fbpx

წინ, ალიანს არენისაკენ!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

გაივლის წლები და ევროპის ჩემპიონთა ლიგის 28 აპრილს ჩატარებული პირველი ნახევარფინალური მატჩის შესახებ –  „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ შორის – კიდევ დიდხანს ისაუბრებენ საფეხბურთო წრეებში, რადგან ამ დაპირისპირებამ ცხრა გოლით გაფორმებულ საოცარ სანახაობასთან ერთად, მრავალი საინტერესო ტაქტიკური თუ ტექნიკური სიახლე შესძინა ფეხბურთს. 

ამ სიახლეების განსჯა-განხილვა ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან მათ თავდაპირველად საფუძვლიანად შეისწავლიან მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები, განავითარებენ რა ახალი ექსპერიმენტების სახით მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

საგულისხმო ჩვენთვის სულ სხვა რამაა. კერძოდ კი ის, რომ დღევანდელ დღეს ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას სახით გამოიკვეთა ამ ახალი – კოსმოსური სისწრაფის ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა, რომელზედაც უკვე იმასაც ამბობენ, შემთხვევით, საუკეთესო ხომ არ არის მსოფლიოშიო…     

მასზე უამრავს საუბრობენ ჩვენშიც და გამოაქვთ არაერთგვაროვანი დასკვნები, თუმცა ღირებული ნააზრევის საარსებოდ აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი, რის დეფიციტსაც, სამწუხაროდ, წამდაუწუმ ვაწყდებით ირგვლივ.

ამ პატარა წერილში ხვიჩას შესახებ მისი „პარი სენ-ჟერმენში“ მოხვედრიდან რამდენიმე ეპიზოდს შევეხებით და ყურადღებას მისი თამაშის ბოლოდროინდელ პერიოდზე გავამახვილებთ „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩატარებული პირველი ნახევარფინალური მატჩის ჩათვლით. დანარჩენს კი დრო და კიდევ მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი განსჯის, რომელსაც ხვიჩას სახით აშკარად დააკლდება თანამედროვეობის ყველაზე კაშკაშა საფეხბურთო ვარსკვლავი.

ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენს“ შარშან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა. მაშინ გუნდს პრაქტიკულად უკვე განაღდებული ჰქონდა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული და მისი უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება გახლდათ, რისი კონტურებიც უღიმღამოდ ჩავლილმა ჯგუფურმა ეტაპმა მეტად ბუნდოვნად წარმოაჩინა. 

მდგომარეობა აშკარად შეიცვალა გუნდში ხვიჩას გამოჩენის შემდეგ. სწორედ ქართველი ვარსკვლავის უდიდესი დამსახურება იყო შარშან ზედიზედ სამი ინგლისური კლუბის – „ლივერპულის“, „ასტონ ვილას“ და „არსენალის“ დამარცხება ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე, რასაც ფინალში „ინტერის“ სარეკორდო ანგარიშით – 5:0 განადგურება მოჰყვა.

პარიზულმა კლუბმა 2024/2025 წლების სეზონში ყველა ტურნირი მოიგო ახლად დაარსებული კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, თუმცა ამბიციური მწვრთნელისა და წარმატებაზე დაგეშილი ფეხბურთელებისთვის ეს სულაც არ ნიშნავდა მომდევნო სეზონის ჩაგდებას.

ლუის ენრიკე ქართველ თავდამსხმელს ხან მარცხნივ აყენებდა, ხან მარჯვნივ, ზოგჯერ მას ცენტრშიც ვხედავდით და სათადარიგოთა სკამზეც, რადგან პარიზული კლუბის შემტევ ხაზზე ადგილის დამკვიდრება საფრანგეთის ნაკრების სამი ფორვარდის და კიდევ სხვათა კონკურენციის გათვალისწინებით, ურთულესი საქმე იყო.

ამ თვალსაზრისით, ხვიჩას დიდი ბრძოლების გადატანა მოუწია და მომავალშიც მოუწევს „პარი სენ-ჟერმენის“ ახლო წარსულის ვარსკვლავების – მესის, ნეიმარისა თუ მბაპესგან განსხვავებით, რომელთა ძალისხმევითაც პარიზული კლუბი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის და თასის მოპოვებას თუ ახერხებდა.

ფაქტია, რომ ხვიჩასთვის საუკეთესო მარცხენა გარემარბის პოზიციაა, მაგრამ ბარკოლაც რომ უძლიერესია მარცხენა ფრთაზე? აი საპირისპირო ფლანგზე კი ფრანგი ფორვარდი არაკომფორტულად გრძნობს თავს. 

ორიოდე თვის წინ, როდესაც დემბელემ ტრავმა მიიღო, ლუის ენრიკემ გამოსავალი ხვიჩას მარჯვენა ფრთაზე განმწესებით გამონახა. როგორც გაირკვა, გამოცდილი მწვრთნელის მხრიდან ეს ერთგვარი ფანდი იყო როგორც საფრანგეთის ნაკრების  წამყვანი ფორვარდების ფსიქოლოგიური წონასწორობის, ისე ხვიჩას სათამაშო ფორმის შენარჩუნების მიზნით, რადგან „პარი სენ-ჟერმენის“ სათადარიგო ფეხბურთელად ქცევა  რას ნიშნავს, შესანიშნავად დაგვანახვა როგორც პორტუგალიელი ფორვარდის, გონსალო რამოსის ბოლოდროინდელმა სათამაშო ფორმამ, ისე ბარკოლას შემოსვლამ „ბაიერნთან“ მაშინ, როდესაც ლუის ენრიკე მისგან გამწვავებას და მეტოქის კარში გოლსაც ელოდა…

ბარკოლა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩის ბოლოსაც შეუშვა მოედანზე, მაგრამ არა მისთვის სასურველ მარცხენა ფრთაზე, სადაც ხვიჩას უკვე ურყევი პოზიცია ეპყრა.

