგორც ცქერის ობიექტს, არამედ როგორც ცოცხალ, დაჭიმულ სივრცეს, სადაც ჩვენი ყოფნა აუცილებელი პირობაა.






