fbpx

Nukenjoy – რეპერი საქართველოდან და ხელშეკრულება ამერიკულ ლეიბლთან EMPIRE


გააზიარე სტატია

ავტორი: თამუნა გეფერიძე

 

Nukenjoy – ქართველი არტისტის 14 წლიდან დაწყებული გზა, მიზანი და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმატებული ქეისის ისტორიაა. ქართველი რეპერი ნუკრი კილაძე ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველოდან, ვინც ხელშეკრულება გააფორმა 100K Music Group-თან და მის მუსიკალურ შემოქმედებას გლობალურ ბაზარზე ამერიკული ლეიბლი – EMPIRE გაუწევს დისტრიბუციას. შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიაში კარიერა დაიწყეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან Kendrick Lamar, XXXTencation და Cardi B. 

რეპი მჭიდრო და სპეციფიკური კულტურაა. ქართველი არტისტის მოხვედრა 100k Music-ის გუნდსა და EMPIRE-ის სისტემაში ნიშნავს, რომ რეპის სამშობლოში (USA-ში) შენ გიყურებენ როგორც რეპერს და არა უბრალოდ „ქართველ რეპერს.” –აცხადებს ახალგაზრდა არტისტი. 

ნუკრის შემოქმედება მოიცავს ჰიპ-ჰოპსა და პოპს, თუმცა სტილი მაინც ცვალებადია.  ყველაზე ახლოს კი მისი მუსიკა და გემოვნება Trap-ისა და Opium-ის მსმენელებთან არის. Nukenjoy-ს შთაგონების წყარო არ არის ვიწრო და მოიცავს მრავალფეროვან შემოქმედებით სპექტრს. ინსპირაცია მოდის და იწყება 2010-იანი წლების ელექტრორეპიდან და სწვდება ენდი უორჰოლისა და პატი სმითის შემოქმედებასაც. 

მნიშვნელობა არ აქვს, მუსიკას ქმნიან თუ პერფორმანსს არტისტები. მათი გავლილი გზა ჩემთვის ყოველთვის შთამაგონებელი იყო.” –ამბობს ნუკრი, რადგან მან მიზნად ამერიკულ ლეიბლთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 14 წლიდან დაისახა და გზა წარმატებისკენ მოიცავდა მიზანდასახულობას, სწორ კომუნიკაციას, სწორი ინფორმაციის მოძიებას მარკეტინგულ და იურიდიულ სფეროებში, კორპორაციულ გამოცდილებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობას. 

 

“ამ ინდუსტრიაში მოხვედრა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. უკან რომ ვიყურები, მგონია, რომ ყველაფერს მხოლოდ ამისთვის ვაკეთებდი და ვერც ვიაზრებდი. არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ ოდესმე დავნებდე. 100k Music-ის წევრობა და EMPIRE-ს დისტრიბუცია პირველი ნაბიჯია.”

დღესდღეობით ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გაფორმებულია, რაც ნიშნავს, რომ ქართული ინტელექტუალური და შემოქმედებითი პროდუქტი პირდაპირ მოხვდება გლობალურ დისტრიბუციაში. Nukenjoy-ს წარმატება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ლოკალურმა არტისტმა თანმიმდევრული მუშაობითა და სწორი კომუნიკაციით მოახერხოს მსოფლიო ინდუსტრიის მოწინავე მოთამაშეებთან თანამშრომლობა. 

მკითხველსა და მსმენელს კი უკვე  შეუძლია  გაეცნოს და მოუსმინოს Nukenjoy-ს შემოქმედებას. გამოვიდა სინგლი Still The Same და ეს დიდი გზის დასაწყისია. აღიარება კი, რომელიც წილად ხვდა არტისტს საქართველოდან, ნიშნავს იმას, რომ დღეს ნებისმიერ ქართველს შეუძლია შევიდეს იმ სივრცეში, რომელიც ადრე შორეული და მიუწვდომელი ჩანდა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.