დედამიწის კიდემდე და უკან – სამი ქართველის ანტარქტიკული ექსპედიცია
66 წლის მთამსვლელი, გლაციოლოგი და დოკუმენტალისტი ანტარქტიკისკენ მიემართებიან. მათ წინ ორი რთული გამოწვევაა – კონტინენტის უმაღლეს მწვერვალზე ასვლა და სამხრეთ პოლუსამდე ბოლო 111 კილომეტრის გავლა. ამ მოგზაურობით იწყება ახალი ქართული პლატფორმის, „ცისკრის“ ისტორია.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც უფიქრიათ, რა ხდება იქ, სადაც ნაცნობი გზა მთავრდება. ზოგისთვის ეს მხოლოდ წარმოსახვის ნაწილია, სხვებისთვის კი მიზეზი – ზურგჩანთა ჩაალაგონ და გზას გაუდგნენ.
ანტარქტიკა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე შორეული და მკაცრი ადგილია. კონტინენტი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ცხოვრობს, სადაც უზარმაზარი სივრცეები ყინულითაა დაფარული და სადაც ყოველდღიური არსებობაც კი განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს. სწორედ აქ აპირებს გამგზავრებას სამი ქართველი – ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი გოცირიძე და ნიკა ლებანიძე.
მათ განსხვავებული პროფესიები, გამოცდილება და პირადი მოტივაციები აქვთ. ერთისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ალპინისტური გამოწვევაა, რომლის შემდეგაც მხოლოდ 3 მწვერვალი დარჩება „შვიდი მწვერვალის“ გამოწვევის შესასრულებლად; მეორისთვის – წლების განმავლობაში ნაფიქრი იდეის განხორციელება და მთელი ცხოვრების პროფესიული გამოცდილების ლოგიკური გაგრძელება; მესამისთვის კი ახალი გამოწვევა და შესაძლებლობა, კამერით აღბეჭდოს მოგზაურობა, რომელიც ქართველების მიერ პირველად განხორციელდება.
მათ საერთო ექსპედიციას Tsiskari S90 ჰქვია.
ახალი მიზანი 66 წლის ასაკში
ბიძინა გუჯაბიძისთვის მთები ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მრავალწლიანი ალპინისტური გამოცდილების მიუხედავად, ანტარქტიკის ექსპედიცია მისთვისაც განსაკუთრებული გამოწვევაა.
ბიძინა 66 წლისაა.
ასაკი, რომელსაც ხშირად დასვენებასთან, განვლილი გზის შეჯამებასთან და დიდი გეგმების დასრულებასთან ვაკავშირებთ, მისთვის ახალი თავგადასავლის დასაწყისად იქცა.
„მონატრებული ვართ გამარჯვებას, წარმატებას, დადებით ემოციას. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანის ვალია, ქვეყანას ეს სიხარული მისცეს. ეს ჩემი პერსონალური სიხარულიცაა. მეგონა, მეტისმეტად დიდი ასაკი მქონდა ასეთი მასშტაბის ოცნებებისთვის. ამ მნიშვნელოვანმა გამოწვევამ სიცოცხლე გამიხანგრძლივა“, – ამბობს ბიძინა.
მის სიტყვებში ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი მხარე ჩანს: ვინ დაუწესა ადამიანის შესაძლებლობებს მოქმედების ვადა? რა ასაკში ვწყვეტთ დიდი მიზნების დასახვას? როდის გვგონია, რომ რაღაცის გაკეთება უკვე დაგვიანებულია?
ბიძინასთვის ანტარქტიკით არაფერი იწყება და არც მთავრდება, ეს მისი გზაა, ამ გზაზე კიდევ ბევრი მწვერვალია!
პროფესიული გზის გაგრძელება
ექსპედიციის იდეა გიორგი გოცირიძეს ეკუთვნის. იგი გეოგრაფი და გლაციოლოგია. წლებია, ბუნებრივ გარემოს, მასში მიმდინარე პროცესებსა და მათთან დაკავშირებულ საფრთხეებს იკვლევს.
ანტარქტიკა მის პროფესიულ ინტერესებთან ახლოსაა. კონტინენტის უზარმაზარი ყინულის საფარი და იქ მიმდინარე პროცესები დედამიწის გარემოს ცვლილებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სწორედ გიორგის ინიციატივით შეიკრიბა S90-ის გუნდი.
გიორგისთვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპედიციამ ანტარქტიკის მიმართ ინტერესი იმ ადამიანებშიც გააჩინოს, რომლებიც, ჩვეულებრივ, გლაციოლოგიითა და გარემოს საკითხებით არ ინტერესდებიან.
