ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია სასტუმრო ტელეგრაფში
კომპანია სილქნეტის ახალი სივრცე “Network Lounge”-ში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრები წარადგინეს. ნინო ყიფშიძე ქართველი ტექსტილის ხელოვანია, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ქართული ტექსტილის ხელოვნების, ტრადიციული რეწვისა და ქსოვილის, როგორც თანამედროვე სახელოვნებო მედიუმის განვითარებასთან. მისი მრავალწლიანი საქმიანობა აერთიანებს შემოქმედებით კვლევას, საგანმანათლებლო და პრაქტიკულ მიმართულებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
ნინო ყიფშიძემ პროფესიული განვითარება დაიწყო ხელოვნებათცმოდნეობის მიმართულებით და თავდაპირველად თანამედროვე ქართულ ფერწერას იკვლევდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. მოგვიანებით მისი ინტერესის მთავარი სფერო ტექსტილის ხელოვნება და ქართული ტრადიციული ტექსტილის კულტურული მემკვიდრეობა გახდა.
ნინო ყიფშიძის შემოქმედებასა და ხედვაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ ხალხურ რეწვასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის დიალოგს. ხელოვანის შემოქმედებითი პრაქტიკა ტექსტილის მედიუმის მრავალშრიან გააზრებას ეფუძნება. მის ნამუშევრებში, ქსოვილი ხშირად დამუშავებულია აპლიკაციის ტექნიკით. ფართომასშტაბიან პანოებსა თუ მინიატურულ კომპოზიციებში ქსოვილის ფაქტურა, ფაქიზად შეხამებული ფერი, ტაქტილურობა დამოუკიდებელ გამომსახველობით მნიშვნელობას ატარებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შავი ფონი, რომლის დომინაციაც ფერადი ქსოვილების ფრაგმენტებს სივრცულ სიღრმესა და მონუმენტურობას ანიჭებს. ქსოვილის ხელშესახები ზედაპირი, მატერიის მრავალფეროვანი ტექსტურა და აპლიკაციური ტექნიკა ქმნის მკაფიო ტაქტილურ გამოცდილებას, სადაც კომპოზიციები რიტმულად კონკრეტულსა და აბსტრაქტულ მოტივებს შორის განიშლება. ნამუშევრებში ასევე იგრძნობა კოსმოგენიური აღქმა, რომლის მიხედვითაც ორნამენტული ელემენტები და ცალკეული ფორმები მიკრო და მაკრო სამყაროს შორის არსებულ ვიზუალურ კავშირებს ქმნიან.
1990-იან წლიდან ნინო ყიფშიძე არის GTG – ქართული ტექსტილის ჯგუფის თანამდამფუძნებელი. GTG-ს საქმიანობა მოიცავდა საერთაშორისო გამოფენების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ორგანიზებას, ქართული ტექსტილის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და თანამედროვე ტექსტილის ხელოვნების მხარდაჭერას. ნინო ყიფშიძის ორგანიზებითა და ჩართულობით განხორციელებული საერთაშორისო ტექსტილის სიმპოზიუმები მნიშვნელოვანი პროფესიული პლატფორმა იყო, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებითაც. კერძოდ, ქართული ტექსტილის ჯგუფის ძალისხმევის შედეგად შენარჩუნდა და განვითარდა საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია როგორიცაა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი.
ხელოვანი მრავალი წლის განმავლობაში ქართული ტექსტილის ჯგუფის წევრებთან ერთად მუშაობდა რეგიონებში ხალხურ ოსტატებთან და ეთნოგრაფებთან ერთად, მონაწილეობდა ტრადიციული ტექსტილის კვლევით ექსპედიციებში ჯავახეთში, თუშეთსა და კახეთში, ასევე ასწავლიდა ნაბდის თელვასა და ხელოვნების ისტორიას ახალქალაქის სახელობო კოლეჯში.
ნინო ყიფშიძის საქმიანობა და შემოქმედება ტექსტილის ხელოვნებას, ამ დარგის უნიკალურ ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე სახელოვნებო კონტექსტს 20 წელზე მეტია ავითარებს. აქტიურად მონაწილეობს არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში.
513 total views, 13 views today








