მკითხველის გამოხმაურება: გარაჟი უნდა დასრულდეს


გააზიარე სტატია


AT_-ის სტატიას თბილისის გარაჟებისთვის ახალი ფუნქციების გამონახვის გზებთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება მოყვა. რედაქციაში ერთ-ერთი მკითხველის წერილიც კი მივიღეთ, რომელიც გარაჟების თემასა და ზოგადად საჯარო სივრცის ნაკლებობის პრობლემას ეხმაურება. ამ საინტერესო წერილს AT_-ის მკითხველსაც სიამოვნებით გთავაზობთ.

Image result

თანამედროვე ქალაქები მკვეთრად ურბანიზებულია. ქალაქების გაფართოება  მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ფონზე მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ვიღებთ ქალაქის ცენტრებს, სადაც ე.წ. თანამედროვე არქიტექტურული ობიექტებისა და  მრავალბინიანი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს და გარეუბნებს, სადაც შედარებით დაბალია სიმჭიდროვის ხარისხი და განაშენიანება. ამ ფონზე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა, თუ როგორ უნდა გახდეს არსებული სივრცე  უფრო ფუნქციური ისე, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტები, ხოლო მეორე მხრივ, სივრცის ოპტიმალური გადაწყვეტა მოხდეს ქალაქის ცალკეული უბნების სპეციფიკიდან და მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე.

ურბანიზაციის პროცესში თანდათან უფრო იზრდება მოთხოვნა  ფუნქციურ ქალაქზე და ეს განპირობებულია სოციალურ ცხოვრებაში ქალაქის გავლენის ზრდით. არსებულ პირობებში ქალაქი ადამიანებს მხოლოდ  მზარდი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებით არ უზრუნველყოფს. იგი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრია. ფუნქციური ქალაქი ჩემთვის წარმოადგენს სივრცეს, სადაც არა მხოლოდ  დაცულია სამშენებლო სტანდარტები, არამედ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ცხოვრება, მუშაობა, დასვენება და გადაადგილება, სადაც ქალაქის ცხოვრება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ  საცხოვრებელი უბნის პრობლემების გადაჭრაში და ამით ხელი შეუწყონ ურბანული გარემოს გაუმჯობესებას.

Image result

ურბანისტებს შორის  განსხვავებული ხედვა არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი  ქალაქის მცხოვრებლებს შორის აქტიური და მყარი ურთიერთობების წარმოშობა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალაქის ცხოვრების სტილი არასტაბილური და ხანმოკლეა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ცხოვრების რიტმით, მოსახლეობის მაღალი მობილობის ხარისხით, ხოლო ნაწილი მასშტაბური ურბანიზაციის პირობებშიც შესაძლებლად მიიჩნევს ადამიანებს შორის მჭიდრო კავშირის არსებობას.  აღნიშნულს ჰერბეტ გიდენსი ე.წ. ურბანული სოფლების სახელით მოიხსენიებს. რაც გაცილებით მეტია, ვიდრე კონკრეტულ ტერიტორიაზე განსაზღვრული დროით ცხოვრება და წარმოადგენს ადამიანთა  მყარ გაერთიანებებს.  მსგავსი ტიპის კავშირები პირობითად ქალაქშიც შესაძლებელია წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ქალაქის უბნებში  საჯარო სივრცეები, რომლებსაც ექნებათ რეკრეაციული და სოციალური ფუნქციები.

Image result

Image result

თბილისის უძველესი ფოტოებიდან  ნათლად ჩანს, რომ ქალაქის საცხოვრებელი გარემოს ძირითადი შემადგენელი ნაწილი საცხოვრებელ სახლებთან ერთად  ეზოები და მოედნები იყო. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო გაიზარდა მათი როლი და  ქალაქის შიდაკვარტალურ სივრცეებში შეიქმნა საერთო სარგებლობის სივრცეები, რაც აქტიურად გამოიყენებოდა რეკრეაციული მიზნებისთვის. პოლიტიკური სისტემის ცვლილებასთან ერთად ქალაქის  საჯარო სივრცეები განსხვავებული დატვირთვას იძენდა, თუმცა ისტორიული ქალაქისთვის საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოებს თავდაპირველი ფუნქცია არ დაუკარგავს. მოგვიანებით, თბილისის ცალკეული გარეუბნების მშენებლობასთან ერთად გაჩნდა შიდაკვარტალური ეზოები, რაც საზოგადოებრივ სივრცეს წარმოადგენდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოსახლეობის დაახლოების მიზნით.

