fbpx

ეკა ჩავლეიშვილი ფილმში კირა ნაითლისთან და ალისია ვიკანდერთან ერთად ითამაშებს.


გააზიარე სტატია

სამხრეთ საფრანგეთში საიმონ ვუდსის ფილმის ‘’The Worst’’ გადაღება უკვე დაიწყო. ფილმში მთავარ როლებს ალისია ვიკანდერი, კირა ნაითლი და ერინ კელიმანი ასრულებენ. დღეს ცნობილი გახდა რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ქართველი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი შეასრულებს.

მსახიობებს შორის ბევრი სხვა ვარსკვლავიცაა: ტომ ჰოლანდერი, სემ კლაფლინი, შიან კლიფორდი, ანა მაქსველ მარტინი და სხვა. ფილმის ქასთინგის რეჟისორი დიქსი ჩესია, რომელმაც ეკა ჩავლეიშვილი კინოდაჯილდოება ”ელისოს” ჟიურიში ყოფნისას 2024 წელს გაიცნო. მოგეხსენებათ, ეკა ჩავლეიშვილს საუკეთესო მსახიობის ჯილდო გადაეცა ეთეროს როლის შესრულებისთვის, ფილმში ”შაშვი შაშვი მაყვალი”.

ეკა ჩავლეიშვილი:

‘’იანვარში დამირეკა ნატალია ჯუღელმა და მითხრა რომ დიქსი ჩესი ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა და ვიდეოს ჩაწერას მთხოვდა. ვინაიდან საქართველოში აგენტები არ გვყავს და საერთაშორისო სისტემა ჩვენთვის უცხოა, ნატალია მთელ პროცესში დამეხმარა, სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძეც გამომიგზავნა რომ კარგი ვიდეო გამოსულიყო. ვიდეოს გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში როლზე დამამტკიცეს და უამრავი კითხვა დამისვეს. ვინაიდან თარჯიმანი მჭირდებოდა, თან თაკი მუმლაძე დავიმგზავრე და 27 მაისიდან პროვანსში ვართ. ვინაიდან ბედკრული საქართველოდან ვარ, მომწონს კიარა და ყოველდღე ვჩქმეტ ჩემს თავს, რომ დავრწმუნდე –  არ მესიზმრება, ეს ყველაფერი მართლა ხდება. სეტი შედგება ზეპროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებიც უზადოდ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. მანამდე ორ ფილმზე ვიმუშავე ელენე ნავერიანთან. ელენეს სეტზე ყოველთვის ყავს 5-6 უცხოელი და იგივე მუშაობის პრინციპი ამიტომ არაფერი უცხო და ახალი არ იყო ჩემთვის. სულ 12 მსახიობი ვართ ამ ფილმში. 11-ივე მსახიობი ერთმანეთზე უკეთესია. პროფესიონალები, მოწესრიგებულები, ლამაზები, ნიჭიერები, კეთილგანწყობილები და უბრალოდ კარგი ადამიანები. მეტის თქმის უფლება ამ ეტაპზე არ მაქვს, მოკლედ, ვმოგზაურობ საიმონ ვუდსის ჯადოსნურ სამყაროში. ”

ნატალია ჯუღელი:

ელისოს ჟიური არასდროსაა შემთხვევითი, 2024 წელს ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ჟიურის შემოუერთდა სწორედ დიქსი ჩესი იყო. გვინდოდა აღმოეჩინა ქართველი მსახიობები და ასეც მოხდა. ვიცი რომ ხშირად მოიაზრებს ქართველ მსახიობებს სხვადასხვა როლებზე და მიხარია რომ ეკა ამ არაჩვეულებრივი პროექტის ნაწილია. სცენარი როდესაც წავიკითხე, მივხვდი რომ როლი ეკასთვის იყო დაწერილი. ვულოცავ ამ წარმატებას და კიდევ ბევრ თავგადასავალს ვუსრუვებ, უდავოდ იმსახურებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.