fbpx

“The Hour Before Habit / სანამ ჩვეული დღე დაიწყება“ – oneday.gallery-ის პირველი გამოფენა


გააზიარე სტატია

30 ივლისს სახელოვნებო სივრცე „კურორტში“  გაიმართა oneday.gallery-ის პირველი გამოფენა  „სანამ ჩვეული დღე დაიწყება / The Hour Before Habit“.

გამოფენაში მონაწილეობდნენ: ნატო ბაგრატიონი, ვატო ბაქრაძე, სალომე ბუკია, ლიზი ბუდაღაშვილი, ანა ჩადუნელი, JG Debray, მარიამ გაბრიჭიძე (a.k.a Levi Deni), თეზი გაბუნია, ირინე ჯიბუტი, სოფო ქობიძე, მაკო ლომაძე, ბასა მეტრეველი, მანო მუსხელიშვილი, მია ოქრუაშვილი, გიორგი პოპიაშვილი, ოთო შენგელია, ანა შონია, ოთო ცაგარეიშვილი და მაია ციტაიშვილი,  კურატორი იყო  მარიკა კვირკველიძე.

გამოფენის სათაური დილის იმ მშვიდ მონაკვეთს უკავშირდება, რომელიც გამოღვიძებასა და დღის ჩვეულ რიტმს შორის არსებობს. ეს არის დრო, როდესაც გარემოს განსაკუთრებული ყურადღებით აღვიქვამთ და უფრო მკაფიოდ ვამჩნევთ იმ საგნებს, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობთ. სწორედ ამ მდგომარეობიდან იღებს სათავეს გამოფენის კონცეფციაც – ურთიერთობა, რომელსაც ხელოვნებასთან არა მხოლოდ საგამოფენო სივრცეში, არამედ საკუთარ გარემოში ვამყარებთ და ნდობას ჩვენივე თავის მიმართ, როდესაც ნამუშევართან კავშირს ვგრძნობთ.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების მცირე ფორმატის ნამუშევრები. მათი ზომა შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. პატარა ნამუშევრები არ ითხოვენ განსაკუთრებულ სივრცეს და არც დისტანციას გვიკარნახებენ. პირიქით, ისინი “გვთხოვენ” სიახლოვეს, ახლოდან დაკვირვებას. ისინი არ ცდილობენ სივრცის ცენტრად იქცნენ, მისი ნაწილი ხდებიან და გვიადვილებენ წარმოვიდგინოთ მათთან თანაცხოვრება. 

ამგვარად, გამოფენა ხელოვნების კოლექციონერობასაც განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებდა. ეს არის პირადი და ინტუიციური პროცესი, რომელიც ხშირად ერთ ნამუშევართან უბრალო კავშირით იწყება. იმ მომენტით, როდესაც კონკრეტული ნამუშევარი გვაიძულებს შევჩერდეთ, მას ისევ დავუბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს.

სწორედ აქედან იწყება oneday.gallery-ის ხედვაც. პროექტი, რომელიც საკუთარ პროგრამას თბილისსა და ნიუ-იორკს შორის განავითარებს გამოფენების, სპეციალური პროექტებისა და თანამშრომლობით,  წარმოგვიდგენს ხელოვანებსა და იდეებს, რომლებიც იმსახურებენ აღმოჩენას, გაზიარებასა და ხანგრძლივ ურთიერთობას.




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.