Spring Puzzles – როცა ხელოვნება და ფაზლი ერთმანეთს ხვდება
ფაზლის აწყობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე ნაწილის ერთმანეთთან შეერთება – ეს არის სიმშვიდის, ფოკუსისა და შემოქმედებითი განტვირთვის პროცესი. სწორედ ამ გამოცდილების კიდევ უფრო გაფერადებისა და ქართულ ბაზარზე ახალი ენერგიის შემოტანის იდეით დაიბადა პირველი ქართული ფაზლების ბრენდი Spring Puzzles.
ბრენდი 2026 წლის მარტში მეგი ნაჭყებიამ და ირინა მასხულიამ შექმნეს. მათი მიზანია გააერთიანონ ფაზლებისა და თანამედროვე ხელოვნების სიყვარული: ხელი შეუწყონ საქართველოში ფაზლის კულტურის განვითარებას და ამავდროულად, ქართველი არტისტების შემოქმედება სრულიად ახალი, ინტერაქციული ფორმით გააცნონ ფართო აუდიტორიას.
ამჟამად Spring Puzzles-ის კოლექცია 8 სხვადასხვა ქართველი ხელოვანი ქალის ნამუშევარს აერთიანებს. ესენია: ანასტასია კვანჭახაძე, თუთუ კილაძე, ანა-ანასე მარგველაშვილი, თეა-თეოკო ქობალია, სალომე ბერიძე, თეა აკობია, თეონა ურატაძე და ანანო ქევანიშვილი. თითოეული ხელოვანის ფაზლი განსხვავებული და უნიკალურია როგორც ვიზუალურად, ასევე ზომის მხრივ – ამჟამად გვაქვს 100-, 300-, 500- და 1000-ნაწილიანი ფაზლები. ნახატისა და ნაწილთა რაოდენობის გათვალისწინებით, ფაზლები სხვადასხვა სირთულისაა – ზოგიერთი ძალიან მარტივად ასაწყობია, ზოგს კი მეტი ნებისყოფა და ძიება სჭირდება.
თითოეული ფაზლის აწყობა შტრიხებისა და ფერების სიღრმისეულ შესწავლას ნიშნავს – პროცესში ეცნობით არტისტის ინდივიდუალურ ხატვის სტილს, საბოლოოდ კი საკუთარი ხელით აწყობილი ხელოვნების ნიმუშის მფლობელი ხდებით.
Spring Puzzles-ის 5 ახალი ნამუშევარი კონცეფციის, “Explore Georgia through Puzzles — აღმოაჩინე საქართველო ფაზლიდან ფაზლამდე” ირგვლივ ერთიანდება. ფაზლის თითოეული ნაწილი პატარა ისტორიაა, რომელიც აწყობის პროცესში ცოცხლდება და საშუალებას გაძლევთ, ჩვენი ქვეყნის კულტურა სრულიად ახლებურად დაინახოთ: დაიწყოთ სამზარეულოდან, გააცოცხლოთ ქართული ორნამენტებისა და ხალიჩის დეტალები და იმოგზაუროთ ძველი თბილისის ქუჩებში.
ეს სერია შექმნილია მათთვის, ვისაც სურს განტვირთვა შემეცნებას შეუთავსოს და საქართველოს კულტურა საკუთარი ხელებით „ააწყოს“. ის იდეალური საჩუქარია როგორც ადგილობრივი აღმოჩენების მოყვარულთათვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.
Spring Puzzles-მა ასევე დაიწყო ახალი, საბავშვო სერია ყველაზე პატარა კოლექციონერებისა და აღმომჩენებისთვის. საბავშვო ხაზის პირველი ნამუშევარი მხატვარ თეა-თეოკო ქობალიას ილუსტრაცია — „ყვავილების ტყეა“.
სერიის მიზანია ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შეაყვაროს ფაზლის აწყობის ჯადოსნური პროცესი, განუვითაროს ყურადღება, წვრილი მოტორიკა და წარმოსახვა. „ყვავილების ტყის“ აწყობისას პატარები ზღაპრულ პერსონაჟებს იპოვიან, შეაბიჯებენ ფერად სამყაროში და თითოეული დეტალის შეერთებით უდიდეს სიხარულს მიიღებენ.
სამომავლოდ Spring Puzzles-ს ძალიან ბევრი გეგმა აქვს – ჩვენ აქტიურად ვეძებთ და ვთანამშრომლობთ როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ ხელოვანებთან და ვცდილობთ, მათი ნახატები მრავალნაწილიან ფაზლებად ვაქციოთ.
2 ოქტომბერს გოეთეს ინსტიტუტში Spring Puzzles-ის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მოგიყვებით როგორ გაჩნდა Spring Puzzles-ის იდეა, რა არის ჩვენი ბრენდის კონცეფცია, როგორ ვპოულობთ და ვარჩევთ არტისტებს, ასევე გიამბობთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე და სხვა. ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება იმ ილუსტრატორების და მხატვრების გაცნობა, რომელთა ნახატების მიხედვითაც ჩვენი ფაზლები შეიქმნა. ღონისძიება ასევე მოიაზრებს ფაზლების გამოფენა-გაყიდვას.











