fbpx

Subsequence წარმოგიდგენთ ანა ფრანგიშვილის სოლო გამოფენას – Aftermath


გააზიარე სტატია

10 -დან 17 მაისის ჩათვლით Subsequence წარმოგიდგენთ ანა ფრანგიშვილის სოლო გამოფენას Aftermath. 

ფოტოგრაფია სწორედ ის მედიუმია, რომელსაც შეუძლია დააფიქსიროს ის რაც უკვე ქრობის პროცესშია, წამი, გრძნობები, რომლებიც აღარასდროს განმეორდებიან, მაგრამ ფოტოს სახით სამუდამო მოგონებებად იქცევიან. 

Aftermath გვესაუბრება იმაზე, რაც შემდგომში, ჩვენში რჩება. სიყვარული და მისი შემდგომი მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ნათლად და მკაფიოდ გვაქვს წარმოდგენილი, თუ როგორია სიყვარული და რას ნიშნავს ის, რა გრძნობებს იწვევს, რა ახასიათებს, როგორ გამოიყურება, მაგრამ იშვიათად შეგვიძლია აღვწერთო ის, თუ რა რჩება მის შემდეგ. როგორ კვალს ტოვებს, რად გარდაიქმნება, როგორ იცვლის ფორმას ჩვენი არსება და ზოგადად გრძნობა, რომელიც ოდესღაც არსებობდა.

“გიყვარდეს ნიშნავს შეეხო, მიეყრდნო სხვა სხეულს, სხვა არსებობის ფორმას, სხვა ისტორიას, სხვა გაურკვევლობას. ნიშნავს მისცე მას უფლება, შემოვიდეს შენი ცხოვრების სტრუქტურაში და თავისი კვალი დატოვოს. ამ პროცესში ჩვენ გარკვეულ სუვერენიტეტს ვთმობთ. სიყვარული არღვევს წონასწორობას. გვაშიშვლებს. ორ მარტოობას აახლოებს. Aftermath საუბრობს იმაზე, რაც ამ ყველაფრის შემდგომ ჩვენში რჩება.”

 “სიყვარულის შემდგომი მდგომარეობა ფაქიზი და კომპლექსური სივრცეა, სადაც მოგონება, დანაკლისი და მარტოსულობა ფორმას იძენს. გვრჩება შთაბეჭდილებები, ფრაგმენტები და  კულმინაციის დროს შეუმჩნეველი გარდაქმნები, რომლებიც ჩვენს არსებობაში ილექება.”– კურატორი ნინუცა ჯაყელი. 

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები გვაჩვენებენ კვალს, რომელსაც სიყვარული ტოვებს. კვალი, რომელიც ოდესღაც მარტოობით დაიწყო, შემოუშვა საკუთარ არსებობაში სხვისი მარტოობაც, დაეყრდნო სხვა ადამიანს, მისცა საკუთარ თავს ახალი ფორმა და შემდგომ კვლავ ერთეულ მარტოობაში გადაიზარდა. 

“ეს ფოტოები სიყვარულის კულმინაციური ფაზის ახსნას არ ცდილობენ. ისინი მის შედეგებთან გვტოვებენ – იმ სივრცეში, სადაც კავშირის მიერ დატოვებული კვალი ნელ-ნელა ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცევა.” – ნინუცა ჯაყელი. 

 ფოტოგრაფი ანა ფრანგიშვილი იკვლევს ინტიმურობას, ემოციურ კვალს, რომელსაც ადამიანური კავშირები ტოვებენ და კვლევას ფოტოგრაფიის საშუალებით გვაჩვენებს. ის მუშაობს როგორც ფირით, ასევე ციფრული ფოტოგრაფიის მიმართულებითაც. გამოფენაზე 22 ციფრული და ფირის ფოტო იქნება წარმოდგენილი.

17 მაისს, გამოფენის დახურვის დღეს, საღამოს 7 საათზე გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ და გაესაუბროთ ფოტოგრაფს, ხოლო პერფორმანსს მუსიკალურად გააფორმებს Sky Collar .

კურატორი – ნინუცა ჯაყელი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.