ქართველები ღია ოკეანეში – გემით მოგზაური ოჯახი


გააზიარე სტატია

გემით მოგზაური ოჯახი

დედა, მამა, ერთი ბავშვი და ორი ძაღლი თითქმის ერთი წელია გემზე ცხოვრობენ და თავიანთ გამოცდილებას ინტერნეტმომხმარებლებს უზიარებენ Facebook-ის გვერდის საშუალებით. გემს ლამაზია ჰქვია, დედას ირმა, მამას რალფი, ბავშვს ანაბელი, ძაღლებს კი მამბო და ნალა.

როგორ მიიღეთ გემზე ცხოვრების გადაწყვეტილება?

გემზე არათუ ცხოვრება, ასვლაც კი არასოდეს მხიბლავდა, სიმართლე რომ გითხრათ, მეშინოდა. რალფი წარმოშობით ტეხასელია, მთელი ცხოვრება მოგზაურობდა და ბევრ ქვეყანაში უცხოვრია. გემზე ცხოვრების გამოცდილებაც ჰქონდა (სიეტლში), ძალიან უყვარს ოკეანე, როდესაც შევხვდი, მაშინაც ჰქონდა გემი. ანაბელი სან-ფრანცისკოში დაიბადა და პირველი 4 წელი საქართველოში – ბებოსთან და ბაბუსთან გაატარა.

გემზე ცხოვრების გადაწყვეტილება 2017 წლის გაზაფხულზე მივიღეთ. კორპორაციული ცხოვრებით გადაღლილები ვიყავით, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი, ბავშვთან ნაკლები დრო, და სულ სამსახურზე ინტერნეტით შეერთებულები, მაშინაც კი, როდესაც მთელი ოჯახი ვმოგზაურობდით.

გეგმაში გვქონდა სამხრეთ ამერიკის მოვლა პატარა მინივენით, ჩემი ოცნება იყო (და არის) ეს მოგზაურობა, რომელიც რამდენიმე წელს გასტანს, და რომლის დროსაც შევძლებთ გავჩერდეთ იქ, სადაც მოგვეწონება და ვიცხოვროთ, გავეცნოთ ადგილობრივ კულტურასა და ისტორიას, შევისწავლოთ ენა.

მინივენით ბევრ ქვეყანაში შესვლა და მოგზაურობა საშიშია იქაური კრიმინალის გაძლიერების გამო, ამიტომ ერთ-ერთი გრძელი დღის ბოლოს, რამდენიმე ჭიქა ღვინის შემდეგ რალფმა ისევ გემის თემა შემომთავაზა. ამჯერად იმდენად გადაღლილი ვიყავი და ისე მინდოდა ამ ოცნების შესრულება, რომ დავთანხმდი ამ იდეაზე, მიუხედავად იმისა, რომ წყლის საშინლად მეშინია და ცურვაც არ ვიცი.

სულ რაღაც ერთ თვეში გემი არჩეული გვქონდა და კარიბის კუნძულებზე მის სანახავად გავემგზავრეთ. გემისათვის დაფინანსების მოძიება ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესი იყო, თუმცა ესეც გადავლახეთ და მალე რალფმა „ლამაზიას“ კალიფორნიისაკენ წამოყვანა დაიწყო.

მთელი ზაფხული მოდიოდა „ლამაზია“ – უამრავი ქარიშხალი, კუნძული გამოიარა… პანამის არხის გავლით მთელი ცენტრალური ამერიკა და მექსიკა გამოიარა და საბოლოოდ სან დიეგოში გაჩერდა, სადაც მე, ანაბელი და ძაღლები ოქტომბრის ბოლოს შევუერთდით და ის ჩვენს ახალ სახლად დავარეგისტრირეთ.

რა სირთულეები აქვს გემზე ცხოვრებას და რა არის ის სიკეთეები, რაც სირთულების დაძლევაში გეხმარებათ და მაინც გტოვებს გემზე?

