fbpx

PROVOKE(D): იაპონური ფოტოგრაფიის ახალი ენა


გააზიარე სტატია

15 ოქტომბერს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, გამოფენებით PROVOKE(D) და Sand Dunes, თბილისის ფოტოფესტივალის 2026 წლის გამოშვება გაიხსნა. წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში იაპონური ფოტოგრაფია მოექცა. 

კიოტოში არსებული უძველესი კოლოტიპის სახელოსნო Benrido Atelier-სთან პარტნიორობით, თბილისის ფოტოფესტივალმა 70-მდე კოლოტიპი გამოფინა. მაღალხარისხიანი ბეჭდვის ამ ისტორიული, მე-19 საუკუნის მეთოდით შესრულებული ანაბეჭდები საქართველოში პირველად უჩვენეს,  ფესტივალის ფარგლებში კი მალე იაპონელი ოსტატ-მბეჭდავის – ოსამუ იამამოტოს ხელმძღვანელობით კოლოტიპის ბეჭდვის პრაქტიკული ვორქშოფიც გაიმართება. 

გამოფენის ქართველი დამთვალიერებლისთვის წარდგენა თიბისის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.



“თიბისი სამ ათწლეულზე მეტია, კულტურის და სახელოვნებო პროექტების მხარდამჭერია; თუმცა ეს პირველი თანამშრომლობაა ჩვენსა და იაპონიის საელჩოს შორის. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ასეთი მნიშვნელობისა და ხარისხის პროექტის მხარდაჭერა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმს ამ შესაძლებლობისთვის.” – თამთა კუპრაძე, თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდერი.

თბილისის ფოტოფესტივალის გამხსნელი ექსპოზიცია PROVOKE(D) იაპონური ფოტოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს – 1968 წელს დაფუძნებულ ლეგენდარულ ჟურნალს ეხმიანება.

1968 წელი მსოფლიო ისტორიაში გლობალური ამბოხის წელია: პარიზის მაისის მოვლენებიდან და ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო ტალღიდან დაწყებული, მექსიკის სტუდენტური პროტესტებით დამთავრებული. თუმცა, იაპონიაში ამ საყოველთაო რყევას განსაკუთრებით მძიმე ეგზისტენციალური ფონი დასდევდა. მეორე მსოფლიო ომისშემდგომი ტრავმა კიდევ უფრო გაამწვავა აგრესიულმა ინდუსტრიალიზაციამ, საგარეო პოლიტიკამ და ქვეყნის ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ტოკიო და სანრიძუკა სტუდენტურმა ბარიკადებმა, გაფიცვებმა და პოლიციურმა ძალადობამ მოიცვა.

ოფიციალური პრესა და დოკუმენტური მეინსტრიმი თითქოს ვერ ამჩნევდა მომხდარ რღვევას. საინფორმაციო სააგენტოების ფრიგიდული და ჰარმონიულად გაწონასწორებული კადრები ხშირად აყალბებდა რეალობას: ისინი პროტესტის მონაწილეებს უბრალოდ „არეულობის შემქმნელებად“ წარმოაჩენდნენ, რითაც სისტემის მხარეს დგებოდნენ და ქუჩებში მიმდინარე ბრძოლას პოლიტიკურ და ეგზისტენციალურ შინაარსს აცლიდნენ. სწორედ გაბატონებული ვიზუალური ენის ამ რეალობასთან გაუცხოებამ მოახდინა ახალი ვიზუალური ენის პროვოცირება.

