fbpx

წერილი, დაწყებული 9 აპრილს – ლუკა ბაქანიძე


გააზიარე სტატია

 

ისე დაემთხვა, რო ცხრა აპრილს ჩავუჯექი ამ სათქმელს, ძვირფასებო. დიდი ხანია მნიშვნელოვანი არაფერი დამიწერია, რამეთუ ზოგჯერ დგება მწერლის ცხოვრებაში დრო, როდესაც მას ცარიელი ფურცლის თუ ვორდის ფაილის – ეშინია. ყველაფერს მოედება, ოღონდ ის არ დაწეროს, რაც დასაწერია. ჰოდა, ეგრე გამოვიდა-მეთქი, რო ცხრა აპრილს ვიწყებ და ვწერ ახლა ამ სიტყვებს, მე კიდევ ღრმად მწამს, ეს სამყარო რო ნიშნებითაა სავსე.

სათქმელს დავუბრუნდეთ: ჯერ ვიფიქრე – მეთქი რაის წერილი. თან საჯარო. უფრო პრივატული რამე მგონია ავტორის და ადრესატის ამგვარი კონტაქტი. გულწრფელობაც იკლებს, ალბათ. არც პათეტიკის ფრქვევა მინდა, არც ინტელექტუალური თუ პოლიტიკური წიაღსვლები, არც შინაურულად ჩახუტება და კვამლიან-ცეცხლიანი მოგონებანი გამოდგება, რაც საერთო მაქვს ბევრ თქვენთაგანთან, ვისაც გიცნობთ, ვის გვერდითაც ვიბრძოდი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. და ბრძოლა რასაც ნიშნავს, ჭეშმარიტად თქვენ იცით თუ იცით; ხომ თქვენგან ვისწავლე, რო ეს ბრძოლა საკუთარი თავის გადასარჩენად კი არა, როგორც მეგონა, რისთვისაც დავიწყე, ამ ყოვლად პაციფისტმა და ასოციალურმა მეთევზე კაცმა – ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლა იყო, და არის. რო ეს – მავანი ძალაგამოცლილი ნიჰილისტი მწერლის სისხლის სამართლის ინდივიდუალური თერაპიული მკურნალობა კი არა, – იდეისთვის, მომავლისთვის, შვილებისთვის ომია, თქვენს მხარდამხარ.

ერთხელ, დიდი ხნის წინათ, ყმაწვილობაში, რომანის დაწერამ მომიწია ცეცხლისპირებზე, ქუჩებში, სკვერებში, ქაღალდის ყველა ნაგლეჯზე, რასაც მოვიძიებდი. რას წარმოვიდგენდი, რო ამ 40+ ასაკშიც, მინუს ყინვებში და სადარბაზოებში შემალული, Alarm-რეჟიმში დავიწყებდი ბლოკნოტში მომავალი წიგნის ჯღაპნას, თქვენზე, ჩვენზე. იმ ჩინარ თუ უჩინარ გმირებზე, იმ ომზე, რომელზეც წარმოდგენა არ აქვს ფართო თუ ვიწრო საზოგადოებას. რა დამავიწყებს, და არაფერი დამავიწყებს წყეულ კონტრასტებს, რუსთაველის, ჩიტაძის, ბესიკის, ჟვანიას, ჭიჭინაძის, არსენას ქუჩებიდან რო გავდიოდით სულის მოსათქმელად, და დანარჩენი თბილისი, დანარჩენი საქართველო, დანარჩენი ქვეყანა, დანარჩენი სამყარო, მიდი-მოდიოდა წყნარად, სიცილით, მხიარულად, შვებით.

თითქოს სხვა პლანეტაზე მოვხვდითო. და იმ დანარჩენის დედაც მოვტყან თქვენს წინაშე, ძმებო, დებო. იმ დანარჩენის, ვის გამოც, ვისი შვილების და ქვეყნის სიყვარულის გამოც ზიხართ ახლა ოთხკედელშუა. რისი სიყვარულის გამოც წაგართვა დრო, ახალგაზრდობა, ვის რა და ვის რა: უსახურმა, მედროვედ წამოტივტივებულმა მასამ, საბჭოეთის მენტალურმა ნარჩენებმა ოცდამეერთე საუკუნეში. რას წარმოიდგენდით, მოურჩენელ სენთან, სსრკსთან ომი რო ისევ მოგვიწევდა. როგორც დღევანდელ დღეს, ცხრა აპრილს მოუწია ოცდაჩვიდმეტი წლის წინ, ამ უბედური ქვეყნის საუკეთესო შვილებს. მაგრამ მოგვიწია. და გვიწევს ისევ.

მეტი რა. რა ვთქვა. ისედაც სირცხვილით ვკვდები, მანდ რო ხართ. აქამდე რო ვერ დაგიხსენით რუსეთუმეების და მედროვეების ხელიდან. ის ტალღა, ის ზვირთი მენატრება, უნივერსიტეტიდან რო დაიძრებოდით ათიოდე და ერთ საათში ბევრი ათასი გიერთდებოდით. დიქტატურის ფერწასული სახე და ბლუკუნი მენატრება ეკრანებზე და ჩვენი ყველაფრის წამლეკავი ძალა, ხალხის ძალა. პესიმისტურად გამომივიდა ცოტა, ხო. ბერიკაცი რო იგონებს ხოლმე ბუხართან ახალგაზრდობას, ეგრე. მაგრამ, ყველაფერი წინაა.

რუსთაველზე ხალხის რაოდენობამ უიმედობა არ მოგგვაროთ. არც ეფემერული ბაბლის ალუზიურმა, არაფრისმაქნისმა „საქმიანობამ“. ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი ვართ ბრძოლისთვის მზად. ბევრს გვიყვარს ეს ქვეყანა და არ გვემეტება რუსეთისთვის. ბევრნი გავაკეთებთ ყველაფერს, ისევ ჩვენს გვერდით რო გააგრძელოთ ბრძოლა.

ნანუ, ზვიადებო, ანდრო, ალექს, სტურო, მზია, ნასწი, ოკმელ, რეზი – ჩემო მართალო ძმაო, და ყველას, სუყველას, გეხუტეთ და დროებით.

184 total views, 76 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.