გემზე ყოველდღიური ცხოვრება ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ყოველდღიურად რაღაც ფუჭდება, ყოველდღიურად საჭიროებს ყველა ტექნიკის, ძრავების, იალქნებისა თუ სხვა მოწყობილობების შემოწმებასა და შეკეთებას. ყველაფერი ლიმიტირებულია: წყალი, შუქი… შუქს მზის პანელებით გამოვიმუშავებთ, თუმცა ბევრს ვერა და ამიტომ ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებით მის ფუჭად დახარჯვას. ინტერნეტი ლიმიტირებულია და ხშირად არ მუშაობს; ტელევიზორი არ არსებობს – არც მანამდე გვქონია, ამიტომ დიდად არ განვიცდით☺ ; წყალიც ლიმიტირებულია – სასმელი წყალი ოკეანის წყლიდან გამოგვყავს რალფის მიერ გაკეთებული სპეციალური დანადგარის საშუალებით. საკვების შესანახად ძალიან პატარა მაცივარია (ისიც თუ შუქი გვაქვს) ამიტომ ყველაფერი წინასწარ უნდა გავთვალოთ და დავგეგმოთ.

ადგილი ცოტაა – მიუხედავად იმისა, რომ „ლამაზია“ საკმაოდ დიდი გემია. რა თქმა უნდა, ძაღლების გემზე ყოფნა, მათი სასეირნოდ გაყვანაც დიდი ძალისხმევას საჭიროებს. თუ ღუზა გვაქვს ჩაშვებული, ნაპირზე გასასვლელად პატარა კატერის გამოყენებაა აუცილებელი – ეს კი საკმაოდ რთულია პატარა ანაბელისა და ჩემთვის, რადგან კატერი საკმაოდ მძიმეა და ამავდროულად ჩქარი – ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ერთვის ის ბუნებრივი მოვლენები, რომელთაც გზას ვერ ავუვლით – ქარი, დიდი ტალღები და ასე შემდეგ… ესეც რა თქმა უნდა. დისკომფორტს იწვევს. ის ელემენტალური კომფორტი, რაც სახლში ყველას გვაქვს, გემზე არ არსებობს და ყველაფრის თავად გაკეთება/გამომუშავება და დაზოგვა გვიწევს. და მიუხედავად ამისა, გემზე ცხოვრება უაღრესად საინტერესოა. ყოველდღიურად ოკეანის ბინადრების დანახვა, მათთან ურთიერთობა… ვეშაპები, დელფინები, ზღვის ლომები… ულამაზესი თევზები, დილის ულამაზესი მზე და ენით აუწერელი მზის ჩასვლა ყველაფერს გვავიწყებს… გვიხარია ის, რომ გემზე ცხოვრებამ მეტი დრო მოგვცა ერთად ყოფნისთვის.

ყველას თავისი საქმე და როლი აქვს და საღამოს ყველა ერთად ვემზადებით სადილისათვის და რამდენიმე საათს მაგიდასთან ვატარებთ. 8 წლის ანაბელი გვიყვება მის მიერ წაკითხული წიგნების შესახებ (ყოველდღიურად რამდენიმე წიგნს კითხულობს); ერთად ვაგეგმარებთ ოკეანეში გასვლას. ოჯახის სამივე წევრს თანაბრად შეუძლია გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღება.

ასევე ძალიან დიდი სტიმულის მომცემია მეზღვაურ ოჯახებსა და ადამიანებთან ურთიერთობა. ისინიც ხომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან, უაღრესად საინტერესო ცხოვრებითა და თავგადასავლებით, რომლებმაც ჩვენსავით არჩევანი გააკეთეს და მიწაზე ცხოვრების კომფორტსა და ფინანსურ სტაბილურებას თავგადასავლებით სავსე, უამრავი პრობლემითა და გამოწვევით სავსე, სახიფათო ყოველდღიურობა ამჯობინეს. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ბევრი საინტერესო საღამო გავატარეთ მათთან ერთად და ბევრი რამ ვისწავლეთ მათი გამოცდილებისაგან.

