fbpx

ქართველი მეცნიერები ციტირების საერთაშორისო რეიტინგებში


გააზიარე სტატია

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქართული მეცნიერება გაცილებით განვითარებული იყო ვიდრე ახლა. ამ მოსაზრებას ამყარებენ ფაქტით, რომ საბჭოთა სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევდა მეცნიერებას, მოქმედებდა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები და ა.შ.

90-იანი წლების შემდგომ სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა, ისევე როგორც მეცნიერებათა აკადემიამ, თავისი მნიშვნელობა დაკარგეს, რასაც მოჰყვა (რიგ მეცნიერთა და მათი გულშემატკივართა აზრით) სამეცნიერო დარგების (განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების) დაკნინება და ლამის გაქრობაც კი.

თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში ქვეყანაში მეცნიერების ხარისხის და კონკრეტული მეცნიერის მიღწევების შეფასების არაერთი კრიტერიუმი არსებობს, და მათგან ერთ-ერთი მეცნიერის ნაშრომების სხვა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევებში ციტირების რაოდენობაა.

ჩვენ შევეცადეთ საქართველოში არსებული მონაცემების საშუალებით ყველაზე ხშირად ციტირებული ქართველი მეცნიერები მოგვეძია.

ინფორმაცია რუსთაველის ფონდიდან

ამისათვის მივმართეთ „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს“, რომელიც ყოველწლიურად ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს სამეცნიერო მიმართულებებით.

ფონდში გვითხრეს, რომ მხოლოდ ციტირების ინდექსზე დაყრდნობით მეცნიერების “წარმატების” კრიტერიუმის განსაზღვრა მცდარია და რომ ციტირება მეცნიერის მოღვაწეობის შეფასებისას ისე შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი.

კითხვაზე, თუ რატომ არა აქვს ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს წვდობა იმ ბაზებთან, რომლებიც მეცნიერების ციტირების ინდექსებს აქვეყნებენ, გვიპასუხეს, რომ კითხვა მიამიტურადაც კი ჟღერს, რადგან ამ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ ძვირი ღირს და ფონდი ყოველწლიურად Thomson-ისა (მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო ბაზა, რომელიც ასევე ციტირების ინდექსს ითვლის) და სხვა პრესტიჟულ ბაზებთან წვდომის საფასურს – 700 000 დოლარზე მეტს იხდის.

ასევე რუსთაველის ფონდში თვლიან, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება და საჯაროდ გამოტანა არამართებულია და მეცნიერთა შორის გაუგებრობას გამოიწვევს, რიგ მიზეზთა გამო:

  1.  ციტირებების რაოდენობა შესაძლოა ყოველდღიურად შეიცვალოს.
  2.  “რუსთაველის ფონდს” აქვს მხოლოდ იმ მეცნიერთა შესახებ მონაცემები, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ და შემოაქვთ განაცხადები დაფინანსების მოსაპოვებლად.
  3.  საქართველოში არიან ძალიან წარმატებული მეცნიერები, რომლებიც ფონდთან არ თანამშრომლობენ და შესაბამისად, ფონდს მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, შესაძლებელია ამ მეცნიერთა ციტირების ინდექსი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ფონდის მიერ დაფინანსებული მეცნიერებისა.
  4.  მეცნიერების ყველა დარგს განსხვავებული შეფასების კრიტერიუმები და ინდექსი აქვს, ამიტომ არ არის მართებული ამ დარგებისა და მეცნიერების ერთ სივრცეში განხილვა.

ინფორმაცია თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან

გარკვეულ ინფორმაციას უცხოურ გამოცემებსა თუ ნაშრომებში ქართველი მეცნიერების ციტირებების რაოდენობების შესახებ თბილისში არსებული თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ფლობს.

ბიბლიოთეკამ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, მართლაც მოგვაწოდა ხშირად ციტირებულ ქართველ მეცნიერთა სია (იხილეთ ქვემოთ), თუმცა მათი ნაშრომების დიდ ნაწილს მითითებული აქვს საზღვარგარეთის უნივერსიტეტები. შესაბამისად, ეს კვლევები „ქართულად“ ვერ ჩაითვლება, რადგან ისინი უცხოური უნივერსიტეტების ბაზებზეა შექმნილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სიაში ჭარბობენ საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებათა დარგში მოღვაწე მეცნიერები. გამოდის, რომ სწორედ ის დარგები, რომლებსაც, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, საქართველოში „გადაშენება“ ემუქრებოდა, დღეს ყველაზე აქტიური და წარმატებულია საერთაშორისო ასპარეზზე.

ყველაზე ციტირებული ქართველი მეცნიერები SCOPUS-ის მონაცემთა ბაზიდან:

(წყარო: თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა)

