დუეინ მაიკლსი: The Illuminated Man
Duane Michals, Primavera, 1984
ავტორი: ნინო ამონაშვილი
კაცი საკუთარ მწოლიარე სხეულს დაჰყურებს, ისე, თითქოს გვამს უყურებსო. ეს ფოტომანიპულაცია დუეინ მაიკლსს ეკუთვნის, სადაც იგი თითქოს მისივე სიკვდილის დამკვირვებელია, მაგრამ სათაურით – ”Self-Portrait As If I Were Dead” ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. ფოტოგრაფი 2026 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა და ზუსტად იმ დღეს ეს გამოსახულება კიდევ უფრო სევდიანი გახდა.
1960-იან წლებში, როდესაც ფოტოგრაფიაში დოკუმენტური ფოტო დომინირებდა, მაიკლსმა განსხვავებული გზა და მიდგომა აირჩია, გადამწყვეტი მომენტის დაფიქსირების ნაცვლად, მან გამოგონილი ნარატივებისა და სიმბოლური სცენების შექმნა დაიწყო, თვლიდა, რომ წარმოსახვა ფაქტობრივ სიზუსტეზე მნიშვნელოვანი იყო. მისი შემოქმედება ამტკიცებს, რომ ფოტოებს შეუძლიათ გამოხატონ იდეები, ემოციები, სიზმრები და ფილოსოფიური კითხვები, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ხილული სამყარო აღბეჭდონ.
“დაცემულ ანგელოზში” ავტორი გვიყვება ამბავს, თანაც წარმოსახვის მსგავსს, “გვჩხვლეტს” და “მჩხვლეტს”, როგორც განცდა სიყვარულისა, “ზღაპარი სიყვარულისა” და…
მერე ყველაფერი ნელდება,
მერე ყველაფერი ძნელდება,
ვნება მდუმარებით დუმდება,
გზნება მცხუნვარებით ხუნდება…”
და რჩება კადრი, უკვე გარდაცვლილი კაცის გადაღებული.
ფოტოგრაფმა ხელნაწერი ტექსტი გამოსახულების ორგანულ ნაწილად აქცია, სადაც მინაწერი ყოველთვის არ განმარტავდა ფოტოკამერის მიერ აღბეჭდილ კადრს, არამედ აგრძელებდა ნარატივს, ცვლიდა ფოტოს მნიშვნელობას, ქმნიდა მეორე, ლიტერატურულ შრეს. ამ მიდგომამ ხელოვანის შემოქმედება განსაზღვრა.
და როცა ავტორი ძალიან სათუთია, მე ვხდები ის, ვინც მზადაა გამოსახულებას სიყვარულით უყუროს. სწორედ ასეთი სენტიმენტალური და პოეტურია ავტორი ფოტოში “The Most Beautiful Part of a Man’s Body”, ცოტა გვეპრანჭება სიტყვებით და მის ფოტოკამერაში მოხვედრილი სხვისი სხეულით:
“ვფიქრობ, სწორედ იქ უნდა იყოს,
სადაც ტანი თეძოებს ეყრდნობა და მათში გადადის,
იმ ორ მოხაზულობაში,
ფემინური სინაზით რომ შემოსაზღვრავენ სხეულს,
მზერას ქვემოთ მიუძღვიან,
იქამდე, სადაც ერთმანეთს კვეთენ,
სიამოვნების წერტილამდე.”
- დუეინ მაიკლსი
მე არ მაინტერესებს, როგორ გამოიყურება საგანი, მაინტერესებს, რას გვაგრძნობინებს იგი.” – დუეინ მაიკლსი
ფოტოგრაფი ხშირად იღებდა ადამიანთა განცდებს. ვწუხვარ, ამ საშინლად ბანალური წინადადებით რომ დავიწყე ტექსტის ეს ნაწილი და სულ რომ საინტერესოდ გავაგრძელო, ამ ბანალურობას ალბათ მაინც ვერაფერი მოერევა. ერთ-ერთ ფოტოზე ბიჭია, რომელიც ბალახებით სავსე მდელოზეა და წიგნს კითხულობს, წიგნის ფურცლებზე შუქი ეცემა. ფოტოს ბოლოში კი ტექსტია. ის უოლტ უიტმენს ეკუთვნის:
“შუაღამისას, ჩემს უკანა ეზოში მარტო მდგომს, ფიქრები დიდი ხნის წინ გასცილდნენ ჩემს თავს.
