კოკი მახარაძის განახლებული დარბაზი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კოკი მახარაძის (1929-1992) განახლებული დარბაზი გაიხსნა. მუდმივ კოლექციას შეემატა მხატვრის უმნიშვნელოვანესი მონუმენტური ტილო – „მიწა ქართული“.
კონსტანტინე (კოკი) მახარაძე წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გარდამტეხ ხელოვანს ქართულ პოსტსტალინისტურ სახვით ხელოვნებაში. მის გამომსახველობით ენაში წახნაგდება განსხვავებული მიმართულებების სტილისტურ-ტიპოლოგიური ნიშნები: პერედვიჟნიკული სკოლა, აკადემიზმი, ორიენტალიზმი, საბჭოთა მონუმენტალიზმი, ექსპრესიონიზმი, რენესანსი (კვატროჩენტო), მედიტერანული ფერწერა. ხელოვანმა უნიკალურად გააერთიანა ქართული და დასავლური კულტურული კოდები საბჭოთა იდეოლოგიის წიაღში, ანუ მასთან ეროვნული იდენტობა და კოსმოპოლიტიზმი ჰარმონიულად თანაარსებობდა. 1950-იანელთა თაობის მხატვართათვის დგება ცვლილებების ეპოქა, რასაც დესტალინიზაციის რეფორმას უწოდებენ, თუმცა საბჭოთა შერბილებული ცენზურა მაინც აკონტროლებდა ახალ თაობას.
1950-იანელების „ახალმა ტალღამ“ შემოიტანა ქართულ სახელოვნებო სივრცეში ექსპრესიული ფერები, ექსპერიმენტული ფიგურატიულობა, ფორმალიზმი, ეროვნული იდენტობა და ა.შ. მიუხედავად ამ სიახლეებისა, რომლებმაც სოცრეალიზმის თემატიკა და საშემსრულებლო მეთოდები მთლიანად გააქრო, ქართული სახვითი ხელოვნება კვლავ საბჭოთა ყალიბში მოაქცია. უმთავრესად ფერწერას, გრაფიკას, სკულპტურასა და მათ ქვედარგებს საბჭოთა მონუმენტურობა ახასიათებდა, რაც სტილური გამომხატველი და იდენტობაც კი იყო საბჭოთა კულტურის.
არსებულ ადგილობრივ სახელოვნებო კონტექსტში კოკი მახარაძე რთულ და მრავალშრიან შემოქმედებით გზას გადის, მასთან შერწყმულია სამი კულტურული მოდელი: ეროვნული, საბჭოთა მონუმენტური და ევროპული.
იგი დაიბადა 1929 წელს ოჩამჩირეში. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში უჩა ჯაფარიძესთან და აპოლონ ქუთათელაძესთან (1947-1953).
1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1960-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში. 1950-1960-იან წლებში იტაცებდა ისტორიული სიუჟეტები, რომელთა საფუძველზეც შექმნა მრავალფიგურიანი კომპოზიცია – „სუვოროვი და ბაგრატიონი ალპებში“ (1952, სადიპლომო ნამუშევარი) და „ასპინძის გამარჯვება“ (1961). კოკი მახარაძე 1960-იანი წლების ბოლოდან გადადის ალეგორიული ტილოების შექმნაზე, ესენია („მიწა ქართული“, 1967; „თეთრი ხარი“, 1976). ხელოვანი 1992 წელს თბილისში გარდაიცვალა.
კოკი მახარაძის შემოქმედება მრავალფეროვანია, თითქოს ერთგვარ სტილურ-ჟანრულ კალეიდოსკოპში ვიხედებით, საინტერესოდ გარდაიქმნება მონუმენტური ფორმათა განცდა ექსპრესიულ ლაქებად, ფილიგრანული აკადემიზმი პირობითობამდე. მხატვრის თემატიკაც დინამიკურად იცვლება ყოველ დეკადაში, სადაც ალეგორიას, მეტაფორას, ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნულ იდენტობას თუ ბატალურ სცენებს ანაცვლებს კოკის მოგზაურობის ერთგვარი ხატოვანი ციკლი. ხელოვანი დოკუმენტურ-ეთნოგრაფიული სიზუსტით და პოეტური მიდგომით ხატავს: ინდოეთს, კუბას, აფრიკას, იტალიას, თურქეთს, ევროპასა და საქართველოს კუთხეებს; ჩამოთვლილ კულტურულ ლოკუსებზე გრაფიკულ-ფერწერულად რეფლექსირებს და ასურათხატებს მათ.
ურბანული პეიზაჟები, ბუნება, რეფლექსიურ-ეთნოგრაფიული პორტრეტები, არქიტექტურული რაკურსები, ნიუები, ყოფითი სცენები, ფლორისტულ – ანიმალისტური ჩანართები კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ოსტატის კოსმოპოლიტურ მსოფლმხედველობას. ეს ჩამონათვალი წარმოაჩენს მახარაძის განსხვავებული კულტურისადმი ემპათიურ ბუნებას და ამავდროულად, მას არ ავიწყდებოდა ქართული კულტურაც, რომლის გადასარჩენად საბჭოთა პერიოდში მონუმენტურ გამომსახველობას მიმართავდა. მოგზაურობის ციკლში იკითხება მისი არტისტული ნება და თავისუფლებისკენ სწრაფვა, რადგანაც კოკი მახარაძის შემოქმედება დიალოგია – საქართველოს დასავლურ თუ უნივერსალურ კულტურასთან, რაც საბჭოთა იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა.















