fbpx

ხელოვანი თევზი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმნაიშვილი

რეჟიმისთვის, რომელიც ძალადობაზეა დაფუძნებული, დამოუკიდებელი კულტურა საფრთხეა და ის ყოველთვის ცდილობს მის კონტროლს. ეს პროცესი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ცხადად გამოიკვეთა, მაშინ როდესაც კულტურის პოლიტიკა სულ უფრო მეტად დაექვემდებარა პოლიტიკური გავლენის, საზოგადოებრივი განწყობების კონტროლისა და კრიტიკული აზრის მარგინალიზაციას. 



ქართული ოცნების მსგავსი რეჟიმები, როგორც ხალხს ექცევიან უსამართლოდ და უთანასწოროდ,  ასევე ანადგურებენ ჯანსაღ სახელოვნებო პროცესებს, მსგავსად დღევანდელი რუსეთისა. ვის შეიძლებოდა ეს ეგრძნო თუ არა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულ სახელოვნებო ჯგუფს. “გარიყულები. საფრთხის მომენტში” (2014) რუსული სახელოვნებო კოლექტივის, Chto Delat-ის ნამუშევარია, რომელიც შეიქმნა ყირიმის ანექსიისა და რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების გამკაცრების ფონზე. იგი ასახავს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმში აღმოჩნდნენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყულნი – ინტელექტუალები, აქტივისტები, ხელოვანები და ყველა, ვისი კრიტიკული ხმაც სახელმწიფოსთვის მიუღებელი იყო. ვიდეო აერთიანებს თეატრალურ ელემენტებს, ქორეოგრაფიას და პერფორმანსს. მონაწილეები საკუთარი სხეულით ქმნიან სხვადასხვა სცენებს, სადაც ერთმანეთს ენაცვლება მარცხის, შიშის, წინააღმდეგობისა და სოლიდარობის განცდები. ნამუშევარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დემოკრატიული სივრცის გაქრობას, განსხვავებული აზრის ჩახშობასა და კითხვას, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ხელოვნებას იმ დროს, როდესაც პოლიტიკური ძალადობა ყოველდღიური რეალობაა. ჯგუფი ცდილობს გადმოსცეს მსგავს სიტუაციაში გაჩენილი უიმედობა და კოლექტიური წინააღმდეგობის შესაძლებლობა. დღეს მსგავსი შეგრძნებები და მესიჯები ქართული ხელოვნების ახლობელია. 

Chto delat-ს სხვა არაერთი საინტერესო ნამუშევარიც აქვს, მათ შორის არის The Tower: A Songspiel (2010), რომელიც ეხმიანება სანქტ-პეტერბურგში „ოხტის ცენტრის“ მშენებლობის გარშემო განვითარებულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დაპირისპირებას. ისტორიული ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის, ქალაქის იდენტობისა და საჯარო სივრცის დაცვის მოტივით ეწინააღმდეგებოდა. პროექტი, რომელიც თავდაპირველად შეწყდა, მოგვიანებით „ლახტა ცენტრის“ სახელით სხვა ლოკაციაზე მაინც განხორციელდა. ეს ფაქტი აღიქმებოდა არა მხოლოდ ურბანული განვითარების, არამედ პოლიტიკური ძალაუფლებისა და ბიზნესის ინტერესების გამოხატულებად. მსგავსი პროცესისა და შინაარსის მაგალითები საქართველოშიც მრავლად გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი კი ბიძინა ივანიშვილის წამოწყებული პროექტი “პანორამაა”. მაგრამ  ჩვენთან საზოგადოება სრულად დამარცხდა მავნებლურ პროცესთან, მიუხედავად ხანგრძლივი ბრძოლისა, რომელიც ეხებოდა ქალაქის ისტორიული ლანდშაფტის განადგურებისგან დაცვას.

The Tower: A Songspiel კონფლიქტს კონკრეტული ურბანული შემთხვევის აღწერით არ შემოფარგლავს, არამედ ის საუბრობს მწვავე კრიზისულ სიტუაციაზე, რომელიც ასეთ გარიგებებს ახლავს თან, შფოთვითა და გაღიზიანებით, ხალხის ჩაგვრით და ერთ მაგიდასთან გადაწყვეტილი ქალაქის ბედით. ნამუშევარში ასევე ყურადღება ეთმობა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის შეზღუდვას.  დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა რუსული დღის წესრიგით ცხოვრობს. ამიტომ გამოგვიჩნდა თანამედროვე საქართველოშიც ამდენი საერთო რეჟიმის გამკრიტიკებელ ხელოვანებთან. ჩვენს უახლეს ისტორიაშიც სწორედ ამ მიზეზით დაგვიგროვდა ისეთი მავნე გამოცდილებები, როდესაც ქვეყნის და ქალაქის ბედი ერთ მაგიდასთან და ინდივიდთან წყდება. 