იუდეის ძველ ბორცვებზე დავაბიჯებ მშვენიერ და მშვიდ ღმერთთან ერთად, რომელიც გვერდით მომყვება.
მივქრივარ კოსმოსში, მივქრივარ ზეცასა და ვარსკვლავებს შორის.
შვიდ თანამგზავრსა და მათ ფართო რგოლებს შორის მივქრივარ, ოთხმოცი ათასი მილის დიამეტრის უსასრულო სივრცეში.
კუდიან მეტეორებთან ერთად მივქრივარ და სხვებივით ცეცხლოვან ბურთებს ვისვრი.
ვატარებ ნახევარმთვარისებრ ჩვილს, რომელსაც საკუთარ მუცელში თავისი სავსე დედა დაჰყავს.
ვბობოქრობ, ვტკბები, ვგეგმავ, მიყვარს, სიფრთხილეს ვიჩენ.
უკან ვიხევ და კვლავ წინ მივიწევ, ვჩნდები და ვქრები.
დღედაღამ ასეთ გზებზე დავაბიჯებ.”
დასასრული. ოღონდ არა ტექსტის, არამედ ყველას ზედაპირულობის.
ადამიანი ხანდახან საჯარო სივრცეშიც მარტოა, ფიქრები არ ანებებს თავს და ყველა ავტორი, ვისაც ამაზე ლამაზად უსაუბრია, ხშირად ისე გვიყვარდება, რომ ვერც ვაცნობიერებთ ამ სიყვარულის ჭეშმარიტ მიზეზს. The Human Condition-ში კოსმოსური სევდაა და შენც, როგორც მნახველი, ფიქრობ იმაზე, თუ სად იკარგება რეალობის შეგრძნება ადამიანისთვის, მაშინ როდესაც ის ერთ ჩვეულებრივ დღეს ატარებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც უცებ ყველაფერი იცვლება, მიკროკოსმოსი გადადის მაკროკოსმოში, ჩნდება უსასრულობა, უძირო სევდა არსებობისა და განცდა ადამიანის წარმავლობისა, ან სულაც იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ყველა რაღაც უფრო დიდის ნაწილი ვართ, ვიდრე რუსთაველის მეტროსადგურის მგზავრად ყოფნაა.
„Things Are Queer“ (1973) დუეინ მაიკლსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოსერიაა, რომელმაც კონცეპტუალური ფოტოგრაფიის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. რვა თანმიმდევრული ფოტოსგან შემდგარი ნამუშევარი მაყურებლის მზერას ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სივრცეში, სააბაზანოში ახედებს, თუმცა თითოეული მომდევნო კადრი ცვლის წინამორბედის მნიშვნელობას და თანდათან არღვევს სივრცის, მასშტაბისა და რეალობის შესახებ ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს.
თავდაპირველად რეალური ინტერიერი მოულოდნელად სათამაშო მაკეტად იქცევა, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს მაკეტიც სხვა ფოტოს ნაწილია, რომელიც კიდევ უფრო ფართო სივრცეშია მოთავსებული. ამგვარად, თითოეული ახალი გამოსახულება წინას მხოლოდ ნაწილად აქცევს და მაყურებელს აიძულებს, მუდმივად გადახედოს საკუთარ აღქმას. სერიის დასასრულს ნარატივი კვლავ საწყის წერტილს უბრუნდება.
ფოტოსერია „Things Are Queer“ წარმოაჩენს, რომ რეალობა არ ექვემდებარება ერთმნიშვნელოვან ინტერპრეტაციას. თითოეული გამოსახულება მხოლოდ უფრო ფართო ვიზუალური და კონცეპტუალური სისტემის ფრაგმენტს წარმოადგენს, ხოლო მისი მნიშვნელობა განისაზღვრება იმ კონტექსტითა და პერსპექტივით, საიდანაც იგი აღიქმება. ამგვარად, მაიკლსი ეჭვქვეშ აყენებდა ფოტოგრაფიის, როგორც ობიექტური რეალობის პირდაპირი რეპრეზენტაციის ტრადიციულ გაგებას.
