ჯეფ უოლი: Sneaking feeling
თეგები: ფოტოგრაფია, ადამიანი,
ავტორი: ნინო ამონაშვილი
კანადელი ავტორის ჯეფ უოლის ფოტოგრაფია გვაიძულებს გადავხედოთ იმ ჩვევას, რომლის მიხედვითაც გამოსახულებას რეალობის მტკიცებულებად აღვიქვამთ. ეს ფოტოები უკვე დამუშავებულია, დადგმულია, გააზრებულია. და მაინც, ისინი ინარჩუნებს იმ ილუზიას, რომ შემთხვევითობის შედეგია. უოლი იღებს იმას, რაც ჩვეულებრივად და შეუმჩნევლად გვესახება და აჩერებს მომენტში, როცა იგი უკვე იწვევს უცნაურ შეგრძნებებს.
კაცს ხელში რძის პაკეტი უჭირავს, რომელიც თითქოს ფეთქდება, შხეფები ჰაერშია და დევიდ ჰოკნის მერე რამის შხეფი რომ საინტერესოდ აღსაქმელია, ეს უკვე ავტორის ბრალია. ავტორის ბრალია ისიც, რომ სრულიად ტრივიალური მომენტი რაღაც განსაკუთრებულზე მიგვანიშნებს. ჯეფ უოლის ფოტო “Milk” ფაქტსა და ფიქციას შორისაა. როდესაც სხეულის სხვადასხვა ნაწილი, ერთსა და იმავე დროს მუშტს კრავს, ფეხს წინ დგამს და სახით იმ სივრცისკენ იყურება, საიდანაც რაღაცას ელის, მოლოდინის რეჟიმი ცალსახაა. ეს არ არის მხოლოდ მოძრაობა, ესაა რღვევის მომენტი, სადაც წესრიგის შეგრძნება იკარგება და ენერგიის უეცარი გამოთავისუფლების მომენტი ჩნდება. ლატენტური არასტაბილურობისას მზადყოფნაში მაშინაც ვართ, თუ სიტუაციურად ამის საჭიროება ჯერ არ ჩანს. ფოტოში რძე აბსტრაქტული ხდება, ის კარგავს თავის ყოველდღიურ ფუნქციას და დინამიკურ ფორმად გადაიქცევა. ეს დამოკიდებულება კი უფრო ახლოსაა მხატვრობასთან, ვიდრე ნივთიერების ყოველდღიურ ხასიათთან.
ავტორი განსაზღვრავს ფოტოგრაფიას, როგორც აზროვნების საშუალებას. ეს შემოქმედება თეზისია თანამედროვე ცხოვრების შესახებ, რომელიც მოიცავს მის გაუცხოებას, სისუსტეს, ფარულ დრამატურგიას. ერთ-ერთ ფოტოზე, რომლის სახელწოდებაცაა “Double Self-Portrait”, ვხედავთ, ეჭვით სავსე თვალები როგორ გვიყურებს. იქნებ უყურებს საზოგადოებას, რომელიც უცნაურად იქცევა? პოლიტიკურ სისტემაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველდღე ვიღაც უფრო მეტად არასანდოდ გამოიყურება. ეჭვები ბუნებრივია. სოციალური ურთიერთობებით განპირობებული ეს დაძაბულობა ზოგჯერ ზომიერი თავშეკავების მიზეზი ხდება. “Double Self-Portrait” შეიძლება აღვიქვათ არა როგორც კლასიკური ავტოპორტრეტი, არამედ როგორც იდენტობის კონსტრუქციისა და გაორების ინტელექტუალური კვლევა. ფოტოზე ვხედავთ ერთსა და იმავე პერსონას, ორად წარმოდგენილს. ეს დუბლირება არ არის უბრალოდ ვიზუალური ხრიკი, არამედ იგი მუშაობს როგორც კონცეპტუალური მეტაფორა. ჯეფი აქ ფოტოს მეშვეობით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ავტოპორტრეტის ტრადიციულ იდეას, სადაც „მე“ თითქოს ერთიანი და სტაბილურია. საბოლოოდ კი ეს ნამუშევარი მაგონებს საკუთარ თავს, რომელსაც ბოლომდე უჭირს გაერკვეს მის გარშემო არსებულ რეალობაში და ეჭვიანი მზერა საზოგადოებისკენ აქვს მიმართული.
