fbpx

ფურშეტი, რომელსაც არ შევჭამთ


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ამონაშვილი

 

როცა ქალაქი იტბორება, “ვყვირით”, ქალაქი, რომელიც ყველა წვიმის დროს წყლით ივსება,  თეზი გაბუნიას დატბორილ მუზეუმს ჰგავს, მაგრამ ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე აღნიშნული და მისი პრობლემა ახლა ხელისუფლება უფროა, ვიდრე კლიმატური ცვლილებები. 

ის ამბავი კი, რომელზეც კოტე ჯინჭარაძის და ვახო ბუღაძის ნამუშევარი გვიყვება, გვახსენებს, რომ ქალაქი ივსება ერთნაირად უინტერესო არქიტექტურით, რომელიც ჭარბია ერთი ლოკაციისთვის. ინსტალაცია ძველია და ის იპოდრომის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, მას მერე ამ ადგილის ცენტრალურ პარკად გადაკეთების იდეაც გაჟღერდა,  გაიწმინდა კიდეც, სამუშაოები დაიწყო და ეს მზადება არ სრულდება. ქალაქის ცენტრალური პარკის იდეა არსებობს, თვითონ პარკი არა, ისევე როგორც მშვიდობის იდეა. ასეთ პირობებში ქალაქი აღარ ვითარდება როგორც კულტურული ორგანიზმი.

არქიტექტურაშიც და პოლიტიკაშიც ჩნდება საერთო გარემოებები. ურბანული გარემოს ცვლილებაც და ქართული კულტურის პოლიტიკაც დღეს ბიძინა ივანიშვილის სურვილებსა და ხარბ მიზნებზეა აწყობილი. ამ კონტექსტში სიმპტომურია ის ფაქტი, რომ კულტურული ინსტიტუციები ხშირად პოლიტიკური ლიდერის თვითრეპრეზენტაციის სივრცე ხდება. ამის კარგ მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ფოტოების გამოფენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიულ დეტალებს ეძღვნებოდა. ეს  ფაქტი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც პერსონალური იმიჯის ლეგიტიმაცია, ან უბრალოდ ერთი ადამიანის აკვიატება, რომელიც ძალაუფლების გამოხატულებაა. 

ჯინჭარაძის ინსტალაციაში, რომლის სახელწოდებაცაა „პერსონა“, ავტორს მაკეტი აქვს წარმოდგენილი, სადაც ადამიანის სილუეტების მსგავსი პატარა სხვადასხვა ფერის ფიგურებს ვხვდებით, რომლებიც ერთი შეხედვით გამოფენას ესწრებიან. ამ ექსპოზიციაში არის მრავალჯერ გამეორებული ერთადერთი ფოტო, კაცის ნახევარი სახის გამოსახულებით. ბიძინა ივანიშვილის ფოტოების გამოფენა ძალიან ჰგავს ამ მაკეტს, სადაც მთავარი „პირია“, ყველა მიდის და ნახულობს მას, ყველგან ისაა და არსად სხვა არაფერია ამ ორგანოზე მეტად მნიშვნელოვანი. ამრიგად, ოლიგარქის მმართველობის დროს გამოფენის „პირიც“ კი მთავარი პირია. აღნიშნული ინსტალაცია ქმნის სივრცეს, სადაც ერთის უსასრულო გამეორება თითქოს მრავალფეროვნების გაქრობას იწვევს და მისი დომინანტური ძალაუფლება მთლიან სივრცეს ავსებს. დღევანდელი კულტურის პოლიტიკის მთავარი კონტექსტიც სწორედ ამ პრინციპით ყალიბდება.

ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს მთავარი პირების ფოტოების გამოფენა და მათ მიერ უსამართლოდ ხელში ჩაგდებული ძალაუფლებაც. რუსეთის დაკვეთით ხელისუფლება „მენტალურ ანექსიას“ ეწევა და დღეს ქართული სამოქალაქო საზოგადოება ებრძვის მას, ოღონდ არა მიწაზე, არამედ სხვათა სხეულში, მათი თანამოქალაქეების სხეულში. პატარა „პროპაგანდისტი, სამთავრობო ჯარისკაცები“ ყოველდღიურად წამლავენ ქართველ ხალხს და ცდილობენ მათი სხეული ზიზღით გაჟღინთონ, სიძულვილი დათესონ მათში და გონებრივად დააუძლურონ  ადამიანები. ეს ტოქსიკურობა აშკარაა. გარემოშიც და ჩვენს სხეულშიც არა მხოლოდ აქციაზე გამოყენებული მომწამვლელი ნივთიერების კვალია, არამედ იმ ზიზღისა და სიძულვილისაც, რომელსაც გვტენიან და გვეუბნებიან, რომ სწორედ ასეთი ყოფაა მშვიდობიანი.