კოტე ჯინჭარაძის მანიპულაციები ძალიან კარგად აჩვენებს იმას, როგორ შეიძლება ადამიანები ფარულად მოქმედებდნენ. არ ვიცოდეთ, ვინ გვასმენს, ვინ გვისმენს, ვინ დაუდგება სასამართლოს ყალბ მოწმედ, ვინაა პასუხისმგებელი მცდარ გადაწყვეტილებებზე და ვინ მოქმედებს ყალბი ექაუნთით. მარტივ მოქმედებებშიც კი იგრძნობა, როგორ იკარგება ინდივიდის იდენტობა და მისი ქცევა ხდება რუტინული და მართული. იქ, სადაც დანაშაულს ხელს აწერს ერთი და მისი იდენტობა დაფარულია, უნდა ველოდოთ, რომ აუცილებლად იქნება სხვა შემთხვევის დაშვებაც. დღეს ქართული საზოგადოება ცდილობს ებრძოლოს იმას, რასაც საერთო ეროვნული დანაშაული ჰქვია – ქვეყნის ღალატს, ღიას თუ ფარულს. 

 

როგორც მთავრობას შეუძლია მანიპულაციები, ისე შეუძლიათ ხელოვანებს იგივე, ოღონდ მათგან განსხვავებით ხალხის სასარგებლოდ. ხელოვანს შეუძლია გამოიწვიოს რეაქცია როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსებში, გამოიწვიოს ქცევაც, თუკი ამის ნება იარსებებს ყოყმანის დონეზე მაინც. The Yes Men არის ამერიკელი არტისტებისა და აქტივისტების დუეტი, რომელიც 1996 წელს ჟაკ სერვინმა და იგორ ვამოსმა დააარსეს. მათ საქმიანობას საფუძვლად უდევს ე.წ. Culture jamming – კულტურული ჩარევის სტრატეგია, რომლის მიზანია კორპორაციული და სახელმწიფო ინსტიტუციების კრიტიკა იუმორის, სატირისა და მედიის მანიპულირების გზით. თავისი პრაქტიკით The Yes Men აერთიანებს პერფორმანსულ ხელოვნებას, მედია აქტივიზმსა და პოლიტიკურ ინტერვენციას.

თავიანთ  შემოქმედებით მეთოდს „Identity Correction“-ს („იდენტობის კორექცია“) უწოდებენ. ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ავტორები დროებით ირგებენ კორპორაციების, სახელმწიფო უწყებებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა როლს. ისინი საჯარო გამოსვლებზე ან პრესკონფერენციებზე აცხადებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის სასურველი, ეთიკური ან სამართლიანი იქნებოდა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ინსტიტუციები მათ მხედველობაში ალბათ არასდროს მიიღებდნენ, პირადი სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე. ამგვარი „ცრუ განცხადებები“ მიზნად ისახავს არა საზოგადოების მოტყუებას, არამედ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების მორალის წარმოჩენას, იმის ჩვენებას, რომ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეიძლება ორგანიზაციები ხალხის სასარგებლოდ ირჩევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კომპანიების მხრიდან მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფის ფაქტები მრავლად მოგვეპოვება, მათ შორის იყო RMG Gold, რომელსაც საყდრისის აფეთქებაში უდიდესი როლი ეკისრება. სწორედ ასეთი უხეში ჩარევებისას შეიძლება გამოვიყენოთ მსგავსი არტისტული ინტერვენცია პოლიტიკურ პროცესში. 

