fbpx

ძაღლები ყეფენ? არაფერს იცავენ


გააზიარე სტატია

სათქმელი, რომლის თქმაც მინდოდა, უკვე სხვა, უფრო ხმამაღალ ამბებს ჩამორჩა. რთულია ვადაგასული საკვებით მოწამლულ ბავშვებზე, დემონტაჟისთვის განწირულ სკოლებსა  და უსამართლოდ დაკავებულ ხალხზე უფრო საყურადღებო არასწორად მართული სახელოვნებო პროცესები იყოს, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა. მაგრამ არის  საკითხები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში თანაარსებობს სოციალურ პრობლემებთან ერთად.

გავიხსენებ E.A. Shared space-ის 2021 წლის გამოფენას “ოპერა მრავალ საფეხურზე, მიმდინარე აქტი, ხროვა, პაქტი” და ნამუშევარს  “echo of the kennel b arch in spring”, რომელშიც გაცხადებულად საჯაროს გადაფაროდა უფრო ინტიმური, ჩამოკიდებულ ჯაჭვზე აღარავინ იყო დაბმული და სცენას მარტოობა ეტყობოდა. საგამოფენო სივრცეში ნამუშევრები  იპრანჭებოდნენ, წუწუნებდნენ თავიანთ ყოფაზე, ურთიერთობებზე და ზოგჯერ თავიანთი თავის გარდა არ საუბრობდნენ არავისზე. 

 

ისინი შეიქმნა სოფი იუნგის თბილისში ყოფნის პერიოდში, როდესაც ავტორი  ოპერის, ბალეტის, თეატრისა და სანატორიუმების მემკვიდრეობას იკვლევდა. ეს იყო ამბები ნგრევაზე,  რომელშიც ქრებოდა წარსული, იფანტებოდა საგნები და იკარგებოდა ადამიანური გამოცდილებები. ექსპოზიციაში ბევრი ძაღლის ფიგურა იყო, ისინი არ ყეფდნენ, გაურკვეველია, რას უერთგულეს კონკრეტულ სივრცეში და იქნებ არც არაფერს, ან იქნებ საგნებს: კედელს, ოთახს, შპალერს, ხის სკამს, ნაჭრებს… ბოლო დროს ქალაქში ხშირად იგრძნობა ეს “ნაჭრები”, მაგრამ ეს ქალაქის ქსოვილია, ან დაშლილი ქალაქის ნაგებობის მკვდარი ფრაგმენტები. 

 

 წელს  სადაც ყველაზე კარგად ვიგრძენი, რა უნდოდა ხალხს, რომ ენახა,  –  რა ენატრებოდათ, რა მოსწონდათ, რას თვლიდნენ საინტერესოდ, რა შეიძლება შეჰყვარებოდათ, ეს იყო ამბავი  მელიქ-აზარიანცის სახლის სარდაფების სანახავად მისული მოქალაქეები. დიდი ხანია ასე მძაფრად არსად მიგვრძნია ძველი არქიტექტურის სიყვარული. მოქალაქეების ყურადღება იწვევდა განცდას რაღაცის გამორჩეულობის –

სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა ალბათ, ვიდრე ძველი, მაგრამ საზოგადოებისთვის ახლად აღმოჩენილი არქიტექტურაა, საქმე თბილისის ურბანული განვითარების პრობლემებშია, სადაც გასული საუკუნის ნამუშევრები ეტაპობრივად ინგრევა და ქრება. სწორედ ამაზე გვესაუბრებოდა სოფი იუნგის ნამუშევრებიც, ამ ნოსტალგიაზე და სენტიმენტებზე. სწორედ ამ სარდაფების გარშემო გამოწვეული ინტერესი ამხელს ჩვენს სურვილებს. 

 

როცა ყველა დაკარგული, დაბეტონებული ტერიტორიისა და დათმობილი სივრცის ამბავი მძიმეა, სიხისტე კი ხელისუფლების მთავარი პასუხია, მაშინ როგორ უნდა იცხოვროს მოქალაქემ? 

,,რა დავაშავეთ ჩვენ,

ვინც ვერ გავმდიდრდით,

ვერც გავლოთდით, 

ვერც დავიხოცეთ? 

