ფესტივალი TKESHI ლისაბონიდან ახალ ევროპულ თავს ხსნის
როდესაც მშობლიური სივრცე ავიწროებს თავისუფალი შემოქმედების საზღვრებს და სახელმწიფოს მზარდი ზეწოლა ხელოვნების ხმას ჩახშობით ემუქრება, კულტურა გადარჩენისა და წინააღმდეგობის ახალ ფორმებს პოულობს. 2020 წელს თბილისის მახლობლად, ფიჭვნარის მყუდრო წიაღში დაბადებული ახალი მედიახელოვნებისა და ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი TKESHI, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებასა და ტრადიციულ ლოკაციაზე უარის თქმის მიუხედავად, არ წყვეტს არსებობას და კულტურული წინააღმდეგობის ნიშნად საზღვრებს სცდება – ტყის მშვიდი სიჩუმე ოკეანისპირა ლისაბონის მღელვარებით იცვლება.
ფესტივალ Tkeshi-ს 2026 წლის გამოშვება ოქტომბერში, პორტუგალიელ პარტნიორებთან ერთად, თავისი ისტორიის ახალ, ევროპულ თავს იწყებს. ორგანიზატორების თქმით, ეს არ არის უბრალო გეოგრაფიული გადანაცვლება – ეს არის კულტურული ხიდი, ვინაიდან ბოლო წლებში უსაფრთხოების გამოწვევებმა და ავტორიტარიზმის მზარდმა ტალღამ არაერთხელ აჩვენა ევროპის ახალი საზღვრების მნიშვნელობა – თბილისიდან ლისაბონამდე – როგორც დემოკრატიული სივრცის დაცვის კონცეფცია.
კითხვაზე, რატომ ლისაბონი? TKESHI-ს ერთ-ერთი კურატორი გიორგი სპანდერაშვილი გვპასუხობს:
ზოგადად, ფესტივალის საქართველოდან გადატანამდე, ისედაც ვფიქრობდით სხვადასხვა ქვეყანაში TKESHI-ის აუდიო-ვიზუალური პროგრამის წარდგენას. პირველი სიგნალი და ინტერესი სწორედ ლისაბონიდან გაჩნდა 2024 წელს. ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა არსებობს პარტნიორი პლატფორმა/ორგანიზაცია, რომელიც რეალურად დაინტერესებულია თანამშრომლობითა და ურთიერთგაცვლით. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – გამოჩნდა ორგანიზაცია RnA სტუდიო – და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.
ასევე, 2024 წელს ევროსტრუქტურების ტრიბუნიდან გაისმა განცხადება ევროპის საზღვრების შესახებ, განცხადებაში ნახსენები იყო: ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე, და ეს გეოგრაფიული ასპექტი, სიმბოლურად ბევრი მნიშვნელობის მქონეა ჩვენთვის. ეს შეიძლება არ იყოს მთავარი მიზეზი, მაგრამ ჩვენთვის სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს რუსეთის მიმდინარე აგრესიისა თუ ზოგადად დემოკრატიის კრიზისის ფონზე.
ნამდვილად არ არის მარტივი განსხვავებულ გარემოში პირველი ნაბიჯების გადადგმა და გაცნობიერებული გვაქვს, რომ ეს პროცესი ბევრ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. მთავარი ხელის შემშლელი მიზეზი კი ალბათ ფინანსური ფაქტორია, რაც ბევრ მიმართულებას აფერხებს. ამიტომ გადავწყვიტეთ წელს არა სრული მასშტაბის ფესტივალის გამოშვების ორგანიზება, არამედ ე.წ. 1-დღიანი ღონისძიების ფორმატით წარდგენა, ძირითადად ქართველი და პორტუგალიელი არტისტების მონაწილეობით.
სად უმასპინძლებს ლისაბონი TKESHI-ს და რამდენად შეინარჩუნებს ფესტივალი თავის მთავარ იდენტობას, თბილისურ ტყის სესიებსა და ბუნებასთან იმ ორგანულ კავშირს, რაც მას გამოარჩევდა?
ფესტივალის მთავარ შოუქეისს 10 ოქტომბერს Those Who Dance – უმასპინძლებს. ასევე წარმოდგენილია პარალელური პროგრამა სხვადასხვა ორგანიზაციაში.