  1.  იაშვილი ი., ბუფალოს უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბუფალოში, აშშ
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, მულტიდისციპლინარული / h-index: 79 / სულ ციტირება: 17114
  2. ხარჩილავა ა., ბუფალოს უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბუფალოში, აშშ
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, მულტიდისციპლინარული / h-index: 79 / სულ ციტირება: 15926
  3. ჯინდარიანი სერგო, ფერმის ეროვნული აქსელერატორის ლაბორატორია, ბატავია, აშშ
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, მულტიდისციპლინარული საბუნებისმეტყველო მეცნიერება / h-index: 76 / სულ ციტირება: 13923
  4. ლომთაძე თეიმურაზ, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი, ფრასკატი, იტალია
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, მულტიდისციპლინარული დედამიწისა და პლანეტარული მეცნიერებები / h-index: 70 / სულ ციტირება: 13002
  5. მესტვირიშვილი ალექსი, აიოვას უნივერსიტეტი, აიოვა სითი, აშშ
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, ენერგეტიკა, მულტიდისციპლინარული, მედიცინა / h-index: 68 / სულ ციტირება: 12323
  6. კააძე ქ., კანსაზის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მანჰეტენი, აშშ
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, მულტიდისციპლინარული / h-index: 68 / სულ ციტირება: 12123
  7. გოკიელი რ., ვარშავის უნივერსიტეტი, პოლონეთი
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, ბიოქიმია, გენეტიკა და მოლეკულარული ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, მულტიდისციპლინარული / h-index: 65 / სულ ციტირება: 15402
  8. სვინტრაძე ი., კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მანჰეტენი, აშშ
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, მულტიდისციპლინარული / h-index: 65 / სულ ციტირება: 10444
  9. ხუხუნაიშვილი ა., როჩესტერის უნივერსიტეტი, როჩესტერი, აშშ
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, მულტიდისციპლინარული / h-index: 64 / სულ ციტირება: 10520
  10. ჩაკაბერია ი., ბრუკჰევენის ეროვნული ლაბორატორია, აპტონი, აშშ
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, მულტიდისციპლინარული / h-index: 64 / სულ ციტირება: 10443
  11. ზაქარია მ., ილინოისის უნივერსიტეტი ჩიკაგოში, ჩიკაგო, აშშ
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, მულტიდისციპლინარული / h-index: 64 / სულ ციტირება: 10313
  12. სხირტლაძე ნ., კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, მულტიდისციპლინარული / h-index: 62 / სულ ციტირება: 9904
  13. წამალაიძე ზ., ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო / h-index: 47 / სულ ციტირება: 8885
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, მულტიდისციპლინარული, მედიცინა, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება
  14. ლომიძე დ., ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, მათემატიკა, ინჟინერია, მულტიდისციპლინარული, მედიცინა / h-index: 46 / სულ ციტირება: 8694
  15. როინიშვილი ვ. ნ., საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ენდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, მათემატიკა, ინჟინერია, მულტიდისციპლინარული / h-index: 37 / სულ ციტირება: 7630
  16. შანიძე რ. გ., Deutsche Elektronen-Synchrotron (DESY), ჰამბურგი, გერმანია
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, მათემატიკა, ინჟინერია, დედამიწა და პლანეტარული მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერება, სოფლის მეურნეობა და ბიოლოგიური მეცნიერებები, მულტიდისციპლინარული, მედიცინა, ბიოქიმია, გენეტიკა და მოლეკულარული ბიოლოგია, ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერება / h-index: 37 / სულ ციტირება: 6873
  17. ამაღლობელი ნ. ს., ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაღალი ენერგიებისა და ინფორმატიზაციის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, მათემატიკა, ინჟინერია, მულტიდისციპლინარული / h-index: 25 / სულ ციტირება: 4497
  18. რურუა ლ., ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, მულტიდისციპლინარული / h-index: 21 / სულ ციტირება: 5484
  19. სახელაშვილი თ. მ., პოლ შერერის ინსტიტუტი, ვილიგენი, შვეიცარია
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, მულტიდისციპლინარული / h-index: 16 / სულ ციტირება: 5705
  20. ქვათაძე რ.ა., ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA), თბილისი, საქართველო
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, მედიცინა, ბიოქიმია, გენეტიკა და მოლეკულარული ბიოლოგია, მულტიდისციპლინარული / h-index: 13 / სულ ციტირება: 4862
  21. მანჯავიძე ი., CEA Saclay, გიფ სურ ივეტ, საფრანგეთი
    სფერო: ინჟინერია, ფიზიკა და ასტრონომია, ენერგეტიკა, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, მულტიდისციპლინარული / h-index: 9 / სულ ციტირება: 5137
  22. ბაღათურია ი., ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მათემატიკა, ქიმია, მულტიდისციპლინარული / h-index: 9 / სულ ციტირება: 4255
  23. ჭილაძე ბ. გ., ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაღალი ენერგიებისა და ინფორმატიზაციის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
    სფერო: ფიზიკა და ასტრონომია, ინჟინერია, მულტიდისციპლინარული / h-index: 5 / სულ ციტირება: 4193

ბიბლიოთეკაში განგვიმარტეს, რომ ბაზის არასრულყოფილება იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოში არსებული უნივერსიტეტები თუ ცალკეული მეცნიერები არ აწვდიან მათ სრულ ინფორმაციას მეცნიერთა ჯგუფების თუ ცალკეული მეცნიერების უცხოურ გამოცემებში ციტირების შესახებ.

“კვლევის” შედეგად ასევე გამოიკვეთა ისიც, რომ საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებათა დარგში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ მუშაობს, თუმცა საბედნიეროდ, არიან ახალგაზრდა მეცნიერები და სამეცნიერო გუნდები, რომლებიც მუშაობენ საქართველოშიც.


რეკომენდებული სტატიები
სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში
გთავაზობთ დედაქალაქის მასშტაბით ბავშვთა სპორტული დარბაზებისა და კლუბების არასრულ ჩამონათვალს და მათი მომსახურების ღირებულებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.