fbpx

როგორ გავხდეთ ასტროფოტოგრაფი


გააზიარე სტატია

რას ვხედავთ შეუიარაღებელი თვალით, როდესაც ღამით ვარსკვლავებს ვუყურებთ? ამ დროს აუცილებლად გვებადება უამრავი კითხვა და სურვილი, მეტად შევიმეცნოთ და უფრო ღრმად დავინახოთ ეს უსასრულო სივრცე.

კოსმოსში მიმდინარე მოვლენების შესახებ რომ მეცნიერული კვლევები მიმდინარეობს, ეს ყველასათვის ცნობილია. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელმაც ციური სხეულების არა მეცნიერული, არამედ ესთეტიკური მხარე უფრო ახლოდან წარმოაჩინა და ხელოვნებაში ისე დამკვიდრდა – როგორც ასტროფოტოგრაფია.

გვესაუბრა ლევან ვერძეული, ასტროფოტოგრაფი.

ასტროფოტოგრაფია ალბათ ხელოვნების ის დარგია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მეცნიერებასთან.
კი, ეს ასეა. ჩვენ და მეცნიერები ხშირად ერთსა და იმავე ობიექტებს ვაკვირდებით და ვიღებთ, ოღონდ სხვადასხვა მიზნით. ჩვენ ვცდილობთ ციური სხეულების თუ მოვლენების ესთეტიკური მხარე წარმოვაჩინოთ, რაიმე იდეა და ახლებური ხედვა ჩავდოთ ფოტოში. მეცნიერები მსგავსი ტექნიკით და აპარატურით მუშაობენ, ოღონდ, ცხადია, მათი მიზანი კვლევებია.

ანდრომედას გალაქტიკა (M 31) ჩვენგან 2.5 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული

როდის და რატომ „აიხედეთ ცაში“?
ასტროფოტოგრაფიით საქართველოში პირველად დავით დვალი დაინტერესდა. მე წარმოდგენა არ მქონდა ამ სფეროს შესახებ და ჩვეულებრივი ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული. ბევრს დავდიოდი სალაშქროდ, ვიღებდი ღამის პეიზაჟებს. 2014 წელს გავიგე დათო დვალის შესახებ და მას დავუკავშირდი. დათოს ჩემი ღამის პეიზაჟები მოეწონა, მე – აღვფრთოვანდი მისი ასტროფოტოებით. მალე კიდევ რამდენიმე დაინტერესებული ადამიანიც გამოჩნდა და ასე, ენთუზიაზმის დონეზე დავიწყეთ ეს საქმე. მოგვიანებით ჩამოვყალიბდით როგორც ჯეო-ასტრო ჯგუფი.

მედუზას ნისლეული (IC 443) დედამიწიდან დაახლოებით 5000 სინათლის წელი გვაშორებს

რამდენად ძვირია ასტროფოტოგრაფიისთვის საჭირო აპარატურა?
წლების წინ აპარატურა მართლაც ასტრონომიულად ძვირი ღირდა. თუმცა, ბოლო ათწლეულია, ამ ფოტომიმართულების განვითარებასთან ერთად, მოყვარული ადამიანის ბიუჯეტს მოერგო. ასტროკამერების ფასი დღეს უკვე სტანდარტული ციფრული ფოტოაპარატების ღირებულებას უტოლდება. არ არის აუცილებელი სუპერ ძვირი კამერების შეძენა, ხარისხიანი ასტროკამერის ყიდვა დღეს უკვე რამდენიმე ასეულ დოლარადაც არის შესაძლებელი. ფასებს დოლარში იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში ასტროფოტოგრაფიული აღჭურვილობა არ იყიდება, ამიტომ ყველაფრის საზღვარგარეთ შეძენა გვიწევს.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ასტროფოტოგრაფირებისთვის უმთავრესი არც ტელესკოპია და არც ფოტოაპარატი, არამედ მოწყობილობა, რომელსაც სადგარი ჰქვია. დედამიწის ბრუნვის გამო ცაზე ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები მუდმივად “მოძრაობენ”.