რაც შეეხება ჩვენს მთავარ იდენტობას, ვიტყოდი, რომ აქ ტყესთან და ბუნებასთან ერთად, კიდევ ერთი ასპექტია – ჩვენი პროგრამა და პრეზენტაციის ფორმატი. მაგალითად, ჩვენ თითქმის არასდროს წარვადგენთ მუსიკას/მუსიკოსს ვიზუალური ნაწილის გარეშე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, გამოსახულება მხოლოდ თანამდევია მუსიკალური პროექტის. ჩვენთვის გამოსახულება და მუსიკა თანაბარი მნიშვნელობის მატარებელია და ამის მიხედვით ხდება ყველა პროექტის შერჩევა და პროგრამაში წარდგენა. ამიტომ, ჩვენი იდენტობის ეს მახასიათებელი სრულად გვაქვს შენარჩუნებული.
რაც შეეხება ტყეს და ბუნებას, რა თქმა უნდა, ეს არ გვავიწყდება და სწორედ ამისკენ ვისწრაფვით. თავდაპირველად TKESHI-ის ლისაბონში ჩატარების იდეა სწორედ ღია სივრცეს, ბუნებაში ჩატარებას უკავშირდებოდა. თუმცა ამ წელს ფინანსური და საორგანიზაციო გამოწვევების გამო ეს ვერ მოხერხდა. ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ორგანიზება გავუწიოთ ფესტივალის სრულფასოვან გამოშვებას, სადაც ტყე და ბუნება წამყვანი გარემოება და ჩვენი პროგრამის ნაწილი იქნება.
ფესტივალის ფარგლებში უკვე დაიწყო ვორქშოფები და საგანმანათლებლო ინიციატივები. კონკრეტულად რა თემატიკას ეძღვნება ეს დღეები, ვისთვის არის განკუთვნილი, როგორია ადგილობრივთა დაინტერესება და ვინ არიან პროექტის მონაწილეები?
TKESHI-ს წლევანდელი საგანმანათლებლო პროგრამა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, რეალურ დროში გენერაციულ AI-ისა და TouchDesigner-თან მუშაობას, აუდიო-ვიზუალურ პრაქტიკებს, სპექტრალურ ანალიზსა და აკუსტიკური და ელექტრონული ჟღერადობების სინთეზს. ასევე Hiveworx – Design School-ში გაიმართება საუბრები და ჩვენებები ქართული ვიდეო და მედია ხელოვნების კონტექსტის შესახებ.
საგანმანათლებლო პროგრამა, პირველ რიგში, განკუთვნილია ადგილობრივი არტისტებისთვის, მუსიკოსებისთვის, დიზაინერებისთვის, სტუდენტებისა და ზოგადად შემოქმედებისა და ტექნოლოგიების კვეთაზე მომუშავე ადამიანებისთვის. პროცესში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პრაქტიკოსები. ბევრ მათგანთან უკვე წლებია თანამშრომლობის გამოცდილება გვაკავშირებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ TKESHI, პროგრამის პარალელურად, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის სივრცეც იყოს. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი არტისტი, რომელიც თავდაპირველად მონაწილეობდნენ ჩვენს საგანმანათლებლო აქტივობებში, მოგვიანებით უკვე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების წარმდგენები გახდნენ ჩვენივე პროგრამაში.
ვორქშოფებისა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია TKESHI-ს ვებგვერდსა და Instagram-ზე.
10 ოქტომბერს ფესტივალი მასშტაბური ლაივით იხურება. რის მიხედვით შეირჩნენ ქართველი არტისტები და რა მთავარ სათქმელს, ისტორიასა თუ გამოცდილებას გადასცემს მათი სელექცია უცხოელ მსმენელსა და მაყურებელს?
შერჩეული არტისტების უმრავლესობა ის ადამიანია, ვისთანაც ამ წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა TKESHI ღონისძიებების სერია იყო, დიდი და ძალიან საინტერესო თანამშრომლობის გამოცდილება გვაკავშირებს. ჩვენ მათ არა მხოლოდ უბრალოდ ფესტივალის მონაწილეებად, არამედ TKESHI-ის შემქმნელებად ვთვლით. ამიტომ, პირველ რიგში, ეს იყო ერთ-ერთ მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა წარმატებით წარადგენს საქართველოს სცენას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და სახელიც აქვთ დამკვიდრებული. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სხვა მხრივ კი, ალბათ მთლიანობაში ეს სელექცია არის იმის შესახებ, რომ გვინდა ნაწილობრივ მაინც მოვუყვეთ განსხვავებულ გარემოში, განსხვავებულ აუდიტორიას ქართული აუდიო-ვიზუალური ხელოვნების შესახებ.
