fbpx

კინო საზღვრებს მიღმა – ტელეფონი როგორც კინოკამერა


გააზიარე სტატია

ერთ დროს კინოს გადასაღებად სტუდია, ძვირადღირებული კამერები და დიდი ტექნიკური ჯგუფი იყო საჭირო. დღეს კი ფილმისთვის ხშირად მხოლოდ სმარტფონიც საკმარისია.
მსოფლიო კინემატოგრაფი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ საინტერესო იდეა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძვირადღირებული ტექნიკა. 2015 წელს რეჟისორმა შონ ბეიკერმა ფილმი „Tangerine“ მთლიანად iPhone 5S-ით გადაიღო. ფილმი საერთაშორისო ფესტივალების ყურადღების ცენტრში მოექცა და დაამტკიცა, რომ პროფესიონალური კინოს შექმნა სმარტფონითაც შესაძლებელია.

მოგვიანებით ოსკაროსანმა რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა iPhone-ით გადაიღო ფილმები „Unsane“ და „High Flying Bird“. მსგავსი ექსპერიმენტები დღეს უკვე უცხო აღარ არის – ტექნოლოგიამ კინო ყველასთვის ხელმისაწვდომ ხელოვნებად აქცია.

ეს ტენდენცია საქართველოშიც სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ელისოს წლევანდელი კინოდაჯილდოების ნომინანტებს შორის ორი ექსპერიმენტული ნამუშევარია, რომელთა გადასაღებადაც კინოკამერა საერთოდ არ გამოუყენებიათ. მათ შორისაა ალექსანდრე კობერიძის „ხმელი ფოთოლი“, რომელიც ძველი Sony Ericsson-ის ტელეფონით არის გადაღებული და ანკა გუჯაბიძის „თემო რე“, რომელიც ფოტოსურათებისგან აგებულ კინემატოგრაფიულ თხრობას გვთავაზობს.

ეს მაგალითები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კინოს მთავარი რესურსი არა ძვირადღირებული ტექნიკა, არამედ მდიდარი წარმოსახვაა. თანამედროვე მოწყობილობები ავტორებს საშუალებას აძლევს საკუთარი იდეები გაცილებით მარტივად აქციონ ფილმად.

სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ წელს ელისოს კინოდაჯილდოების პარტნიორებს პირველად შეუერთდა ელექტრონიკის მაღაზია „ზუმერი“. იმ ეპოქაში, როდესაც კინოს შექმნა სულ უფრო მეტად უკავშირდება სამომხმარებლო ტექნოლოგიებს, ასეთი პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნიკასა და შემოქმედებას შორის არსებულ კავშირს.
თანამედროვე ტექნიკის ხელმისაწვდომობა ახალი შესაძლებლობების ტოლფასია როგორც პროფესიონალი კინემატოგრაფისტებისთვის, ისე მათთვის, ვინც პირველ ფილმს მხოლოდ მათ ხელთ არსებული მოწყობილობებით იღებს. ზოგჯერ კი ყველაზე საინტერესო შედეგი სწორედ მაშინ იბადება, როდესაც ავტორი ჩვეულებრივ ტექნიკას უჩვეულო გზით იყენებს.

„ჩვენთვის, როგორც ციფრული ტექნიკის ბრენდისთვის, რომლის უმნიშვნელოვანესი მისია ადამიანების ტექნოლოგიურ სიახლეებთან სულსწრაფად დაახლოებაა, ინოვაციების ხელმისაწვდომობა უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.

დღეს ტექნოლოგიური პროგრესი ისეთი სიჩქარით აფართოებს შესაძლებლობების საზღვრებს, სმარტფონი საბოლოოდ ამსხვრევს ყველა არსებულ მითს. ის უბრალო მოწყობილობიდან ახალი შემოქმედებითი თავისუფლების პლატფორმად გარდაიქმნება, რაც, ცხადია, კინოწარმოების დემოკრატიზაციას შეუქცევად რეალობად აქცევს.
ის შემოქმედებითი სულსწრაფობა, რომელიც ელისოს კინოდაჯილდოების მონაწილე ავტორებს ამოძრავებთ – სურვილი, მყისიერად, ყოველგვარი ტექნიკური ბარიერების გარეშე აქციონ იდეა კადრად – ზუსტად პასუხობს „ზუმერის“ ბრენდის ფილოსოფიას.

სწორედ ამიტომ, ეს პარტნიორობა ჩვენთვის სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია ახალი, აქამდე აუთვისებელი საკომუნიკაციო ტერიტორიებისკენ. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ გაბედულ ხედვას, სადაც მთავარი ძალა ყოველთვის თავისუფალ და ღრმა იდეებს ეკუთვნის.“

– ზუმერის მარკეტინგისა და ბრენდის მთავარი ოფიცერი თათია თუთიკო მუჯირი.

799 total views, 311 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.