იმისთვის, რომ გადასაღები ობიექტი ხანგრძლივი ექსპოზიციისას კადრიდან არ გაგვექცეს, საჭიროა გადაღების პროცესში ტელესკოპი მივადევნოთ. სწორედ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია სადგარს. კარგი სადგარის ფასი რამდენიმე ათას დოლარს აღწევს, თუმცა არსებობს შედარებით იაფი სადგარებიც, რომლებიც რამდენიმე ასეული დოლარი ღირს.

სამოყვარულო აპარატით თუ არის შესაძლებელი ღამის ცის გადაღება?
უმაღლესი ხარისხის ასტროფოტოს ვერა, მაგრამ სამოყვარულო ტექნიკითაც შესაძლებელია ღრმა კოსმოსის გადაღება გარკვეულ დონეზე. მეც ასე დავიწყე. ღრმა კოსმოსის ზოგიერთი ობიექტი ჩვენს ცაზე გამოკვეთილად და კაშკაშად ჩანს. შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ. მაგალთად, ძალიან კარგად ჩანს ანდრომედას გალაქტიკა, ორიონის ნისლეული… ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დამწყები ასტროფოტოგრაფი გახდეს. შემდგომ, თუკი მეტად დაინტერესდით ამ საქმით, რა თქმა უნდა, მოგიწევთ უფრო ძვირად ღირებული აპარატურის შეძენა.

რამდენად აქვს საქართველოს ასტროტურიზმის განვითარების პერსპექტივა?
ასტროტურიზმი მთელ მსოფლიოში დღითიდღე ხდება უფრო და უფრო პოპულარული. ჩვენ ვთვლით, რომ ასტროტურიზმს საქართველოშიც პერსპექტივა აქვს. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. უპირველესად, ბნელი ცა არის საჭირო ციურ სხეულებზე ხარისხიანად დაკვირვებისა და გადაღებისთვის. რაც უფრო განათებულია ტერიტორია, მით უარესია გადასაღებად. საბედნიეროდ საქართველოში ბნელი ცა ჯერ კიდევ ბევრგან მოიძებნება, მათ შორის დიდ ქალაქებთან ახლოსაც. თუკი თბილისიდან 40 წუთის მანძილზე ჩვენი გალაქტიკა “ირმის ნახტომი” უკვე მკაფიოდ ჩანს, დასავლეთ ევროპის დიდი ქალაქებიდან საშუალოდ 900 კილომეტრის გავლა მოგიწევთ ასეთივე ირმის ნახტომის სანახავად.

ასტროტურიზმის მიზეზი ხშირად ისიც ხდება, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს განსხვავებული ღამის ცა გვაქვს. რასაც ჩვენ ვხედავთ ღამით ცაში, სულ სხვა ციურ სხეულებს ხედავენ, მაგალითად, ავსტრალიაში. ეს, ცხადია, დამატებით უწყობს ხელს ასტროტურიზმს.

ბნელი ცის სიახლოვის გამო Geo-Astro ხშირად ვსტუმრობდით ბაზალეთს გადასაღებად. საბოლოოდ იქ სტაციონარული ობსერვატორიის აშენება გადაწყდა. ამ პროექტს სათავეში დათო დვალი უდგას. ობსერვატორია განავითარებს როგორც ასტროტურიზმის მიმართულებას, ასევე საშუალებას მოგვცემს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გავუზიაროთ ის, რასაც ჩვენ ვემსახურებით. პოპულარიზაცია გავუწიოთ ასტროფოტოგრაფიას და უამრავი ადამიანი „ვაზიაროთ“ ღამის ცას. ხშირად მიფიქრია, რა იქნებოდა, რომ ჩემს ბავშვობაში, სკოლიდან ორგანიზებული ექსკურსიის ნაცვლად, ღამის ცის ნახვის საშუალება მქონოდა…

თავად გადაღების პროცესი რთულია?
ბევრი მთხოვს გადაღებაზე წაყვანას. ჰგონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი ფოტოს გადაღებას ჰგავს. არადა ხშირად, ერთი სურათის გადაღებას მთელი ღამე სჭირდება. ვმუშაობთ ყინვაში, უამრავი აპარატურის თანხლებით, ერთმანეთში გადახლართული სადენებით. ცის ერთ წერტილს საათობით ვიღებთ… ეს საკმაოდ რუტინული და რთული საქმეა. აი, ახალი ობსერვატორია ამ საქმესაც გაამარტივებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ობსერვატორიიდან შეეძლება ცის დათვალიერება და ფოტოს გადაღების პროცესის დაკვირვებაც.