რამდენი ხანია, რაც გემით მოგზაურობთ, რა ადგილები ნახეთ ამ დროის განმავლობაში და რის ნახვას აპირებთ?

გემით მოვიარეთ კარიბის კუნძულები… ბევრი კუნძულია კარიბის ზღვაში, თითოეული ულამაზესია… წყალი გამჭვირვალე… თავი სამოთხეში მეგონა. ჩვენმა კაპიტანმა კი შემდეგ თავისით ჩამოიყვანა გემი კალიფორნიაში. 3 თვე იმოგზაურა და მთელი ცენტრალური ამერიკა და მექსიკა შემოიარა.

გემზე საცხოვრებლად 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გადმოვედით. პირველი თვე სან დიეგოში გავჩერდით, გემის მოწყობა, შეჩვევა, ოკეანეში გასასვლელად მომზადება… შემდეგ კი დავიწყეთ მოკლე მანძილებზე გასვლა, კალიფორნიაში ბევრი ულამაზესი კუნძულია… 2018 წელს კი მექსიკაში წასვლა გადავწყვიტეთ. „ლამაზია“ დღესაც მექსიკაში – ქალაქ ენსენადაშია. 2018 წელს მექსიკაში ვაპირებთ გატარებას. ძალიან დიდი ქვეყანაა, უდიდესი ისტორიითა და ძალიან მდიდარი ფლორა/ფაუნით. უამრავი კუნძულია სანახავი და კორტეზის ზღვაშიც გვინდა რამდენიმე თვე დავყოთ.
გარდა ამისა, ვგეგმავთ გემიდან გადმოსვლას და რამდენიმე კვირით ხმელეთზე უძველესი ცივილიზაციების კერების მონახულებასაც.

2019 წლიდან კი დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – დავიწყოთ სამხრეთ ამერიკისაგენ მსვლელობა და ოცნების ასრულება თუ წრე დავარტყათ დედამიწას. ზოგადად ყველა დედამიწაზე წრის დარტყმას ირჩევს, რადგან ნაკლებად საშიშია, ამინდიც თბილი და ნაკლები სიურპრიზებია. სამხრეთ ამერიკა კი ურთულესია… სავსეა შიდა დინებებით, უცაბედი ჰავისა და ქარის მიმართულების ცვლილებებით და ოკეანეების შერწყმა კი ცალკე უზარმაზარ და კომპლექსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. თუმცა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ისტორია, არქეოლოგია მეტად გვაინტერესებს. ალბათ 2019 წელს შევაფასებთ ჩვენს ცოდნას, გამოცდილებას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებასაც.

როგორია გემზე ცხოვრების ტექნიკური მხარეები: სად და როგორ შეიძლება იყიდო რამდენიმე კაცზე გათვლილი გემი, რამდენი დღის საკმარისი საკვები და წყალი უნდა მოიმარაგო, ელექტროენერგიას, გათბობას და წყალს როგორ იღებ, ჯანმრთელობაზე როგორ ზრუნავთ და ა.შ.

გემის ყიდვა ძალიან რთული პროცესია, თუ თანხა თავად არ გაქვს. მისი დაფინანსება სპეციალური საკრედიტო კომპანიების მიერ ხდება, თუმცა მაღალი რისკების გამო პირობებიც ნაკლებად ხელსაყრელია. ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა „ლამაზიასათვის“ კრედიტის მოძიებას, თუმცა ეს მაინც შევძელით. შესყიდვის პროცესი გრძელია…ხდება გემის გადამოწმება სხვადასხვა სპეციალისტების მიერ, დასკვნის დაწერა, ფასზე შეთანხმება, შესაკეთებელი ნაწილების სიის ჩამოწერა (და ეს სია არასოდეს იკლებს, პირიქით უფრო იმატებს) და ასე შემდეგ.

