ნატალი შურღაია – ფორმის მეხსიერება
ავტორი: ანი თენიეშვილი
რა აქცევს ნივთს ხელოვნების ობიექტად? ფორმა, მასალა, ავტორის ჩანაფიქრი თუ ის მოგონებები, რომლებსაც ნივთებთან ვაკავშირებთ? და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა სრულიად ახალი ფორმის შექმნა სამყაროში, სადაც თითქმის ყველაფერს უკვე აქვს თავისი ვიზუალური ისტორია?
თანამედროვე დიზაინი ამ კითხვებს სულ უფრო ხშირად უბრუნდება. განსაკუთრებით დღეს, როდესაც გამოსახულებების შექმნა და გამრავლება უპრეცედენტოდ გამარტივდა, ხოლო ესთეტიკური სიახლე ხშირად წამიერ ვიზუალურ ეფექტამდე დაიყვანება. ასეთ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება საგანი, არამედ ისიც, თუ როგორ შეიქმნა, რა გამოცდილებას ატარებს და როგორ იცვლება მისი მნიშვნელობა დროთა განმავლობაში.
ნატალი შურღაია ქართველი დიზაინერია, რომელიც ინტერიერის, ავეჯისა და საკოლექციო ობიექტების დიზაინის მიმართულებით მუშაობს. მისი პროფესიული საქმიანობა საერთაშორისო პროექტებს მოიცავს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, ლონდონურ Peter Mikic Studio-ში. პარალელურად, იგი საკუთარ დიზაინერულ ობიექტებს ქმნის, რომლებშიც სხვადასხვა ისტორიული ეპოქის, კულტურისა და მასალის ურთიერთმიმართებას იკვლევს.
მისი ერთ-ერთი მიმდინარე პროექტის საწყისი წერტილი საქართველოში ნანახი ხმლების მონუმენტია. ბავშვობის მოგონება თანდათან გარდაიქმნა სკულპტურულ ობიექტად, რომელიც ერთდროულად ისტორიულ არტეფაქტსაც მოგვაგონებს და წარმოსახვითი მომავლის ნივთსაც. ბრინჯაო, პატინა, ნახევრად ძვირფასი ქვები და ტრადიციული დამუშავების ტექნიკები მის ნამუშევრებში მხოლოდ ესთეტიკური არჩევანი არ არის – ისინი მასალის ნაცნობი იდენტობის შეცვლის შესაძლებლობად იქცევა.
ნატალისთვის დიზაინი კონკრეტული სტილის გამეორებას არ გულისხმობს. მას უფრო მეტად აინტერესებს აზროვნების ისეთი წესი, რომელიც საგნებს შორის მოულოდნელ კავშირებს აღმოაჩენს და უკვე ნაცნობ ფორმებს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს.
ნატალი შურღაიას ვესაუბრეთ კულტურულ მეხსიერებაზე, მასალის გარდაქმნაზე, ორიგინალურობის საზღვრებსა და იმაზე, თუ რატომ შეიძლება ნივთის მნიშვნელობა მისი შექმნის შემდეგაც განაგრძობდეს ცვლილებას.
თქვენს ნამუშევრებში ხშირად ხვდება ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქა, კულტურა და მასალა. რა არის ის, რაც ერთი შეხედვით ერთმანეთისგან შორეულ ფორმებსა და საგნებში საერთო ენას გაპოვნინებთ?
ამ ფორმებისა და მასალების გამაერთიანებელი ძაფი გარდაქმნაა – როგორც ის, თუ როგორ იძენენ ნივთები დროთა განმავლობაში ახალ მნიშვნელობებს, ისე ისიც, თუ როგორ შეიძლება მასალის დამუშავებით შეიცვალოს ჩვენი აღქმა.