ჯემინიდების მეტეორების წვიმა, გადაღებულია 2017 წლის 13 დეკემბერს, ბაზალეთში. სურათზე ჩანს ასტროგადაღების პროცესი

რატომ სჭირდება ერთი კადრის გადაღებას ამდენი დრო?
ფოტოაპარატს, თვალისგან განსხვავებით, ხანგრძლივი ექსპოზიციის საშუალებით შეუძლია სინათლის შეგროვება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა საკმარისად განათებული და მკაფიო გამოსახულების მისაღებად. თუ ფოტოაპარატის ჩამკეტს ღიას დავტოვებთ, სენსორზე ნელ-ნელა დაგროვდება ის ინფორმაცია, რასაც თვალი მომენტალურად კარგავს და ამიტომაც ვერ აღიქვამს. ბოლოს სურათზე ისახება მკაფიო გამოსახულება, რადგან საკმარისი ფოტონი (სინათლე) მოგროვდა.

ფოტოგადაღებას კიდევ ერთი სირთულე ახლავს – დედამიწის ბრუნვა და მასთან ერთად, გადასაღები ობიექტის მოძრაობა. აუცილებელია გადაღებისას ტელესკოპი დედამიწასთან ერთად სინქრონულად მოძრაობდეს, და რომ ფოტოკამერა გამუდმებით ერთ ობიექტს „უყურებდეს“. ინდივიდუალურ კადრებს ჩვენთვის საჭირო სიგნალთან ერთად ბევრი არასაჭირო ინფორმაციაც მოჰყვება, რასაც “ხმაურს” ვეძახით. “ხმაურის” შემცირება ასტროფოტოგრაფის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რასაც სხვადასხვა მეთოდით ვებრძვით, ხმაურის წყაროდან გამომდინარე. მაგალითად, ჩვენი ასტროკამერების სენსორებს სპეციალური გაგრილების სისტემა აქვს, რომ თერმული ხმაური გადაღების პროცესშივე შევამციროთ. მაგრამ ზოგიერთი ტიპის ხმაურის სურათიდან გასაქრობად ბევრი კადრის გადაღებაა საჭირო, რასაც შემდეგ ერთად ვკრებთ და სუფთა გამოსახულებას ვიღებთ.

ორიონის ნისლეული (M 42) დედამიწიდან დაახლოებით 1344 სინათლის წლით არის დაშორებული

რა არის ამ საქმის მთავარი „მუღამი“?
ცაში რომ აიხედავთ, ხედავთ პლანეტებს და ვარსკვლავებს – ეს უკვე მუღამია და თქვენ წარმოიდგინეთ, ასტროფოტოგრაფია გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ის, რასაც თვალით ვერ ვხედავთ. ცა „წამლავს“ ადამიანს. უსასრულობას როდესაც ეხები, გრძნობ, რომ რაღაც ძალიან „დიდის“ ნაწილი ხარ და ამავდროულად, ეს გრძნობა გამშვიდებს და „თავის ადგილზე გსვამს“. უცებ აღარ არის აქტუალური, რომ თქვენს ტოსტერში საკმარისად არ იბრაწება პურის ნაჭერი ან ტესტში დამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღეთ.

ამავდროულად, ასტროფოტოგრაფია არის ჯერჯერობით ერთადერთი გზა, რითაც წარსულში მოგზაურობა შეგვიძლია. დიახ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. სინათლეს თავისი სიჩქარე აქვს, რომ „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე მოაღწიოს. გალაქტიკები და ნისლეულები ჩვენგან იმდენად დაშორებულია, რომ მანძილს სინათლის წლებში ვზომავთ – ანუ რა მანძილსაც სინათლე გაივლის ერთ წელში.