1968 წლის ნოემბერში ხელოვნებათმცოდნე კოჯი ტაკიმ, ფოტოგრაფებმა – ტაკუმა ნაკაჰირამ და იუტაკა ტაკანაშიმ და პოეტმა ტაკაჰიკო ოკადამ,  რომელთაც მალევე დაიდო მორიამაც შეუერთდა – ჟურნალი Provoke დააფუძნეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მცირე, მიწისქვეშა გამოცემამ  სულ სამი ნომერი გამოსცა, მან შეუქცევადი რევოლუცია მოახდინა. ჟურნალის პირველ ნომერში დაბეჭდილ მანიფესტში ავტორები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ სიტყვებმა რეალობასთან კავშირი დაკარგეს, და ახლა ფოტოგრაფია უნდა გამხდარიყო „პროვოკაციული მასალა აზროვნებისთვის“ – ნედლი კატალიზატორი, რომელსაც ახალი ვიზუალური ენა უნდა მოემწიფებინა.

სწორედ ასე შეიქმნა პროვოუკის ვიზუალური ესთეტიკა – არე, ბურე, ბოკე (are, bure, boke — უხეში/მარცვლოვანი, დაბინდული, უფოკუსო). ეს იყო ანტიესთეტიკა, რომელსაც აღარ ანაღვლებდა სიმეტრია, რადგან სამყარო თავდაყირა იდგა; არც გასწორებული ფოკუსი, რადგან რთული იყო რამეში დარწმუნებული ყოფილიყავი; და არც გამოსახულების სისუფთავე, რადგან სწორედ ჭუჭყიანი, ექსტრემალურად დამარცვლული ფოტოანაბეჭდი იქცეოდა  ფიზიკურ მატერიად და პირდაპირ აღბეჭდავდა მოძრავი ფოტოგრაფის სხეულის შეჯახებას ქუჩის ქაოსთან.

გამოფენა PROVOKE(D) Benrido Atelier-ს ექსკლუზიურ ნაკრებს, Provoke Generation-ს ეფუძნება, რომელიც ექვსი ფოტოგრაფის  – დაიდო მორიამას, იუტაკა ტაკანაშის, ტაკუმა ნაკაჰირას, კაძუო კიტაის, ჰიტომი ვატანაბეს და იშიუჩი მიაკოს ნამუშევრებს აერთიანებს. პროვოუკის სამ წევრთან ერთად, აქ იმ სამი ფოტოგრაფის ნამუშევრებიცაა შესული, რომლებიც ჟურნალს გარეთ შეუერთდნენ უკვე მიმდინარეობად ქცეულ მოძრაობას. ნამუშევრების სელექცია, რომელიც  არ შემოიფარგლება მხოლოდ 60-70-იანი წლებით და ამ ვიზუალური ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს მიჰყვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მოძრაობა არ ყოფილა მხოლოდ 60-იანების მიწურულის ხანმოკლე ისტორიული მომენტი; რომ ბარიკადებთან დაბადებული ენერგია ხანგრძლივ მხატვრულ ძიებად გარდაიქმნა და ასე განაგრძო სიცოცხლე ჟურნალის დახურვის შემდეგაც.

გამოფენაზე მოსული ბევრი დამთვალიერებელი დღესაც საოცარ სიახლოვეს იგრძნობს მუზეუმში გამოფენილ ამ კოლექციასთან. მართალია, ფოტოების უმრავლესობის შექმნიდან ნახევარი საუკუნეა გასული, მაგრამ Provoke-ის უკომპრომისო ენა დღესაც ისე ჟღერს, როგორც 1960-იანი წლების იაპონიაში –  თითქოს ჩვენს რეალობასაც პირისპირ ეჯახება. 

თბილისის ფოტოფესტივალის იაპონური პროგრამა გრძელდება. კოლოტიპური ბეჭდვით დაინტერესებულ ადამიანებს ნოემბერში საინტერესო ვორქშოფები ელოდებათ. ფოტოფესტივალის იაპონური პროგრამის მხარდამჭერები  საქართველოში იაპონიის საელჩო და Japan Foundation არიან.  

“ეს იაპონური ავანგარდული ფოტოხელოვნების პირველი მასშტაბური ექსპოზიციაა საქართველოში. ძალიან გვიხარია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტამბის წარმომადგენლების ჩამოყვანაც შევძელით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებული კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად” – იშიძუკა ჰიდეკი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.