ზეიმი ესპანეთში
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა, რადგან პირველით დაწყებული, ბოლო მატჩით დასრულებული, ყოველდღიურად რაღაც ახალს გვთავაზობდა. საბოლოოდ კი დასრულდა ფინალით, რომელშიც ობიექტურად ორმა უძლიერესმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ზოგადად, იშვიათია ტურნირი, როდესაც გამარჯვებულის ვინაობა არანაირ ეჭვს არ იწვევს. 2010 წელსაც კი, როდესაც ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვეს, შეიმჩნეოდა გამართლების მომენტები, რომელთაც ამ საოცარი გუნდის გამარჯვება განაპირობეს. მაშინ ხომ მეკარე იკერ კასილასმა იმარჯვა, რომელმაც მასთან დამატებით დროში პირისპირ გასული რობენის დარტყმის გაუვნებლება შეძლო. ინიესტამ კი ამ ეპიზოდის შემდეგ გაიტანა იმ მატჩში ერთადერთი გოლი.
სამაგიეროდ, 2026 წლის ფინალურ შეხვედრაში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა ესპანელთა კარის ჩარჩოში ერთი დარტყმის განხორციელებაც ვერ მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ „ფურია როხა“ მატჩის 106-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით შემოიფარგლა, იქამდე შექმნილმა მომენტებმა თუ არჩათვლილმა გოლებმა აშკარად გამოავლინა გადამწყვეტი მატჩის ბატონ-პატრონი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინა – 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალმა როგორც სანახაობრივი მხარის, ისე დრამატულობის თვალსაზრისით, ამჟამინდელს აჯობა, რადგან მაშინ ორივე გუნდმა თანაბარი ძალა გამოავლინა, ამჯერად კი მოედანზე ამინდს მხოლოდ ერთი გუნდი ქმნიდა, მეორე კი პირველი წუთებიდანვე ცდილობდა, მატჩს როგორმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიეღწია.
კარში ემელიანო მარტინესის ყოფნის პირობებში კი მიზანი აბსოლუტურად გამართლებული იყო. თანაც პენალტების სერია ესპანელთა ძლიერი მხარე რომ არ არის, ამაზე მისი ბოლოდროინდელი ფიასკოები მოწმობს როგორც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ერთა თასზეც.
ბუნებრივია, რომ ესპანეთის ნაკრების სტრატეგია სრულიად განსხვავებული იყო და პირველი წუთებიდანვე მეტოქის ნახევარზე გადასვლა, მათ მიერ უკვე შესვენებამდე საქმის მოგვარების სურვილზე მეტყველებდა.
„ფურია როხას“ შემადგენლობა რომ ვარსკვლავურია, ამაზე განსხვავებული აზრი არც შეიძლება, რომ არსებობდეს. მაგრამ მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ მასში, მაგალითად, ოიარზაბალის ნაცვლად, ჰარი კეინი; მაშინ რა დღეში აღმოჩნდებოდა არგენტინის ნაკრები ესპანელებთან მატჩში?
ესპანელებთან შედარებით კონკურენტებს თავდამსხმელის გარდა, სხვა პოზიციებზეც ჰყავდათ უფრო ძლიერი ფეხბურთელები შემადგენლობებში, რასაც უკვე მწვრთნელთა შესახებ საუბრამდე მივყავართ, რომელთა სახითაც ამ მსოფლიო ჩემპიონატმა ანტიგმირებიც შეიძინა.
პირველი მათგანი უსათუოდ დიდიე დეშამია, რომლის გაშვებაც ალბათ ჯერ კიდევ 2016 წელს იყო სასურველი საფრანგეთის ნაკრებისთვის, როდესაც მან საკუთარ კედლებში ევროპის ჩემპიონატის ფინალი ისე დათმო პორტუგალიელებთან, რომ მთელი 120 წუთის მანძილზე ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა მეტოქის კარში.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, გუნდის უკიდეგანო შესაძლებლობებიდან და იმავდროულად, ესპანეთის ნაკრებთან უკანასკნელ პერიოდში ზედიზედ სამი მარცხიდან გამომდინარე, დე შამმა „ფურია როხას“ მწვრთნელ დე ლა ფუენტესთან პაექრობაში, რბილად რომ ვთქვათ, უცოდინარ მწვრთნელად გამოავლინა თავი.
მეორე ანტიგმირი კი თომას ტუხელია, რომელიც ინგლისის ნაკრებში სავარაუდოდ, წინამორბედ გარეთ საუთგეიტის ბედს გაიზიარებს და მას ალბათ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაუშვებენ…
ამ ორი მწვრთნელის „ნამოღვაწარი“ სახეზეა, რადგან ნახევარფინალებში როგორც საფრანგეთს, ისე ინგლისს, უპირველეს ყოვლისა მწვრთნელებმა წააგებინეს და წარუმატებლობაში ფეხბურთელების დადანაშაულება დიდი უსამართლობა იქნებოდა.