„ადამიანი შეიძლება თავდაპირველად ჩვენმა ამბიციურმა მიზანმა დააინტერესოს, მაგრამ გზად გაიგოს, რა ხდება ანტარქტიკაზე, როგორ უკავშირდება იქ მიმდინარე გარემოს ცვლილებები საქართველოს და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ცვლილებებთან ადაპტაცია ვისწავლოთ“, – ამბობს გიორგი.
ადამიანი კამერის მიღმა
ექსპედიციის მესამე წევრი ნიკა ლებანიძეა – დოკუმენტალისტი, ექსტრემალური რეკორდების ვიდეოგრაფი.
თუ ბიძინას მთავარი ამოცანა რთული მარშრუტის გავლაა, გიორგის ინტერესის ცენტრში კი ბუნებრივი გარემოა, ნიკას წინ სხვა გამოწვევა დგას: როგორ გადაიღოს ყველაფერი ისე, რომ მაყურებელმა ეკრანიდან მხოლოდ თოვლი, ყინული და ადამიანები კი არ დაინახოს, არამედ მათი გამოცდილებაც იგრძნოს.
ყინულის უდაბნოში გადაღება ჩვეულებრივ პირობებში მუშაობას არ ჰგავს. უკიდურესი სიცივე გავლენას ახდენს ტექნიკაზე, ბატარეებზე, მოძრაობასა და თავად გადამღების ფიზიკურ მდგომარეობაზე. ფაქტობრივად, ნიკას ორი მისია აქვს – ექსპედიციის მარშრუტის გავლა და ამ ყველაფრის გადაღება.
„საბოლოოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მასალას ჩამოვიტანთ ანტარქტიკიდან და როგორ მოვყვებით ამ ამბავს. იქ გადაღების მეორე შანსი არ გვექნება. მთავარი გამოწვევა -55 გრადუსში გადაღება არაა, არამედ ისე გადაღება და გადმოცემა, რომ მაყურებელმა მხოლოდ ამბავი კი არ ნახოს, არამედ ის ემოციები და სირთულეები იგრძნოს, რასაც ჩვენ გამოვცდით,“ – ამბობს ნიკა.
ექსპედიციის დროს გადაღებული მასალა მოგვიანებით ფილმად, ალბომად, ფოტოგამოფენად, ლექციად, წიგნად და სხვა არაერთ ნამუშევრად გარდაიქმნება. თუმცა, შესაძლოა, არაფორმალური კადრები არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდეს – დაღლა, გაურკვევლობა, ყოველდღიური რუტინა, გუნდის წევრებს შორის ურთიერთობა და ის პატარა გადაწყვეტილებები, რომლებზეც დიდ მოგზაურობაში ბევრი რამ არის დამოკიდებული. „ცისკრის“ გუნდი გვპირდება, რომ ამ ყველაფერს ინსტაგრამსა და ფეისბუქზე გაგვიზიარებენ.
რა იქნება ანტარქტიკის შემდეგ?
ანტარქტიკა „ცისკრის“ ისტორიის პირველი ნაწილია. „ცისკარი“ – აღმოჩენებისა და შემეცნების ქართული პლატფორმა – კიდევ ბევრ მისიას, ხედვასა და ადამიანს გააერთიანებს.
პლატფორმის იდეა თავად ცისკრის სიმბოლიკას მიჰყვება: ახალი გზების აღმოჩენა, ნაცნობი საზღვრების გადალახვა და ისეთი ისტორიების მოყოლა, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრების მიღმა გახედვის სურვილს უჩენს.
პროექტის გარშემო უკვე ბევრი ადამიანია გაერთიანებული: ბრენდის სტრატეგიაზე მარიამ ბებიაშვილმა იმუშავა, საკომუნიკაციო სტრატეგიისა და პროექტის მარკეტინგულ გეგმაზე – minds&marketing მუშაობს, პროექტის ფოტო-ვიდეოპროდაქშენზე კი – Gorillas’ Production.
პროექტის გარშემო ბიზნესებიც გაერთიანდნენ: გეოგრაფიკი, თეგეტა ჰოლდინგი, აჭარა ჯგუფი, ზუმერი, ალდაგი, Cellfie, LSG Solutions, დიზაინის ინსტიტუტი, Vitality Blueprint (ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ამერიკული პლატფორმა), NozNutrition (სანდრო ნოზაძე, სერტიფიცირებული ნუტრიციის ქოუჩი), მეგალაბი, ელიავა ბიოპრეპარატები, საქართველოს უნივერსიტეტი.
ასევე ექსპედიციის მხარდამჭერია ასობით ადამიანი, რომელმაც ქრაუდფანდინგის ფარგლებში საკუთარი წვლილი შეიტანა S90-ის განხორციელებაში.
წინ ათასობით კილომეტრი, ყინულით დაფარული სივრცეები, რთული მარშრუტები და ბევრი უცნობი გზაა.
ასეც უნდა იყოს.
ანტარქტიკა კი მხოლოდ დასაწყისია.














