Playmakers სარეკლამო და მარკეტინგული სააგენტოების მსოფლიო ქსელს შეუერთდა
სარეკლამო და მარკეტინგული ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – წარმატებული ქართული შემოქმედებითი სააგენტო Playmakers სარეკლამო და მარკეტინგული კომუნიკაციების დამოუკიდებელი სააგენტოების მსოფლიო ქსელის, ICOM Network-ის წევრი ოფიციალურად გახდა. აღსანიშნავია, რომ „ფლეიმეიქერსი“ დღეს ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ამ გლობალურ ქსელშია გაერთიანებული.
ICOM წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყნიდან 70-ზე მეტ დამოუკიდებელ სააგენტოს აერთიანებს. ქსელის მისიაა წევრი კომპანიების განვითარების ხელშეწყობა ინოვაციების, თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების გზით, ისე რომ სააგენტოებმა სრული დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პატარა ბაზარია, აქ შექმნილი შემოქმედებითი კამპანიები უკვე დიდი ხანია სცდება ქვეყნის საზღვრებს. 2023 წელს მმართველი პარტნიორების — კოკა ქამუშაძის, მარი ლორთქიფანიძის, ნუკა შევარდნაძისა და გიო ფრანგიშვილის მიერ დაარსებული Playmakers დღეს ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან სააგენტოდ ითვლება. დაარსებიდან დღემდე კომპანიამ 50-ზე მეტი საერთაშორისო შემოქმედებითი ჯილდო მიიღო, მათ შორის ADCE-ს – გრანპრი, European Star Special Prize, ასევე წარმატებები მოიპოვა ისეთ გლობალურ კონკურსებზე, როგორებიცაა The One Show, Clio Awards, Epica Awards და Cannes Lions.
პარტნიორობის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია დიზაინ ინსტიტუტში გაიმართა. ღონისძიებას სპეციალურად დაესწრო ICOM-ის პრეზიდენტი და CEO ემა კენანი, რომელმაც თანამშრომლობის დაწყებაზე საუბრისას აღნიშნა:
„როდესაც ერთმანეთს შევხვდით, უბრალოდ მოგვეწონა ერთმანეთი. საქმეს ძალიან ეხმარება, როცა მოგწონს ის ადამიანები, რომლებთანაც მუშაობ. ჩვენს შემთხვევაშიც თავიდანვე იგრძნობოდა, რომ ერთმანეთს კარგად ვუგებდით.“
ამავდროულად კი, როგორც სააგენტოს მმართველმა პარტნიორმა კოკა ქამუშაძემ აღნიშნა:
„დღევანდელი შეხვედრა ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალია – ჩვენ გავხდით ICOM-ის გლობალური ქსელის სრულუფლებიანი წევრი. დიდი იმედი და ამბიცია გვაქვს, რომ ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ წამყვან საერთაშორისო სააგენტოებს. მზად ვართ, მსოფლიო ასპარეზზე თითოეულ მათგანს შევეჯიბროთ.”


