წერილი სინდისის პატიმრებს: თქვენ აჯობეთ შიშს – გიორგი არაბულის
რამდენიმე დღეა ვწერ, ვკითხულობ და ვშლი. მერე ისევ თავიდან ვიწყებ… მგონია, რომ ვერაფერს ვიტყვი, ან ჩემი ნათქვამი ზედმეტად პათეტიკური იქნება. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ დაიწერა და ითქვა, მაგრამ ჩემი მთავარი შიში მაინც ისაა, რომ უსამართლობასთან შეგუება არ ვისწავლო. სწორედ შეგუებაა ის მთავარი საზრდო, რითაც ნებისმიერი მოძალადე სისტემა იკვებება, სუნთქავს და ძლიერდება.
თქვენ საკუთარი თავისუფლების ფასად აღუდექით წინ ამ უსამართლობას; თქვენ აჯობეთ შიშს. ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები გამუდმებით გვიმეორებენ, რომ ჩვენ ვართ უმცირესობა, თავად კი — უმრავლესობას წარმოადგენენ. მაგრამ, თუ უმრავლესობა დასახიჩრებული და უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანების მიმართ გულგრილობას ნიშნავს, თუ უმრავლესობა ლეგიტიმაციას აძლევს ძალადობას, დაშინებასა და ტერორს — მე არ მსურს, ასეთი უმრავლესობის ნაწილი ვიყო.
მთელი ამ დროის განმავლობაში სისტემას უნდოდა, ჩვენც ლოტოფაგების კუნძულზე მოხვედრილებს დავმსგავსებოდით — მიგვეღო დავიწყების ტკბილი ნაყოფი, დაგვევიწყებინა ჩვენი მიზანი, სამართლიანობა და გულგრილად შევგუებოდით რეალობას. ოდისევსს ითაკაზე დაბრუნებულს საკუთარი სახლი მიტაცებული დახვდა. მის სახლს უცხო ადამიანები დაჰპატრონებოდნენ, მის სიმდიდრეს ანიავებდნენ და ოჯახს შეურაცხყოფდნენ. თუ ახლა შევეგუებით, საბოლოოდ დავუთმობთ საკუთარ სახლს სისტემას, რომელიც ერთი ხელით მოქალაქეებს ჩაგრავს, მეორე ხელით კი ქვეყანასა და მის ბუნებრივ რესურსებს ძარცვავს; ძარცვავს პენსიონერებს მათივე კუთვნილი ბანკებით, აფთიაქებითა თუ კლინიკებით; იპარავს სტუდენტების შრომასა და მომავალს; არ იმჩნევს მშიერ, ჯართის შემგროვებელ ბავშვებს და თვალს ხუჭავს დაცლილ სოფლებზე…
თუმცა დღეს ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, თქვენი ბრძოლაა ციხის კედლებს მიღმა — თქვენი, ვინც შიში დაძლიეთ. მინდოდა შეფიცულებზეც ბევრი მეთქვა, ან საქართველოს მთის ანდრეზები მომეხმო — მეთქვა, როგორ ებრძვიან მორიგე ღმერთის მოვლენილი ღთისშვილები დევ-კერპებს და როგორ ათავისუფლებენ მიწა-წყალს. ეს სხვა დროს იყოს. მაშინ, როცა „სხვა დრო“ მოხდება.
ოდისევსმა თავისი სახლი დაიბრუნა, ჩვენ კი დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას.
ბოდიში პათეტიკისთვის და ბოდიში…