მაგრამ გისოსებშია მშვიდობა? თუ ადამიანს აკავებენ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო, მაშინ უნდა დაფიქრდეს მოსახლეობა რა ხდება მის თავს. ნამუშევარი „სიმშვიდის სახლები“ ასეთ  აწმყოზე საუბრობს. ხალხს კიდევ „მაღლა ყურება“ სჭირდება, რომ რეჟიმისგან თავის დაღწევის გზა მოძებნოს. პოლიტიკა ასეთ „მშვიდობიან სახლებზე“ ააგო ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ. ყოველდღიურ რეჟიმში პროპაგანდისტული მედიები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აჯერებენ, რომ აქციაზე ხელსახოცის დაჭერის გამო დაკავებული განათლებული, წესიერი და ნიჭიერი ახალგაზრდები საერთო კომფორტისთვის სხედან ციხეებში და იმ მოჩვენებითი წესრიგისთვის, რომელიც ვეღარც მალავს თავის ყალბ ბუნებას. ვინაიდან  მართლა ამ „მშვიდობის სახლებს“ ჰგავს ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ყოველდღიურობა, ჩვენ ის უბრალოდ არ გვჭირდება და მას არ „შევჭამთ“.

არ შევჭამთ არც იმას, რაზეც ინსტალაცია „ფურშეტი“ გვიყვება. ხელისუფლება კრიტიკულ მედიას და მოსახლეობას პირში დაკუჭული ქაღალდის ჩატენას უპირებს, მაგრამ ჩვენი მადა სხვა მიმართულებით არის და ის ნამდვილად იმაზე ბევრად უკეთ  გამოიყურება, ვიდრე ხსენებული.  როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილი აქტივისტი ეტყოდა ხალხს, მეც იმავეს გავუმეორებ მკითხველს: „მშიერ მოსახლეობას მთავრობა ზიზღს და სიძულვილს აჭმევს“. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ არსებობს იმ ადამიანების კატეგორიაც, რომლებიც „ბიძინა ივანიშვილის გამოფენებზე“ დღემდე პირში ჩადებული დაკუჭული ქაღალდით სეირნობენ და როგორც ჩანს, ამას კიდევ დიდხანს აპირებენ. ეს ხალხი არაფრით განსხვავდება ზიზღის მჭამელი მოსახლეობისგან, გარდა იმისა, რომ  მათი წვლილი უფრო დიდია ახალგაზრდების ჩაგვრაში.

ქაღალდით პირგამოტენილი ხალხი იმ პირობებშიც კი არ იღებს მას პირიდან, თუ იგებს, რომ მთავრობამ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი გაასხვისა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. კოტე ჯინჭარაძის „ოკუპაცია“ ძალიან კარგად ასახავს ასეთი მიწების არსებობას და იმას, თუ როგორაა შესაძლებელი ოკუპაცია აგრესიის და ომის გარეშეც, შემოსაზღვრული ტერიტორიით და ზოგჯერ ფარული თუ ღია თავნებობით. ამ პერსპექტივიდან ჯინჭარაძის „ოკუპაცია“ გვიჩვენებს, რომ ტერიტორიის მიტაცება ყოველთვის სამხედრო ინტერვენციას არ საჭიროებს. საკუთრების, სამართლებრივი სტატუსისა და სივრცის კონტროლის გზით ოკუპაცია შეიძლება მშვიდობიან ადმინისტრაციულ პროცესად იქცეს. 

საქართველოში მიმდინარეობს რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი, რომლის აქ გამტარიც ქართული ოცნებაა, ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფრის გაყალბების სურვილს უარი არ უთხრა და დღემდე ყალბი ინდივიდებით ებრძვის საზოგადოებას, გამოგონილი ექაუნთებით ცდილობს გააყალბოს რეალობა და „კმაყოფილი მოსახლეობა“. დღეს კი უკვე ამ აბსურდული ექაუნთების კრიტიკისთვის უპირებს ხალხს დაჭერას. ამიტომ რეჟიმს  ერთ-ერთი ნამუშევრის სათაურით შევახსენებ რა ელის: „Fake it, Fake it – till you Fake it“. იმედია Thomas Hirschhorn-ს მაინც მიუხვდებიან სათქმელს, რადგან ყოველთვის გამოგონილი „ქეთევან მიქიაშვილები“ ვერ დაიცავენ. ციფრული სივრცის როგორი პოზიტიური ილუზიაც არ უნდა შექმნან, მის მიღმა აუცილებლად იარსებებს სინამდვილე და სიმართლე. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მუდმივი სიმულაცია ვეღარ გადაარჩენს!

453 total views, 453 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.