The Yes Men-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აქცია უკავშირდება 1984 წლის ბჰოპალის ქიმიურ კატასტროფასა და ტრაგედიას. 2001 წელს Dow Chemical-მა შეიძინა Union Carbide Corporation, რომლის ინდური შვილობილი კომპანია – Union Carbide India Limited (UCIL) – 1984 წელს ბჰოპალის ქიმიური კატასტროფის თანამონაწილე იყო. Dow Chemical აცხადებდა, რომ ბჰოპალის საქმეზე Union Carbide-ის სამართლებრივი ვალდებულებები 1989 წლის შეთანხმებით უკვე დასრულებული იყო, შესაბამისად, თავად დამატებით პასუხისმგებლობას არ იღებდა. მოვლენიდან ოცის წლის თავზე, 2004 წელს BBC World-ზე The Yes Men  გამოჩნდა თავის სტილში, როგორც Dow-ის წარმომადგენლობა. დუეტმა განაცხადა, რომ კომპანია დაზარალებულებს სრულ კომპენსაციას გადაუხდიდა და პასუხისმგებლობას აიღებდა მომხდარზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ინფორმაცია მალევე ოფიციალურად უარყო,  საზოგადოებამ ყურადღება კვლავ მიაპყრო კატასტროფის მსხვერპლთა პრობლემებს და კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს. დუეტის პრაქტიკა ეფუძნება მოსაზრებას, რომ ზოგჯერ სიმართლე სწორედ გამოგონილი ამბის საშუალებით შეიძლება გამოვლინდეს.

ეს დუეტი განიხილება  კრიტიკული, პერფორმანსული ხელოვნების, მედია აქტივიზმის, სატირისა და „ტაქტიკური მედიის“ (tactical media) კონტექსტში. ეს ერთი შეხედვით ირონიული შემოქმედება გვიჩვენებს, რომ პერფორმანსს შეუძლია პირდაპირ ჩაერიოს საჯარო დისკურსში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს უამრავი რამ. სადაც არსებობს ხელოვანის გამბედაობა, ადამიანების ინტერესების გათვალისწინებაც უფრო შედეგიანად ხდება. იქამდე, ვიდრე ქართველი ხელოვანები არ ეცდებიან კომპანიებს, სახელოვნებო ფონდებს და სხვებს უთხრან, რასაც ისინი მოძალადე რეჟიმთან კავშირის დროს იმსახურებენ, იარსებებს ტყუილი და  უპატივცემულობა. ამის ნათელი მაგალითი საქართველოში გამართული Hessink’s-ის აუქციონი იყო, სადაც ავტორებს პრობლემები შეექმნათ ცრუ შეთანხმებებით. 

ქართულ ყოველდღიურობაში ირონიით, სარკაზმით და სატირით გადმოცემულ ამჟამინდელ ჩვენს მძიმე მდგომარეობას თუ გადავავლებთ თვალს, შეუძლებელია არ შევიმჩნიოთ ფეისბუქ- და ინსტაგრამ-გვერდი “ხაშურის მუნიციპალიტეტი”. მართალია, ამ გვერდს მაღალმხატვრულ ხელოვნებაზე და ზოგადად ხელოვნებაზე არასდროს ჰქონია პრეტენზია, მაგრამ ავტორი მაინც იმსახურებს პატივისცემას, რადგანაც ახერხებს და ქმნის ამბებს, რომელიც ყალბია, მაგრამ მძიმე რეალობასთან იმდენად ახლოსაა, რომ მნახველი იაზრებს პოლიტიკური სისტემის მარცხს როგორც ხაშურში, ისე მთელ ქვეყანაში. ავტორი ამას აკეთებს დამონტაჟებული ვიდეოებით და ფოტოებით, საბჭოთა სოცრეალიზმის პოსტერების მსგავსი ვიზუალის გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტით და იმ აბსურდით, რაშიც ჩვენი სახელმწიფოა. გვერდს ემიგრანტი ბიჭი მართავს  და თითქოს ამ ფორმით გვახსენებს, რატომ ცხოვრობს სხვაგან, რატომ ვართ ჩვენ იქ, სადაც ვართ და რატომ არიან ქვეყნის მმართველები ყოველდღე კომიკურები, ან ყოველ მეორე დღეს და ეს ამბავი რამდენადაც სასაცილოა, იმდენად სევდიანია. 

ბევრ აბსურდულ და მთავრობის მიერ ხელოვნურად გამოწვეულ კრიზისთან ერთად, ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში გულახდილობის და გამბედაობის კრიზისზე გავაკეთებდი აქცენტს, რადგან ორივე მათგანი კომუნიკაციის დეფიციტს წარმოშობს, ასევე ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ცენზურისთვის, რომელსაც საბოლოოდ რეჟიმი ხალხის დასამორჩილებლად იყენებს. კულტურაში გულახდილობის დანაკლისს ბევრი რამ იწვევს, მათ შორის – გაჩუმებული ხელოვანები. რთულია ცენზურაგამოვლილი  ხელოვანი იყოს გულახდილი, შესაბამისად, რთული იყოს მართალი. 