ჩვენი მთავარი პარტნიორი Those Who Dance ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის უბრალოდ კლუბი, არამედ მულტიფუნქციური შემოქმედებითი და ე.წ. “ქომუნითი” სივრცეა, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, TKESHI-ის შოუქეისის წარდგენის ადგილს როცა განვიხილავდით.
2027 წელს სრული მასშტაბით დაბრუნებას გეგმავთ. ხედავთ თუ არა შანსს, რომ TKESHI ოდესმე კვლავ დაუბრუნდეს თავის საწყისს, საქართველოს, თუ ფესტივალი საბოლოოდ გარდაიქმნა მოძრავ, „დევნილობაში მყოფ“ პლატფორმად?
კი ნამდვილად ვგეგმავთ და გვინდა, რომ 2027-ში ლისაბონში ჩავატაროთ TEKSHI-ის სრულმასშტაბიანი გამოშვება, ისე როგორც თბილისში ვატარებდით, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ალბათ ფინანსებზე. ბევრ ძალიან საინტერესო საერთაშორისო არტისტთან გვაქვს მოლაპარაკებები დაწყებული – მათი მხრიდან სურვილი და დაინტერესება დიდია. ასევე ვფიქრობთ, რომ მეტ დროს დავუთმობთ ქართველი და საერთაშორისო არტისტების თანამშრომლობით პროექტებს, რომელთა პირველი წარდგენაც ე.წ. “ქომიშენი” TKESHI-ის ეგიდით მოხდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩვენი საქმიანობა.
რაც შეეხება პასუხს თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილზე – რა თქმა უნდა! ჩვენ არასდროს გვიფიქრია ფესტივალის გადატანაზე სხვა ქვეყანაში, თანამშრომლობებზე და წარდგენებზე – კი, მაგრამ გადატანაზე არა! რადგან ეს ყველაფერი თბილისის ორგანულ ნაწილად მიგვაჩნდა და თბილისისთვის კეთდებოდა. თბილისში გვინდოდა ჩვენი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც მუდმივად კავშირზე იქნებოდა მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქთან და ქართველ არტისტებს, განსაკუთრებით – დამწყებ შემოქმედებს, ამ კავშირების გამოყენების შესაძლებლობებს მისცემდა… თუმცა, მოხდა ის, რაც მოხდა, მიუხედავად რეპრესიული კანონებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა, ჩვენ ვცადეთ მუშაობის გაგრძელება, მაგრამ როდესაც ფესტივალის ჩასატარებლად მუნიციპალიტეტი საკუთარი სივრცის დათმობაზე უარს გეუბნება, ეს უკვე წყალგამყოფი აღმოჩნდა. TKESHI-ის ბოლო გამოშვება თბილისში, 2025 წლის ზაფხულში, შეიძლება ითქვას, რომ თავშესაფრის ძიების რეჟიმში ჩავატარეთ, ე.წ. მარცხენა სანაპიროს კლუბებსა და სივრცეებში. მნიშვნელოვანია, რომ ისე სწრაფად იცვლება გარემოებები, დღეს, ერთი წლისთავზე ამ სივრცეების აბსოლუტური უმრავლესობა აღარ არსებობს იმ ტერიტორიაზე, რადგანაც, გასხვისდა და, სავარაუდოდ, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მორიგი სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება.
TKESHI-ის საქართველოში იმ ფორმატით დაბრუნება პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.
პ. ს. აქვე მინდა გაგიზიაროთ Ilpo Väisänen-ის, საერთაშორისო აღიარების მქონე ისტორიული ელექტრონული მუსიკალური პროექტის, Pan Sonic ერთ-ერთი წევრის მოკლე ინტერვიუ, ვისაც 2025 წელს ვუმასპინძლეთ თბილისში და ამ მოკლე ინტერვიუში კარგად ხსნის ჩვენი ტიპის არაკომერციული ფესტივალების მნიშვნელობას.