თბილისის ცენტრსა და გარეუბნებში დღეს არსებული მდგომარეობა განსხვავებულია. ქალაქის კვარტლების შიდა ეზოები ნაკლებად არის დატვირთული სოციალური ფუნქციით. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. მრავალბინიანი სახლების შიდა ეზოებში არ არის  სპეციალური ადგილები ავტომანქანების პარკინგისთვის, ნაკლებად ვხვდებით გამწვანებულ არეალებს. აღნიშნული ადგილის დიდი ნაწილი ქაოსურად არის გამოყენებული. ტროტუარები, რომელიც ქვეითების გადაადგილებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, ხშირად არასწორი დანიშნულებით გამოიყენება და ისიც ავტომანქანების მძღოლებს აქვთ ათვისებული, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოშობს. როცა ადამიანები  ქალაქზე და მის რომელიმე უბანზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ ქალაქი ან მისი რომელიმე ნაწილი საშიშია, აქ მეტწილად გულისხმობენ იმას, რომ ტროტუარებზე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

Image may contain: sky, tree and outdoor

ქალაქის ფუნქციურობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობით გადაიჭრას თბილისის შიდაკვარტალურ ეზოებში არსებული ავტოფარეხების საკითხი. ავტოფარეხების მშენებლობა აქტიურად დაიწყო  კერძო ავტომობილების მომრავლებასთან ერთად. თბილისის ცალკეულ უბნებში, მათ შორის როგორც ცენტრში, ასევე გარეუბნებში, ისინი ძირითადად გვხდება მრავალბინიანი სახლებისა და კორპუსების შიდა ეზოებში და თითქმის ჩანაცვლებული აქვს საზოგადოებრივი სივრცის დიდი ნაწილი.


ავტოფარეხების უმრავლესობა თვითნებურად არის აშენებული მოსახლეობის მიერ და უმრავლეს შემთხვევაში შეფასებულიც კი არ არის ამ ნაგებობების კაპიტალურობის საკითხი და აქტიურად გამოიყენება სათავსოებად.  აღნიშნული ობიექტების უმრავლესობის ფუნქციური დატვირთვა დღეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმის აუცილებლობას, რომ მათმა მესაკუთრეებმა შეაფასონ მისი გამოყენების აუცილებლობა და იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს ეს სივრცეები საჯარო. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია ცალკეული უბნის სპეციფიკიდან და მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე შემუშავდეს არქიტექტურული პროექტები და უფუნქციო სივრცეები გარდაიქმნას რეკრეაციულ და სოციალურ ტერიტორიებად. მიუხედავად იმისა, რომ ურბანული პოლიტიკის გატარება და ქალაქზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს, მისი განვითარებისთვის აუცილებელია მოხდეს სამოქალაქო ინიციატივების წახალისება ფუნქციური და სოციალური ურბანული ცვლილებების განსახორციელებლად.  

ავტორი: თათია ქინქლაძე


რეკომენდირებული სტატიები
ავტოფარეხების ადაპტაციის და ტრანსფორმაციის გზები

ავტოფარეხების ადაპტაციის და ტრანსფორმაციის გზები

ავტოფარეხების ადაპტაციის და ტრანსფორმაციის გზები
თბილისის მერიის მხრიდან გარაჟების ადგილას სკვერების გაშენების ინიციატივამ შესაძლოა გაგრძელება ისეთ პროექტებში ნახოს, როგორსაც Urban Experiment Group გვთავაზობს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.