ყოველთვის მქონდა გარკვეული ნივთებისა და მასალების მიმართ თითქმის აკვიატებული ინტერესი. ბავშვობაში ვაგროვებდი მინის ბურთულებს, მთვარის ქვებსა და ნახევრად ძვირფას ქვებს. თვრამეტი წლის ასაკში ეს კოლექცია, რომელსაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი, ჩემი პირველი გამოფენისთვის შექმნილ ინსტალაციაში გამოვიყენე. ეს იყო იმ საკითხის კვლევის ერთ-ერთი პირველი მცდელობა, რომელიც დღემდე მაინტერესებს: როგორ შეიძლება უკვე არსებული ისტორიისა და იდენტობის მქონე ნივთი სრულიად განსხვავებულ კონტექსტში მოვაქციოთ.
განსაკუთრებით მიზიდავს დაძაბულობა არქეოლოგიურსა და ფუტურისტულს შორის. მაინტერესებს ობიექტები, რომლებიც ისე გამოიყურება, თითქოს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, თუმცა იმავდროულად, შეიძლება წარმოსახვითი მომავლის არტეფაქტებიც იყვნენ. ტექნოლოგია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს. ამ ფონზე ხშირად ვფიქრობ, როგორი შეიძლება გახდეს მასალა ან ნივთი, როდესაც მისი ნაცნობი იდენტობა ირღვევა.
ამ ინტერესმა მიბიძგა, ექსპერიმენტები ჩამეტარებინა ისეთი ტექნიკებით, რომლებიც მასალის აღქმას ცვლის. ამჟამად ვიკვლევ ბრინჯაოზე მრავალშრიანი პატინის, ხელით შეღებილი ზედაპირებისა და ვენეციური სტუკოს გამოყენებას, რათა ლითონს ქვისა თუ მარმარილოსთვის დამახასიათებელი თვისებები მივანიჭო. ასევე ექსპერიმენტს ვატარებ მურანოს მინითა და ფისით, რათა ნახევრად ძვირფასი ქვებისთვის დამახასიათებელი სიღრმისა და გამჭვირვალობის ეფექტი მივიღო.
საბოლოოდ, ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრების საერთო ენა სწორედ ამ ორაზროვნებისადმი ინტერესიდან იბადება. მომწონს, როდესაც მასალებს შორის საზღვრების გარჩევა რთულდება, როდესაც ნივთი ერთდროულად უძველესიცაა და ფუტურისტულიც, ნაცნობიც და უცნობიც. ნაკლებად მაინტერესებს რომელიმე კონკრეტული ეპოქის ზედმეტად ნოსტალგიური ესთეტიკის გამეორება. უფრო მეტად ისეთი ობიექტების შექმნა მსურს, რომლებიც სხვადასხვა ისტორიის ფრაგმენტებს ატარებენ, მაგრამ ამავდროულად, საკუთარ წარმოსახვით მომავალშიც არსებობენ.
თქვენი ახალი კოლექციის ერთ-ერთი შთაგონება საქართველოში ნანახი ხმლების მონუმენტი გახდა. როგორ იქცევა პირადი მოგონება დიზაინერულ ობიექტად? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ ნივთმა არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ კულტურული მეხსიერებაც შეინარჩუნოს?
ვფიქრობ, მოგონება იშვიათად ინარჩუნებს თავდაპირველ სახეს, რადგან ჩვენი აღქმა მუდმივად იცვლება. ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულად აღვიქვამთ მოვლენებს ბავშვობაში და როგორ ვერასდროს განვიცდით წარსულს ზუსტად იმავე სახით, მაშინაც კი, თუ მისი სრულყოფილად აღდგენა შეგვეძლებოდა. ჩვენი მოგონებები განუყოფელია იმ დროისა და გარემოებებისგან, რომლებშიც ისინი ჩამოყალიბდა. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული ხედვის შენარჩუნებას ვცდილობდე, ჩემთვის უფრო საინტერესოა გარდაქმნის ამ მუდმივი პროცესის მიღება.
ჩემი შემოქმედებითი პროცესიც საკმაოდ ჰგავს ამას. ხშირად წლების განმავლობაში ვატარებ იდეებს, ვაძლევ მათ საშუალებას, ახალი გამოცდილებებისა და ასოციაციების გავლენით განვითარდნენ, სანამ საბოლოოდ მივხვდები, რა ფორმა უნდა მიიღონ.
