კულტურა “ნიკოს” გარეშე
ავტორი: ნინო ამონაშვილი
მაშინ როდესაც ქუჩაში ცხოველებს იჭერდნენ, შემდეგ კი სასტიკად და დაუნდობლად ხოცავდნენ, ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, რა იქნებოდა ხვალ, თუკი “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დიდხანს იქნებოდა. რთული წარმოსადგენია ამ დროზე უფრო სასტიკი მომავალი, სისასტიკე უკვე არსებული რეალობაა და მისი დამძიმება მხოლოდ გაზრდილი რიცხვებით არის შესაძლებელი.
ცხოველთა უფლებები მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოებისთვის და ხელოვნებით ამ პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხის დაცვა ისეთივე არახალია, როგორც მათი სიყვარული ან მათდამი პატივისცემა. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ერთმანეთს შევახსენოთ, რომ ქართული ხელოვნების და კულტურის დამოკიდებულება იმ არსებებისადმი, რომლებსაც ჩვენი ზრუნვა სჭირდებათ, პატივისცემაზე და სიყვარულზე გადის.
ნიკოს 1907 წლის ნამუშევარში „მონადირე“, ვხედავთ კაცს, რომელიც ირემს ესვრის. თუმცა გამოსახულებაში ყველაზე საყურადღებო არა თავად ნადირობის აქტია, არამედ ის კომპოზიციური გადაწყვეტა, რომლითაც მხატვარი ამ ორ არსებას შორის არსებულ ურთიერთმიმართებას განსაზღვრავს. ფიროსმანი შეგნებულად არღვევს მათ ფიზიკურ პროპორციებს: ირემი მონადირეზე გაცილებით დიდია, ადამიანი კი მის გვერდით თითქმის უმნიშვნელო ფიგურად, პატარა კაცუნად არის წარმოდგენილი. ეს დისპროპორცია სცენის უბრალო ვიზუალურ თავისებურებას სცდება და სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ფიროსმანაშვილი არა მხოლოდ ნადირობის სცენას გამოსახავს, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უპირობო უპირატესობას სხვა ცოცხალ არსებებზე. ნიკო კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება საკუთარი დამოკიდებულება საზოგადოებამდე მიიტანო.
ცხადია, არც თანამედროვე ხელოვანები არიან შორს ბუნებისგან და ცხოველთა სიყვარულისგან. თუთუ კილაძის ნამუშევრები სავსეა ყოველდღიური სცენებით, სადაც ხშირად შევხვდებით ქუჩაში მყოფ ინდივიდებს ძაღლებთან ერთად. ეს გამოსახულებები ძალიან მგრძნობიარე და თბილია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა სუსხიანი ზამთრის პეიზაჟს ასახავდნენ. ცოცხალ არსებებს ასეთ ყინვაშიც შეუძლიათ რაღაც უფრო სხვანაირი გახადონ, უფრო ადამიანური და უფრო მოსიყვარულე. თუთუსთან, თანაცხოვრების ეს ჰარმონია და მრავალფეროვნება თვალნათელია.
ხელოვან მაკა ბატიაშვილთან კი ცხოველები უფრო პატრონს ემსგავსებიან და მათთან ერთად განიცდიან სხვადასხვა მდგომარეობას. ემოციური კავშირი აშკარაა, ისინი ერთიმეორეს ეხმარებიან განცდების და შეგრძნებების გამოხატვაში.
ძაღლების თემას იკვლევს ხელოვანი ქეუ მეფარიშვილიც. ავტორთან ცხოველები თითქოს ბევრად უფრო დამოუკიდებლები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია. ასეც არის უსახლკარო ცხოველების შემთხვევაში, რომლებსაც საკუთარი თავის გამოკვება თავად უწევთ, თავად უწევთ სიცივისგან თავის დაცვა და სხვა ყოველდღიური საფრთხის გადალახვა.
