კინოთეატრი, რომელიც მიძინებულ ქალაქს გამოაღვიძებს – გივიკო არახამიას ახალი პროექტი
კინოთეატრის დარბაზში ნანახი და განცდილი ფილმი უამრავ უცხო ადამიანთან გვაერთიანებს და გვაკავშირებს, თითქოს სიბნელეში ეს რამდენიმე უცნობი ერთი და იმავე სიზმარს ხედავს, სწორედ ეს არის კინოს მაგია.
სამწუხაროდ, ერთი და იმავე სიზმრისა და მაგიის შეგრძნება დღესდღეობით საქართველოში ყველას როდი შეუძლია. უამრავ ქალაქში არა მხოლოდ კინოთეატრი, არამედ უბრალო სასიცოცხლო ნიშან-თვისებებიც კი თითქოსდა მიძინებულია. სწორედ ასეთი ქალაქია ბოლნისიც. მშვიდი და მყუდრო, მაგრამ მიძინებული, ძველ მიძინებულ კინოთეატრთან ერთად.
“მიძინებულ ქალაქში ადგილობრივი ბავშვები, თავიანთი ძალისხმევით გადაწყვეტენ მოაწყონ კინოჩვენება და ვინ იცის, იქნებ ამ კინოჩვენებასთან ერთად ქალაქმაც კი გაიღვიძოს.”
დაახლოებით ორი-სამი წლის წინ ბოლნისში ბავშვებმა ქალაქის გამოღვიძება და ძველი კინოთეატრისათვის ახალი სიცოცხლის მიცემა, კინოჩვენების მოწყობა გადაწყვიტეს. დალაგება, ორგანიზება, ჩვენება შედგა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ერთი წლის შემდგომ ტერიტორია ისევ მიტოვებული და მიძინებული და, სამწუხაროდ, კვლავ დანაგვიანებული აღმოჩნდა. და გივიკო არახამიას მომავალი ფილმის ამბავიც აქედან იწყება. ამჟამად ბავშვები და გივიკო გაერთიანდნენ და საგმირო მისიასთან ერთად ცხოვრებაში ცხოვრების თამაში, დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. ამ ეტაპზე მხოლოდ თიზერი არსებობს, მაგრამ გადაღებები სულ მალე გაგრძელდება.
საბედნიეროდ, კინოჩვენების მოწყობასა და გივიკოს ფილმის გადაღებაში მთელი ქალაქი ჩაერთო. ბავშვები ელოდებიან გივიკოს, სანამ გივიკო ემზადება, კრავს გუნდს, ეძებს ფონდებს, მაგრამ ბოლნისში ჩასვლის თარიღი უფრო და უფრო ახლოვდება.
View this post on Instagram
ქალაქი, ბავშვები და კინოთეატრი ცალკეულ და დამოუკიდებელ პერსონაჟებს წარმოადგენენ. ფილმის სიუჟეტი იწყება ბავშვებისა და ბოლნისის გაცნობით, კინოჩვენების იდეის დაბადებით. კინოჩვენების მოწყობა და კინოთეატრის გაცოცხლება კი გმირების მთავარ მიზნად იქცევა. დალაგება, საჭირო ინვენტარის მოძიება, შესაფერისი ფილმის არჩევა და რეჟისორის მოწვევაც კი – ბავშვების გეგმასა და ფილმის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
მაგრამ პროექტისა და ბავშვების მთავარი ამბავი არ არის მხოლოდ კინოჩვენების მოწყობა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამოღვიძების, ქალაქს სჭირდება მუდმივი კინოთეატრი. კინო კინოსთვის – არის მთავარი მოტივაცია და აზრი ორივე მხარისთვის.
თუმცა დოკუმენტური კინოს მაგია კიდე იმაშია, რომ ყველაფერი პარალელურად რეალურად ხდება და თამაშდება, არასდროს იცი, რა მოხდება. ყველაფერი მოსალოდნელია და ეს ყველაფერი მოულოდნელი შეიძლება გახდეს ფილმის ნაწილში. არასდროს იცი ზუსტად, გადაღების პროცესი როგორ წარიმართება, თუმცა არის ერთი პროცესი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია სწორად წარვმართოთ და ვაკონტროლოთ, შეგვიძლია პროექტში ჩავერთოთ და რეჟისორს დავეხმაროთ, რადგან ახალი ფილმის მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს ბავშვებისა და ახალი თაობის მხარდაჭერას, მათ მომავალსა და განვითარებაზე ზრუნვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქალაქის გამოღვიძებას კინოთეატრთან ერთად.
