fbpx

მქრქალი – Visual Ecology of a Faded Future


გააზიარე სტატია

მოწვეული ხელოვანები: ნესტან აბდუშელიშვილი, ნინო ლომაძე, ნინო საკანდელიძე, ანა ტაბატაძე, თამარ ჩადუნელი

კურატორი: მარიამ შერგელაშვილი 
გამოფენის გახსნა: 29 ნოემბერი, 2026, 17:00

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, გ.ცაბაძის ქ. #6

კვლევაზე დაფუძნებული გამოფენა „მქრქალი“, საკურატორო პლატფორმის unarchived_semiotics ინიციატივით, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებსა და თუთის ისტორიულ ფოტოარქივს წარმოადგენს. საკურატორო ხედვა საარქივო მასალის პოეტური და კრიტიკული წაკითხვის გზით ბუნებას, ვიზუალურ კულტურასა და ძალაუფლებას შორის ურთიერთმიმართებებს იკვლევს. დამოუკიდებლად შექმნილი თანამედროვე სახელოვნებო ნამუშევრებისა და ისტორიული გამოსახულებების თანაარსებობა დროის, მეხსიერებისა და წარმოსახვის განსხვავებულ პერსპექტივებს ააშკარავებს.

საარქივო გამოსახულებაში დროის რამდენიმე შრე თანაარსებობს: მცენარის ბიოლოგიური სიცოცხლე, მისი ფოტოგრაფიული ფიქსაციის მომენტი და ისტორიული დისტანცია, საიდანაც მას დღეს ვაკვირდებით. მუზეუმში დაცული ჰერბარიუმები, ბოტანიკური ნახაზები, ფოტოკოლექცია და სხვა საარქივო მასალები ბუნების შეცნობის ისტორიულ ფორმებს გვაცნობს.

საქართველოში თუთის ხის კულტურული ისტორია ადგილობრივ ლანდშაფტს, მეურნეობის პრაქტიკებსა და მეაბრეშუმეობის ხანგრძლივ ტრადიციას უკავშირდება. საბჭოთა მეაბრეშუმეობის ისტორია მნიშვნელოვანი აგრარული მემკვიდრეობაა, რომელიც ნაკლებად განიხილება ექსტრაქტივისტული მოდერნიზაციის ნაწილად, სადაც მონოკულტურა, შრომა და ლანდშაფტი იდეოლოგიური სისტემების ფარგლებში ყალიბდებოდა. მუზეუმში დაცული საარქივო მასალები შესაძლებლობას გვაძლევს, გადავხედოთ იმ ვიზუალურ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც ბუნების გარდაქმნა პროგრესის იდეას დაუკავშირდა. მცენარის მრავალფეროვნების შესწავლა, მისი მორფოლოგიური თავისებურებების აღწერა და კლასიფიცირება წარმოების ეფექტიანობისა და სტანდარტიზაციის ამოცანებთან იკვეთება. ამ ურთიერთობაში სამეცნიერო ცოდნის განვითარება ბუნების ეკონომიკური გამოყენებისა და მართვის ისტორიულ პროცესებს უკავშირდებოდა.

პოსტსაბჭოთა პერიოდში წარმოებითი ქსელების მოშლამ ეს ისტორია ახალი დროითი შრით დატვირთა. წარმოებითი ფუნქციის დაკარგვასთან ერთად შეიცვალა მცენარის, შრომისა და ლანდშაფტის ურთიერთმიმართებები. ოდესღაც ფუნქციური სისტემა კულტურული მეხსიერებისა და ისტორიული რეფლექსიის საგნად იქცა. მუზეუმის არქივმა ამ ცვლილებების მატერიალური და ვიზუალური კვალი შემოინახა. საარქივო გამოსახულებებში შემორჩენილი მცენარეული ფორმების მრავალფეროვნება დღეს ბუნების ცვალებადობასთან ერთად ისტორიული ცოდნის საზღვრებსა და წყვეტის შედეგად გარდაქმნილ ურთიერთობებზეც გვაფიქრებს.

ამ დროით გადაკვეთებში გამოფენა მომავლის ეკოლოგიური წარმოსახვის საკითხს თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებთან დიალოგით განავრცობს. ზრდა, შეწყვეტა, ადაპტაცია და გაქრობა ბუნებრივი პროცესების ურთიერთგადამკვეთი მდგომარეობებია. თანამედროვე გამოწვევების ფონზე პროგრესის სწორხაზოვან წარმოდგენა სიცოცხლის სიმყიფესა და არამდგრადობაზე ეკოლოგიურ კრიზისთან კავშირში მძაფრდება.

გამოფენისთვის შერჩეული ხუთი ქალი ხელოვანის განსხვავებული მხატვრული პრაქტიკები თუთის არქივთან კონცეპტუალურ დიალოგში ერთიანდება. მცენარეული ფორმების ფრაგმენტაცია, ორგანული მატერიის კვალი, გამოსახულების გახუნება, გამეორების რიტმი და სივრცითი გარდაქმნები ნამუშევრებს შორის დამოუკიდებელ, ახალ მიმართებებს წარმოშობს. საკურატორო ხედვა ისტორიულ გამოსახულებებსა და თანამედროვე მხატვრულ ენას დროითი, მატერიალური და პოეტური კავშირებით ავითარებს, სადაც მცენარე მეხსიერებისა და გარდაქმნის შესახებ მხატვრული აზროვნების საწყისად იქცევა.

„მქრქალი“ მეტაფორულად  ბუნებასთან დაკარგული წვდომის რეფლექსიასა და ვიზუალური ეკოლოგიის განახლებულ ხედვას გვთავაზობს. ინსტალაციების, ობიექტების, მულტიმედიური და სივრცითი პრაქტიკების მეშვეობით, საარქივო მასალისა და თანამედროვე სახელოვნებო წარმოსახვის ურთიერთმიმართებით, გამოფენა სიცოცხლისა და წარმავალობის, დაკვირვებისა და გარდაქმნის საკითხებს იკვლევს და მომავლის ბუნდოვან კონტურებს წარმოსახვით ლანდშაფტებზე შლის.

მქრქალი კვლევაზე დაფუძნებული გამოფენა საკურატორო პლატფორმის unarchived_semiotics ინიციატივით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 2027 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.