ჩვენი გემი დიდია – ოთხ კაბინას (საძინებელს) მოიცავს და ერთ საერთო ოთახს, სადაც ასევე სამზარეულოცაა. კაბინებს პატარა საპირფარეშოებიც ახლავს. თუმცა ეს ყველაფერი იმდენად პატარა და ვიწროა – გვერდულად გვიწევს სიარული კაბინებს შორის. ძალიან ცოტა სათავსოა…ტანსაცმელი ყუთებში გვაქვს, რათა სინესტემ არ დააზიანოს და ყოველ კვირის ბოლოს საძინებლის მატრასებსა თუ ბალიშებთან ერთად ყველაფერი აუცილებელია ჰაერზე გავიტანოთ.

ობთან ბრძოლა ჩემი პირადი ტრაგედიაა – ყოველკვირეულად ყველაფრის გამოთავისუფლება, გაწმენდა და ასე შემდეგ… წყლის მოსამარაგებლად ორი ავზი გვაქვს. სპეციალური მოწყობილობით ოკეანის წყალს სასმელ წყლად გარდავქმნით, თუმცა მაინც ლიმიტირებულები ვართ, რადგან ამ პროცესს დიდი ენერგია სჭირდება… რაც ასევე ლიმიტირებულია “ლამაზიაზე”, რადგან ვართ მზეზე დამოკიდებული (მზის პანელებია ჩვენი ელექტროენერგიის წყარო); გათბობა არ გვაქვს, ამიტომ ვცდილობთ ისეთ ადგილას ვიყოთ, სადაც უმეტესად სითბოა, თუმცა საღამოობით ხშირად ცივა…

გემის მოწყობილობების გადამოწმება პატარა ანაბელის საქმეა. მას მამამ ასწავლა, როგორ რა უნდა გადაამოწმოს. მას ასევე ევალება გემის გარედან გარეცხვა, რაც დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, თუმცა ანაბელი არც ამ გამოწვევას უშინდება.

ჯანმრთელობას რაც შეეხება, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა… ოკეანეში არ არის არც საავადმყოფო, არც ექიმი… ხარ მარტო და მხოლოდ შენს თავზე დამოკიდებული. ამიტომ გვაქვს დაგეგმილი ინტენსიურ ტრენინგებზე ჩაწერა, სადაც არა მარტო პირველად დახმარებას შევისწავლით, არამედ ისეთ კომპლექსურ საკითხებს, როგორიცაა მოტეხილობების, ღია იარების დროულად მორჩენა.

როგორც ვხვდები, თქვენი შვილი, ანუ გემის ბინადარი ანაბელი სკოლის გარეშე ცხოვრობს, რაც ერთი მხრივ, გადასარევია, მაგრამ მეორე მხრივ, საინტერესოა, რა ალტერნატივას სთავაზობთ მას: საკუთარი მეთოდიკით შემუშავებულ ჰოუმსქულინგის? იგივე სხვა ბავშვებთან ურთიერთობის რა გზები გაქვთ?

მას შემდეგ, რაც გემზე ცხოვრება გადავწყვიტეთ, ჩემი პირადი გამოწვევა ყველაზე დიდი ანაბელის სკოლასა და განათლებასთან იყო დაკავშირებული. ძალიან მეშინოდა და განვიცდიდი ამხელა პასუხისმგებლობის აღებას ჩვენს თავზე. მთელი ზაფხული ვიკვლევდი, უამრავ კრუიზერ ოჯახს დავეკონტაქტე, რათა მათგან გამეგო ამ პრობლემას როგორ აგვარებენ. მალე ძალიან კარგი პროგრამა მოვიძიე. სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სკოლა განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისათვის. ინტერნეტის პრობლემა გვაქვს ხოლმე, თუმცა მაინც ვახერხებთ ამ ინტერნეტ-სკოლის პროგრამის გავლას მათემატიკასა და ინგლისურ ენა/ლიტერატურაში.