კოტე ჯინჭარაძის პერფორმანსში “დუმილი თანხმობის ნიშანია” ავტორი კომუნიკაციის არარსებობაზე საუბრობს. ნამუშევარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდა. ამბავი შემდეგნაირი იყო: ხელოვანი სპეციალურად შერჩეული ადგილიდან წყალში უშვებდა თევზებისთვის წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებს, ტექსტებს (მინის ჰერმეტულად დალუქული ფირფიტების მეშვეობით, რომელზეც დამონტაჟებული იყო მიკროფონი, თევზების პასუხის შემთხვევაში, რომ დაეფიქსირებინა აღნიშნული) გარეშე მაყურებელი ხდებოდა უნებლიე მოწმე ამგვარი “მოლაპარაკებათა” ყოველი შემდგომი რაუნდის ტრაგიკომიკური ფარსისა. ქმედების აბსურდულობა გამოიხატება დიალოგის დამყარების მცდელობაში ისეთ ოპონენტთან, რომელიც სხვა, განსხვავებულ სამყაროშია და ვერასოდეს დაეთანხმება შენს შემოთავაზებას. რაც წინასწარ არის ცნობილი. დიალოგი დასაწყისშივე განწირულია მარცხისთვის.

პროექტი ეხმიანება უსამართლობას, დისბალანსს და სიმართლისთვის არსებულ ბრძოლაში არათანაბარი ძალის და საშუალების გამოყენებას, სიტუაციას, სადაც ერთი მხარე ცდილობს იძულებული გახადოს მეორე მხარე  დასთანხმდეს მის შეთავაზებას, მაშინ როცა საკომუნიკაციო არსენალში საპირისპიროდ მხოლოდ დუმილია. დომინანტმა მხარემ უნდა გამოიჩინოს შემწყნარებლობა, შეინარჩუნოს ობიექტურობა სუსტი მხარისადმი, რომ ზეწოლა და ძალადობა შეიცვალოს პატივისცემითა და სამართლიანი დამოკიდებულებით. 

კულტურაში გულახდილობის კრიზისი მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის შედეგი არ არის. იგი წარმოიქმნება იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება საჯარო სივრცეს აკონტროლებს, ხოლო განსხვავებული აზრი ცენზურის, თვითცენზურისა და ინსტიტუციური ზეწოლის ობიექტი ხდება. ასეთ ვითარებაში სიმართლის თქმა არა მხოლოდ რთულდება, არამედ ხშირად შეუძლებელიც ხდება, რადგან თავად კომუნიკაციის პირობებია დარღვეული. სწორედ ამ კრიზისს ეხება კოტე ჯინჭარაძის პერფორმანსი „დუმილი თანხმობის ნიშანია“. 

ერთი შეხედვით აბსურდული მოქმედება – წყალში დალუქული დოკუმენტების ჩაშვება და თევზებისგან პასუხის მოლოდინი, სინამდვილეში ასახავს ძალაუფლების მიერ ორგანიზებულ ისეთ დიალოგს, სადაც პასუხის შესაძლებლობა თავიდანვე გამორიცხულია. თევზები ამ შემთხვევაში წარმოადგენენ იმ სუბიექტის მეტაფორას, რომელსაც საუბრის უფლება ფორმალურად შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ რეალურად კომუნიკაციის შესაძლებლობა წართმეული აქვს. მიკროფონი, რომელიც თითქოს პასუხის დაფიქსირებას ცდილობს, კიდევ უფრო ამძაფრებს ირონიას. 

პერფორმანსი შეიძლება წავიკითხოთ როგორც ხელოვანის მდგომარეობის ალეგორიაც. ცენზურის პირობებში ავტორი იძულებულია ისაუბროს ირიბად, მეტაფორებით, ალეგორიებითა და აბსურდის ენით.  დომინანტი ინდივიდი ხდება ის, ვინც დასცინის გარშემომყოფებს თავის ქცევით და ცდილობს მოჩვენებითი დიალოგი შესთავაზოს მათ, ვისაც საუბარი ნაკლებად შეუძლიათ. ესაა ის უკიდურესი ფაზა, რაც შეიძლება სახელმწიფომ დაუშვას. სწორედ ამიტომ არ შეიძლება მოქალაქე დაემსგავსოს თევზს და იცხოვროს მისი მეხსიერებით. უნდა დასრულდეს პერიოდი, რომელშიც რუსეთში არსებული რეალობის აღმწერ და გამკრიტიკებელ ხელოვანებთან ბევრ საერთო ტკივილს დავინახავთ. ასევე უნდა დასრულდეს ძალადობრივი რეჟიმი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.