“სახლის მცხობელები” თბილისში


გააზიარე სტატია

იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ქალაქში დღითი დღე მატულობს სხვადასხვა ტიპის საკონდიტროებისა თუ საცხობების რაოდენობა (მათ შორის უცხოური ცნობილი ბრენდების), მნიშვნელობას არ კარგავს დაკვეთილი, სახლში გამომცხვარი ტკბილეული.

„კვანტალიანის ტორტი“ „მარინა ლეგრანის ტორტი“ „დიუმას ქუჩის ოპიუმი“ და ა.შ – ეს უკვე ბრენდებად ქცეული სახელებია, რომლებმაც დროს გაუძლეს და ძალიან კარგად მოერგნენ თანამედროვე კონკურენტულ გარემოს – თანაც ყოველგვარი რეკლამის გარეშე.

At.ge-მ შეარჩია ამ პროფესიის ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი და მათთან მცირე ინტერვიუები ჩაწერა:

თამრიკო გაჩეჩილაძე

ექიმი, მიკროპედიატრი.

ისტორია
ხუთი წლის წინ თავი დავანებე სამსახურს და ეს საქმიანობა თავისთავად გახდა ჩემი შემოსავლის წყარო და ახლა ის ჩემი ძირითადი „სამსახურია“. ცხობა ჩვენი ოჯახის საგვარეულო ჰობია. ბებიაჩემი, დედაჩემი…და ახლა უკვე მე. თუმცა მათთვის, ჩემგან განსხვავებით, ეს შემოსავლის წყარო არ ყოფილა.

ხედვა
ცხობა ჩემთვის არ არის რუტინული საქმე, პირიქით, მე მას სწორედ შემოქმედებითი კუთხით ვუდგები. დიდ სიამოვნებას მანიჭებს და სულ ვცდილობ, რაიმე ახალი, საინტერესო მოვიფიქრო.

გამოცდილი რეცეპტების არსებობის მიუხედავად, აუცილებელია რომ საქმის კურსში იყო. მითუმეტეს, ინტერნეტეპოქაში, ძალიან მარტივია თვალი ადევნო თუ როგორ ვითარდება ესა თუ ის სფერო. საკონდიტრო საქმიანობაც ასეა – ბევრი საინტერესო სიახლეა და ყოველთვის ვცდილობ ფეხი ავუწყო თანამედროვეობას;

განვითარების პროცესი არ ჩერდება და მუდამ ახალი გემოების ძიებაში ვარ. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გაფორმებასაც და ინტერნეტი ამ მიმართულებითაც ძალიან მეხმარება.

საზოგადოებასთან ურთიერთობა
ნამცხვრის დამკვეთს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს და ვცდილობ ჩემი განწყობა და ხასიათი გემოზე არ აისახოს. როგორც ექიმია ვალდებული ყველა პაციანტს, მისთვის ადამიანურად სიმპათიურს თუ ნაკლებ სიმპათიურს უმკურნალოს, დაახლოებით ასეა შემკვეთის შემთხვევაშიც. პროფესიონალურად ვუდგები საკითხს.

ემოცია
ზოგჯერ ვღელავ კიდევაც, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით პირველად თუ მიკვეთავენ. თუკი დამირეკავენ და მადლობას გადამიხდიან, ეს ძალიან დიდი სიხარული და სტიმულის მომცემია. ცხობა ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე გახდა, ხოლო ღელვა განვითარებისათვის აუცილებელია და მოდუნების საშუალებას არ იძლევა.

ძალიან ვაფასებ სახლში გამომცხვარ ტორტებს. შეფასებისას შესაძლოა სუბიექტურიც ვიყო. უცნაურად ჟღერს, მაგრამ საკუთარი ნამცხვრების გემოც ძალიან მომწონს და არ მბეზრდება.

საიდუმლო
ჩემი წარმატების საიდუმლო ხარისხის შენარჩუნებაა და ასევე პროდუქციის გარეგნული მხარე.