როგორ დაიწყო ფილმზე მუშაობა? როგორ გაჩნდა იდეა?
3 წლის წინ ადგილობრივმა ბავშვებმა გადაწყვიტეს კინოჩვენების მოწყობა, დაალაგეს მიტოვებული კინოთეატრი, მოასუფთავეს ეზო, გაიტანეს ნაგავი. მე მქონდა ამ ბავშვებთან კონტაქტი და ვგულშემატკივრობდი და როცა ვნახე, ეგრევე ვთქვი: “ეს უნდა გადავიღოთ”. ბავშვებიც ამყვნენ, მინდოდა იმ წელსვე ჩასვლა და მთლიანი ფილმის გადაღება, მაგრამ არ გამოვიდა. მივხვდი, რომ მთლიან ფილმს მარტო ვერ მოვერეოდი და ჩამოვიტანე მხოლოდ თიზერი. თიზერში გამოჩნდნენ თორნიკე ადამაშვილი და ვანო ერისთავი, მათი თაოსნობით ჩატარდა პირველი კინოჩვენება და ეგეც ძაან მომწონს და სიმბოლურია.
როგორ დაგხვდა ქალაქი?
პირველად რომ ჩავედი, სულ ერთი კვირით, ცოტა დაძაბული ვიყავი, ვცდილობდი ჩუმად გადამეღო, რომ ვინმე მცემოდა კითხვებით, მაგრამ პირიქით, მთელი ქალაქი გვეხმარებოდა: “მიდით და თქვენკენ ვართ!” და რასაც არ ვგეგმავდი, ისიც კი გადავიღეთ. ბაზარში შევედით და აი, ძალიან გვგულშემატკივრობდნენ და მესიამოვნა, არ ველოდი, რატომ არ ველოდებოდი… არ ვიცი. უკვე აღარ ვარ დაძაბული, მთელი ქალაქი ღია დაგვხვდა და ახლაც გველოდება ბოლნისი.
ახლა რა ეტაპზე ხარ? დაგეხმარა თუ არა რომელიმე ფონდი?
ახლა ვაკეთებ ყველაფერს, რომ ზაფხულში ერთი თვით წავიდე, იქ ვიცხოვრო და გადავიღო. ფონდთან ურთიერთობა კიდევ ცალკე პროფესიაა, ცალკე ცხრაკლიტული უნდა გაიარო, ჯერჯერობით დაფინანსება არ მაქვს.
ანუ ფილმს იღებ მარტო?
აი, ჰო, მაგრამ ველოდები კიდევ ერთი ფონდის პასუხს, ვნახოთ. თუმცა ვემზადები ჩემი სახსრებით, რადგან ფილმის გადაღება უკვე მისიად მექცა. უნდა ჩავიდე, აღარ მინდა კიდევ ერთი ზაფხულის დაკარგვა. თან კარგი პერიოდია, ბავშვებიც მელოდებიან, ქალაქიც მზად არის.
ბავშვები რა ფილმის ჩვენებას გეგმავენ?
თიზერში ალექსანდრე კობერიძის ფილმს არჩევენ, “რას ვხედავ, როცა ცას ვუყურებ?”. ვნახოთ, ახლა რომ ჩავალ შეიძლება სხვა რამე აარჩიონ.
ბავშვებიც საკუთარი რესურსებით მუშაობენ?
ყველაფერს საკუთარი სახსრებით აკეთებენ.
შენ თუ გყავს გუნდი?
მყავს პატარა გუნდი, ჩემი მეგობრები. ერთად ჩავალთ ერთი თვით საცხოვრებლად და ფილმის გადასაღებად.
მთავარი მოტივაცია რა არის?
არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ჩავედით, ჩვენება მოვაწყვეთ და მორჩა. გვინდა ეს მთელი პროცესის დასაწყისი გახდეს, გვინდა ჩაირთოს კინოთეატრი, გაცოცხლდეს. კარგი იქნებოდა სხვა ადამიანებიც დაინტერესებულიყვნენ ამ პროექტით. მაგალითად, კინომცოდნეები, რომელთაც შეუძლიათ პროგრამის გაწერა, კვირაში ერთხელ მაინც რომ გადიოდეს ფილმი კინოთეატრში. ზუსტად ასე უნდა დამთავრდეს ეგ ამბავი.