ზვიად რატიანის ამ ლექსში ალბათ ტკივილი საკუთარ პატრონს ვეღარ იცნობს, მაგრამ მალე  ვერც ქალაქს ვიცნობთ და ვერც საკუთარ თავს –  დათმობილი ქალაქის, ქვეყნის სევდა მოგვერევა, თუკი ვერ გადავრჩით. 

 

ნატალია ვაწაძის გალერეა “მოდი, გაჩვენო რაღაც მშვენიერი” ჯგუფი „ბულიონის“ მორიგი პროექტია და მას არ აქვს მუდმივი სივრცე, ადგილი, ის მოძრავია, ძირითადად ჩნდება საჯარო სივრცეში, სხვადასხვა ადგილას და გამოფენს ქართველ ან  უცხოელ არტისტებს, მწერლებს, აქტივისტებს, მოქალაქეებს და  ყველას, ვისაც სურს საჯარო სივრცეში, ფართო აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა ფორმით გამოფინოს ნამუშევარი, გამოხატოს აზრი, დააფიქსიროს პოზიცია, რაც მთავარია, იყოს კრიტიკული და პოლიტიკური. ერთ-ერთი ექსპოზიციის ფარგლებში გალერეამ უკრაინელი ფოტოგრაფების ჯგუფურ გამოფენასა და დისკუსიას უმასპინძლა. როგორც კურატორი ნატალია ვაწაძე აღნიშნავს, გამოფენა ეძღვნება  სილამაზეს, ქვეყანაში, სადაც ომია. მონაწილე ავტორები იყვნენ უკრაინელი ფოტოგრაფები: აინურ საკიშევა, მარია ჰორშკოვა, ოქსანა კამი, ალექსანდრე ოსიპოვი, ოლენა ლემბერსკა, სერგეი მელნიჩენკო და სტანისლავ ოსტროუსი.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Natalia Vatsadze (@nataliavatsadze)

 

„რაღაც მშვენიერის“ ჩვენება არაა მცდელობა თვალი ავარიდოთ იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება. სოფი იუნგის ნამუშევრებში დაკარგული სივრცეები, მელიქ-აზარიანცის სახლის სარდაფებში აღმოჩენილი ძველი არქიტექტურა და „მოდი, გაჩვენო რაღაც მშვენიერის“ მოძრავი სივრცე ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენებია, თუმცა მათ შორის ერთი საერთო ხაზი მაინც იკვეთება – სურვილი, რაღაცას გაქრობამდე კიდევ შევხედოთ, დავაკვირდეთ და მისი არსებობა ვიგრძნოთ. ზოგჯერ ეს არის შენობა, სავარძელი, ფოტოსურათი, მანქანის კარი ან უბრალოდ ადგილი, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ჩვენში ემოციის გამოწვევა. 

 

როდესაც ქალაქი თანდათან კარგავს საკუთარ სახეს, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა თუ  მხოლოდ ერთი კაცის ნება. დანაკარგის დროს, შედეგის დადგომისას, ხელოვნება  გვახსენებს, რომ დაკარგვამდე რაღაც გვიყვარდა, გვაინტერესებდა და რაღაცის შენარჩუნება გვინდოდა. ამიტომ „მოდი, გაჩვენო რაღაც მშვენიერი“ დღეს აღარ არის მოწოდება, რომ მძიმე რეალობა დროებით დავივიწყოთ ან მას სხვა, უფრო სასიამოვნო გამოსახულება დავუპირისპიროთ. ეს უფრო მოთხოვნაა, კიდევ ერთხელ შევხედოთ იმას, რაც ამ რეალობის შიგნით არსებობს, არ გვაძლევს მოსვენებას, გვაიძულებს კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ. ასეთ დროს ხელოვნება არსებული გარემოდან გაქცევის საშუალებად კი არ გვევლინება, არამედ იმისკენ, რომ ჩვენი ხედვა ვმართოთ და მზერა იქით გადავიტანოთ, რასაც ვჭირდებით, რაც გვჭირდება და არა იმისკენ, რასაც სხვები თავზე გვახვევენ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.