ხელოვნება თანამოაზრეებისთვის
ავტორი: ანი თენიეშვილი
ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც თეატრიდან, კინოდარბაზიდან ან გამოფენიდან გამოსულებს გვიფიქრია, რომ ყველაფერი სწორად იყო ნათქვამი. სცენაზე ზუსტად ის პრობლემები დავინახეთ, რომლებიც გვაწუხებს; მოვისმინეთ სიტყვები, რომლებსაც თავადაც ვიტყოდით; ამოვიცანით ადამიანები, მოვლენები და პოლიტიკური სიმბოლოები. ზოგჯერ ეს სასიამოვნო გამოცდილებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირგვლივ იმდენი რამ ხდება, რომ საკუთარი აზრების სხვასთან გაზიარებაც კი შვების მომგვრელია.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ხელოვნება მხოლოდ იმას გვეუბნება, რაც ისედაც ვიცით?
ეს კითხვა განსაკუთრებით საინტერესოა დღევანდელ საქართველოში, სადაც პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. საზოგადოებრივი განწყობები ხელოვნებაშიც აისახება. თეატრი, მუსიკა, ლიტერატურა თუ ვიზუალური ხელოვნება სულ უფრო აქტიურად ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს. ხელოვანები საკუთარ პოზიციებს გამოხატავენ, ერთვებიან საზოგადოებრივ პროცესებში და ხშირად პოლიტიკური წინააღმდეგობის მნიშვნელოვან მონაწილეებადაც გვევლინებიან.
ამ ყველაფერს სრულიად გასაგები საფუძველი აქვს. როდესაც საზოგადოებაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და პოლიტიკური მომავლის შესახებ ფუნდამენტური კითხვები ისმის, ხელოვნებისგანაც ველით, რომ ამ პროცესების მიმართ მგრძნობიარე იქნება. თუმცა ამ მოლოდინთან ერთად კიდევ ერთი, შედარებით იშვიათად დასმული კითხვა ჩნდება: რას ველით თავად მხატვრული ნაწარმოებისგან?
პოლიტიკურ განცხადებას თავისი ფუნქცია აქვს, საპროტესტო აქციას – თავისი, ჟურნალისტურ გამოძიებას – თავისი. ხელოვნებასაც შეუძლია პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა, მაგრამ მას კიდევ ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს: დაგვაფიქროს იმაზე, რაზეც, ერთი შეხედვით, უკვე ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს.
თეოდორ ადორნო ხელოვნების საზოგადოებრივ მნიშვნელობას მის ავტონომიას უკავშირებდა. მისთვის ნაწარმოების კრიტიკული ძალა ხშირად სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ხელოვნება სოციალური სინამდვილის წინააღმდეგობებს საკუთარი ფორმით გარდაქმნის. ამგვარად, ნაწარმოები საშუალებას გვაძლევს, ნაცნობი სამყარო განსხვავებული პერსპექტივიდან დავინახოთ. ხელოვნება შეიძლება ღრმად პოლიტიკური იყოს მაშინაც, როდესაც პირდაპირ პოლიტიკურ მოთხოვნას არ აყალიბებს.
აქედან საინტერესო წინააღმდეგობა იკვეთება. შესაძლებელია, ხელოვნების ნაწარმოები პოლიტიკური თვალსაზრისით რადიკალური იყოს, მაგრამ მაყურებელს სრულიად ნაცნობ გამოცდილებას სთავაზობდეს. შეიძლება სცენაზე ისმოდეს ყველაზე მწვავე პოლიტიკური განცხადებები, თუმცა წარმოდგენის დასრულების შემდეგ განსაკუთრებული საფიქრალი აღარაფერი გვრჩებოდეს. ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი ამოცნობილია და, რაც მთავარია, ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს.
შესაძლოა, ამ მდგომარეობას პირობითად „თანხმობის ესთეტიკა“ ვუწოდოთ.
წარმოვიდგინოთ წარმოდგენა, რომლის ავტორებიც და მაყურებელთა დიდი ნაწილიც ერთ პოლიტიკურ პოზიციას იზიარებენ. სცენაზე ჩნდება ნაცნობი სიმბოლო, ისმის ნაცნობი ფრაზა და დარბაზიც მყისიერად რეაგირებს. იქმნება საერთო ემოციური გამოცდილება, რომელიც პოლიტიკური სოლიდარობის განცდას აძლიერებს. ამაში თავისთავად პრობლემური არაფერია. პირიქით, ზოგჯერ სწორედ ასეთი ერთიანობა გვჭირდება.
მაგრამ ხელოვნებასთან ურთიერთობისას კიდევ რაღაცის მოლოდინიც გვაქვს. იქნებ მან ჩვენი წარმოდგენები ოდნავ მაინც უნდა გაართულოს? იქნებ უნდა შეგვაძლებინოს იმის დანახვა, რასაც საკუთარი პოლიტიკური პოზიციის სიმტკიცის გამო ვეღარ ვამჩნევთ?
