fbpx

ამბავი კრეატორსი, იმერსიული თხრობა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი შესაძლებლობები


გააზიარე სტატია

ტექნოლოგიურ ვიქენდზე, სრულიად უჩვეულო ადგილას აღმოჩენილ საგამოფენო სივრცეში, პირველ რიგში უცნაური სიჩუმე გაოცებს, რომელსაც მხოლოდ ბუნების ხმებთან შერწყმული, ჰარმონიული მუსიკა არღვევს.

კედლებზე პროექციის საშუალებით გაცოცხლებული გამოსახულებები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს თავად სივრცე სუნთქავს. იქვე პედესტალზე, ცოცხალ ბალახს ამჩნევ, რომელსაც ფრთხილად ეხები და იმავე წამს კედელზე სამყარო მოძრაობას იწყებს. ნამდვილი, ცოცხალი ბალახი ხდება ხიდი ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის. ეს არის რაღაც, რაც აქამდე არასოდეს გინახავს და გიგრძვნია. შენ უკვე ამბის ნაწილი ხარ. 

ეს არც გამოფენაა, არც თეატრალური წარმოდგენა და არც ტექნოლოგიური შოუ იმ ფორმით, როგორადაც ამ სიტყვების გაგებას ვართ მიჩვეული. ეს ამბავი კრეატორსის ინტერაქციული ინსტალაციაა – „სრული გონებით“.  ის  ადამიანს სივრცესთან, საკუთარ აღქმასთან და ამბავთან სრულიად ახალი ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება.

დღესდღეობით, სულ უფრო ხშირად ჩნდება პროექტები, სადაც ტექნოლოგია მხოლოდ ეფექტის შესაქმნელად აღარ გამოიყენება. ეკრანები, პროექტორები, სენსორები, ხელოვნური ინტელექტი, ინტერაქციული სისტემები და პროგრამირებადი განათება თანდათან ხელოვნების ისეთივე ინსტრუმენტებად იქცევა, როგორიც ოდესღაც ტილო, კამერა ან მუსიკალური ინსტრუმენტი იყო. რადგან ამბავს არც პროექტორი გვიყვება და არც LED ეკრანი – მთხრობელი ყოველთვის ადამიანია.

„ჩვენთვის ტექნოლოგია არასოდეს ყოფილა მიზანი,“ – ამბობს ამბავი კრეატორსის არტ დირექტორი ანრი ლომია – „ყველა პროექტს ერთი და იგივე კითხვით ვიწყებთ: რა უნდა იგრძნოს ადამიანმა? თუ ამ კითხვას პასუხი არ აქვს, ყველაზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიაც მხოლოდ ძვირადღირებული ატრაქციონია.“

იქნებ სწორედ ამიტომაა, რომ ამბავი კრეატორსის შექმნა ბიზნეს გეგმით ან მარკეტინგული სტრატეგიით არ დაწყებულა. 

როგორ დაიწყო ამბავი, რომელიც კომპანიად იქცა

როცა ამბავი კრეატორსზე საუბრობენ, ხშირად ჰგონიათ, რომ ყველაფერი ტექნოლოგიებით დაიწყო. რეალურად კი პირიქით მოხდა – ჯერ გაჩნდა სურვილი, ადამიანისთვის განსხვავებული გამოცდილება შეექმნათ, ტექნოლოგიები კი ამ სურვილის განხორციელების საშუალებად მოგვიანებით იქცა.

2021 წელი იყო. პანდემიამ თითქმის ყველა ცოცხალი ღონისძიება გააჩერა. მუსიკალური ჯგუფი AMBAVI ახალ EP-ზე მუშაობას ასრულებდა, მაგრამ უკვე ჩანდა, რომ მისი ტრადიციული პრეზენტაცია შეუძლებელი იქნებოდა. კონცერტი, იმ ფორმით, როგორც ყველას წარმოედგინა, უბრალოდ აღარ არსებობდა.

„იმ დროს გვქონდა ძალიან მარტივი კითხვა,“ – იხსენებს ანრი ლომია, – „თუ ადამიანები მუსიკასთან ვერ მოვლენ, შეიძლება მუსიკა მივიდეს ადამიანამდე? არა ყურსასმენებით ან ეკრანით, არამედ ისე, რომ მის შიგნით აღმოჩნდნენ.“

ასე დაიბადა იდეა, რომელსაც შემდეგ „დაათვალიერე მუსიკა“ ეწოდა. ციფრული მუზეუმის სივრცეში მუსიკა ფერებად, ფორმებად, სინათლედ და მოძრაობად გარდაიქმნა. მაყურებელი უბრალოდ კი აღარ უსმენდა სიმღერას, არამედ მასში გადაადგილდებოდა. ეს არ იყო მუსიკის გრაფიკულად გამოხატვა, არამედ მისი გარდაქმნა ვიზუალურ ხელოვნებად და ეს სინთეზი მასში მყოფობის განცდას ბადებდა. 

ამის შემდეგ ყველაფერი საკმაოდ ბუნებრივად განვითარდა.