ანაბელს კითხვა ძალიან უყვარს, წერასაც 4 წლიდან ვაიძულებდით… ის ყოველთვის წერდა დღიურებს და ამის შედეგად საკმაოდ წინ წავიდა ამ მიმართულებითაც. ის ცხოვრებიდან გამომდინარე სწავლობს ისეთ საგნებს, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია… რალფი მას მუდმივად უხსნის ყველაფერს. ისტორიას, ანატომიას, ბიოლოგიას, ზოოლოგიას კი ჩემთან გადის.

გვაქვს უამრავი წიგნი, აპლიკაცია, რომელთა მეშვეობითაც ერთად ვმეცადინეობთ – ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. ასევე ახლახან შევიძინეთ დიდი მიკროსკოპი, რომლის მეშვეობითაც არა მარტო ბუნების შესწავლას შევძლებთ, არამედ მას მედიცინის მხრივაც გამოვიყენებთ. რალფმა უკვე დაიწყო შესწავლა, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ვირუსისა და ბაქტერიების ამოცნობა და განსხვავება…

ისტორიას პროგრამის მიხედვით არ გავდივართ, სადაც ვართ, იმ ქვეყნის ისტორიას ვსწავლობთ. მაგალითად, მექსიკაში მაიასა და ინკას ცივილიზაციებზე გვექნება გაკვეთილები. ანაბელი ასევე სწავლობს ქართულ და რუსულ ენებს. მას ჰყავს შესანიშნავი პედაგოგები ქუთაისიდან, რომლებიც სკაიპის მეშვეობით ინტენსიურად ამეცადინებენ და ეხმარებიან ენების სრულყოფილად შესასწავლად.

როდესაც რომელიმე ქალაქსა თუ ქვეყანაში 1 თვით ან მეტი დროით ვრჩებით, ყოველთვის ვცდილობთ ის ადგილობრივ სკოლაში მივიყვანოთ, რათა შეისწავლოს ენა, გაიჩინოს ადგილობრივი მეგობრები და გაეცნოს მათ კულტურასა თუ ადათ-წესებს. ახლა ის მექსიკის ქალაქ ენსენადაშია სკოლაში, სადაც ეუფლება ესპანურ ენას და უკვე ჰყავს უამრავი მეგობარი.

სწავლებისათვის არ გაგვაჩნია წინასწარ განსაზღვრული საათები… ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვართ, რა სიტუაციაა, რა ხდება გემზე… არის დღეები, როდესაც მთელი დღეები ვმეცადინეობთ, თუმცა მეტი დღეებია, როდესაც მხოლოდ რამდენიმე საათი გვაქვს ფორმალური სკოლის საათები და დანარჩენი დრო კი აღმოჩენებსა და სხვადასხვა ცოდნის არაპირდაპირ მიღებას ეთმობა.

რაც შეეხება მის სოციალიზაციას, გაგვიმართლა, რომ ანაბელი ძალიან ღია და გახსნილი ბავშვია ბუნებით. სადაც უნდა წავიდეს, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა ენა – ის ყოველთვის მაშინვე შეიძენს ხოლმე მეგობრებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჰყავს რამდენიმე მეგობარი ყოფილი სკოლიდან, რომელთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას.

გაგვიმართლა, რომ ამ მეგობრების მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანია ბავშვების მეგობრობა და ისინი ხშირად გვსტუმრობენ „ლამაზიაზე.“ როგორც გითხარით, ბევრი კრუიზერი ოჯახია და არსებობს როგორც აპლიკაციები, ასევე ჯგუფები სოციალურ მედიაში, სადაც ხვდება ყველა გემის/ოჯახის მდებარეობა, სადაც მშობლები ვთანხმდებით რომ ამა თუ იმ ადგილას დავთქვათ შეხვედრა და დავრჩეთ გარკვეული დროით ზუსტად ბავშვების გამო… ასევე ხშირია გემებზე მცხოვრები ოჯახების მიერ გრძელ გზაზე ერთად წასვლის გადაწყვეტილებაც.

