“შვილად აყვანის შესახებ” კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია
2017 წლის მაისში ძალაში შევიდა ახალი კანონი, შვილად აყვანის შესახებ“. კანონი წლების მანძილზე მუშავდებოდა. მისი მიზანი იყო გაშვილების პროცედურის ჰააგის კონვენციის შესაბამისობაში მოყვანა და ბავშვის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია:
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ახალი კანონი ითვალისწინებს, არის სპეციალური ტრენინგ-სისტემა, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მშვილებელს ეძლევა ბავშვის აყვანის ანდა მეურვეობის უფლება.
ძველი კანონით, მშვილებელს, რომელიც რიგითობის მიხედვით პირველი იყო, უფლება ჰქონდა შეთავაზებაზე იმდენჯერ ეთქვა უარი, ვიდრე მისი მოთხოვნების შესაბამისი ბავშვი არ გამოჩნდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც 16-18-ჯერ უთქვამთ ბავშვზე უარი. ცხადია, ეს ძალიან აფერხებდა და ახანგრძლივებდა შვილად აყვანის პროცესს ათასობით მსურველისთვის.
დღევანდელი კანონის თანახმად, დაწესდა შეზღუდვა და მესამე შეთავაზების შემდეგ ადამიანი იხსნება რიგითობიდან. თუმცა, მას აქვს უფლება, თავიდან ჩადგეს რიგში. ეს კანონი არ ეხება იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის აყვანა სურთ. ასეთ ადამიანებს ჩვენ ურიგოდ ვაძლევთ ბავშვის აყვანის უფლებას. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს 3 200 ადამიანი ელოდება თავის რიგს და არც ერთი მოთხოვნა არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილებაზე. ერთადერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც თავად სმენადაქვეითებულმა ადამიანმა იშვილა ასევე სმენადაქვეითებული ბავშვი.
ტრენინგ-სისტემა, რომელსაც ახალი კანონი ითვალისწინებს, გვაძლევს საშუალებას მეურვეობის, ან შვილად აყვანის მსურველებს თავიდანვე განვუმარტოთ, თუ რას ნიშნავს ბავშვის აყვანა და რა კატეგორიის ბავშვები ხვდებიან “გასაშვილებელთა” სიაში. რომ ეს პროცესი, პირველ რიგში, ბავშვის კეთილდღეობასა და ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს და შემდგომ კი მშობლის.
შვილად აყვანის მსურველთა ხშირად შემოსული მოთხოვნები ასაყვანი ბავშვის მიმართ:
- ქერა, ცისფერთვალება
- ყავისფერთვალება
- ლამაზი და ნიჭიერი
- გენეტიკურად ჯანმრთელი
- მართლმადიდებელი, მოუნათლავი
- ბავშვი არ უნდა იყოს ამორალური მშობლების შვილი
- ბავშვი არ უნდა იყოს ალკოჰოლისა და მავნე ნივთიერებების მომხმარებელთა შვილი
- ბავშვი არ უნდა იყოს ნაპოვნი
რა თქმა უნდა, შვილად აყვანის მსურველებს აქვთ უფლება გარკვეული კრიტერიუმების, მაგალითად, სქესის, ასაკის და თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების მიხედვით მოითხოვონ ბავშვი. თუმცა, ახალი კანონის გათვალისწინებით, მესამე ეათავაზებაზე უარის შემთხვევაში, მათ რიგში თავიდან დადგომა მოუწევთ.
ძალიან ხშირია ეთნიკური ნიშნით უარის თქმის შემთხვევები. მაგალითად, ერთ-ერთ აბსოლუტურად ჯანმრთელ ბავშვზე 8-ჯერ თქვეს უარი მხოლოდ მისი ეთნიკური წარმომავლობის გამო.
ბავშვის აყვანის ერთ-ერთი მთავარი და ხშირი კრიტერიუმია ასაკობრივი ზღვარი და ის ძირითადად 0-დან 3 წლამდე მერყეობს, რადგან ამ ასაკში ბავშვის მეხსიერების ხარისხი არ არის მაღალი და მომავალ ოჯახს უფრო გაუმარტივდება მისთვის სიმართლის დამალვა.
ახლა მუშავდება კიდევ ერთი, ძალიან სასარგებლო და საჭირო ტრენინგ-სისტემა, რომლის მიზანია აუხსნას მშვილებელს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვს ადრეულ ასაკშივე ვუთხრათ სიმართლე მისი წარმომავლობის შესახებ. ხშირ შემთხვევაში, ნაშვილები ბავშვი მაინც იგებს სიმართლეს არასახარბიელო გარემოში, რაც შემდგომ ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს: კონფლიქტს მშვილებელსა და აღსაზრდელს შორის; ბიოლოგიური მშობლების ძებნას; მათი მიტოვების მიზეზების ძიებას; შურისძიების სურვილს; აგრესიას გამზრდელ მშობელთა მიმართ და ა. შ.
ეს ძალიან მძიმე შედეგები პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი, როცა ბავშვმა თავიდანვე იცის თავისი წარმომავლობა.
როდესაც მეძლევა ამის შესაძლებლობა, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ რიგში დგომა არ არის ბავშვის აყვანის გარანტია. ეს მხოლოდ შანსია, რომელიც ან მიეცემა ადამიანს, ან – არა.
ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად განვავითაროთ პროგრამები იმისათვის, რომ ბავშვები დარჩნენ თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებთან და რომ მიტოვებული ბავშვების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს. სწორედ ბავშვთა მიტოვების პრევენციისათვის შევქმენით დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, სადაც მარტოხელა დედები იღებენ სრულფასოვან მომსახურებას და იქამდე რჩებიან, ვიდრე დამოუკიდებლად არსებობას შეძლებენ.