ტორტის შეკვეთისათვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 577443468

 

ქეთინო კვანტალიანი


ბიოლოგი

ისტორია
1970 წელს დავამთავრე ბიოლოგიის ფაკულტეტი.

როგორც ბევრი ადამიანი, მეც 90-იან წლებში უმუშევარი დავრჩი. ძალიან მძიმე წლები იდგა და რაიმე გამოსავალი უნდა მეპოვა. სწორედ მაშინ დავიწყე ცხობა. უცნაურია, დიდი გასაჭირი იდგა ქვეყანაში, მაგრამ შეკვეთები მაინც მქონდა.

ქართულმა “მეტიჩრობამ“ გადამარჩინა, ბოლო კაპიკებს იხდიდა ხალხი, მაგრამ სადღესასწაულო სუფრაზე ტორტი მაინც უნდა ჰქონოდათ.

პირველად 9 წლის ასაკში გამოვაცხვე ნამცხვარი. არ ვიცი, რა გამოვიდა, მაგრამ კარგად მახსოვს, მამამ სულ ბოლომდე შეჭამა. ბავშვისათვის ეს იმხელა სტიმული იყო, რომ მას მერე აღარც გავჩერებულვარ.

ხედვა
გამორიცხულია საქმე არ გიყვარდეს და კარგად გამოგდიოდეს. ყოველ დეტალს უნდა მიაქციო ყურადღება და აუცილებლად სიყვარულით აკეთო. ჩემი ტორტები ისეა ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის – ტილოები, ოღონდ ჩემი ნაშრომი – დროებითია.

არასდროს გავაკეთებ იმას, რაც არ მომწონს. დიახ, მე „ძველ გემოებსა“ და რეცეპტებში ვარ „ჩარჩენილი“ და ასეთივე დამკვეთი მყავს. ტრადიციული, საღი და ნატურალური რეცეპტებით დამზადებულის მომხრე ვარ.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ფერად გაფორმებებსა და სინთეტიკურ დანამატებს. ამიტომ, არასდროს ვაცხობ საბავშვო ტორტებს მანქანების, ბურთების თუ პრინცესების გამოსახულებით.

საზოგადოებასთან ურთიერთობა
დიახ, უარი მითქვამს კლიენტისთვის. ცხადია, ხშირად წარმოდგენა არ მაქვს, ვისთვის ვაცხობ, თუმცა, თუ ვიცი, ანდა ვიცნობ ადამიანს და არ მომწონს ის, შესაძლოა უარი ვთქვა. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც.

ემოცია
ყოველ ჯერზე ვღელავ, თითქოს პირველად ვაცხობდე. ვერაფრით შევეჩვიე და ეს მახარებს კიდეც, რადგან სწორედ ამის წყალობით, არასდროს მბეზრდება ეს საქმე.

საიდუმლო
ნამცხვარი არ უნდა აცხო კონვეირულად. ამიტომაც, ყოველთვის შეზღუდული რაოდენობით ვაცხობ, რადგან ზუსტად ვიცი – რაოდენობა ხარისხს აფუჭებს.


ტორტის შეკვეთისათვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 593915305


რეკომენდირებული სტატიები
პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ
თუმცა, ბოლო წლებში, თბილისში რამდენიმე ვეგეტარიანული კაფე გაიხსნა. 2016 წლიდან კი ფუნქციონირებს “ნამუ”, სადაც სამზარეულო არათუ ვეგეტარიანული, არამედ ვეგანურია, თანაც უმად მომზადებული (raw Vegan).
კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში
სოციალურმა ქსელებმა ავტორებს ბლოგების პოპულარიზაციის კარგი ინსტრუმენტებიც შეუქმნეს და მათთვის, ვინც კვლავ აგრძელებს ბლოგების წერას, ბევრად მარტივი გახდა სამიზნე აუდიტორიამდე კონტენტის მიტანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.