დაკვირვებულ თვალს ხომ ისიც არ გამოეპარება, რომ ამ უდიდესი კონკურენციის ფონზე ხვიჩას ფრანგი შემტევი პარტნიორები ხშირად „ბურთს უმალავენ“, ისევე როგორც რატომღაც ესპანელი ფაბიან რუისი…

ტრავმის გამო ამ უკანასკნელის შემცვლელი ზაირ-ემერი კი ხვიჩას შესანიშნავ პარტნიორად იქცა, რამაც კიდევ უფრო გამოაცოცხლა პარიზელთა შემტევი მარცხენა ფრთა. 

მიმდინარე სეზონში ხვიჩას საოცარი პროგრესი სწორედ ჩემპიონთა ლიგის ტურნირის განახლებას უკავშირდება, რომელსაც თან დაერთო საფრანგეთის ჩემპიონატის ერთი – თითქოს რიგითი მატჩი ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ოსერის“ წინააღმდეგ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა, საფრანგეთის ჩემპიონთან მატჩში კარი მშრალად შეენახა და ქულა მოეპოვებინა.

ლუის ენრიკემ ხვიჩა იმ მატჩის დასასრულს მეოთხე ფორვარდად შეიყვანა მინდორზე. ქართველმა ფეხბურთელმა კი უკვე აშკარად 0:0-ისკენ მიმავალ მატჩში თავის გუნდს საკუთარი საჯარიმოს ფარგლებიდან გაატანინა გოლი, როდესაც მინდვრის ცენტრში, დემბელეს მისამართით გამიზნული გადაცემით, დუეს მიერ დაგვირგვინებულ სამსვლიან საგოლე კომბინაციას ჩაუყარა საფუძველი.

მსგავსი რამ ხვიჩამ „ბაიერნთანაც“ გაიმეორა, როდესაც საკუთარი საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან უკვე დუე გამონახა, რომელმაც დემბელეს გაატანინა გამარჯვების მეხუთე გოლი. 

„ჩელსისთან“ პირველ მატჩში ხვიჩა მაშინ შევიდა მინდორზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო და თამაშის მსვლელობის მიხედვით სავსებით შესაძლებელი ჩანდა, რომ მასპინძლებს ის თამაში წაეგოთ კიდეც. 

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე შესვლისთანავე საკუთარი ნახევრიდან  წამოიწყო დრიბლინგი და მეტოქეს ყვითელი ბარათი აჰკიდა. მალე კი მან დუბლი შეასრულა და დარჩენილ სულ რაღაც 20 წუთში პრაქტიკულად მარტომ, ანგარიშით 3:0 მოიგო თამაში…

ამ მატჩიდან მოყოლებული, ხვიჩა უკვე გამოხატული მარცხენა გარემარბია, რადგან მარჯვენა ფრთიდან „სანახევროდ“ მოთამაშე  ქართველ ფეხბურთელს, ლუის ენრიკემ ბარკოლას სათადარიგოთა სკამზე დასმა ამჯობინა, რაც გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია და იმავდროულად, ხვიჩას ბოლოდროინდელ განუზომელ წინსვლაზე მეტყველებს!

ხვიჩა როგორც „ჩელსისთან“, ისე „ლივერპულთან“ მატჩების საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, „ბაიერნთან“ კი MVP რატომღაც წილად ხვდა დემბელეს…

სინამდვილეში კი პარიზელებს მხსნელად კვლავ ხვიჩა მოევლინათ, რადგან როდესაც „პარი სენ-ჟერმენს“ 0:1-ის შემდეგ სასტიკად უჭირდა და უფრო ახლოს კიდევ ერთი გოლის გაშვებასთან იყო, ვიდრე ანგარიშის გათანაბრებასთან, ხვიჩამ ტრადიციულად მარცხენა ფრთიდან განახორციელა მსვლელობა საჯარიმოს ცენტრისკენ და აუღებელი მყისიერი დარტყმით დაამწუხრა მეკარე ნოიერი.

მას პირველ ტაიმშივე შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ დემბელემ ააცალა ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. ქართველ ფეხბურთელს არც ჰქონია რეაქცია პარტნიორის ამ უხამს საქციელზე, რადგან მსგავსი ეპიზოდები სასარგებლოც კია, აწრთობს რა მასში რკინის ნერვებს ულმობელი და დაუნდობელი კონკურენციის პირობებში.

სამაგიეროდ ხვიჩამ დუბლი მეორე ტაიმის დასაწყისში მიითვალა. მან უძლიერესი დარტყმით, რომლის შესრულებაც ტექნიკურთან ერთად, საკმაო ფსიქოლოგიურ მომზადებასაც საჭიროებდა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონის კარი კვლავ უმნიშვნელოვანეს მომენტში აიღო.

ამის შემდეგ კი იყო მის მიერ წამოწყებული ზემოთ ხსენებული საგოლე შეტევა, რომელმაც პარიზელებს ერთი გოლის უპირატესობა მიანიჭა განმეორებითი მატჩის წინ.

„ალიანს არენაზე“ ფეხბურთის მოყვარულებს შესანიშნავი სანახაობა ელით. ჩვენ კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ხვიჩას პარტნიორები ბურთს არავითარ შემთხვევაში აღარ „დაუმალავენ“, რადგან მეტოქე ძლევამოსილი „ბაიერნი“ იქნება და არა საფრანგეთის ჩემპიონატის რომელიმე გუნდი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.