fbpx

საქართველომ შესაძლოა ნახევარ მსოფლიოსთან თავისუფლად ივაჭროს


გააზიარე სტატია

2017 წლის 5 დეკემბერს თბილისში საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას მილიარდიან ჩინურ ბაზარზე გაეხსნა გზა (ისევე, როგორც ჩინურს – ქართულზე).

იქამდე, 2017 წლის შუა პერიოდში, ასეთივე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთანაც გავაფორმეთ.

ჩვენი მთავრობა ცდილობს ასეთივე ხელშეკრულება დადოს ინდოეთთან და აშშ-სთან. მოკლედ, ამ ყველაფერმა თუ წარმატებით ჩაიარა, საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც ერთდროულად ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, ინდოეთთან და ჩინეთთან – ჯამში 3,6 მილიარდ ადამიანთან.

მოვლენათა ასეთი განვითარება მკვეთრად შეცვლის ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს და რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებს ბევრად უფრო დიდი ბაზრები ჩაანაცვლებენ.

2017 წელს ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ისევ რუსეთი იყო (ექსპორტის 14,3%-ით), შემდეგ კი აზერბაიჯანი (8,8%), ჩინეთი (8,4%), თურქეთი (8,3%) და სომხეთი მოდიან (7,7%). წყარო

სავარაუდოდ, უკვე მომავალი წლიდან ჩინეთის პროცენტული წილი ჩვენს ექსპორტში გაიზრდება და არის შანსი მთავარ საექსპორტო ქვეყნადაც მოგვევლინოს. ეს ერთმნიშვნელოვნად მომგებიანია, რადგან ჩინეთი, რუსეთისგან განსხვავებით, ბევრად სტაბილური და დიდი ბაზარია.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს პირადად თქვენთვის? ალბათ იმასაც იტყვით, რომ ამხელა ბაზარზე გასატანიც კი არაფერი გვაქვს. ჩინეთის ღვინის ბაზარი ვერ აგვითვისებია და ვერ დაგვიკმაყოფილებია, რა დროს ამერიკა და ინდოეთიაო.

ერთი მხრივ, მართალი ბრძანდებით – დღევანდელი ქართული საექსპორტო წარმოება სასაცილოდ არ ეყოფა რომელიმე ჩინური ქალაქის მერს.
მაგრამ…

პირველი – როდესაც ბიზნესისთვის იქმნება შესაძლებლობის ფანჯარა, ეს ავტომატურად იწვევს ამა თუ იმ სფეროს განვითარებას, მეტი ინვესტიციის მოზიდვას. მალევე ვნახავთ, რომ ქართული ექსპორტის ერთ-ერთი ფლაგმანი – ღვინის წარმოება გაორმაგებული ძალით ამუშავდება, რათა ამ უზარმაზარ ბაზრებზე არსებულ მოთხოვნაში თავისი ნიში დაიკავოს. ეს გამოიწვევს იმას, რომ ასეთ სფეროებში ფულის ჩადებით უცხოელი ინვესტორებიც დაინტერესდებიან. ამას კი უამრავი დადებით შედეგი მოაქვს ხოლმე – გაზრდილი ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, მეტი ფულის ბრუნვა, გამყარებული ლარი და ა.შ.

და მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი – წარმოიდგინეთ, რომ პროდუქტი, რომელსაც ეწერება “Made in Georgia”, დედამიწის 4 ყველაზე დიდ ბაზარზე სრულიად უპრობლემოდ მოახერხებს შესვლას. ამან (გარდა იმისა, რაც ზემოთ აღვწერეთ) შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ:

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ უზარმაზარი ჩინური ტექნოლოგიური კორპორაციის მფლობელი. თქვენი პროდუქცია დღეს ამერიკულ თუ ევროპულ ბაზარზე მთლად თავისუფლად ვერ შედის. არადა, ოცნებობთ ამაზე.

ამ დროს კი იგებთ ინფორმაციას საქართველოს უნიკალური სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. ნუთუ არ ადგებით და თქვენს წარმოებას, რომელშიც თქვენი პროდუქტის ასაწყობი ხაზი გაქვთ დამონტაჟებული, საქართველოში არ გადმოიტანთ? თუ თქვენი პროდუქცია საქართველოში მიიღებს საბოლოო სახეს, ის “Made in Georgia” იქნება და ისარგებლებს ყველა იმ პრივილეგიით, რითაც ქართული პროდუქცია სარგებლობს.