გამოსახულება შესაძლოა შინაგანი მეტყველების ადგილად იქცეს. “Monologue” კვლევაა პერსონალური დილემების შესახებ, ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება შინაგანი სამყარო ხილული გახდეს ფოტოგრაფიული წარმოდგენის ფარგლებში. ის ქმნის ვიზუალურ მდგომარეობას, რომელშიც აზრი იგულისხმება და არაა პირდაპირ დეკლარირებული. მნახველისთვის ერთიანი ინტიმურობის განცდა აშკარაა, ამას ამძაფრებს დღის ის მონაკვეთი, სადაც სიბნელეა და შუქი უხილავი წყაროდან ჩნდება. ყველაფერი ძალიან პირადულია: კაცი დგას და ფიქრობს, თითქოს არავინ იცის – რაზე. ეს მრავალშრიანი იდენტობის სევდიანი მანიფესტია. აქ მონოლოგი არაა ვერბალური, არამედ პოზაში, მზერაში, სივრცულ განლაგებასა და დროებით შეჩერებაში ვითარდება. სივრცე მონაწილეობს აზრის არტიკულაციაში და ის ფორმას ისე აყალიბებს, რომ გარემო განუყოფელი ხდება შინაგანი მდგომარეობისგან. მისი ყურებისას ვგრძნობდი, რომ ცარიელი სკამი ის დეტალი იყო, რომელიც იმ სიჩუმის წარმოდგენაში მეხმარებოდა, რომელსაც თავის გაუმჟღავნებელი როლი აქვს ადამიანში. მაინც ვინაა მონოლოგის რეჟიმში? კაცი, რომელიც დგას, კაცი, რომელიც ზის და ხელს მისგან მარჯვნივ იშვერს, თუ ის კაცი ვინც მას უყურებს, ანდაც სკამი, რომელსაც საუბარი არ შეუძლია, მაგრამ რაღაც უფრო მნიშვნელოვნის ნაწილია? თავად გადაწყვიტოს მნახველმა.
ადამიანი ყოველთვის რაღაცის ზედაპირული ან ძლიერი დამკვირვებელია, უნდა ეს შეგნებულად თუ არა. ზოგჯერ ეს დაკვირვება ხდება აღქმის ირიბი დინამიკა. უოლის ერთ-ერთი ფოტო “Picture for Women”, სადაც ავტორი თავადაც გხვდება, ვიზუალური ჩახლართულობითაა აგებული: ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ გესმის, ხვდები, ვინ უყურებს და ვის უყურებენ, სტრუქტურა იცვლება. ფოტოგრაფიის ცენტრში კამერაა მოთავსებული. ის არ არის ნეიტრალური ინსტრუმენტი, არამედ ხდება გამოსახულების ნამდვილი “პროტაგონისტი”, პოზირებს სხვებთან ერთად და ამავდროულად, გვიყურებს ჩვენ. ფოტოზე ავტორი მაინც ყველაზე არაპირდაპირია. ის არ კარგავს თავის ძირითად ფუნქციას, პროფესიისთვის საჭირო საშუალებებს და ამავე დროს, სხვისი არსებობის განცდას არ კარგავს. რაც შეეხება ქალს, ის ყოველთვის იყო დაკვირვების ობიექტი ხელოვნებაში, ახლა კი ვხედავთ პერსონაჟს, რომელიც დგას მშვიდად, მაგრამ არადამაჯერებელი თავდაჯერებით. იგი ერთი შეხედვით უმოძრაო, მაგრამ მაინც მსუბუქად მანევრულია. სტუდიაში ყველაფერი მზადაა, პროცესი აშკარაა.
გარე სამყაროსთან და სხვებთან გაუცხოებაზე ავტორის უამრავი ფოტო შეიძლება მოვიძიოთ, ამის ერთ-ერთ ყველაზე კარგ მაგალითად “A View from an Apartment” მესახება. ფოტოზე ორი ქალია – ერთის მზერა ჟურნალისკენაა მიმართული, ხოლო მეორე დაბლა იყურება, სადაც გარკვეული საგნები ალაგია. ინდივიდების რაოდენობის მსგავსად ფოტოზე არსებობს ორი განსხვავებული სივრცე: გამოსახულების წინა პლანზე არსებული ოთახი ოჯახურ ყოველდღიურობაზე მიგვანიშნებს, ხოლო მეორე ნაწილი ნამუშევრის უკანა ფონია, სადაც ურბანული გარემოა, რომელიც არასრულად აკონკრეტებს არქიტექტურის ფორმას და ფაქტობრივად არაფერს ამბობს მის ფუნქციაზე. ის, რასაც ქალაქს ვუწოდებთ, სინამდვილეში სიმულაკრია, რეალობის იმიტაციაა, რომელსაც უკვე აღარ აქვს ორიგინალი. შენობები იმიჯებია, ცარიელი ფორმები. ადამიანი კი ამ ფორმებში საკუთარ თავს ვეღარ პოულობს. აგრეთვე, თუკი ავტორთან მიმართებით ვისაუბრებთ მხატვრობის პარალელზე, ეს ნამუშევარი შეგვიძლია ნიმუშად ავიღოთ და ის კლასიკური ფერწერა გავიხსენოთ, სადაც ინდივიდების ფონზე არსებობდა ციხე-კოშკების გამოსახულებები. და მაინც, სად და ვისთან გრძნობს ადამიანი კომფორტულად თავს? ოთახში თუ გარეთ, ან იქნებ არსად? როცა გრძნობა უჩვეულოა და შეგრძნება ყველაფერს მოიცავს, ოთახსაც და ქალაქსაც, მაშინ რას მოგვითხრობს კონკრეტული ხედი ფანჯრიდან?