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია, არსებობს საფრთხე, რომ ხელოვნებაც იმავე დაპირისპირების წესებით დაიწყებს მოქმედებას. ასეთ გარემოში ნაწარმოების შეფასებისას ზოგჯერ მისი პოლიტიკური გზავნილი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ის, თუ როგორ არის ეს გზავნილი მხატვრულად გააზრებული. თანდათან ვეჩვევით ხელოვნებას, რომელიც ჩვენს შეხედულებებს ადასტურებს, და შესაძლოა, ნაკლებად მზად აღმოვჩნდეთ ისეთი ნაწარმოებისთვის, რომელიც ჩვენსავე პოზიციაში არსებულ წინააღმდეგობებს დაგვანახებს.
ამ საკითხზე ფიქრისას გამახსენდა სექტემბერში, Factory Tbilisi-ში გამართული Quemmekh-ისა და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი UNBURNED. მუსიკის, თეატრისა და პერფორმანსის გაერთიანების ეს ამბიციური მცდელობა საკმაოდ რთულ სცენურ ორგანიზაციას ეფუძნებოდა. სივრცე ორ ნაწილად იყო გაყოფილი: ერთ მხარეს ცოცხალი მუსიკა სრულდებოდა, მეორე მხარეს კი თეატრალური მოქმედება ვითარდებოდა. სხვადასხვა მხატვრული ელემენტი ფრაგმენტულად უკავშირდებოდა ერთმანეთს და ერთიან სანახაობას ქმნიდა.
პროექტში ჩადებული შემოქმედებითი და ტექნიკური შრომა თვალსაჩინო იყო. განსაკუთრებით საინტერესო ჩანდა სცენური სივრცის ორგანიზება, რომელიც მაყურებლის ყურადღებას მუდმივად ერთი მიმართულებიდან მეორისკენ გადატანას აიძულებდა. თუმცა სწორედ ამ მრავალფეროვნების ფონზე ჩნდებოდა კითხვა, რომელიც მხოლოდ ამ კონკრეტულ წარმოდგენას არ ეხება: რამდენად აუცილებელია, რომ ფორმის სირთულე მნიშვნელობის სირთულესაც გულისხმობდეს?
შესაძლებელია, სცენაზე უამრავი რამ ხდებოდეს, სხვადასხვა მხატვრული ენა ერთმანეთს ენაცვლებოდეს, მაგრამ ცალკეული პოლიტიკური სიმბოლოების მნიშვნელობა მაინც ადვილად ამოსაცნობი დარჩეს. ფორმა მრავალ მიმართულებას გვთავაზობდეს, ხოლო შინაარსი კვლავ იმ ნაცნობ წარმოდგენებთან გვაბრუნებდეს, რომლებითაც დარბაზში მივედით. ეს თავისთავად მხატვრული წარუმატებლობის ნიშანი არ არის. უბრალოდ, გვახსენებს, რომ ფორმალური ექსპერიმენტი და ინტერპრეტაციის თავისუფლება ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.
ეს საკითხი დღევანდელ ქართულ სახელოვნებო სივრცეში უფრო ფართო განხილვას იმსახურებს. მითუმეტეს, რომ პრობლემის ნაწილი შესაძლოა თავად მაყურებელშიც უნდა ვეძებოთ. რამდენად მზად ვართ, ხელოვნებაში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისგან განსხვავებული გამოცდილება მივიღოთ? რამდენად გვინდა, სცენაზე ისეთი რამ დავინახოთ, რაც ჩვენს სიმართლეს უფრო რთულს გახდის?
პოლიტიკური სოლიდარობა, რა თქმა უნდა, ესთეტიკური თანხმობის ვალდებულებას არ გულისხმობს. შესაძლებელია, ხელოვანის პოლიტიკურ პოზიციას ვიზიარებდეთ და ამავე დროს მისი ნაწარმოების მხატვრულ გადაწყვეტებზე განსხვავებული აზრი გვქონდეს. მეტიც, სწორედ ამგვარი კრიტიკული ურთიერთობა შეიძლება იყოს ხელოვნებისადმი ჩვენი ინტერესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ხელოვნებას არ სჭირდება პოლიტიკური ნეიტრალობა იმისთვის, რომ რთული და მრავალმნიშვნელოვანი იყოს. მას შეუძლია მკაფიოდ გამოხატავდეს საკუთარ პოზიციას, მონაწილეობდეს საზოგადოებრივ წინააღმდეგობაში და ამავე დროს მაყურებელს ინტერპრეტაციის თავისუფლებას უტოვებდეს.










