fbpx

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე თვეზე ნაკლები რჩება – საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს NEI NEI წარადგენს


გააზიარე სტატია

ჰიპ-ჰოპის საუკეთესო მოცეკვავეები მსოფლიოს 54 ქვეყნიდან სულ მალე შვეიცარიაში Red Bull Dance Your Style-ის ფინალზე შეიკრიბებიან. 24 ოქტომბერს შოუს ციურიხის ისტორიული დარბაზი Hallenstadion უმასპინძლებს. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება ეროვნული ფინალის გამარჯვებული ლევან ქურდაძე, იგივე NEI NEI, რომელიც ივლისში კუს ტბაზე გამართულ ღონისძიებაზე მაყურებელმა შეარჩია.

„როგორც კი მუსიკა იწყება, ყველაფერი ქრება. აღარ არსებობს არც ფიქრები და არც გარე სამყარო – მხოლოდ მუსიკა, ემოციები და მოძრაობა. სწორედ ეს ემოციები მართავს ჩემს სხეულს, ჩემი მოძრაობაც მათ მიჰყვება და იქმნება ის, რასაც ადამიანები სცენაზე ჩემგან ხედავენ“, – ამბობს NEI NEI.

სანამ მსოფლიო ფინალის საგზურს მოიპოვებდი, საკმაოდ დიდი გზა გაიარე. Red Bull Dance Your Style-ის მონაწილე წელს უკვე მესამედ იყავი და ამჯერად გამარჯვებაც მოიპოვე. მოგვიყევი ამ გამოცდილების შესახებ:

„ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მსოფლიო ფინალზე მივემგზავრები. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, – აქ გაჩერებას არ ვაპირებ.

წინა ორ მონაწილეობასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. კარგად დავინახე, რომ Red Bull Dance Your Style ჩვეულებრივი ბეთლი არ არის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებელთან კავშირი, მუსიკის შეგრძნება და საკუთარი ემოციებისა და ენერგიის გაზიარება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ მაყურებელი იღებს. ვფიქრობ,  გამოცდილებამ და ამ ყველაფრის გააზრებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს წლევანდელ გამარჯვებაში.

როდესაც წამყვანი ხმების დათვლას იწყებდა და ყველანი ველოდებოდით, ვინ გახდებოდა გამარჯვებული, ირგვლივ მიმოვიხედე და ყველგან ლურჯი განათება დავინახე. მე ლურჯ კუთხეში ვიდექი და საოცარი შეგრძნება იყო, როცა გარემო ლურჯად კაშკაშებდა. ეს იყო ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოცია, რაც ოდესმე განმიცდია.“

რა არის შენთვის ცეკვა? რას გრძნობ მაშინ, როდესაც სცენაზე დგახარ და მუსიკა იწყება?

„ყველაფერი 2017 წელს დაიწყო. მეგობარს საცეკვაო სტუდიაში გავყევი. თავიდან დარბაზში შესვლას არც ვაპირებდი, თუმცა მუსიკის ხმას  მივყევი და აღმოვჩნდი სივრცეში, სადაც საკუთარი თავის გამოცდა მომინდა. პირველივე სპონტანურმა გაკვეთილმა დამარწმუნა, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა.

დადგმული ნომრებით დავიწყე, მაგრამ მალევე ჩემი მენტორის რჩევით და ხელშეწყობით საზღვარგარეთ სხვადასხვა საცეკვაო ბანაკში აღმოვჩნდი. სწორედ ბანაკში გავიცანი კევინ პარადოქსი, რომელიც ფრისტაილის კლასებს ატარებდა და ამ მიმართულებისადმი  დიდი ინტერესიც გამიჩნდა. ამის შემდეგ მთლიანად ფრისტაილზე  გადავერთე. კიდევ უფრო აქტიურად დავიწყე ბანაკებში, ბეთლებსა და საერთაშორისო ღონისძიებებზე სიარული. რაც უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებდი, მით უფრო მინდოდა, ეს კულტურა და ეს შეგრძნება საქართველოშიც გამეზიარებინა.

ასე დაიბადა Mozaika Dance Battle – ბეთლი, რომელიც დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარულია. ჩემს სტუდიასაც Mozaika ჰქვია და ეს ყველაფერი ერთი დიდი იდეის ნაწილია.