მინდოდა, ხმლის მიმართ ჩემი ინტერესი და მისი სიმბოლური მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში კონკრეტულ ობიექტად გარდამექმნა ისე, რომ უშუალოდ ისტორიული ან ნოსტალგიური ფორმა არ გამემეორებინა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი ძალისა და სკულპტურული გამომსახველობის შენარჩუნება, თუმცა ამავდროულად, მინდოდა, ფორმა სრულიად სხვა რამედ ქცეულიყო.
ნამუშევარი თანდათან ვითარდებოდა – ჯერ ნახატების, შემდეგ 3D ბეჭდვის, ცვილისა და საბოლოოდ თიხის მეშვეობით. თითოეულ ეტაპზე ის მნიშვნელოვნად იცვლებოდა. ამჟამად ვიკვლევ დაკარგული ცვილის მეთოდით ჩამოსხმასა და სპეციალური, ორიგინალური პატინების გამოყენებას. ამ ტექნიკების საშუალებით მსურს შევქმნა რაღაც, რაც ისტორიულსა და თანამედროვეს შორის არსებობს.
ჩემთვის კულტურული მეხსიერება აუცილებელი არ არის პირდაპირი და სიტყვასიტყვითი იყოს. ნივთს შეუძლია შეინარჩუნოს რაიმეს არსი ან განცდა ისე, რომ გარეგნულად მას საერთოდ არ ჰგავდეს.
დღეს ორიგინალური ფორმის შექმნა სულ უფრო რთულია – თითქმის ყველაფერს უკვე აქვს თავისი ვიზუალური წინამორბედი. თქვენს შემოქმედებაშიც სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის გავლენები იკვეთება. თქვენთვის რას ნიშნავს ორიგინალურობა: შექმნათ ის, რაც აქამდე არ არსებობდა, თუ უკვე არსებული ფორმები ახლებურად დაინახოთ?
არ ვფიქრობ, რომ ორიგინალურობა აუცილებლად ისეთი რამის შექმნას ნიშნავს, რომელსაც წინამორბედი არ ჰყავს. ჩვენს ინდივიდუალურ გამოცდილებას, მოგონებებსა და ხედვის თავისებურებებს შეუძლიათ უკვე არსებული გავლენები სრულიად პირად და ინდივიდუალურ რამედ გარდაქმნან. რაც უფრო მეტად ვითარდები, სწავლობ და ექსპერიმენტებს ატარებ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გიჩნდება, საკუთარი ხედვა გამოხატო.
საკუთარი ვიზუალური ენის ჩამოყალიბებას გარკვეული თვითჩაღრმავება, საკითხებზე თითქმის აკვიატებული ფიქრი და ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი შეხედულებების სიმტკიცე სჭირდება. თითოეულ ჩვენგანს სამყაროს აღქმის ინსტინქტური, ინდივიდუალური გზა აქვს, თუმცა მის გასაცნობიერებლად და მისდამი ნდობის გამოსამუშავებლად დროა საჭირო.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ იდეის ჩამოყალიბების პროცესში სხვების მოსაზრებებს მეტისმეტ გავლენას მიანიჭებ, თანდათან მის სიმკვეთრეს დაკარგავ, სანამ საბოლოოდ ყველასთვის მისაღებ რამეს არ შექმნი. ამ დროს ქრება სწორედ ის, რაც თავდაპირველად იდეას შენეულს ხდიდა. ჩემთვის ეს უკვე არა ორიგინალურობის, არამედ მოწონების მოპოვების მცდელობაა. ვცდილობ, წინასწარ არ ვიფიქრო იმაზე, როგორ მიიღებენ ჩემს ნამუშევარს და ამის ნაცვლად მივყვე იმას, რაც გულწრფელად მაინტერესებს.
