აურელიო მახორის სიტყვა თბილისის იბერო-ამერიკულ ფესტივალზე
მადლობას ვუხდი ამ პირველ იბერო-ამერიკულ ლიტერატურულ ფესტივალს, ლანა კალანდიასა და ნატა ლომოურს, მხარდამჭერ ინსტიტუციებსა და კომპანიებს, საზოგადოების გემოვნებისთვის მსუბუქი „სილის გაწვნის“ კიდევ ერთი შესაძლებლობისთვის.
დღეს ჩვენ ვდგავართ რეპრესიული თუ ფილისტერული, ცრუ და ხარბი ძალების გაერთიანების, ამ ახალი „სულის ინჟინრების“ წინაშე, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იპყრობენ და ჩვენს ცნობიერებას აცარიელებენ, რათა ჩვენი ლოცვები არა მოყვასს ან ჩვენვე შინაგან სამყაროს, არამედ დაუნდობელ კერპებს მიემართებოდეს. ნამდვილი პოეზია კი – ის პოეზია, რომელიც, განახლებული სიცხადის ძიებაში, ენას ამსხვრევს, ყოველდღიურ მეტყველებას განზრახ ამახინჯებს მის წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული ძალადობით, როგორც იაკობსონი წერდა, არის ძალის ველი, ცნობიერების ბასტიონი, ის მარგინალიზებულია, უკან იხევს, მაგრამ საბოლოოდ კვლავ შიგნიდან ფართოვდება, როგორც უსასრულო შემოქმედებითი აქტი.
თუ მსოფლიო ლიტერატურის რესპუბლიკა სინამდვილეში არისტოკრატიაა, პოეტს უმაღლესი წოდება აქვს, – წერდა სიუზან სონტაგი (ზედმეტია თქმა, რომ ვგულისხმობ იმ პოეზიასაც, რომელიც შეიძლება პროზად გამოითქვას). პროზაში რაიმეს თქმის მრავალი გზა არსებობს, მაგრამ პოეზიაში – მხოლოდ ერთი, რადგან ლექსი შეუქცევადი გამოთქმაა: თუ საქმე ნამდვილ პოეზიას ეხება და არა პროპაგანდას, ლექსს მხოლოდ კრიტიკულად შეიძლება მივუდგეთ. ამიტომ, ლექსის განმარტება თავად ლექსია. და არსებობს პერიოდები, როგორც დღეს, როცა პოეზიამ კატაკომბებს უნდა შეაფაროს თავი.
თუმცა, ის ფაქტი, რომ „ენეიდას“ ავტორი სოფლიდან იყო, რომ ჰორაციუსი მონის შვილი იყო, ან რომ ოვიდიუსი შავი ზღვის მეორე ნაპირზე გადასახლებაში აღესრულა, თითქმის უმნიშვნელოა იმ ნაწერებთან შედარებით, რომლებსაც დღეს ვკითხულობთ როგორც თანამედროვე ნაწარმოებებს. ლიტერატურის წესრიგი თანადროულია და ჩვენ თვითონ ვირჩევთ ჩვენს წინამორბედებს. მაგრამ დღეს ვის ახსოვს იმ პოეტების მწყალობლები, მათი ძლევამოსილი და ახირებული თანამედროვეები, რომლებიც ბულბულისა თუ ფლამინგოს ენებს მიირთმევდნენ და თავიანთი ოქროს აუზების სისუფთავეზე ზრუნავდნენ? პოეზია არის „news that stays news“ – ახალი ამბავი, რომელიც სიახლედ რჩება.
ყველა მწერლის ფუნდამენტური ვალდებულება, ცხადია, კარგად წერაა, მაგრამ მას ასევე ევალება სიზუსტე, რათა ხელი შეუშალოს პოლიტიკურ ძალებს, ორგანიზებულ დანაშაულს, ნიჰილიზმსა თუ უღირსებობას ენის გაღარიბებასა და მანიპულაციაში, როგორც ამას კრაუსი და სიუნ ძი შეგვახსენებენ. ეს ვალდებულებები უწყვეტი და მუდმივია.
იდეასა და ტანკს შორის ბავშვური დიქოტომიის წინაშე, ან იმ ზარმაცი და სახიფათო იდეის წინაშე, რომ მხოლოდ წარსულის განმანათლებელი არქივები საკმარისია ჩვენი აწმყოს გადაუდებელი პრობლემების გასააზრებლად და სამოქმედოდ – რადგან საქმე ფერფლის თაყვანისცემას კი არა, ცეცხლის გადაცემას ეხება – ლექსი არის ცენტრისკენ მიმართული ძალა, რომელიც თავს უყრის თავსმოხვეულ რეალობათა ყველაზე ღრმა მნიშვნელობებს. ის დინამიტის ვაზნასავითაა, ოღონდ ნელა ფეთქდება.
არავის აქვს უფლება, უგულებელყოს ის, რაც ხდება საქართველოში, თბილისში. მეტიც, ჩემთვის აქ ჩნდება ვალდებულება – ვისწავლო, გავიგო სიმართლე, არ ვენდო ტომობრივ ერთგულებას და დავუპირისპირდე რეპრესიულ ძალებსა და ცენზურას.
ლუკასა და მათეს სახარებები მოგვიწოდებენ, მეორე ლოყაც მივუშვიროთ (ღაწვი-ვარდი, როგორც შოთა რუსთაველს უყვარდა თქმა) და მივცეთ, რასაც ითხოვენ. ამ მთავრობის დღევანდელ „წესრიგის ძალებს“ მადლი არ შეეწევა.
როცა მძინარეს კოშმარი ტანჯავს, გასაღვიძებლად მსუბუქ სილას აწნავენ. როცა ვინმე გონებას კარგავს, ცნობაზე მოსაყვანად მსუბუქ სილას აწნავენ. ჩვენ, ვინც მეორე იბერიაში ვართ, უნდა გამოვფხიზლდეთ იმის წინაშე, რაც აქ კვლავ ხდება; უნდა დავიბრუნოთ ცნობიერება.
მთელი ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და ზვიად რატიანს!
აურელიო მახორი
მთარგმნელი: ლანა კალანდია