ურბანული გარემო ქმნის სტრუქტურებს, რომლებიც ფუნქციონალურია, მაგრამ ზოგჯერ ნაკლებად არის მორგებული ემოციურ საჭიროებებზე. ნამუშევარში “The Storyteller” ადამიანები შეკრებილნი არიან ესტაკადასთან, ბალახზე წვანან და საუბრობენ. მათ გარშემო ინფრასტრუქტურის ფრაგმენტებია, ბეტონის კონსტრუქციები და ურბანული სივრცის კვალია. სწორედ ამ დაკვირვების დროს მნახველი ფოტოში ამჩნევს მთავარ პერსონაჟს, რომელიც სურათის მარჯვენა კუთხეში მარტოა ხიდის ქვეშ, ცივ ქვებზე მჯდარი. მისი ეს განმხოლოება ემოციურ დაძაბულობაზე და გაუცხოებაზე შეიძლება მეტყველებდეს. ქალაქი ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც თავისუფლების, ისე იზოლაციის სივრცე, სადაც ადამიანი მუდმივად ეძებს კავშირს. თუკი გარშემო ყველა ვიღაცას რაღაცას უყვება და ერთს საკუთარი თავის გარდა არავინ ჰყავს, მაშინ ვინაა ამბის მთხრობელი? ვისზე მიგვანიშნებს ავტორი?
ნამუშევარში “The Destroyed Room” სახლის ინტერიერი და არეულობა ხდება ვიზუალური ენა ფსიქოლოგიური რღვევისთვის. ხელოვნურად შექმნილი ქაოსი იზიარებს კლასიკური მხატვრობის ტრადიციებს, განსაკუთრებით იმ მხატვრობას, სადაც განადგურებისა და მორალური დაძაბულობის სცენები მთავარი იყო. მიუხედავად არეულობისა, კომპოზიცია მკაცრადაა კონტროლირებული ავტორის მიერ. წითელი ფერი დომინირებს და ქმნის ინტენსიურ, თითქმის დამხუთველ ატმოსფეროს. უოლი მხატვრულ დრამატიზმს თანამედროვე ფოტოგრაფიულ ენაში თარგმნის. ოთახი, რომელიც პირადული სივრცეა, ქაოსის დროს დამოუკიდებლადაც იმას გვეუბნება, რომ სადღაც ვიღაც არის მის მიღმა და ისაა ადგილი, რომელიც ინახავს უხილავი, უკვე მომხდარი ქმედების კვალს: ადამიანი არ ჩანს, მაგრამ ვიცით, რომ რაღაც ჩაიდინა.
“A Fight on the Sidewalk” კი ის ნამუშევარია, რომლის შეგრძნებაც ვერ დავასრულე. მასში სამი პერსონაჟი ფიგურირებს. მნახველი ხედავს ძალადობის სცენას ორ ინდივიდს შორის და ვხედავთ ადამიანს, რომელიც ამას ახლო დისტანციიდან უყურებს. ფოტო ბევრ რამეს მახსენებს ჩემი ბავშვობიდან დღემდე და მტოვებს სხვადასხვა კონფლიქტთან მარტოს, როგორც ჩემ შიგნით არსებულ, ისე გარე ქაოსთან. A Fight on the Sidewalk ის ცხოვრების სტილია, რომელსაც გვერდი ვერ ავუარე. კონკრეტულ მომენტში ინდივიდის დროებითი პაუზა ხდება გარდაუვალი აუცილებლობა მოვლენების აღსაქმელად, ქუჩა კი ზოგჯერ ადამიანის განწყობის პროექციაა, რომელსაც უნდა დააკვირდე და იქამდე არ შეეშვა, სანამ რეალობას სრულად არ გაანალიზებ. ბოლოს კი მხოლოდ ამას ვიკითხავ: როდემდე უნდა ვუყურო ამ ჩხუბს?
საბოლოოდ, ეს არის ხელოვნება, რომელიც გვაჩვენებს, რომ გამოსახულება შეიძლება იყოს არა პასუხი, არამედ წინააღმდეგობა პასუხის მიმართ. ჩვენ ვუყურებთ, რადგან გვინდა გავიგოთ, მაგრამ ვრჩებით ყურების პროცესში, არამდგრად მდგომარეობაში, სადაც ერთი არგუმენტირებული პასუხის ნაცვლად არსებობს, რამდენიმე სავარაუდო, მაგრამ დაუზუსტებელი მოცემულობა.