ჩემი ესთეტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა საკუთარ თავში დღემდე ვამჩნევ გარკვეულ მიდრეკილებებს, რომლებიც ბავშვობიდან მომყვება. რთულ ინტერიერის პროექტებზე გამორჩეულ ოსტატებთან და ხელოვანებთან თანამშრომლობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის შესაძლებელი მატერიალური და ტექნიკური თვალსაზრისით. ამ გამოცდილებამ საკუთარი ინტუიციური ხედვის გამოსახატავად ახალი საშუალებები მომცა.
ჩემთვის ორიგინალურობა ნაკლებად უკავშირდება სიახლის ძიებას და გაცილებით მეტად – საკუთარი ხედვის სიღრმეს. საქმე აუცილებლად იმაში არ არის, დაინახო ის, რაც აქამდე არავის დაუნახავს, არამედ იმაში, რომ რაღაც ისე დაინახო, როგორც ამას სხვა ვერავინ შეძლებდა.
თქვენი ნამუშევრები ხშირად ხელოვნებასა და ფუნქციურ დიზაინს შორის არსებულ საზღვარზეა. როგორ ფიქრობთ, რა აქცევს ყოველდღიურ ნივთს ხელოვნების ობიექტად – ავტორის ჩანაფიქრი, მისი ესთეტიკური ღირებულება თუ ის ემოციური კავშირი, რომელსაც ადამიანი მასთან ამყარებს?
ყოველთვის უფრო მეტად ნივთები მიზიდავდა, ვიდრე ფერწერული ნამუშევრები, რადგან მათთან ურთიერთქმედება ხელოვნებასთან უფრო ინტიმურ კავშირს ქმნის. ნივთის მნიშვნელობა უცვლელი არ არის – ის განაგრძობს განვითარებას იმის მიხედვით, თუ როგორ ვცხოვრობთ მასთან ერთად და როგორ ვიყენებთ მას.
ჩვეულებრივ, მუშაობას ფორმით ვიწყებ და არა ფუნქციით. ჯერ წარმოვიდგენ იმას, რისი არსებობაც მსურს, შემდეგ კი ვფიქრობ, როგორ შეიძლება მისმა ფუნქციამ თავად იდეის განვითარებას შეუწყოს ხელი.
სკულპტურა, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ, შეიძლება სასანთლედაც გამოიყენებოდეს. სანთლის დანთების მოქმედება საქართველოს ეკლესიებთან დაკავშირებულ ბავშვობის მოგონებებს მახსენებს. ეს რიტუალი ჩემთვის როგორც პირად, ისე კულტურულ მნიშვნელობას ატარებს.
ჩემს საქმიანობას წარმოსახვითი სამყაროს თანდათანობით აგებად აღვიქვამ, სადაც თითოეული ობიექტი ამ სამყაროს ჩემეული ხედვის კიდევ ერთ ასპექტს გამოხატავს. ნივთები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ გარემოს ქმნიან, ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცევა. ისინი ასახავენ არა მხოლოდ ჩვენს გემოვნებას, არამედ მოგონებებს, ჩვევებსა და ცხოვრების წესსაც.
მაინტერესებს ისეთი ობიექტების შექმნა, რომლებიც სხვებს ამ სამყაროში შესვლისა და მასთან საკუთარი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას მისცემს.
ჩემთვის მხატვრულ ღირებულებას მხოლოდ ავტორის ჩანაფიქრი ან ესთეტიკური თვისებები არ განსაზღვრავს. მას ის მნიშვნელობებიც ქმნის, რომლებიც ადამიანისა და ნივთის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიშობა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ გირჩევნიათ, თქვენი შემოქმედება არა კონკრეტული სტილით, არამედ აზროვნების წესით იყოს ამოცნობადი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შემოქმედების მომავალი და რისი შეცვლა ან ახლებურად დანახვა გსურთ თანამედროვე დიზაინში?
ვფიქრობ, სტილი აზროვნების გაცილებით რთული პროცესის ხილული შედეგია. მირჩევნია, ჩემი შემოქმედება არაპროგნოზირებადი მიმართულებებით ვითარდებოდეს, ვიდრე ვალდებულად ვგრძნობდე თავს, მუდმივად გავიმეორო ერთი და იგივე ვიზუალური ენა მხოლოდ იმისთვის, რომ მასზე ერთგვარი საკუთრების უფლება შევინარჩუნო.