ჯერ შეიქმნა საახალწლო იმერსიული თავგადასავალი „მჯერა – არ მჯერა“, სადაც ბავშვები თავად ხდებოდნენ ზღაპრის გმირები. შემდეგ – იმერსიული გამოფენები, საგანმანათლებლო გამოცდილებები, ისტორიული პროექტები, ბრენდების პრეზენტაციები. ყოველი ახალი ნამუშევარი თითქოს სხვადასხვა სფეროს ეკუთვნოდა, მაგრამ გუნდისთვის ისინი ერთი და იგივე საქმის გაგრძელება იყო. ამან ბუნებრივად ჩამოაყალიბა პროექტებზე მომუშავე უფრო ფართო გუნდი, რომელიც თითქმის მთელი ორი წლის განმავლობაში პროექტიდან პროექტზე გადადიოდა, სანამ საბოლოოდ, 2023 წელს ამბავი კრეატორსის დაფუძნების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

„ხშირად გვეკითხებიან, ბოლოს და ბოლოს ვინ ხართ – სარეკლამო სააგენტო, სტუდია, ტექნოლოგიური კომპანია თუ შემოქმედებითი გაერთიანება,“ – ამბობს კომპანიის CEO თინათინ ყიფიანი. – „ალბათ ამათგან არც ერთი. ჩვენ უფრო იმ ადამიანების გუნდი ვართ, რომლებიც სხვადასხვა პროფესიიდან მოვდივართ, მაგრამ ერთი და იგივე პრობლემაზე ვფიქრობთ – როგორ შეიძლება ამბავი ადამიანმა უბრალოდ კი არ მოისმინოს ან ნახოს, არამედ, საკუთარ გამოცდილებადაც გარდაქმნას.“

ალბათ ამიტომაც ამბავი კრეატორსის პორტფოლიოში ერთმანეთის გვერდით სრულიად განსხვავებულ პროექტებს ნახავთ. ერთ შემთხვევაში თუ ისტორიულ ეპოქაში მოგზაურობ, მეორე პროექტი კოსმოსის მასშტაბებს გაჩვენებს, მესამე თეატრში მისულს წარმოდგენის მსვლელობაში საკუთარი მობილური ტელეფონის გამოყენებით გრთავს, მეოთხე კი ავტომობილის პრეზენტაციას მასშტაბურ აუდიო-ვიზუალურ შოუდ გარდაქმნის..

ერთი შეხედვით შესაძლოა იფიქრო, რომ ეს პროექტები სულ სხვადასხვა მიმართულების საქმეებია. თავად გუნდისთვის კი ყველაფერი, რასაც ქმნის, ერთი დიდი ამბის სხვადასხვა თავია.

როდესაც ამბავი განსხვავებულ ფორმებს იძენს 

იმისათვის, რომ იმერსიული თხრობა კომპანიების, არტისტებისა თუ საგანმანათლებლო ინსტიტუციებისთვის მიუწვდომელ ოცნებად არ დარჩენილიყო, „ამბავი კრეატორსმა“ საკუთარი საქმიანობა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განავითარა:

იმერსიული გამოფენები

კომპანიის ერთ-ერთი განსაკუთრებული მიმართულება ხელოვანებთან კოლაბორაცია და იმერსიული გამოფენების ორგანიზებაა. ამის შესანიშნავი მაგალითია ფოტოხელოვან მინდია მიდელაშვილის იმერსიული გამოფენა „Mindia in Africa“, რომლის ფარგლებშიც გუნდმა ფოტო-გამოფენა სრულყოფილ იმერსიულ აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებად გარდაქმნა.

ინტერაქციული ინსტალაციები

ინტერაქციული ინსტალაციები კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი სერვისია. ინტერაქციული ინსტალაციები შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც დიდი კომპლექსური პროექტების ცალკეული სეგმენტები, ისე დამოუკიდებელი პროექტების სახით. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო LED განათებებით შექმნილი მართვადი პროგრამირებადი სისტემა, რომლის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა უზარმაზარი 3D კუბი. ეს იყო შთამბეჭავი განათების სისტემა, რომელიც ამავდროულად გამოიყენებოდა, როგორც მასიური 3D ეკრანი.

საგანმანათლებლო იმერსიული გამოცდილებები

განათლების სფეროში კომპანიამ მასშტაბურ პროექტებზე იმუშავა: „რამხელაა სამყარო“ (საგანმანათლებლო მოგზაურობა კოსმოსში) და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილი „უფლებების რესპუბლიკა (1918-1921)“. ეს პროექტები მშრალ ფაქტებს ცოცხალ თავგადასავლად აქცევენ, სადაც მოსწავლეები და დამთვალიერებლები პირდაპირ ისტორიულ თუ მეცნიერულ სივრცეში მოგზაურობენ. ამ ფუნდამენტზე დაყრდნობით, გუნდმა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის სრულიად ახალი, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო იმერსიული გამოცდილებების სივრცეების განვითარებაზე დაიწყო მუშაობა.

