fbpx

SCREEN SOUNDS: თანამედროვე მუნჯი კინო ექსპერიმენტული მუსიკალური გახმოვანებით


გააზიარე სტატია

ავტორი: რეზი ხუნწელია

30 მაისს, 19:00 საათზე თეატრ „ჰარაკის“ სცენაზე სადებიუტო ღონისძიებას გამართავს თანამედროვე მუნჯი კინოს ახალი პლატფორმა Screen Sounds, რომელიც კინოსა და მუსიკალურ იმპროვიზაციას ერთ მულტიდისციპლინურ სივრცეში აერთიანებს. 

პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი მუნჯი კინოსურათები ექსკლუზიურად ამ პლატფორმისთვის იქმნება, ხოლო მათი გაფორმება ცოცხლად, მუსიკოსების ექსპერიმენტული იმპროვიზაციით ხდება, რაც თითოეულ ჩვენებას უნიკალურ რიტმსა და ატმოსფეროს სძენს. საინტერესოა, რომ პროექტი ყოველთვიურ ხასიათს მიიღებს და მუდმივად „ჰარაკთან“ თანამშრომლობით გაიმართება.

სადებიუტო საღამოზე მაყურებელი ნატო ბაგრატიონისა და სოფო კობიძის სამ ფილმს იხილავს, რომელთა ექსპერიმენტულ მუსიკალურ გახმოვანებაზე ნატალია ბერიძე, Tete Noise, კრისტოფერ მენინგი და თიკო ღოღობერიძე იზრუნებენ. 

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფილმი „MARCH MEETS APRIL“, რომელიც პერსონაჟების შინაგან მონოლოგებზეა აგებული და  სუბტიტრებად ქცეული ტექსტები გმირების ხასიათსა და ფიქრებს გადმოსცემს.

კინომოყვარულები ასევე იხილავენ სურათს „SCHULTZ AND YASHIN SPRING ADVENTURE“, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის წყევლის გამტეხებზე –  შულცსა და იაშინზე მოგვითხრობს: ისინი ამჯერად თბილისის გულში ხსნიან დროებით ოფისს, სადაც მორიგი სატელეფონო ზარი და გაღებული კარი ახალი წყევლის მოხსნის დასაწყისს ნიშნავს. 

მესამე ფილმი, სახელწოდებით „Legarto e Cobra“,  მაყურებელს მშობლიურ სოფელში მრავალი წლის შემდეგ დაბრუნებული მთავარი გმირის ემოციურ სამყაროში ამოგზაურებს, სადაც ბავშვობის მოგონებები, ადგილები და შთაბეჭდილებები კვლავ იწყებენ გაცოცხლებას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.