გამოფენა “They were born together, They will die together” ნიკა ქუთათელაძის ნამუშევრებს მოიცავს. არ მახსოვს ჩემი ოჯახი ოთხფეხა არსებების გარეშე, ისინი ყოველთვის ტრიალებდნენ ჩვენ გვერდით, გადაურჩენიათ კიდეც ადამიანი და უწყენინებიათ კიდეც სხვებისთვის, მაგრამ რთულია ცოცხალი არსების სიცოცხლე სხვანაირად მიმდინარეობდეს.
იმის გასაგებად, თუ რა განწყობა შემოაქვთ ადამიანის ცხოვრებაში მათ, საკმარისია დავაკვირდეთ ზოგიერთი ავტორის, მაგალითად, თინათინ ჩხიკვიშვილის ნამუშევარს, სადაც ძალიან ხშირად შევხვდებით სხვადასხვა პატარა ტანის ძაღლებს დივანზე, საწოლთან, ეზოში თუ სხვაგან. მნახველი ამ გამოსახულებებიდან თუ გააქრობს ძაღლის ფიგურას, შეიძლება ოთახი ისე დაცარიელდეს, რომ ადამიანს მარტოობის განცდა კიდევ უფრო გაუმძაფრდეს. ეს ნამუშევრები მყუდრო და სენტიმენტალურია, მასში დარჩენილი განმარტოებული ცხოველები თითქოს რაღაც ნაცნობს გვახსენებენ, მათ ვისაც ისინი ხშირად გვინახავს სავარძელზე, დივანზე, საწოლზე ან სხვაგან.
2026 წელს ხელოვანმა ოლეგ ტიმჩენკომ სწორედ უსახლკარო ცხოველებს მიუძღვნა გამოფენა. ამ ნამუშევრებში იკითხება ის მძიმე რეალობა, რომელიც ქუჩაში მყოფ უპატრონო ცხოველებს აქვთ: სევდიანი თვალებით და მელანქოლიით. ავტორმა ნამუშევრები ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნა თბილისის და ბათუმის სადგურებზე დაკვირვებისას.
ქართული ხელოვნება ძალიან ხშირად ასახავს ოთხფეხა არსებებთან ურთიერთობას. როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები დაიწყებენ ქართულ კულტურაზე საუბარს და ეცდებიან გადაფარონ ცხოველების მიმართ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი კადრები, თავისუფლად შეგვიძლია შევახსენოთ, რომ ისინი არათუ პატივს არ სცემენ არც წარსულს და არც აწმყოს, არამედ არასდროს არ უგრძნიათ ამ კულტურის თავისებურებები და უფრო მეტიც, არ უყვართ ნიკო ფიროსმანაშვილი და არც არავინ სხვა, ვინც ცხოველებს საკუთარი შემოქმედებით აფასებს, რადგან შეუძლებელია გრძნობდე და გიყვარდეს ეს ხელოვნება, პარალელურად კი უმოწყალოდ ხოცავდე ცოცხალ არსებებს, სასტიკი სიკვდილითა და წამებით. ადამიანის მიერ გამოხატული ძალადობის ამგვარი ფორმა ფსიქიკური და მენტალური მდგომარეობის აღმწერია, რომ აღარაფერი ვთქვათ ქმედების კანონსაწინააღმდეგო ბუნებაზე.
სახელმწიფო პოლიტიკა სადისტურია ცხოველებისადმი, ისევე როგორც ადამიანებთან. ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რადგანაც სხვაგვარად ქართული კულტურა წაშლის თავის წარსულს და ქართული ხელოვნება გახდება ბუტაფორია საზოგადოებისთვის. ცხოველთა უფლებები ხელოვნებაში მხოლოდ ცხოველის გამოსახვას არ ნიშნავს, არამედ ეს არის მცდელობა, ადამიანმა საკუთარ თავზე, ძალაუფლებასა და სხვა ცოცხალ არსებებთან თანაარსებობის ფორმებზე იფიქროს.
იქ, სადაც არავის კნავის, არავინ ყეფს და არავინ არაფერს აპროტესტებს, ჩემი ადგილი არ არის!