იმერსიული პრეზენტაციები

იმერსიული პრეზენტაცია სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის კომპანიებს, რათა მათი კორპორაციული წვეულებები, პროდუქტის ან მომსახურების წარდგენები თუ ახალი შენობის გახსნის ცერემონიალები, მორიგ, ლამაზად შეფუთულ და სტრუქტურულად მოსაწყენ კორპორაციულ ღონისძიებებად არ იქცეს. ამის მაგალითი იყო საერთაშორისო სკოლა “ლოგოსის” ახალი კამპუსის პრეზენტაცია, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელ, მშენებლობის პროცესში მყოფ შენობას, სასწავლო პროცესს, სკოლის ისტორიას, ძირითად მისიას და მომავალ გეგმებს, პირდაპირ იმერსიული აუდიო-ვიზუალური თავგადასავლის ფორმით აცნობდა სტუმრებს. ინტერაქციული ინსტალაციები, გაცოცხლებული კედლები, ამეტყველებული ისტორიული პერსონაჟები და იმერსიის ძალა ქმნიდა მძაფრ შთაბეჭდილებას, რაღაც ახალს, განსაკუთრებულს და დაუვიწყარს, რომელიც ადამიანებისთვის პირად გამოცდილებად იქცა. ასევე, ცნობილი ბრიტანული ბრენდის “Lotus Cars” პირველი წარდგენა ქართულ ბაზარზე, სადაც 3D მეფინგის, განათებებისა და აუდიო-ვიზუალური შოუს წყალობით ავტომობილები პირდაპირ სტუმრების თვალწინ გაცოცხლდა.

 

მომავლის ძიებაში

ამბობენ, რომ მომავლის წინასწარმეტყველება უმადური საქმეა, მაგრამ არსებობენ ისინი, ვინც თავად ხდებიან მომავლის არქიტექტორები. სწორედ ასე უყურებს საკუთარ საქმეს ამბავი კრეატორსის გუნდი.

“აქამდე პარტნიორებთან ერთად ვქმნიდით გამოცდილებას, მათ ამბავს ყველაზე ღრმა ემოციურ შრემდე მივყვებოდით და მისი თხრობის უნიკალურ გზებს ვპოულობდით. ახლა კი ამავდროულად ვიღებთ საინტერესო ამბავს და  გამოცდილებად გარდავქმნით, რომელშიც ათასობით ადამიანს ვრთავთ და პარტნიორებს მასში ბუნებრივად ინტეგრაციის საშუალებას ვაძლევთ.” – ამბობს კომპანიის კრეატიული დირექტორი ტორესა მოსი – “ეს არის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შემოქმედების მომავალი, რომელიც უკვე აქ არის”.

ქალაქის თეატრთან ერთად დადგმული სპექტაკლი „თამაშის თეორია“ (რეჟისორი კოკო როინიშვილი) სწორედ ამის მაგალითია. წარმოდგენამ სრულად შეცვალა მაყურებლის გამოცდილება. 

“ყველაფერი პირდპაირი მნიშვნელობით ამოვატრიალეთ” – გვიზიარებს ამბავი კრეატორსის ტექნიკური დირექტორი თედო მახარაძე, – “რა აქვს საერთო ყველა სპექტაკლს? ერთი რომ აუცილებლად გთხოვენ გამორთოთ მობილური ტელეფონი და მეორე – შენ უყურებ, შეგიძლია ტაში დაუკრა, გაიცინო, იტირო, მაგრამ თავად სიუჟეტში არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. ჰოდა, რატომაც არა, ვთქვით, მოდი ამოვატრიალოთ გამოცდილება, თამაშის თეორიაზე დასწრებისას აუცილებლად გჭირდებათ ჩართული მობილური ტელეფონი, რადგან თავად შეგიძლიათ ჩაერთოთ სპექტაკლის მიმდინარეობაში, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის სიუჟეტის განვითარებასაც და დასასრულსაც”.


იმერსიული თხრობა აქამდე ისეთი დიდი კომპანიების ექსკლუზიური სივრცე იყო, როგორებიც არიან Disney, Universal და Warner Bross თავიანთი თემატური პარკებით. მოგვიანებით, კომპანიებმა Team Lab, Meow Wolf, Atelier des Lumières, Sila Sveta ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვიზუალური შოუებისა და ატრაქციების ორგანიზებით მასიური იმერსიული გამოცდილებები შექმნეს. ამბავი კრეატორსი კი იმერსიულ თხრობას პარტნიორი კომპანიების, ხელოვანებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებისათვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობად აქცევს. სწორედ ამაშია მისი მთავარი ფასეულობა: ყველა ამბავს, განსაკუთრებულ გამოცდილებად გარდაქმნის, სადაც ყოველი ადამიანი მოქმედი გმირი ხდება. ესაა ის მომავალი, რომელიც ამბავი კრეატორსის მონაწილეობით დღეს, აქ და ახლა იქმნება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.