Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
საქართველოში გამოიცა პირველი ორფირფიტიანი კრებული სერიიდან “გია ყანჩელი – მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის (Giya Kancheli – Music For Stage & Screen). ფირფიტები მუსიკალურმა ლეიბლმა Tbilisi Records-მა გამოსცა. ჩანაწერი მოიცავს ავტორის ადრეულ ორიგინალ ნამუშევრებს: მუსიკას სპექტაკლებისთვის „ხანუმა“ (1968), „ჩალის ქუდი“ (1966) და კომპოზიტორის ერთ-ერთ პირველ საუნდტრეკს ფილმისთვის „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968).
ამ ვინილის ფირფიტებში შესულია საარქივო ჩანაწერები – როგორც მანამდე გამოუქვეყნებელი მუსიკა, ასევე ყველასთვის საყვარელი მელოდიები და ნაცნობი კომპოზიციების ალტერნატიული ვერსიები, რომლებსაც მსმენელი პირველად მოუსმენს. კომპოზიტორის კარიერის ადრეული პერიოდის ეს ნიმუშები წარმოაჩენს მის უკვე ჩამოყალიბებულ სტილს და საფუძველს ქმნის გვიანდელი ნამუშევრებისა და შემოქმედებითი ევოლუციის შესაფასებლად. „Giya Kancheli – Music For Stage & Screen VOL1“ ასევე ხაზს უსვამს გია ყანჩელის კოლაბორაციის განსაკუთრებულ უნარს, რაც მას საკვანძო ფიგურად აქცევს იმ ხელოვანთა შორის, რომლებმაც განსაზღვრეს საქართველოს შემოქმედებითი ისტორია.
გია ყანჩელი (1935-2019) XX საუკუნის უდიდესი ქართველი კომპოზიტორია. მან შექმნა ცნობილი სიმფონიური და კამერული ნაწარმოებები, თუმცა, ამავდროულად, საკუთარი კომპოზიციებით სიღრმე და სილამაზე შემატა ქართულ თეატრსა და კინოს. რეჟისორებთან, სცენარისტებთან, დრამატურგებთან და დირიჟორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ყანჩელმა ხელი შეუწყო საქართველოს მრავალფეროვანი, მულტიდისციპლინური შემოქმედებითი იდენტობის ფორმირებას.
მუსიკალური ლეიბლი Tbilisi Records შექმნილია ქართული Vodkast Records-ის გუნდის მიერ. Vodkast Records აერთიანებს ვინილის ფირფიტებისა და HiFi აუდიოტექნიკის მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში, ასევე ონლაინ მაღაზიას. ის წარმოადგენს მუსიკალურ ლეიბლს, ივენთების სერიას და პოდკასტს.
Tbilisi Records: “ლეიბლი დიდ მადლობას უხდის გია ყანჩელის ოჯახს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ გამოცემის შექმნაში – მუსიკოსებსა და ფოტოგრაფებს, რომელთა სახელებიც, შესაძლოა, დროთა განმავლობაში დაიკარგა, თუმცა მათი შემოქმედება მუდმივად იცოცხლებს მუსიკასა და ფოტოებში”.
გამოცემის შეძენა ვინილის ფირფიტებზე უკვე შესაძლებელია როგორც Vodkast Records-ის ფიზიკურ მაღაზიებში – თბილისსა და ბათუმში, ასევე Vodkast Records-ის ინტერნეტ მაღაზიაში. ამავე წლის 9 ივნისიდან გამოცემა გაიყიდება სხვადასხვა ქვეყნის ფირფიტების მაღაზიებში.
333 total views, 2 views today








