რთველი შამპანში – Moët & Chandon-ის 283-ე მოსავალი და მოგზაურობა შამპანურის შექმნის გულში
შამპანში რთველი მხოლოდ ყურძნის კრეფა არ არის. რამდენიმე კვირის განმავლობაში აქ მთელი წლის შრომა, ბუნებაზე დაკვირვება, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და ადამიანების ზუსტი, თითქმის რიტუალური მოქმედებები ერთ პროცესად ერთიანდება. სწორედ ამ პროცესის „შიგნიდან“ სანახავად შექმნა Moët & Chandon-მა Harvest Experience, რომელიც წელს მეორე სეზონით დაბრუნდა და სტუმრებიც Maison-ის 283-ე რთველის მონაწილეებად იქცევიან.
წლევანდელი რთველი განსაკუთრებულიც აღმოჩნდა. 2026 წლის სეზონმა შამპანის ვენახები საკმაოდ რთულ პირობებში მოაქცია – ძლიერი ყინვები სიცხის განმეორებით ტალღებს ენაცვლებოდა. შედეგად, მოსავლის აღება 14 აგვისტოს დაიწყო – ეს შამპანის ისტორიაში რთველის ყველაზე ადრეული დასაწყისია. მოსავლიანობა შეზღუდულია, თუმცა პირველი ანალიზები ყურძნის განსაკუთრებულ სიჯანსაღესა და სიმწიფის უჩვეულო ბალანსზე მიუთითებს — ფაქტორებზე, რომლებმაც შესაძლოა 2026 წლის ვინტაჟს სრულიად გამორჩეული ხასიათი მისცეს.
1300 ჰექტარი და ერთი ზუსტი მომენტი
Moët & Chandon-ს შამპანის რეგიონში 1300 ჰექტარი ვენახი აქვს, Grand Cru-სა და Premier Cru-ს მრავალფეროვანი ნაკვეთებით. თუმცა ყურძენი ყველგან ერთდროულად არ იკრიფება. თითოეული ნაკვეთისთვის რთველის დრო ცალ-ცალკე განისაზღვრება – ყურძნის დაგემოვნებით ადგენენ იმ ზუსტ მომენტს, როდესაც მარცვალი ოპტიმალურ სიმწიფეს აღწევს. საუკეთესო მტევნები ხელით იკრიფება, საწნახელში კი დამატებით ოპტიკურ სორტირებას გადის. მიზანი ერთია: დაწურვამდე ყურძენმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ხარისხი და ხასიათი.
Harvest Experience სწორედ ამ გზას მიჰყვება – ვენახიდან ბოკალამდე. მოგზაურობა Maison-ის ისტორიულ ვენახებში იწყება, რომლებიც Jean-Rémy Moët-მა ჯერ კიდევ 1811 წელს შეიძინა. აქ Estate Manager Reynald Loiseau სტუმრებს 2026 წლის მოსავლის პირველ შეფასებებს უზიარებს. შემდეგ გზა Oiry-ის საწნეხ ცენტრში გრძელდება, სადაც ახლად დაკრეფილი ყურძენი იწურება, იქიდან კი Mont Aigu-ს ღვინის საწარმოში – ადგილზე, სადაც ფერმენტაცია იწყება და ყურძნის წვენი თანდათან ღვინოდ გარდაიქმნება. სტუმრებს აქ იშვიათი შესაძლებლობაც აქვთ: დააგემოვნონ ღვინოები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ისინი საბოლოო კუპაჟის ნაწილად იქცევა.
ადგილი, სადაც შამპანურს სწავლობდნენ
მარშრუტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაჩერება Fort Chabrol-ია – Moët & Chandon-ის პირველი კვლევითი ცენტრი, რომელიც 1900 წელს დაარსდა. დღეს აქ Natura Nostra მდებარეობს – Maison-ის მასშტაბური პროგრამა, რომლის მიზანიც შამპანის ბიომრავალფეროვნების დაცვაა. პროექტის ფარგლებში იქმნება ეკოლოგიური დერეფნები, რომლებიც სხვადასხვა ბუნებრივ ტერიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს. 2025 წლისთვის Moët & Chandon-ს საკუთარ ვენახებსა და პარტნიორ მევენახეებთან ერთად უკვე 85 კილომეტრი ცოცხალი ღობე ჰქონდა გაშენებული. ინიციატივაში Maison-ის დაახლოებით 2300 პარტნიორი მევენახეც მონაწილეობს. ასეთი ნარგავები, ცხოველებისა და მცენარეების ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასთან ერთად, წყლისა და ნიადაგის დაცვასაც უწყობს ხელს და იმ ლანდშაფტსაც ინარჩუნებს, რომელიც შამპანის იდენტობის ნაწილია.
რთველი Jessica Chastain-თან ერთად
წლევანდელი Harvest Experience-ის განსაკუთრებული სტუმარი Jessica Chastain იყო. ოსკაროსანი მსახიობი გამოცდილებას თავიდან ბოლომდე გაჰყვა: ვენახში, უშუალოდ რთველშიც მიიღო მონაწილეობა, დღის ბოლოს კი Château de Saran-ში გამართულ ვახშამს უმასპინძლა. Moët & Chandon-ის Cellar Master Benoît Gouez-თან ერთად Chastain-მა სტუმრები Maison-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ რეზიდენციაში მიიღო. აქ უკვე რთველის მეორე მხარე გამოჩნდა – არა მხოლოდ ის, თუ როგორ იქმნება შამპანური, არამედ ისიც, თუ როგორ იქცევა ღვინო ადამიანების შეხვედრისა და საერთო გამოცდილების ნაწილად.
ვახშმისთვის Moët & Chandon-ის აღმასრულებელმა შეფმა Jean-Michel Bardet-მა სპეციალური მენიუ შექმნა. თითოეული კერძი კონკრეტული შამპანურის არომატის, ტექსტურისა და ნიუანსების გათვალისწინებით შეირჩა — Brut Impérial-იდან Grand Vintage-ისა და Collection Impériale-მდე.
ეს არის კონცეფცია, რომელსაც Maison savoir-vin-ს უწოდებს – შამპანურის შექმნის ცოდნას, სადაც ტექნიკური სიზუსტე საბოლოოდ ემოციად, მასპინძლობად და გაზიარების სიამოვნებად გარდაიქმნება.
280 წელზე მეტი ერთ ბოკალში – Moët & Chandon-ის ისტორია 1743 წელს იწყება. დღეს Maison-ის შამპანური მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მის პორტფელში კი კლასიკურ Brut Impérial-თან ერთად Ice Impérial და 2023 წელს შექმნილი Collection Impériale შედის.
Harvest Experience ამ ისტორიის ერთგვარი კონცენტრირებული ვერსიაა: ვენახი, ყურძნის კრეფა, დაწურვა, ფერმენტაცია, მარნები, გასტრონომია… და ადამიანები, რომელთა ცოდნაც ამ ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს. რთველის დროს განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ პოპულარული შამპანურის უკან მხოლოდ სახელოვანი ეტიკეტი არ დგას. იქ არის ბუნება, დრო, უამრავი ზუსტი გადაწყვეტილება და ადამიანების კოლექტიური შრომა. და ალბათ სწორედ ამიტომ აღწერს Moët & Chandon წლევანდელ Harvest Experience-ს სამი მარტივი წინადადებით: შედი რთველის სამყაროში. შეიგრძენი Maison. გაიზიარე ეს მომენტი.









