2190 / მეხსიერების ჰაკი და წინასწარი ნოსტალგია
ხშირად არქიტექტურული ვიზუალიზაცია წმინდა ტექნიკურ საქმედ აღიქმება – პროგრამული უზრუნველყოფის, მასალებისა და შუქის ზუსტ გათვლად. თუმცა, ბოლო ათწლეულებში ეს დარგი გაცილებით შორს წავიდა და ისწავლა, როგორ დაარწმუნოს მნახველი არა მხოლოდ გეომეტრიული სიზუსტით, არამედ ემოციითა და განცდით. საწყისი, მშრალი ნახაზებიდან დღემდე გავლილი გზა ერთი მთავარი კითხვის გარშემო ტრიალებს: რა გვაიძულებს, რეალობად აღვიქვათ ის სივრცე, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს?
სწორედ ამ ატმოსფერული თხრობის პრინციპზე დგას თბილისური არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდიის, 2190 Studio-ს ხელწერა. მათი ნამუშევრები აჩვენებს არა უბრალოდ შენობას, არამედ სამყაროს, რომელშიც ეს ობიექტი სუნთქავს: ცის ზუსტ ტონალობას დღის კონკრეტულ საათზე, ქარისგან გადახრილ ხის ტოტებს თუ სველ ასფალტზე არეკლილ შუქს. ეს ფაქიზი დეტალები, რომლებსაც თვალი ქვეცნობიერად აფიქსირებს, კადრს სრულყოფილად დამაჯერებელს ხდის და არქიტექტურას ვიღაცის მომავალ სახლად აქცევს. იმისათვის, რომ უკეთ გაგვეგო, როგორ იქცევა გრაფიკული ხაზი ემოციურ ნარატივად, სტუდიის დამფუძნებელსა და 3D არტისტს, სერგი კვარაცხელიას ვესაუბრეთ.
რატომ არის ექსტერიერი და ატმოსფერო ისეთი მნიშვნელოვანი შენთვის, როცა სივრცის დამაჯერებლობაზეა საუბარი?
იმიტომ, რომ ადამიანი შენობას იშვიათად აღიქვამს იზოლირებულად – ის ყოველთვის რაღაცის ფონზეა: ცის, შუქის, ამინდის. შეგიძლია ისეთი ზუსტი მოდელი გააკეთო, რომ ყოველი ხაზი სწორი იყოს, მაგრამ თუ ცა “მკვდარია” ან შუქი არ შეესაბამება იმ დროსა და გარემოს, სივრცე მაშინვე ცრუდ იგრძნობა. ჩვენთვის ღრუბელი, ქარი, სინესტე – ეს არაა დეკორაცია. ეს არის ის, რაც შენობას აკავშირებს დროსთან და ადგილთან და, საბოლოოდ, ცხოვრებასთან, რომელიც მასში მოხდება.
შენი სამუშაოს დიდი ნაწილი მოლოდინის შექმნაა – ადამიანს სჯეროდეს რაღაცის, სანამ ის აშენდება. ამას პასუხისმგებლობად აღიქვამ თუ შესაძლებლობად?
ორივედ. მოლოდინის შექმნა ნიშნავს, რომ შენ ხარ პირველი, ვინც ამ სივრცეში “ცხოვრობს”. ეს პასუხისმგებლობაა, რადგან შეცდომამ შეიძლება მთელი პროექტის აღქმა შეცვალოს. მაგრამ ეს ასევე იშვიათი შესაძლებლობაცაა – შენ ხედავ სივრცეს ისეთ მომენტში, როცა ის ჯერ კიდევ სუფთა შესაძლებლობაა, არაფრით შეზღუდული.
შენს კადრებში ხშირად ჩნდება ადამიანი – ვიღაც ქოლგით მიდის თავდახრილი, ვიღაც ველოსიპედით მოძრაობს, აივანზე დგას, წყვილი მოსეირნობს. ეს პატარა სცენები რატომ გჭირდება შენობის საჩვენებლად, თუ სულ სხვა რამის სათქმელად?
სულ სხვა რამის. შენობა თავისთავად სტატიკურია, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვქმნით, სინამდვილეში იმ ცხოვრებაზეა, რომელიც ამ სივრცეში ერთხელაც მოხდება. ეს ადამიანები არაფრის დასამტკიცებლად დგანან კადრში, ისინი უბრალოდ აგრძელებენ თავიანთ დღეს, გვერდით გამვლელივით, რომელსაც შემთხვევით მოვკარი თვალი. ეს არის ერთგვარი პატარა, დაუწერელი ისტორია და ალბათ სწორედ ეს გრძნობა გვინდა დარჩეს: რომ ხედავ არა შენობას, არამედ ერთ ჩვეულებრივ დღეს, რომელიც მასში ჯერ არ მომხდარა.
არის თუ არა სამუშაო პროცესში ისეთი მომენტი, როცა გრძნობ, რომ გამოსახულება უბრალო ვიზუალს სცილდება და მასში რაღაც სრულიად ახალი ცოცხლდება?
კი, და ეს თითქმის ყოველთვის ატმოსფეროს დამსახურებაა და არა გეომეტრიის. ეს მაშინ ხდება, როცა განათება ისე ნაწილდება, რომ ყველაფერი შემთხვევითი და ბუნებრივი ჩანს და არა წინასწარ გათვლილი. როცა ღრუბლის ფორმა ან ქარისგან გადახრილი ხის ტოტი ქმნის განცდას, თითქოს კადრი სწორედ იმ კონკრეტულ წამს არის დაფიქსირებული. სწორედ ამ დროს სურათი წყვეტს უბრალო „რენდერობას“ და ჩვენში ისეთი ადგილების მოგონებებსაც კი აღძრავს, სადაც არასდროს ვყოფილვართ.
საით მიდის ეს დარგი მომდევნო წლებში, შენი აზრით – რა შეიცვლება ყველაზე მეტად?
ვფიქრობ, ტექნიკური ბარიერი სულ უფრო გაქრება – ხელსაწყოები უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის. რაც დარჩება და უფრო მნიშვნელოვნად იქცევა, არის თვალი, გემოვნება, დაკვირვება, გაგება, თუ რატომ გვჯერა რაღაცის. ტექნიკა ყველას ექნება ხელთ. განსხვავებას შექმნის ის, თუ ვინ ხედავს კარგად სამყაროს, სანამ მას აღწერს.
2190. Studio-ს მთელი სამუშაო ციფრულია, მაგრამ მათი უნიკალური ხელწერა სწორედ იმ ერთ, შემთხვევით წამში ჩანს, როცა გარემო ცოცხალ, ხელშესახებ განწყობას იძენს. ისინი მხოლოდ არქიტექტურას კი არ აპროექტებენ, არამედ იმ დღეს გვიჩვენებენ, რომელიც ამ შენობებში ჯერ არ მომხდარა – წვიმის შემდეგ სველი ასფალტის სუნს თუ ქუჩაში ჩავლილი სკეიტერის მოძრაობას. აქ ნაგებობა ცოცხლდება იმ უსახელო მომავლით, რომელიც ჯერ არავის გამოუცდია, მაგრამ უკვე გვგონია, რომ გვახსოვს.