ჩემთვის ცეკვა დღე ცხოვრების წესია. უკვე გამოცდილებაც დავაგროვე, მაგრამ სცენაზე გასვლის წინ მაინც ყოველთვის ვღელავ. ეს არ არის შიში იმისა, რომ რაიმე შემეშლება, არამედ ეს არის ისეთი მღელვარება, რომელიც დამატებით ენერგიასა და მოტივაციას მაძლევს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენო“, – გვიყვება NEI NEI.

1 წლის შვილის მამა ხარ, – შეიცვალა თუ არა შენი დამოკიდებულება ცეკვისა და მიზნებისადმი შვილის დაბადების შემდეგ? გაძლევს თუ არა ის დამატებით მოტივაციას სცენაზე?

„მამობა სრულიად ახალი ეტაპია. თავიდან რთული იყო პროფესიული ცხოვრებისა და მშობლობის შეთავსება, თუმცა შემდეგ მისი წყალობით უფრო მეტად ვისწავლეთ დროის სწორად განაწილება და ერთმანეთის მხარდაჭერა. ჩვენს ოჯახში ყველა მოცეკვავეა, ამიტომ ერთმანეთის კარგად გვესმის. ხშირად სახლშიც ვცეკვავ მისთვის და ისიც პატარა მოძრაობებით აჰყვება ხოლმე რიტმს, ეს განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს. მშობლობამ უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაცია მომცა, – მინდა, ჩემი შვილი ჩემით ამაყობდეს და მისთვის სამაგალითო ვიყო. 

მშობლობა დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი მოტივაციაა ჩემთვის, რომ უკეთესი გავხდე, – იქნება ეს ცეკვა, მამობა თუ უბრალოდ კარგ ადამიანად ყოფნა. სწორედ ეს მაძლევს ძალას, ყოველდღე საკუთარ თავზე უფრო მეტი ვიმუშაო“.

რა გამოცდილებაა Red Bull Dance Your Style-ში მონაწილეობა არა მხოლოდ შენთვის, არამედ ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეებისთვის?

„Red Bull Dance Your Style-ში მონაწილეობა ყველა მოცეკვავისთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, რადგან ეს ჩვეულებრივი ბეთლი არ არის. აქ მნიშვნელოვანია იყო თავისუფალი, ისიამოვნო პროცესით, დაუკავშირდე მუსიკას, მაყურებელს და შენი ენერგია მათაც გაუზიარო. სწორედ ეს ხდის ამ ფორმატს უნიკალურს.

ვფიქრობ, საქართველოში ჩატარებული თითოეული მსგავსი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ცეკვის „ქომუნითისთვის“. ახალგაზრდა მოცეკვავეები გვიყურებენ, ჩვენგან იღებენ შთაგონებას. ამიტომ, როცა უკვე იმ თაობას წარმოადგენ, რომლისგანაც სხვები მაგალითს იღებენ, ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის“, – ამბობს NEI NEI. 

მალე ციურიხში მიემგზავრები მსოფლიო ფინალზე, სადაც პლანეტის საუკეთესო მოცეკვავეები შეიკრიბებიან. როგორ ემზადები და რა მოლოდინები გაქვს ამ დიდი გამოწვევის გზაზე?

„აქტიურად ვვარჯიშობ ჩემს საცეკვაო გუნდთან ერთად. კვირაში ხუთი დღე გავდივართ რეპეტიციებს, მათგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ. თუმცა, ყველაზე დიდი მოტივაცია ისევ ჩემი ოჯახია – ჩემი შვილი და ჩემი მეუღლე, რომელიც ამავდროულად ჩემი მენტორიც არის.

მსოფლიო ფინალზე ჩემი მთავარი მიზანი საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენაა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა, – დარჩე საკუთარი თავის ერთგული და სცენაზე ზუსტად ის აჩვენო, ვინც სინამდვილეში ხარ. მჯერა, რომ სწორედ ასე შევძლებ ღირსეულად წარმოვადგინო როგორც საკუთარი თავი, ისე საქართველო“.

ქართველი მოცეკვავე მსოფლიო ფინალზე 64 მონაწილეს შორის წარდგება. შვეიცარიაში ოქტომბრის ბოლოს 200-ზე მეტ მოცეკვავეს და კრეატორს ელოდებიან. რამდენიმე დღით ციურიხში სრულად საცეკვაო ატმოსფერო შეიქმნება. 24 ოქტომბერს კი მაყურებლის გადაწყვეტილებით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო გამარჯვებულ გამოვლინდება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.