fbpx

მერილინ მონრო – ლექსები


გააზიარე სტატია

პოეტურ საიტებზე უგზო-უკვლო ბორიალისას შემთხვევით გადავეყარე მერილინ მონროს (1926 – 1962) რამდენიმე ლექსს. ისინი თურმე გარდაცვალების შემდეგ მსახიობის  დატოვებულ ბლოკნოტებში  აღმოაჩინეს  და ძირითადად 1950-იანი წლების მეორე ნახევარშია დაწერილი. მონროს არქივზე მუშაობა დიდხანს გრძელდებოდა და საბოლოოდ 2010 წელს გამოიცა წიგნი, სახელწოდებით „ფრაგმენტები: ლექსები, ინტიმური ჩანაწერები, წერილები“ (“Fragments: Poems, Intimate Notes, Letters“). 

ინტერნეტში იძებნება ამ ლექსების ხელნაწერები და ხშირ შემთხვევაში მათში გარკვევა უკიდურესად რთულია, რადგან ძალიან ნასწორებია. ამიტომ ეს დალაგებული და რედაქტირებული ვერსიებიც გარკვეულწილად პირობითია, ერთმანეთისგან განსხვავებულ ინტერპრეტაციებსაც კი შეიძლება გადაეყაროთ. არის სულ რამდენიმე ტექსტი, რომელსაც გამოკვეთილად აქვს ლექსის სახე და ყველანაირ პოეტურ კრიტერიუმს შესანიშნავად აკმაყოფილებს. 

დანარჩენი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფრაგმენტული ჩანაწერებია. ის ტრაგიკულობა, რაც მერილინ მონროს დაჰყვა, უმძაფრესად ირეკლება ამ ლექსებში. ამიტომ ბევრიც არ მიფიქრია და მისი რამდენიმე მთავარი პოეტური ტექსტი და ორიოდე ფრაგმენტული ჩანაწერი გადმოვაქართულე. ალბათ საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის ამ თავისებური ხელოვანის დანახვა ასეთ მოულოდნელ ასპექტში.

სიცოცხლე მშვენიერია, და მერე რა?

სიცოცხლეო

შენს ორსავე მხარეს ვარ მე და

უფრო მეტად ვარსებობ სუსხში.

გამძლე, როგორც ობობას ქსელი,

ვკიდივარ ქარში

და ვახერხებ რაღაცნაირად

არ მოვწყდე უცებ.

მძივივით სხივებს 

ფერები აქვთ ისეთი, მე რომ

ნახატებში მინახავს ხოლმე

აჰ, სიცოცხლეო,

მათ გაგაცურეს, გაგაბითურეს

ის თხელია უფრო, ვიდრე ობობას ქსელი

და ყველაფერზე უფრო მეტად გამჭვირვალეა,

მაგრამ ისე მიამაგრა თავისი თავი,

ბოლომდე უძლებს ძლიერ ქარს და

ცეცხლის მწველ ენებს.

სიცოცხლეო ზოგ მომენტში

შენს ორსავე მხარეს ვარ მე და

რაღაცნაირად ვახერხებ, რომ

არ მოვწყდე უცებ,

რადგან ეგ შენი ორივე მხარე მიზიდავს მუდამ.

 

მარტოსული

I

მე დავტოვე ჩემი მწვანე, გაურანდავი ხის სახლი

და ხავერდის ლურჯი დივანი.

მე დღემდე მესიზმრება

მბზინავი, მრუმე ბუჩქი

კარიდან მარცხნივ.

დაბლა, ბილიკის გაყოლებაზე

ტკაცატკუცი,

როცა ჩემი თოჯინა იწვა თავის ეტლში

და ნაპრალებზე გადადიოდა

ჩვენ შორს წავალთ აქედან.

II

ნუ ტირი, ჩემო თოჯინა,

ნუ ტირი,

მე შენ გეხუტები და გაქანავებ,

რათა დაგაძინო,

ჩუ, ჩუ, მე შენ ახლა თავს გაჩვენებ,

მე არ ვარ შენი ის დედა

რომელიც მოკვდა.

III

დამეხმარე, დამეხმარე,

დამეხმარე, მე ვგრძნობ, რომ სიცოცხლე მიახლოვდება,

და ეს მაშინ, როცა ერთადერთი, რაც მინდა, სიკვდილია.

 

* * *

ერთი ამისიც, როგორ მინდა, რომ ვიყო 

მკვდარი – აბსოლუტურად არარსებული –

წასული აქედან – ყველაფრიდან, 

მაგრამ ეს როგორ, 

როცა გზად ყველგან ხიდებია – ბრუკლინის ხიდი –

თუმცა მე ხომ მიყვარს ეს ხიდი (ყველაფერი ლამაზია იქიდან და ჰაერიც სუფთა), 

სეირნობაც მასზე სიმშვიდის მომგვრელია, მიუხედავად იმისა, რომ

მანქანები გიჟებივით დაქრიან ქვემოთ. ამიტომაც

ეს უნდა იყოს რაღაც სხვა ხიდი –

მახინჯი და უსახური – თანაც მე ხომ

ყველა ხიდი ძალიან მიყვარს – არის მათში რაღაც

მეტად გამორჩეული, და ბოლო-ბოლო, მე ხომ არასდროს 

არ მინახავს მახინჯი ხიდი.

მტირალა ტირიფს

მე ვიდექი შენს ტოტებქვეშ და

შენ აყვავდი და მომეხუტე ბოლოს და ბოლოს,

და როდესაც ქარმა დამარტყამიწავ

და ქვიშავთქვენ მომეხუტეთ.

 

* * *

მხოლოდ ჩვენს რაღაც ნაწილებს ძალუძთ

რომ შეეხონ სხვათა ნაწილებს –

ადამიანის სიმართლე ხომ სინამდვილეში

მხოლოდ მისი სიმართლე არის.

ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი იმ ნაწილის გაზიარება,

რომელიც სხვისთვის გასაგები, მისაღებია.

ამიტომაც ადამიანი

უმეტესწილად მარტოსულია.

ბუნებაში ასეც უნდა იყოს თითქოსდა – 

საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა, ეს უბიძგებდეს 

ჩვენს ცნობიერს,

რომ ეძებდეს სხვის მარტოობას. 

 

* * *

ქვები ბილიკზე –

აქ ისინი ყველა ფერისაა.

მე ჩამოგყურებ შენ,

ისე, როგორც ისინი ჰორიზონტის ხაზს –

ჩვენ შორის სივრცეა, ჰაერია, რომელიც გვეძახის

და მე არაერთი სართულით მაღლა ვარ შენზე.

შეშინებულია ჩემი ფეხები,

როცა ვიქაჩები შენკენ. 

 

* * *

ასე მგონია, რომ ყოველთვის

ღრმად მეშინოდა, ვინმეს ცოლი

გავმხდარიყავი, 

რადგან ვიცი ცხოვრებიდან, რომ

ერთი მეორეს ვერ შეიყვარებს

ვერასდროს, მართლა.

 

ინგლისურიდან თარგმნა შოთა იათაშვილმა

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.