„ახალგაზრდა ჯარისკაცები მკვდართა ბაღში ოცნებობენ, თავებიდან ყვავილები ამოსდით.” აქ ომი არ ჩანს და საერთოდ არაფერი გვინახავს ბიჭის და ყვავილების გარდა, არ გვინახავს ცხედრები, საფლავები და არ გვინახავს სისხლი, მაგრამ უკვე ვიცით, რომ სიკვდილი ზოგჯერ იქაა, სადაც ჯარისკაცები ოცნებობენ. მაგრამ ეს ფოტო პირველ რიგში იმ ახალგაზრდულ წლებს მახსენებს, სადაც სამუზეუმო პრაქტიკის ფარგლებში მინდოდა სამხედროებისთვის ისეთი საგანმანათლებლო პროგრამა შემექმნა, რომლის საშუალებითაც მათ იარაღის ჭერა აღარ მოუნდებოდათ. შემდეგ მოვახერხე კიდეც და დავასრულე, მაგრამ არა ტექსტი, არა პროგრამა, არამედ ჩემი მიამიტობის წლები, სადაც მავიწყდებოდა, რომ ჯერ ისევ ომია.
იქ, სადაც ტრაგედიის კვალი არაა, მაიკლსი აჩენს მას. ფოტოზე The Moments before the Tragedy მნახველი ვერაფერს ხედავს ტრაგიკულს. ამბავი მარტივია: გოგო მეწყვილესთან ერთად ამოდის მიწისქვეშა გადასასვლელიდან, მათ წინ ვიღაც არის. შემდეგ მალევე წყვილის გზები იყრება და გოგოს უკან ჩნდება ის კაცი, რომელიც უკვე ვახსენეთ, ის მას ზურგს უკან მიჰყვება, თითქოს ახალი ამბავი იწყება. ნახევრად კინემატოგრაფიულ გამოსახულებაში ჩნდება განცდა დანგრეული ურთიერთობისა.
დუეინ მაიკლსი ფოტოსერიაში Mistaken Identity იკვლევს პიროვნების იდენტობის, თვითაღქმისა და რეალობის ინტერპრეტაციის პრობლემებს. ნამუშევარი აგებულია თერთმეტი ფოტოსგან. ფოტოგრაფი გვეუბნება, რომ ერთი გამოსახულება არასოდეს არის საკმარისი ადამიანის იდენტობის ან მოვლენის სრულყოფილად აღსაქმელად. სერიის სათაური Mistaken Identity მიანიშნებს, რომ ადამიანის შესახებ შექმნილი წარმოდგენა ხშირად ეფუძნება ვიზუალურ ნიშნებსა და პირველ შთაბეჭდილებას, რომლებიც შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს. ამგვარად დუეინი ეჭვქვეშ აყენებს ფოტოგრაფიის დოკუმენტურ სანდოობას და ამტკიცებს, რომ ფოტოსურათი რეალობის მხოლოდ ნაწილობრივ ან სუბიექტურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ადამიანის „მე“ მუდმივად ფორმირდება აღქმის, მეხსიერების, სოციალური ურთიერთობებისა და ინტერპრეტაციის პროცესში.
“ქალბატონი შრიოდინგერი და მისი კატა სწორედ ამ წუთში ფიქრობენ, რამდენად სავარაუდოა, რომ ამავე წუთში თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ.“
გამოსახულება ეხმიანება ერვინ შრიოდინგერის ექსპერიმენტს, რომელიც “შრიოდინგერის კატის” სახელით არის ცნობილი. ექსპერიმენტის მიხედვით, კვანტურ ფიზიკაში დაკვირვებამდე სისტემა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე შესაძლო მდგომარეობაში არსებობდეს. ამის საილუსტრაციოდ შრიოდინგერმა წარმოიდგინა ყუთში მოთავსებული კატა, რომელიც დამკვირვებლისთვის ერთდროულად ცოცხალიც არის და მკვდარიც, სანამ ყუთი არ გაიხსნება. როგორც ექსპერიმენტში დაკვირვება განსაზღვრავს მდგომარეობას, ისე ფოტოც სრულ მნიშვნელობას მხოლოდ მაყურებლის მზერისას იძენს. მე და ჩემი კატა – დოდო – ვფიქრობთ იმაზე, თუ “რამდენად სავარაუდოა, რომ ამავე წუთში თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ“, შემდეგ კი დავასრულეთ. ოღონდ არა მაიკლსზე ფიქრი, არამედ ტექსტი.
(წარწერა ფოტოზე: ეს ფოტო ჩემი მტკიცებულებაა. ის შუადღეა, როცა ჩვენ შორის ყველაფერი ჯერ კიდევ კარგად იყო. მან გულში ჩამიკრა, და იმწამს ორივენი ბედნიერები ვიყავით. ეს მართლაც მოხდა. მას ნამდვილად ვუყვარდი. შეხედეთ, თავად დარწმუნდით.)