გემზე მცხოვრებ ბავშვებს ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან და მაშინვე მეგობრდებიან. მათ ესმით, რომ გემზე წესების დაცვა არათუ საჭირო, არამედ აუცილებელია; რომ ყოველ გემს სხვადასხვა წესი აქვს და მათ გემზე ასვლისთანავე უნდა გაეცნონ და პატივი სცენ; რომ წესის შეუსრულებლობას შესაძლებელია ფატალური შედეგები მოჰყვეს… მათ ასევე აერთიანებთ ჰოუმსქულინგი და თავისუფალი სწავლების სტილი.

როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ბავშვებს იმ დღეებში სკოლას ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას… ისინი კი ხშირად მაინც უზიარებენ ერთმანეთს როგორც საყვარელ წიგნებს, ასევე სხვადასხვა ცოდნას, რაც ამა თუ იმ ქვეყანასა თუ კუნძულზე შეიძინეს. ამის შედეგად კი წამოიჭრება ახალი ადგილებისაკენ წასვლის სურვილი.

ყველაზე საინტერესო რა თავგადასავალი შეგიძლიათ გაიხსენოთ გემზე ცხოვრების პერიოდიდან.

საინტერესო თავგადასავალი ყოველდღიურად გვაქვს, ამ მხრივ ნამდვილად განებივრებულები ვართ. მიჭირს ერთის გამოყოფა, თუმცა ალბათ ყველაზე ბოლო თავგადასავალს გავიხსენებდი. მექსიკაში ჩასვლისთანავე „მეზობელი“ გემის პატრონმა გვითხრა, რომ ბაჰა კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში (მექსიკის ნაწილია) არის რამდენიმე დაცული ლაგუნა, სადაც ალიასკიდან ნაცრისფერი ვეშაპები ჩამოდიან ზამთარში, რათა პატარები ამ დაცულ წყლებში გააჩინონ და ორი თვის განმავლობაში გამოზარდონ.


თურმე იქ შესაძლებელია შეხვიდე ლაგუნაში პატარა ნავით და ვეშაპებს მოეფერო… არ გვჯეროდა, თუმცა მეორე დილითვე წავედით, 10 საათის შემდეგ კი მივედით და მართლაც რომ მეორე დღეს გვერგო წილად ბედნიერება ლაგუნაში შევსულიყავით.

უძლიერესი მკვლევარი გვყავდა გიდად, რომელმაც უამრავი რამ გვასწავლა ვეშაპების შესახებ. როგორ უნდა დაგვემყარებინა კომუნიკაცია, როგორ უნდა მოვქცეულიყავით…

მართლაც ჩვენს პატარა ნავს ეგრევე გარშემოერტყა უამრავი ვეშაპი. აქვე ვიტყვი, რომ დედა-ვეშაპი 70 ტონას იწონის, ხოლო ახალდაბადებული დაახლოებით 30-ს, ანუ თავიდან, რა თქმა უნდა, შიშის გრძნობა გეუფლება… ვაითუ კუდი მოხვდეს ამ პატარა ნავს – ეგრევე ჩავვარდებით. თუმცა მალევე ხვდები, რომ ისინი უაღრესად კეთილგანწყობილები არიან ადამიანების მიმართ…

დედები პატარებს უბიძგებენ ნავისაკენ, რომ ადამიანების მოფერება ისწავლონ… ისინი თითქოს „დამალობანას“ გეთამაშებიან… ანაბელისათვის, ისევე როგორც ჩვენთვის ეს ერთ-ერთი იმ თავგადასავლთაგანია, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება.

ვეშაპის მოფერება, მათთან ერთად წყალში ყოფნა საოცარი შეგრძნებაა.


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.