აქ კი აუცილებლად უნდა შევჩერდეთ ესპანელთა მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეზე, რომელმაც შესანიშნავი გაკვეთილი ჩაუტარა როგორც ერთ, ისე მეორე კოლეგას და თვით ესპანურ საფეხბურთო სამყაროსაც აჩვენა, რომ ტურნირის მოგება მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების გარეშეც შეუძლია.
თუკი დე ლა ფუენტე შესანიშნავად იცნობს ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, რომლებთან ერთადაც პრაქტიკულად ყველა ასაკობრივი ტურნირი აქვს მოგებული, დე შამი და ტუხელი უფრო ტურისტებს ჰგვანან, რომელთაც გადამწყვეტ მატჩებში გუნდები საკუთარ უაზრო ექსპერიმენტებს გადააყოლეს.
მაგრამ რა უნდა ითქვას არგენტინელთა მწვრთნელ ლიონელ სკალონიზე? ალბათ მხოლოდ კეთილი სიტყვები, რადგან ასეთი გუნდით „კოპა ამერიკის“ ზედიზედ ორჯერ მოგებასთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით იმავეს გამეორება, მართლაც გაუგონარი წარმატება იქნებოდა.
თუმცა, ფინალურ მატჩში არჩეულმა ტაქტიკამ სრულიად სამართლიანად გააღიზიანა ფეხბურთის მოყვარულები. ლაუტარო მარტინესის სათადარიგოთა სკამზე დატოვებას კი ალბათ ჩვენთვის უცნობი მიზეზები ჰქონდა. სამაგიეროდ, მაყურებელმა ჯოვანი სიმეონე იხილა, რომლისგანაც დიდი ფეხბურთელი ვერასოდეს დადგება.
სკალონის ქმედებების საპირისპიროდ დე ლა ფუენტეს ცვლილებებმა ტრადიციულად გაამართლა და როგორც ერთადერთი გოლი, ისე საგოლე გადაცემა მოედანზე შესულმა ფეხბურთელებმა მიითვალეს.
ანტიგმირ მწვრთნელებთან ერთად, ტურნირმა ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებების სახით, ანტიგმირი გუნდებიც დაგვიტოვა და ალბათ არც შევცდებით, თუკი ვიტყვით, რომ მათ თავიანთი არსებობის ისტორიაში, ყველაზე უსახური ფეხბურთი ითამაშეს.
გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ თვალსა და ხელს შუა გაქრა ორი უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ხელწერა, რომელიც ბრაზილიელთა შემთხვევაში ფეხბურთის კომერციალიზაციამ, ხოლო გერმანელთა შემთხვევაში კი მათმა დეფიციტმა გამოიწვია.
სამწუხაროდ, ამავე მიზეზით ბრაზილიელთა ხვედრი მომავალში შეიძლება არგენტინელებმაც და ზოგადად სრულიად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმაც გაიზიარონ, რომელთა გამოსვლასაც 2026 წლის ჩემპიონატზე წარმატებულად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ.
ჩვენ კი, რა თქმა უნდა, იმაზე გვმართებს ფიქრი, რომ არც გუნდი გვყავს მსოფლიო ჩემპიონატთან დაახლოებული და აღარც გულშემატკივრობა ვიცით ჯეროვანი…
აბა რას უნდა მიეწეროს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაუთავებელი ვაი-ვიში იმასთან დაკავშირებით, თუ „ოქროს ბურთის“ მაძიებელთა შორის როგორ დაჩაგრეს თუ დააწინაურეს ესა თუ ის ფეხბურთელი.
მთავარი კი გვავიწყდება, რომ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დაასახელეს. ხოლო ფანტაზიის სფეროში თუკი გადავიჭრებით, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას თუ წარმოვიდგენთ მხსნელად არგენტინელების თუ ფრანგების შემადგენლობაში ესპანელთა წინააღმდეგ…
განა ასე არ მოხდა „პარი სენ-ჟერმენის“ „ჩელსისთან“, „ლივერპულთან“, „ბაიერნთან“ თუ „არსენალთან“ შეხვედრებში? ვიღაც გულშემატკივრების სულელურ მსჯელობას კაცი გვერდს აუვლიდა, მაგრამ დასანანია, როდესაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი „ბაიერნთან“ მატჩის მთავარ გმირს და გერმანული გრანდის გამანადგურებელს აკნინებს და აცხადებს, რომ დღევანდელი მოცემულობით საუკეთესო ფეხბურთელი ოლისეა.
სინამდვილეში კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იმით შევა საფეხბურთო არქივში, რომ ამ ტურნირის ისტორიაში პირველად, მასში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია. ვილი სანიოლის აზრი კი ზოგადად არავის აინტერესებს, რადგან ოლისეს არამცთუ ხვიჩა კვარაცხელიამ, ესპანელმა როდრიმაც აჯობა…




