fbpx

ქართველები მსოფლიო მოდის კვირეულებზე


გააზიარე სტატია

მოდის კვირეულების სეზონი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მასშტაბური მოვლენაა. ამ პერიოდში გლობალური პრესა და სოციალური მედია თითოეულ ჩვენებას, კოლექციასა და დიზაინერთა ხელწერას განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს.

სწორედ ამ გლობალური მოვლენის ფოკუსში არაერთი ქართველი სახე მოხვდა – როგორც წარმატებული დიზაინერები, ისე წამყვანი მოდელები. 

გიორგი ქებურია (KEBURIA)

დიზაინერმა გიორგი ქებურიამ თავისი ბრენდის, Keburia-ს ახალი კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ერთ-ერთმა ლუქმა მიიპყრო. მოდელი პოდიუმზე გიტარის ქეისით გამოვიდა, რომელზეც მკაფიო და ხმაურიანი წარწერა იყო – Hope You Burn Putin. 

Keburia-ს ბრენდის დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე 2025 წელს შედგა. 2026 წლის შემოდგომაზე დიზაინერმა ლონდონში მესამედ წარადგინა კოლექცია. 

გალიბ გასანოვი (INSTITUTION)

მილანის მოდის კვირეულზე ქართველ-აზერბაიჯანელმა დიზაინერმა გალიბ გასანოვმა საკუთარი ბრენდის, Institution-ის ჩვენება გამართა. გალიბ გასანოვი წელს BOF 500-ის წევრიც გახდა. BoF 500  მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ადამიანების პროფესიული და ავტორიტეტული სიაა, რომელსაც ყოველწლიურად ადგენს და აქვეყნებს გავლენიანი მედიაპლატფორმა The Business of Fashion (BoF).

გალიბ გასანოვმა Institution 2024 წელს დააფუძნა. 2026 წელს გალიბ გასანოვი გახდა პირველი  დიზაინერი საქართველოდან, რომელიც მოდის სამყაროს უმნიშვნელოვანესი და ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, LVMH Prize-ის ფინალში მოხვდა. 

ირაკლი რუსაძე (SITUATIONIST) 

პარიზის მოდის კვირეულზე ირაკლი რუსაძემ თავისი ბრენდის, Situationist-ის ახალი კოლექცია წარადგინა. აღსანიშნავია, რომ Situationist ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც წლებია, პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ პროგრამაშია. 

 

მატილდა გვარლიანი

რაც შეეხება მოდელებს, წელსაც განსაკუთრებით აქტიური და წარმატებული სეზონი ჰქონდა მატილდა გვარლიანს, რომელიც მსოფლიოს ისეთი წამყვანი   ბრენდების ჩვენებებზე გამოვიდა, როგორებიცაა: The Attico, Dolce & Gabbana, The Row და Isabel Marant.

გარდა ჩვენებებისა, მატილდა გვარლიანს ფოტო- და ვიდეოკამპანიებში აქტიურად იღებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Chanel, Louis Vuitton და სხვა მოდის სახლები. 

 

სანდრო ვეფხვაძე

მსოფლიო სამოდელო სცენაზეა კიდევ ერთი ქართველი მოდელი – სანდრო ვეფხვაძე, რომელსაც აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს Dolce & Gabbana-სთან. წელს სანდრო პარიზის მოდის კვირეულზე – Situationist-ის ჩვენებაზე გამოვიდა. ასევე Situationist-ის ჩვენებაში მონაწილეობდა  გლობალური სამოდელო სცენის გამორჩეული სახე – ნასტასია ლეგრან-ბაბლუანიც, რომელიც ცნობილი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილია. 

ტრადიციულად, მსოფლიო პრესის ფოკუსშია დემნა გვასალია, რომელმაც Gucci-ს მორიგი კოლექცია წარადგინა. მილანის მოდის კვირეულზე კოლექცია ასევე წარადგინა ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომამ, რომელიც მოდის სახლ Blumarine-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია.










მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.