fbpx

ლიტერატურული პრემია „ლიტერას” 2026 წლის გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

2 ნოემბერს, დიზაინის ინსტიტუტში, ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

დაჯილდოების ცერემონიაზე სოლიდარობა გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფ პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც გასულ წელს პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

წელს სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა მიხეილ ჩარკვიანი წიგნისთვის „როგორ გადავურჩეთ დიქტატურას“ (გამომცემლობა „ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი“). წიგნი ზვიად რატიანს ეძღვნება.

გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო დებიუტი

თაკო წულაია – „არაფერი არ გვემართება“, გამომცემლობა „პალიტრა L“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

მინდია არაბული – „საუკუნო უკუნი“, გამომცემლობა „მატარებელი კომიქს“

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

დავით ქართველიშვილი – „ცვილის ფიგურები“, გამომცემლობა „პალიტრა L“

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა

გიორგი კაკაბაძე – „მიზეზთა ბუნება“, გამომცემლობა „ინტელექტი“

წლის საუკეთესო რომანი

გოგა ქობალია – „სიკვდილი პაპანაქება მზეში“, გამომცემლობა „ინტელექტი“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ განსაკუთრებული ჯილდო პოეზიისთვის, საგანმანათლებლო და სამოქალაქო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ნატო ინგოროყვას:

„სამოქალაქო აქტივიზმისთვის, რომელიც მისი პოეტური ხმის განუყოფელი ნაწილია; საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რომლითაც პოეტური სიტყვა მკითხველთან და ახალ თაობასთან უფრო ახლოს მიდის; ღირსეული საჯარო პოზიციისთვის, რომელსაც სიტყვითაც და მოქმედებითაც იცავს; და იმის დადასტურებისთვის, რომ პოეზია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასთან განუყრელია“.

ორი სპეციალური პრიზი

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ განსაკუთრებული ჯილდო წიგნიერებისა და განათლების გავრცელებისთვის გადაეცა მწერალსა და მასწავლებელს – დათია ბადალაშვილს.

„შემოქმედებითი საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით ნაჩვენები გამბედაობისთვის, იმის შეხსენებისთვის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა მუდამ აქტუალური, ძვირფასი და მშვენიერია და რომ სოლიდარობა შემოქმედისა და მოქალაქის უზენაესი ღირებულებაა; პრინციპულობის შთამაგონებელი მაგალითის მოცემისთვის“, პენ საქართველოს სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს, ირაკლი ლომოურს.

„მადლობა ღმერთს, რომ თქვენ არსებობთ, ლიტერატურა და საზოგადოება ცოცხალია და ვერანაირი ფულზე გაგიჟებული ადამიანები ვერაფერს ვერ გვიზამენ, რაც უნდა საშინელება გველოდებოდეს წინ“, – თქვა ირაკლი ლომაურმა.

კონკურსის ფინალისტების სრული სიის სანახავად, მიჰყევით ბმულს.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დააარსა „მწერალთა სახლმა“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. თუმცა, 2021 წლიდან, როცა „მწერალთა სახლის“ ჟიურის მუშაობაში უხეშად ჩაერია კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მწერლების უმეტესობამ პრემიას ბოიკოტი გამოუცხადა. მას შემდეგ „ლიტერას“ საქართველოს პენცენტრი გასცემს. ამ მოვლენების გამო „ლიტერა“ იქცა თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებისა და ცენზურასთან ბრძოლის სინონიმად.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.