რამდენიმე ასეული წლის წინ წამოსულ სინათლეს, ჩვენ ვხედავთ ახლა და დღეს რასაც ვხედავთ, ის რეალურად ასეულობით წლის წინ ხდებოდა. მაგალითად, ანდრომედას გალაქტიკა 2.5 მილიონი სინათლის წლით არის ჩვენგან დაშორებული, ასე რომ ჩვენ მხოლოდ ახლა ვხედავთ იმას, რაც იქ 2.5 მილიონი წლის წინ ხდებოდა. თუკი ანდრომედას გალაქტიკაში ვინმე არის და ჩვენ გვიყურებს, ის დედამიწაზე დინოზავრების ხანას ხედავს. განა შეიძლება ამ სფერომ არ დაგაინტერესოს? ამის გააზრება, რომ ყოველი ცაში გახედვით და ფოტოს გადაღებით, წარსულს ვეხებით და ვაფიქსირებთ, დღემდე ძალიან მაღელვებს. ეს წარსულში მოგზაურობაა, ოღონდ რეალურად.

საკუთარი ხელწერა თუ აქვს ასტროფოტოგრაფს?
ისევე, როგორც ფოტოხელოვნების სხვა მიმართულებებში, აქაც იგრძნობა ფოტოგრაფის ხედვაც და ხასიათიც. კადრირებას როგორ გააკეთებ, რამდენ სხეულს მოაქცევ ობიექტივში, ეს ქმნის ასტროფოტოგრაფის ხელწერას. აქ პრაქტიკულად ყველა ერთი და იგივეს ციურ სხეულს იღებს, ოღონდ სხვადასხვა ტექნიკით, ფერების სპექტრით… რა თქმა უნდა, არსებობს ციური სხეულების ფერების “ობიექტური” დიაპაზონები, თუმცა ტონალობების, ფერების სიმკვეთრის შერჩევაში ასტროფოტოგრაფი თავისუფალია. ალბათ ყველა ჩვენი გემოვნების და ხედვის მიხედვით ვიღებთ, ისევე როგორც ფოტოგრაფიის სხვა დარგებში. ზოგი კარგი პორტრეტისტია, კარგი პეიზაჟისტი… აქაც ვიღაც მხოლოდ კომეტებს იღებს, ვიღაც პლანეტებს…

როზეტას ნისლეული (NGC 2244), დედამიწიდან დაახლოებით 5000 სინათლის წელი გვაშორებს

გამოფენები ან კონკურსები თუ ტარდება?
ჩვენი ასტროფოტოები არაერთხელ გამხდარა ასტროფოტოგრაფთა საერთაშორისო საიტების რჩეული. გამოფენის მოწყობაზეც ვფიქრობთ. თუმცა, ამჟამად ჩვენი ძირითადი გამოფენა – ჩვენი ფეისბუქ გვერდია. ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ ამ გვერდის საშუალებით ასტროფოტოგრაფიით ბევრი ადამიანი დაინტერესდა.

როგორ უნდა გახდეს ადამიანი ასტროფოტოგრაფი და საჭიროა თუ არა ამ საქმისთვის რაიმე თეორიული ცოდნა?

არანაირი სპეციალური თეორიული საფუძვლები ამ მიმართულებას არ სჭირდება. მთავარია, ღამის ცით დაინტერესდეთ და ფოტოგრაფიის საწყისებს მაინც ფლობდეთ..
როგორც უკვე აღვნიშნე, დამწყებ ფოტოგრაფს ბევრი არაფერი სჭირდება. მე, ჩემი პირველი ფოტოები Nikon-ის სარკული კამერით და შტატივით გადავიღე. შემდეგ ნელ-ნელა, ეტაპობრივად დავამატე უფრო პროფესიონალური გადაღებებისთვის საჭირო აპარატურა. მზად ვართ დაინტერესებულ ადამიანს კონსულტაცია გავუწიოთ. მოგვწერეთ ფეისბუქში Geo-Astro გვერდზე.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.