ზოგჯერ მგონია, რომ იდეები ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს, ჩვენ კი მათ ერთგვარად ვიჭერთ და საკუთარი გამოცდილების პრიზმაში ვატარებთ. ხშირად აღმომიჩენია, რომ იდეა, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, სხვას უკვე სრულიად განსხვავებული გზით განუხორციელებია. იდეის ორიგინალურობას აუცილებლად ის კი არ განსაზღვრავს, ვინ განახორციელა იგი პირველად, მხოლოდ პირველობისთვის. გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად ღრმად არის ის გააზრებული და რამდენად ორიგინალურადაა გამოხატული.
ჩემს შემოქმედებას პირადი სამყაროს თანდათანობით შექმნად აღვიქვამ. ეს სამყარო ყალიბდება მასალების, ისტორიისა და იმ ტექნოლოგიური გარემოს მუდმივად ცვალებადი გააზრებით, რომელშიც ვცხოვრობთ.
ასევე ეჭვქვეშ ვაყენებ დიზაინის სფეროში გავრცელებულ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც ტექნიკები და ვიზუალური ენები ისე უნდა დავიცვათ, თითქოს შემოქმედება ექსკლუზიურობაზე იყოს დამოკიდებული. მჯერა, რომ ცოდნა გაცვლის გზით უფრო ღირებული ხდება და არა მისი შეზღუდვით.
ვიღაცამ შეიძლება შენი ესთეტიკა გაიმეოროს, მაგრამ ვერ გაიმეორებს იმ გამოცდილებასა და აზროვნების პროცესს, რომელმაც ეს ესთეტიკა წარმოშვა.
ჩვენ ვიზუალური მოხმარების კულტურაში ვცხოვრობთ, სადაც ნივთებსა და ხელოვნების ნიმუშებს წამებში აღვიქვამთ და გარკვეულ კატეგორიებს მივაკუთვნებთ. მსურს შევქმნა ისეთი ობიექტები, რომლებიც აღქმის ამ წესს ეჭვქვეშ დააყენებს – რომელთა მასალა და წარმომავლობა ერთი შეხედვით აშკარა არ იქნება და რომლებიც მით უფრო საინტერესო გახდება, რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებთ მათთან ერთად.
ნატალი შურღაიას შემოქმედებაში ნივთი დასრულებული ფორმა არ არის. მისი ისტორია არც სახელოსნოში იწყება და არც იქ მთავრდება. ის შეიძლება ბავშვობის მოგონებიდან დაიბადოს, ისტორიული ობიექტის ფორმა შეიძინოს, სრულიად სხვა მასალაში განხორციელდეს და საბოლოოდ იმ ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს, რომელმაც მისი თავდაპირველი ისტორიის შესახებ შესაძლოა არაფერი იცოდეს.
ამ პროცესში იცვლება არა მხოლოდ ნივთის ფუნქცია, არამედ მისი მნიშვნელობაც. ხმალი, რომელიც ისტორიულ მეხსიერებაში ძალაუფლებას, ბრძოლასა და თავდაცვას უკავშირდება, სასანთლედ გარდაიქმნება – ობიექტად, რომლის გამოყენებაც პირად მოგონებასა და რიტუალს უკავშირდება. ეს გარდაქმნა წარსულს არ აუქმებს, მაგრამ არც მის უცვლელად შენარჩუნებას ცდილობს.
შესაძლოა, სწორედ აქ გადის განსხვავება ფორმის უბრალო გამეორებასა და მის ხელახალ გააზრებას შორის. თუ დიზაინს მხოლოდ სიახლის წარმოებად მივიჩნევთ, ნებისმიერი ობიექტი ადრე თუ გვიან მოძველდება. მაგრამ თუ ნივთს მნიშვნელობების შეცვლის შესაძლებლობადაც დავინახავთ, მისი არსებობა მხოლოდ ვიზუალური ეფექტით აღარ განისაზღვრება.