ის, რაც ახლა მოვყევით, არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის და გამოიწვევს:

  • კიდევ მეტ, მაღალტექნოლოგიურ სამუშაო ადგილს
  • კვალიფიციური მუშახელის შექმნას საშუალოვადიან პერიოდში
  • უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას
  • მეტ უსაფრთხოებას რეგიონში (დიდი ინვესტიციების არსებობა ქვეყანაში ისეთივე თავდაცვის საშუალებაა, როგორც “ჯეველინი”-ს რაკეტები)
  • ეკონომიკის სტაბილურ, სწრაფ განვითარებას

თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ექსპორტი საქართველოდან ბევრად გაიზრდება და შედეგს მყისიერად ვიგრძნობთ, გამყარებული ლარის კურსის სახით. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ქვეყნიდან ვალუტის გადინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 2017 წელს საქართველოდან გავიდა 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის პროდუქცია, ხოლო შემოვიდა 6 მილიარდ 350 მილიონის ღირებულების იმპორტული. ანუ ჩვენ 4 მილიარდი დოლარით მეტი პროდუქცია ვიყიდეთ, ვიდრე გავყიდეთ.

მართალია, საქართველოს ვალუტის შემოდინების სხვა წყაროებიც აქვს, მაგალითად, უცხოეთში სამუშაოდ წასული ჩვენი თანამოქალაქეების სავალუტო გადმორიცხვები, მაგრამ უარყოფით სავაჭრო ბალანსის შემცირება ეროვნული ვალუტის კურსზე მყისიერად აისახება დადებითად.

რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

პრინციპში, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. ერთადერთი, რაზეც უნდა შევძლოთ კონცენტრაცია ინფრასტრუქტურაა – გზები, რკინიგზები, პორტები, ტერმინალები. ინფრასტრუქტურის გარეშე თეთრია ჩვენი ფასი.

საგულისხმოა, რომ 2017 წელს პირველი ჩინური ტვირთი გავატარეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რამაც ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის მოხვედრის დრო 6 კვირიდან 2 კვირამდე შეამცირა.

რკინიგზის ახალი ხაზი დასაწყისისთვის 7 მლნ ტონამდე ტვირთს და 1 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება წელიწადში. ეს ფაქტი ძალიან უნდა წაადგეს საქართველოს რკინიგზის კატასტროფულად შემცირებულ ტვირთგამტარობას, რომელიც 2012 წელთან შედარებით თითქმის განახევრებულია (20 მლნ ტონა 2012-ში, 12 მლნ ტონა 2016-ში).
2018 წლის ბოლოსთვის, მას მერე, რაც რკინიგზა სრული დატვირთვით ამუშავდება, ამ მონაკვეთზე 17 მილიონ ტონამდე ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი.
2020 წელს დამთავრდება ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილი 185 კილომეტრი.
2021 წელს ანაკლიაში ექსპლოატაციაში შევა საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი, საკმაოდ მაღალი ტვირთგამტარობით – 100 მილიონი ტონა წელიწადში.
იქვე, ანაკლიაში იგეგმება თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობა.

იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სინქრონში, დროულად გაკეთდეს და ამუშავდეს, ბევრია სამუშაო როგორც საშინაო, ასე საგარეო ასპარეზზე. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების სწორ და დროულ მენეჯმენტს უნდა დაემთხვეს ფრთხილი და მოზომილი კურსი საგარეო პოლიტიკაში. მაგალითისთვის – ჩვენი საინვესტიციო პოტენციალი სენსიტიურია რუსული არმიის ყოველი გადაადგილების მიმართ.

უნდა ვეცადოთ იმასაც, რომ საქართველოს დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელში რუსული ინვესტიციებიც საკმაოდ იყოს – ეს კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის მხრიდან სამომავლო პროვოკაციების რისკს. თუმცა, თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბარიერი გადავლახეთ, საქართველოს მსოფლიო დონის სატრანსპორტო და ბიზნეს ჰაბად გადაიქცევა.


რეკომენდებული სტატიები
საქართველოს ადგილი მსოფლიოში საინვესტიციო რეიტინგების მიხედვით

საქართველოს ადგილი მსოფლიოში საინვესტიციო რეიტინგების მიხედვით

საქართველოს ადგილი მსოფლიოში საინვესტიციო რეიტინგების მიხედვით
2017 წლის 18 სექტემბერს კი, ჩვენი რეიტინგი Moody’s რეიტინგებში Ba3-დან Ba2-მდე, ერთი საფეხურით ასწიეს. სად ვიმყოფებით ამჟამად და როგორია ჩვენი “სამეზობლო“?
სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები

სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები

სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები
წარმოგიდგენთ ამ სტარტაპებიდან AT.ge-ს აზრით ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო იდეების წყვილს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.